სიახლეები
სკოლები, ეტალონი

„მომავალი თაობის საკეთილდღეოდ, იმედს ვიტოვებ, რომ 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება“- სკოლის დირექტორები სწავლის დასწრებით გაგრძელებაზე
23-09-2021
-
+


ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო 15 სექტემბერს სწავლა საკლასო აუდიტორიებში არ განახლდა, მოსწავლეები ისევ დისტანციურად სწავლობენ. ოფიციალური უწყებების ცნობით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებში იმ რეგიონებში გაგრძელდება, სადაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. Etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები ამ საკითხთან დაკავშირებით და არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევენ სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განახლებას.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ხობიაშვილი:

„ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო აუდიტორიებში უნდა გაგრძელდეს. მივესალმები, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ეპიდსიტუაცია ჩვენს რეგიონში ისედაც სტაბილურია, დაბალია დადებითობის მაჩვენებელი. 15 სექტემბრისთვისაც ასე იყო. რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე პირველია. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ დადებითობის მაჩვენებელი ნორმაშია. სტატისტიკას თვალს ყოველდღე ვადევნებთ. დისტანციური სწავლების უნარები, რა თქმა უნდა, უკვე გამოვიმუშავეთ, ახალი ცოდნა შევიძინეთ, მოვერგეთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, საკლასო ოთახში და ცოცხალ გარემოში საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ბევრად ეფექტურია, ვიდრე დისტანციური, თორემ ჩვენ, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ახლა სასწავლო პროცესში მოსწავლეების 100%-ია ჩართული, ყველა მობილიზებულია. არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა ისევ ჩვენი მომავალი თაობის საკეთილდღეოდ, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში გავაგრძელებთ სასწავლო წელს. ყველანაირად მზად ვართ, ვაქცინირებული ვართ. 2-ს ახალი გადატანილი აქვს კოვიდი, 1 თვის გასვლას ელოდებიან და ისინიც შემოგვიერთდებიან.  შესაბამისად, საფრთხე ნაკლებია. ჰიგიენური ნორმები დაცულია, გამართულია საპირფარეშოც. ცოცხალ გარემოში ბევრად უფრო ეფექტური რომ არის სასწავლო პროცესი, ამას მარტო მე კი არა, მსოფლიო აღიარებს. იმედს ვიტოვებთ, რომ 4 ოქტომბერს საკლასო გარემოში გავაგრძელებთ სწავლას.“

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია:

„ჩემი და ჩემი პედაგოგების აზრით, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საკლასო აუდიტორიებში აუცილებლად უნდა განახლდეს, რადგან ჩვენს რაიონსა და სოფელში არაა ისეთი ვითარება, რომ მოსწავლემ ამის გამო სკოლაში არ იაროს. სწავლაც უფრო ხარისხიანი იქნება იმიტომ, რომ სოფელში ინტერნეტ-კავშირი ცუდად მუშაობს. ყველა ოჯახს არ აქვს წვდომა და შესაბამისად, ყველა ბავშვი არაა ჩართული. ჩვენც და მშობლებიც მოხარული ვიქნებით, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს. ჩემთან პერსონალის 100% ვაქცინირებულია, სენაკის  მუნიციპალიტეტში ასე არც ერთ სკოლაში არაა. ყველანაირი მზაობა მაქვს, რომ ჩემმა ბავშვებმა 4 ოქტომბერს სწავლა უსაფრთხოდ გააგრძელონ. არის ოჯახები სადაც ინტერნეტი არ არის შეყვანილი, არ აქვთ პირობები, ამიტომ ბევრი ბავშვი სწავლის მიღმა გვრჩება, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ცუდია. ამიტომ, სასურველიც არის, რომ სწავლა 4 ოქტომბერს საკლასო აუდიტორიებში განახლდეს.“

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა კვარაცხელია:

ეპიდვითარება საკმაოდ რთულია, მაგრამ მგონი სტაბილიზაციისკენ მიდის. ძალიან კარგი და სასურველი იქნება, თუ 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. ონლაინ-სწავლება გამოწვევა იყო სკოლებისთვის, რასაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა პედაგოგებმა თავი გაართვეს, მაგრამ ასეთი ფორმატი ცოცხალ კომუნიკაციას ვერ შეცვლის. მოსწავლეებს აუცილებლად სჭირდებათ სოციალური ურთიერთობები თანატოლებთან, მეგობრებთან კომუნიკაცია და ამდენად, რა თქმა უნდა, ხარისხისთვის, სასწავლო პროცესისთვის, უმჯობესია, რომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდეს, რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით. შარშან განათლების სამინისტრომ ჩვენ ყველა საჭირო ინვენტარით მოგვამარაგა. სკოლაში დეზინფექციაც ჩატარდება, ყველა ინვენტარი გვაქვს, სადეზინფექციო საშუალებებიც, ბარიერები, დისპენსერები. ამ მხრივ, სასწავლო პროცესის შესაძლო განახლებას მომზადებული ვხვდებით. რეგიონში ინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ მაინც უმჯობესია სწავლა სკოლის შენობაში განახლდეს.“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა სოსელია:

„გააჩნია ეპიდვითარებას, ამას უფრო სპეციალისტები გადაწყვეტენ. ისე კი, რა თქმა უნდა, სასურველია საკლასო აუდიტორიებში სწავლა, მაგრამ თუ ჯანმრთელობისათვის იმდენად საზიანო ზემოქმედება ექნება, რომ ეპიდვითარება გაუარესდება, მაშინ არ იქნება მართებული. ეს ყველაფერი სპეციალისტების გადასაწყვეტია. ჩვენთან არაა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი. მოსწავლეებს და მასწავლებლებს არ უჭირთ გაკვეთილებზე დასწრება. ფაქტი ისაა, რომ დასწრებით სწავლას ვერაფერი ვერ შეცვლის.“

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ადამია:

„რა თქმა უნდა, მომხრე ვართ, რომ სწავლა საკლასო აუდიტორიებში გაგრძელდეს. პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ასე უმჯობესი იქნება, ყოველმხრივ მივესალმებით. ჩვენ საჯარო სკოლა ვართ და სწავლის აუდიტორიებში დასაწყებად ყველანაირად მზად ვართ, რეკომენდაციებს ყველანაირად დავიცავთ. მასწავლებლებიც ნახევარზე მეტი ვაქცინირებული არიან. მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და სულ 15 თანამშრომელი მყავს, აქედან 8 ვაქცინირებულია, დანარჩენებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ და ჯერჯერობით, ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, აცრისგან თავს იკავებენ.“

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბერიძე:

„ოქტომბერში სწავლა საკლასო აუდიტორიებში აუცილებლად უნდა დაიწყოს. ჩვენ ამ კუთხით, ყველანაირად მზაობას ვაცხადებთ, მასწავლებლების 80% ვაქცინირებულია. გვაქვს ყველანაირი ინვენტარი, რაც რეგულაციებითაა გათვალისწინებული. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ნამდვილად სჯობს, რომ სასწავლო პროცესს აუდიტორიებში დავუბრუნდეთ. ყველა ამის მომხრეა, მათ შორის მშობლებიც. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტთან და კომპიუტერებთან ხელმისაწვდომობა აქვთ, მაგრამ არის ისეთი ოჯახებიც, ვისაც 4-5 ბავშვი ჰყავს და ერთი კომპიუტერი აქვთ. ასეთ შემთხვევაში პრობლემები იჩენს თავს და პროცესი ფერხდება. მათაც საკლასო ოთახებში დაბრუნება ურჩევნიათ.“

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხორბალაძე:

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან დაინფიცირების შემთხვები შედარებით მცირეა, ვფიქრობ, მიზანშეწონილია 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო აუდიტორიებში დაბრუნდეს. ეს კარგი და აუცილებელია მოსწავლეებისთვის. ბავშვებს საკლასო ოთახები ენატრებათ, გაკვეთილებზე დასწრება, მეგობრები, ურთიერთობები. სკოლაში დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი აქვთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ საკლასო აუდიტორიებში სწავლის განსაახლებლად მოვემზადოთ და პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.“

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლის დირექტორი პლატონ ძიძიგური:

„აუცილებლად უნდა განახლდეს სწავლა საკლასო აუდიტორიებში, მით უმეტეს სოფლებში. ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ და აქ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ლეტალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენს სკოლაში რეგულაციებს ყოველთვის ვიცავდით. ვფიქრობ, რომ სწავლა უნდა პირისპირ დაიწყოს. სადეზინფექციო საშუალებები გვაქვს და რაც მოთხოვნა იყო, ყველაფერი მომარაგებულია. ჩემი აზრით, დისტანციურ სწავლებას დასწრებითი სწავლება ნამდვილად სჯობს. ახლა გაკვეთილებს დაახლოებით 90% ესწრება, ზოგჯერ კავშირი უწყდებათ. არიან ისეთებიც, რომლებიც ისეთ უბნებში ცხოვრობენ, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს. ეგ კი არა რომ დარეკონ სადღაც მთაზე უნდა ავიდნენ.“


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ძლიერი ქარი, ელჭექი... - როდიდან გამოიდარებს საქართველოში

რა წერეს ქართულის ქართულის გამოცდაზე აბიტურიენტებმა - გამოყენებული ტესტები 5 ივლისს გამოქვეყნდება

„მთაწმინდის მთავრე“ და „აივნიანი ქალაქი“ - ქართულის ბოლო ვარიანტის საკითხები ცნობილია

ქართულის გამოცდის დილის სესიაზე 2-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა

პროგრამული ნაწილიდან „ვეფხისტყაოსნი“ მოვიდა - ქართულის გამოცდის თემები ცნობილია

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება