სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როდესაც საყვარელ საქმეს ემსახურები, იქ სირთულეები რა მოსატანია?!“ - თინათინ საბაური, თბილისის N202 სკოლის დირექტორი
22-02-2021
-
+


Etaloni.ge- სტუმარი თბილისის N202 უსინათლოთა საჯარო სკოლის დირექტორი, თინათინ საბაური გახლავთ. რა გამოწვევების წინაშე დადგნენ პანდემიის გამო და როგორ დაძლიეს ყველა წინააღმდეგობა? - როგორც ქალბატონი თინათინი გვიმხელს, სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ადვილი არ ყოფილა, თუმცა პროფესიის თავდადებამ სკოლის ხელმძღვანელსაც და მის გუნდსაც, შეუძლებელი შეაძლებინა. პროფესიით გერმანისტი, განათლებისა და მეცნიერების მაგისტრი, ამჟამად დოქტორანტი თინათინ საბაური სიამაყით გვიამბობს, როგორ ჩაერთო სკოლა კონკურსებსა თუ კონფერენციებში; სამომავლოდ გერმანიასთან გაცვლითი პროგრამების დანერგვა სურთ და თუ პანდემია ხელს არ შეგვიშლის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთო. სტიგმა? - რა თქმა უნდა ისიც არსებობს და ამიტომ თითოეული ჩვენგანის ცნობიერების ამაღლებაც საჭიროა, რათა ზუსტად მივხვდეთ, რა დროს, რა სახის თანადგომა სჭირდებათ.

თინათინ საბაური: - მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ჩვენი სკოლის სპეციფიკაზე, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების აღზრდისა და განათლების საკითხებზე მესაუბრა.

როდესაც საუბარია უსინათლობაზე, უმეტესწილად, თანაგრძნობით განიმსჭვალებიან ხოლმე და ასეთ დროს მინდა, საზოგადოებას შევახსენო ჰარვარდის პროფესორის, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, რომელიც ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ინტელექტი არ არის ერთიანი მონოლითი და ადამიანებს, სხვადასხვა უნარები გვაქვს.

ცხადია, არ ვსაუბრობ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები უსინათლოებს არ აქვთ - პირიქით, ისინი გარკვეული გამოწვევების წინაშე დგანან, თუმცა მთავარი ისაა, რამდენად სწორად შეიძლება აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა.

- პანდემიისა და დისტანციური სწავლების პირობებში, ეს „სწორი მხარდაჭერა“ მიიღეთ?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენთვისაც დამაბნეველი აღმოჩნდა შექმნილი ვითარება და დისტანციური სწავლება. ჩვენი სკოლა-პანსიონი საქართველოში ერთადერთია და შესაბამისად, ქვეყნის შიგნით არ არსებობდა არანაირი გამოცდილება, თუ როგორ წარგვემართა დისტანციურად სასწავლო პროცესი; ფაქტობრივად, სკოლას თვითონ მოუწია გარკვეული ინიციატივის ხელში აღება.

სასწავლო პროცესი ონლაინ, დავიწყეთ მესენჯერით, რადგან შედარებით ადაპტირებული აღმოჩნდა უსინათლოთა საჭიროების სპეციფიკაზე; ეს ყველაფერი ჩვენი მასწავლებლებისთვისაც გამოწვევა იყო - ნაწილი უსინათლოა... თავიდან მოსწავლეები გავუშვით სახლებში, ისე, რომ ადაპტირებული სახელმძღვანელოები არ წაუღიათ... მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო - გამოვიყენეთ აუდიოსახელმძღვანელოები, მასწავლებლები ხმოვან შეტყობინებებს უტოვებდნენ მოსწავლეებს, ჩანაწერებს აკეთებდნენ...

იცით, პანდემიამ ცხადყო, რომ ჩვენს მოსწავლეებსაც, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ, არ ჰქონდათ მზაობა. სწორედ ამიტომ, უკვე ზაფხულში დიდი მუშაობა გავწიეთ, ზოგადი განათლების დეპარტამენტთან შევათანხმეთ საკითხი და ყველა კლასში შევიტანეთ კომპიუტერული ტექნოლოგია, როგორც საგანი.

მაღალ კლასებში სამუშაოდ ავირჩიეთ „ზუმი“, რადგან უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყენება და გვინდოდა, ჩვენი მოსწავლეები მომზადებულები ყოფილიყვნენ... გარდა ამისა, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, მოსწავლეები ჩავრთოთ ფართო სპექტრის პროექტებში. მაგალითად, წელს პირველად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ენების ევროპული დღეების ფესტივალში და ეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რომელსაც კოორდინირება გაუწია პედაგოგმა გურანდა ჯამათაშვილმა. კონკურსები 6 სხვადასხვა მიმართულებით იყო და თავიდან ვფიქრობდით, ზოგ მათგანში მონაწილეობა არ მიგვეღო, მაგრამ გურანდა მასწავლებლის დახმარებით, ექვსივე მიმართულებით მივიღეთ მონაწილეობა. არადა, ერთი კონკურსი სხვადასხვა ქვეყნის დროშების გამოცნობას ეხებოდა; წარმოიდგინეთ, როგორი სპეციფიკაა, მაგრამ  გეოგრაფიის მასწავლებელი ხათუნა გოგიძე დაგვეხმარა, ვერბალიზება მოვახდინეთ და გამარჯვებული კონკურსანტიც გვყავდა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო - აქედან გაჩნდა იდეა, შეიქმნას სახელმძღვანელო უსინათლოებისთვის, სადაც მოხდება სხვადასხვა ქვეყნის დროშების ვერბალიზება.

ასევე, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტ-ბაკალავრთა და მოსწავლეთა ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციაში - „თანამედროვე სალიტერატურო ენის საკითხები“, პედაგოგ მზია ოთინაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც დაეხმარა საკონფერენციო თემების მომზადებაში, ძალიან საინტერესო და წარმატებული წარდგენა ჰქონდათ.

სიმართლე გითხრათ, გული მწყდება - უსინათლო ადამიანებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ასეთ პროექტებში მონაწილეობა, არადა, მცირე ადაპტირების შემთხვევაში, ისინი დიდ წარმატებას აღწევენ.

- ქალბატონო თინათინ, „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ - ქართულ რეალობაში ეს მხოლოდ სიტყვებია?

- უნდა ვაღიაროთ - შეზღუდული შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებს, ელემენტარულად, გადაადგილების პრობლემა აქვთ, გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო. ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლით სივრცეში მობილობას,მაგრამ სარემონტო სამუშაოების გამო, შეიძლება მიზნამდე ვერ მივიდნენ. დიახ, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს,  უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის დახმარება გავუწიოთ.

- ასეთ პირობებში, რთულია სპეციფიკური სკოლის მართვა, ქალბატონო თინათინ?

- მენეჯმენტს რაც შეეხება, განსხვავებული ნამდვილად არ არის, გარდა ამისა, ვაკეთებ საყვარელ საქმეს - ეს თემატიკა ჩემი სამაგისტრო ნაშრომისთვისაც კი ავირჩიე.

- სტიგმას ებრძვით?

- სტიგმა უდავოდ, არსებობს და დიახ, ვებრძვით, თუმცა როდესაც საყვარელ საქმეს ემსახურები, იქ სირთულეები რა მოსატანია?! ჩვენ მხოლოდ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა გვჭირდება, რისთვისაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. მნიშვნელოვანია, როგორ ვიურთიერთოთ ამ ტიპის ადამიანებთან, ვიცოდეთ, სად სჭირდებათ მხარდაჭერა და სად - არა.

- ამ მხრივ, ალბათევროპა ჩვენზე ბევრად წინაა.

 - რა თქმა უნდა... გერმანიაში გადამზადების კურსი გავიარეთ და უსინათლო ბავშვები იქ ყველაფერში არიან ჩართულები, ასწავლიან ცურვას, ცხენზე ჯირითს... მარტივად რომ ვთქვათ, ყველანაირად ცდილობენ, გაზარდონ ამ მოსწავლეების დამოუკიდებლობის ხარისხი. ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენც და ახლა ვცდილობთ, გაცვლითი პროგრამებიც ავამოქმედოთ და პანდემია თუ არ შეგვიშლის ხელს, იმედია, ყველაფერი გამოგვივა.


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა რესპოდენტებისგან საოცარი ისტორიები მოისმინეს და საინტერესო პრეზენტაციას გვპირდებიან
ნაკრის საჯარო სკოლაში გამართულ ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებულები მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
„მე, შენ, ჩვენ ერთად ვაშენებთ მერმისს“  - ბოგვის საჯარო სკოლაში აუტიზმის დღე აღნიშნეს
სიახლეები
სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, და ვფიქრობ, KIU სწორედ ის უნივერსიტეტია, რომელიც დამეხმარება ჩემი უნარები მომავალში კიდევ უფრო განვავითარო
პანდემიის გამო დახურული საბავშვო ბაღები აღსაზრდელებისთვის საკვებს 2 კვირაში ერთხელ გასცემდნენ
მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გამო ჯამში სულ 8-საჯარო სკოლაა დაკეტილი
საინტერესო
იმისთვის რომ ადამიანებს თავი მოვაწონოთ, არსებობს მარტივი და ახლა უკვე მეცნიერებით დამტკიცებული ხრიკები
„80 პროცენტს ვაბანდებ ბიზნესის განვითარებაში, 10-ს მივმართავ ქველმოქმედებაზე, ხოლო დარჩენილ 10 პროცენტს თავად ვხარჯავ“.
პიროვნება
„სკოლა არის დაწესებულება, სადაც შესაძლებელია გამოიმუშავო ადამიანური და ზნეობრივი ღირებულებები“ - საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ძნელაძე
„სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების აზრები და განწყობილებები გასათვალისწინებელია“
„ცოდნა გვანიჭებს უპირატესობას ვიყოთ ინდივიდუალურები“ - თბილისის N116 სკოლის დირექტორი ნანა ღაჭავა
ეტალონი
„ჩვენ ერთი რამ გვამოძრავებს - სამშობლო, მომავალი და ცოდნაზე დამყარებული ძლიერი საქართველო“
მიეცით მაგალითი - როგორი უნდა იყოს ზრდასრული. ბავშვი მაგალითს იღებს მშობლისგან, ის როლური მოდელია
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება