სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ობიექტურობა აუცილებელია, ყველაფერი არ უნდა მოვიწონოთ, რასაც გვთავაზობენ“ - დირექტორები მასწავლებლის გამოცდებზე
08-02-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის მიცემული არაერთი შანსის შემდეგ, უფროს და წამყვან მასწავლებლებსაც მისცა კარიერული წინსვლის საშუალება. მათი გამოცდა ზაფხულში ჩატარდება და თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკული ნაწილიც შეფასდება, მხოლოდ ამის შემდეგ აიმაღლებს უფროსი თუ წამყვანი მასწავლებელი სტატუსს.

რას ფიქრობენ სტატუსიანი მასწავლებლებისთვის მიცემულ ამ შესაძლებლობაზე, საგამოცდო პროგრამასა და ასევე გამოცდებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, Etaloni.ge-მ ამ კითხვებით დირექტორებს მიმართა.

ზვიად სოლომონიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში უფროსი და წამყვანი მასწავლებლები, რა თქმა უნდა, აპირებენ ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე გასვლას, რომელიც მათ სტატუსის ამაღლების საშუალებას მისცემს. ასეთია დაახლოებით 12 მასწავლებელი. სტატუსის ამაღლებაში მხოლოდ ფინანსური დაინტერესება არ არის, წინსვლისა და მოტივაციისთვისაც მნიშვნელოვანია. მე, თავად უფროსი მასწავლებელი ვარ და ვაპირებ გავიდე გამოცდაზე. საგამოცდო პროგრამა და ეს გამოცდა რა თქმა უნდა ცოტა რთულია, მაგრამ თუ წინსვლა გვსურს, ბარიერებიც უნდა გადავლახოთ. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ მუშაობას მოითხოვს მოსწავლეებთან და მათი ინტერესები უპირველესია“.

დათო კუტივაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„გამოცდაზე მსურველი მასწავლებლები რა თქმა უნდა არიან, მაგრამ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია რაოდენობაზე არ გვაქვს. ჯერჯერობით მეც არ ვარ ამ საკითხში ჩამოყალიბებული. მართალია, საგამოცდო პროგრამა საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ამასაც გაართმევენ თავს მასწავლებლები. გამოცდებისთვის მომზადება მოსწავლეებს არ დააზარალებს, რადგან ისეთ დროსაა, რომ მასწავლებლები არ მოწყდებიან სასწავლო პროცესს და საკუთარი თავისთვისაც ექნებათ დრო. ჩვენს სკოლაში ამჟამად 2 წამყვანი და 19 უფროსი მასწავლებელია, ასევე 1 პრაქტიკოსი სპეცმასწავლებელი. სხვა 2 პრაქტიკოსი მასწავლებელი კი წავიდა სკოლიდან და მათ ადგილზე ვაკანსია გამოცხადდა, შესაბამისად ჩანაცვლდა ორი სერთიფიცირებული მასწავლებლით.“

ლია ბერაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 5 მასწავლებელი, რომლებიც გავლენ მასწავლებლის გამოცდაზე და ეცდებიან სტატუსის ამაღლებას. ის ფაქტი, რომ უფროს და წამყვან მასწავლებლებსაც მიეცათ კარიერული წინსვლის საშუალება, მისასალმებელი და გაუხარდათ, თუმცა მეორე მხრივ საგამოცდო პროგრამა მოცულობის გამო ძალიან დამთრგუნველია. კი ემზადებიან, მეცადინეობენ, მაგრამ ფიქრობენ მასწავლებლები, რომ მოსწავლეს ეს არავითარ სარგებელს არ მოუტანს, მხოლოდ ფინანსური კუთხით გააუმჯობესებს მასწავლებლების ყოფას. ის, რომ ამ გამოცდით სასკოლო ცხოვრებაში წინსვლა იქნება, ჩემი მასწავლებლები არ ფიქრობენ. ამ უზარმაზარი მასალის მიუხედავად, ყველანაირად ცდილობენ, რომ ბავშვს ზრუნვა არ მოაკლდეს, თუმცა ერთხელ წაკითხვასაც კი ძალიან დიდი დრო სჭირდება“.

ზემინარ ქათამიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„უფროსი და წამყვანი მასწავლებლები ჩვენი სკოლიდან ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე ალბათ არ გავლენ, 4 პრაქტიკოსი მასწავლებელია და ისინი კი ფიქრობენ გამოცდის ჩაბარებას. ამ ეტაპზე არც მე, როგორც უფროსი მასწავლებელი არ ვაპირებ გამოცდაზე გასვლას, რადგან ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო დაიხვეწება“.

ლევან ვერულიძე, გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემს სკოლაში 4 მასწავლებელია ისეთი, ვინც გამოცდაზე გასვლას და სტატუსის ამაღლებას აპირებს, მათ შორის მეც. უკეთესი იქნებოდა აქამდეც მისცემოდათ უფროს და წამყვან მასწავლებლებს საშუალება, რომ სტატუსი აემაღლებინათ, რაც თავისთავად გაზრდილ ანაზღაურებას და ცხოვრებისა და შრომის უკეთეს პირობას ნიშნავს. ეს გამოცდა შრომასაც მოითხოვს, დატვირთვაც საკმაოდ დიდია. უმჯობესი იქნებოდა კონკრეტული საგამოცდო პროგრამები რომ ყოფილიყო და არა მოცემულობით, მთლიანობაში ერთად. ვგულისხმობ, კონკრეტულ გამოცდაზე კონკრეტული მიმართულებით რომ ყოფილიყო. ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომ მასწავლებლის ცოდნა შემოწმდეს, თუმცა არის ამისთვის სხვა გზებიც. არიან მასწავლებლები, რომლებიც გამოცდაზე ვერ აღწევენ წარმატებას, თუმცა რეალურ, პრაქტიკულ სამუშაოში ძალიან კარგები არიან, საუკეთესოებიც კი“.

მანანა ვართაგავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის დირექტორი:

„წელს ჩვენი სკოლიდან 2 უფროსი მასწავლებელი ეცდება, რომ აიმაღლოს სტატუსი და გახდეს წამყვანი მასწავლებელი, ასევე 3 წამყვანი მასწავლებელიც ფიქრობს მენტორობისთვის ბრძოლას. კარიერული წინსვლის საშუალება მასწავლებელს ყოველთვის უნდა ჰქონოდა და ახლა აქვს. მასწავლებლებს მოტივაცია ნამდვილად არ აკლიათ, რომ წინ წავიდნენ და მივესალმებით ამ ყველაფერს. რაც შეეხება გამოცდას, ჩემი აზრით პრაქტიკული ნაწილი ადრეც უნდა ყოფილიყო, როდესაც მივიღეთ სტატუსები, თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის. მასწავლებელი რომ შეაფასო, უპირველეს ყოვლისა უნდა ნახო, როგორ მუშაობს ბავშვებთან. როდესაც გინდა წინსვლა, ორივე ნაწილში მაგარი უნდა იყო. მე არ მგონია აქ პრობლემა იყოს. დატვირთულები ისედაც ვართ და უნდა ვიყოთ. მთელი ფილოსოფია იმაშია, რომ სწორედ მოსწავლეს არ უნდა დავაკლოთ არაფერი და თუ მხოლოდ მატერიალურად ვიქნებით ორიენტირებული, არაფერი არ გამოვა. ყველაფერი უნდა იყოს ბავშვზე მორგებული, მათთვის საინტერესო და საჭირო“.

მარინე მჭედლიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის დირექტორი:

„უფროსი მასწავლებელი თითქმის ყველა აპირებს გამოცდაზე გასვლას, ერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი გვყავს და ისიც ასევე ეცდება რომ მოიპოვოს სტატუსი. საგამოცდო პროგრამა ნამდვილად ძალიან გადატვირთულია და სერიოზული მომზადება სჭირდებათ. მესმის, რომ მიდგომები შეიცვალა, ციფრულ ტექნოლოგიებში ვიმყოფებით, 21-ე საუკუნე აბსოლუტურად სხვა უნარ-ჩვევებს მოითხოვს მასწავლებლისგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა მოიძებნოს გზა, რომელიც მასწავლებლებს საფეხურიდან საფეხურზე გადასვლას გაუადვილებს. დღეს რაცაა, პირდაპირ ვიტყვი - რეალობას მოწყვეტილია. მასწავლებელი, რომელსაც უკვე კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული, რომელმაც თავის საგანი იცის, ეს უნარ-ჩვევები სხვანაირად შეიძლება მიეწოდოს ან სახელმძღვანელო იყოს, სადაც ყველაფერი იქნება ჩამოყალიბებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ძალიან ზარალდება მოსწავლე, ეს წლები მოსწავლე უკან დარჩა და მასწავლებელი თავის კარიერაზე ფიქრობს. ობიექტურობა აუცილებელია, ყველაფერი არ უნდა მოვიწონოთ, რასაც გვთავაზობენ. რა თქმა უნდა კარიერული წინსვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მთავარი, ბავშვია“.

იაშა ცინცაძე, ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მასწავლებელს აქვს ამის სურვილი. პროგრამა ძალიან ვრცელია, არ ვიცი რამდენად შევძლებთ, რომ არათუ ვისწავლოთ და დავამუშაოთ, არამედ თვალი გადავავლოთ მაინც. მცდელობას რა თქმა უნდა არ დავაკლებთ. გამოცდა უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა იყოს მიღწევადი, ამის გარდა რაც სკოლაში მასწავლებელს სჭირდება ის საკითხები უნდა იყოს და არა ასეთი ზოგადი და აბსტრაქტული. ძალიან რთულია ამას კიდევ პრაქტიკული ნაწილი, პორტფოლიო და ა.შ. ქაღალდომანიას თითქოს მოგვაშორეს და დაგვაბრუნეს ისევ. თუმცა მაინც რასაც შევძლებთ ვაპირებთ, რომ მოვამზადოთ და გავიდეთ გამოცდაზე“.

ნათია მიქელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი სკოლის მასწავლებლები ფიქრობენ და ემზადებიან კიდეც გამოცდაზე გასასვლელად. საგამოცდო პროგრამა ძალიან ვრცელი და რთულია. მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა ატაროს თუ გამოცდისთვის მოემზადოს? ეს ძალიან რთულია. მოსწავლეს, რა თქმა უნდა აკლდება ყურადღება, სხვა რამეა მოსაფიქრებელი, რომ მასწავლებელს წინსვლის საშუალება მიეცეს. არსებობს ამის საშუალებები. ამხელა საგამოცდო მასალის დამუშავება ჯერ ხომ ფსიქოლოგიურად მოქმედებს, ისედაც სტრესულ სიტუაციაში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, პანდემიის გარდა ვერაფერზე ვფიქრობთ“.

ნატო შამილიშვილი, ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

„დიახ, ჩვენი სკოლიდან ნამდვილად აპირებენ სტატუსის ასამაღლებლად გასვლას, უმეტესობა უფროსია. მივესალმები, რომ მიეცათ კარიერული წინსვლის საშუალება და რა თქმა უნდა ჩემი, როგორც დირექტორის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა? - გურამ დოჩანაშვილის არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება