სიახლეები
ეტალონი

საახალწლო მოლოცვები და სურვილები „ეტალონის“ დასკვნითი ღონისძიების მუნიციპალიტეტებისგან
04-01-2021
-
+


უჩვეულო, დაბრკოლებებით და გამოწვევების სავსე 2020 წელი მიილია და 2021 წელს ახალი შემართებით, იმედებითა და სურვილებით ვეგებებით. 

2020 წელი ჩვენი ჯგუფისთვისაც დიდი სიახლეების და გამოწვევების წელი გამოდგა. რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაშიც კი ჩვენმა გუნდმა სასწავლო პროცესის განახლების კვალდაკვალ განათლების სამინისტროს ტრადიციული მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით მოახერხა საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებით „ეტალონის“ ღონისძიებების გამართვა და არაერთ მუნიციპალიტეტში პირველი ეტაპის ტესტირებების ჩატარება.  წელს პირველად, ინტელექტ-ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში წარმატებით ჩავატარეთ: გავაერთიანეთ სამი კომპონენტი ვიდეო პლატფორმა, ონლაინ-ტესტირება და live რეჟიმი. ვეცადეთ, გამოწვევებისთვის ღირსეულად გვეპასუხა და რა თქმა უნდა, ეს თქვენი მხარდაჭერით შევძელით.

გთავაზობთ, იმ საახალწლო სურვილებს, რომელიც „ეტალონის“ დასკვნით ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს, მათი სკოლის დირექტორებსა და მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრებს აქვთ.

ხონის ტექნიკური შემოქმედებითი გიმნაზიის ხონის „ეტალონი“ მოსწავლე ლუკა სულაბერიძე: 

მინდა ყველა ცუდი მოვლენა წინა წელში დარჩეს და 2021 წელი წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის. 

ხონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია:

ახალ წელს ბედნიერებას, სიხარულს და ყოველივე კარგს ვუსურვებ მთელს საქართველოს - ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს, „ეტალონს“. რთული 2020 წელი გავიარეთ და ვისურვებდი, დასრულებულიყოს ეს პანდემია. ვისურვებდი, ჩვეულ რეჟიმში აღდგენილიყო სასწავლო პროცესი. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ განათლების სისტემას და სრულიად საქართველოს. ბედნიერებისა და ჯანმრთელობის წელი ყოფილიყოს. დიდი სიხარულით ვულოცავ „ტალონის“ გუნდს და მის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს ახალ 2021 წელს!

ხონის მუნიციპალიტეტის ტექნიკური შემოქმედებითი გიმნაზიის დირექტორი მედეა გორდაძე:

პირველ რიგში ვისურვებდი, რომ ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობდნენ მთელს მსოფლიოში და პანდემიას გადაევლოს. პირადად, სკოლისთვის ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი წარმატებული და ერუდირებული მოსწავლე გაგვეზარდოს.

„ეტალონს“  გისურვებთ, წარმატებულ მომავალს და უფრო მეტად გაძლიერებას, რათა შესაძლებლობა მოგეცეთ, რაც შეიძლება ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოავლინოთ და მეტი მოტივაცია და სტიმული მისცეთ მათ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია:

სურვილები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ახლა, ამ პანდემიის პირობებში უმთავრესი სურვილია მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სწავლა, რათა მოსწავლეებმა მაქსიმალური შედეგი დადონ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები დისტანციურ სწავლებას მოერგნენ, სასურველია ისინი საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ.

ასევე, შობა-ახალ წელს ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ!

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩიბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ფიფია:

პირველ რიგში, მშვიდობას ვისურვებდი რომ ეს სენი, რომელიც მთელს კაცობრიობას არის მოდებული მალე მორჩენილიყოს. ბედნიერი სახეები დაგვბრუნებოდეს და ერთმანეთის მილოცვა, ჩახუტება და სიკეთის დანახვა შეგვძლებოდეს - ამას ვუსურვებ მთელს საქართველოს და მსოფლიოს.

საჩინოს N1 საჯარო სკოლის, წალენჯიხის „ეტალონი“,  მოსწავლე გუგა კვირკვია:

დიდი გულით მივულოცავ მთელს საქართველოს ახალ წელს. სიხარულის და ბედნიერების და ჯანმრთელობის მომტანი იყოს ეს წელი ყველასთვის!

მარტვილის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა:

მივულოცავ სრულიად საქართველოს 2021 წლის დადგომას და ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი გონიერი თაობა გაზრდილიყოს. სიკეთის, სიხარულის და ჯანმრთელობის წელი ყოფილიყოს და გვეამაყოს მომავალი თაობით.

„ეტალონს“ კი წარმატებულ და გამარჯვებულ წელს ვუსურვებ!

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი თამილა შულაია:

მთელ საქართველოს მივულოცავ ახალ წელს. 2021 წელი ყოფილიყოს ფეხბედნიერი, სიკეთის და სიხარულის მომტანი. ეს მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოშია შორეულ მოგონებად დარჩენოდეს ყველას. ვისურვებ, ჩვენი ბავშვები დაბრუნებოდნენ საკლასო ოთახებს, ვინაიდან სკოლა აყალიბებს მათ და საკლასო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, მშვიდობა და ჯანმრთელობა ყოფილიყოს და ყოველი მომდევნო წელი წინაზე უკეთესი ყოფილიყოს. ვისურვებდი, ყველას წარმატებულ და ღირსეულ ქვეყანაში გვეცხოვროს!

ლედგებეს საჯარო სკოლის მარტვილის „ეტალონი“ მოსწავლე მარიამ ხუხუა:

ახალ წელს მივულოცავ ჩემს მეგობრებს, კლასელებს, მასწავლებლებს, ახლობლებს და მთელს საქართველოს. პირველ რიგში ჯანმრთელობას ვისურვებ. ამ პანდემიის პერიოდში მინდა ყველა ჯანმრთელად იყოს. შემდეგ კი ყველას წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ!

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ზურაბ აზარიაშვილი:

პირველ რიგში ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას. მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნებას და ყველაფერს საუკეთესოს მთელს საქართველოს. ასევე, „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს ვულოცავ შობა-ახალ წელს და წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ!

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი გორდეზიანი:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს ახალ წელს. სკოლის დირექტორი ნანი გორდეზიანი გილოცავთ საკუთარი ლექსით.

ზამთარი....

(ჩემი ლექსებიდან)

ქრიზანთემების ოქროსფერ ზვირთებს ზეციდან მოჰყვა
თეთრი ფიფქები, კრისტალებივით უსპეტაკესი,
უთვალავი და უნაზესი ფანტელის თოვა
გათეთრებული არე-მარე, ულამაზესი...
გარინდებულა დედამიწა, თვითონ სამყაროც,
გადაფრენილა თბილ ქვეყნებში ბოლო მერცხალი,
უფრო მშვიდია თითქოს დილა, დღეც და საღამოც
და დიდებულად მობრძანდება ცივი ზამთარი...
მოდის და მოაქვს უსასრულო ფიფქების ცვენა,
ხან ქარბორბალა, ნამქერების კორიანტელი,
გზებზე და მთებზე შეუვალი ყინულის ფენა,
ბუხართან თვლემა, წარსულ დღეთა ფოლიანტები...
მოგონებების მივუყვები ზღაპრულ ბილიკებს,
ჩემი ბავშვობის ნატვრის ხესთან მისვლასაც ვბედავ,
ხილულ ზმანებას ვხედავ - ტოტზე გაბმულ მაცდურ თილისმებს,
ზურმუხტისფერი თვალების მზერას, მომღიმარ დედას...
მინდა, შევეხო ნანატრ თილისმებს ბავშვური ხელით,
ნატვრის ხე ბრწყინავს, სავსეა სივრცე ღიმილ-სიცილით,
ვითვლი საჩუქრებს, კართან მორთმეულს,
ახალ წლის ხელით,
თოვლის ბაბუის გათელილი თეთრი ბილიკით.
იხსნება ყუთი საჩუქრების და ნათლად ვხედავ,
ზღვა სათამაშოს, ნაირ-ნაირ წიგნების ცვენით...
მინდა, ხმაურით გადავფარო მთელი სამყარო,
სიხარულისგან ცაში დავფრინავ უხილავ ფრთებით.
რა ხანმოკლეა, თურმე, ზღაპრის თეთრი ზმანება,
ისევ მომინდა წარსულის ხილვა ბავშვური ნატვრით...
მაგრამ თვალები, ზურმუხტისფერი, ცას შეერია,
თილისმები კი გაიყოლა ზღაპრული რაშით.
ქანცგაწყვეტილი ცაში ვეძებ დედის ღიმილებს,
მინდა, შევეხო ნატვრის ხესაც - ვეღარ ვეხები...
და სარკმლის მიღმა უაზროდ ვთვლი სპეტაკ გვირილებს,
ჩემ უნებურად ძველ მოგონებებს მაინც ვერევი!
ზმანება ქრება და მაფხიზლებს ბავშვის სიცილი,
მისი უმანკო თვალებიდან მზის სხივთა ცვენა...
ყველა თილისმას მირჩევნია შეხება მისი
და მასთან ერთად ოცნებებით ზეცაში ფრენა!

ასურეთის საჯარო სკოლის თეთრიწყაროს „ეტალონი“ მოსწავლე ჟანა გოგიაშვილი:

პირველ რიგში ყველას ვუსურვებ წარმატებას ვინც „ეტალონში“ მიიღებს მონაწილეობას. მთელს საქართველოს ვუსურვებ ჯანმრთელობას და პანდემიისგან გათავისუფლებას. მინდა ჩემი საქართველო გაძლიერდეს!

საჩხერის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი:

ჩემი მილოცვა ტრადიციული იქნება, პირველ რიგში მთელ საქართველოს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში მალე დაბრუნებას ვუსურვებ, ამისთვის საჭიროა ჯანმრთელობა. ამიტომ  ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მთელს საქართველოს ვუსურვებდი ჯანმრთელობას. უფრო მეტ ხალისს, დადებით ემოციებს და ყველაფერს, რაც მათ სიხარულისთვის დასჭირდებათ.

ყოველთვის დიდი მოლოდინით ვხვდებით მომავალს, განსაკუთრებული სურვილები უკავშირდება ახალი წლის  შემობრძანებას, ახალი ნატვრა, ახალი იმედები და ვისურვებ, რომ ყველას სანუკვარი ოცნება და ნატვრა ახდენოდეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილიძე:

ყველაფერს ახალს ვისურვებდი ახალი წლიდან, ჯანმრთელობას, მშვიდობას და სასწავლო რეჟიმს ისევ ძველებურს ვისურვებდი. აქ ცვლილებები ნამდვილად არ გვინდა.

ვისურვებდი, ბოლოს და ბოლოს დასრულებულიყოს ეს პანდემია და ადამიანებს ჰქონდეთ ლაღი ცხოვრების საშუალება. მოსწავლეს იმის საშუალება, რომ სწავლას საკლასო ოთახიდან დაეუფლოს, რადგან ამაზე უკეთესი ჯერჯერობით არავის არაფერი მოუგონებია. რა თქმა უნდა, მივესალმოთ ტექნოლოგიებს, თუმცა ფიზიკური სწავლა მაინც აუცილებელია.

ასევე, წარმატებებს და ბედნიერებას ვუსურებ „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს!

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი:

აქტიურად ვმონაწილეობთ „ეტალონის“ პროექტებში და ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს არის სფერო სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი აზრი გამოთქვან და განვითარდნენ. მინდა წლევანდელი წელი ისეთი ძლიერი იყოს თქვენთვის, როგორიც ხარია.

სკოლას ვუსურვებ, მოსწავლეებში ჩამოყალიბდეს აზრი, რომ მათი ცოდნა არ დაიკარგება. მინდა, ჩემი სკოლა მომდევნო სასწავლო წელსაც ისეთივე წარმატებული იყოს „ეტალონში“ როგორც წელს იყო. მინდა, ის განცდა, რომელიც გამარჯვებულის გამოვლენისას მქონდა კიდევ მრავალჯერ მქონდეს.

ასევე, მთელს საქართველოს ვულოცავ დამდგე შობა-ახალ წელს ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ!

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის თერჯოლის "ეტალონი" მოსწავლე გიორგი ჯუღელი:

ყველას მივულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ, მომავალი წელი წინა წლებზე უკეთესი და ბარაქიანი ყოფილიყოს. რაც შეეხება მოსწავლეებს, მათ ვუსურვებ, რომ 2021 წელი მათი ცნობიერების ამაღლების წელი ყოფილიყოს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაბეღლავის საჯარო სკოლის თერჯოლის „ეტალონი“ მოსწავლე მირანდა ჯინჭარაძე:

ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ. უფრო კარგი იყოს 2021 ვიდრე 2020 წელი იყო. ვისურვებდი აღარ ყოფილიყოს კორონავირუსი და აღარ გვიწევდეს პირბადით სიარული.

ქარელის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე:

ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას ყოველგვარი ორიგინალურობის გარეშე, ვინაიდან პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორადაც რომ ჯანმრთელობაა. მოსწავლეებს ვუსურვებ, დაბრუნებოდნენ მერხებს და საკლასო ოთახებს, ვინაიდან ეს მათი განვითარებისთვის ყველაზე მიშვნელოვანია. როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პირად ურთიერთობებს ვერაფერი შეცვლის.

ქარელის მუნიციპალიტეტის რუსის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლევან რაზმიაშვილი:

ახალი წელი ყოველთვის მიხაროდა ხოლმე, ყველას ვულოცავ და მშვიდობას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ. პირველ რიგში კი მთელს საქართველოს მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

რუისის N1 საჯარო სკოლის ქარელის „ეტალონი“ მოსწავლე ნიკა გელდიაშვილი:

ვისურვებდი წარმატების წელი ყოფილიყოს ყველასთვის 2021 წელი. დაგვემარცხებინოს პანდემია და ნორმალურ ცხოვრებისეულ რეჟიმს დავბრუნებოდით. ასევე ყველასთვის ხვავი, ბარაქა და სიხარული მოეტანოს ამ წელს. ბედნიერი გულებით შევხვედროდით ახალ წელს და ბედნიერად გაგვეგრძელებინოს მთელი წელი.

სამიქაოს საჯარო სკოლის აბაშის „ეტალონი“ მოსწავლე მარიამ ნადარეიშვილი:

ვისურვებდი, ბედნიერების და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს ახალი წელი. ყველას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველა ოცნების ასრულებას ვუსურვებ.

აბაშის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მერაბ გიგინეიშვილი:

რთული წელი გვქონდა და პირველ რიგში მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებდი ყველას. სკოლასთან მიმართებაშიც ბევრი გამოწვევა იყო, ყველა მობილიზებული იყო, რომ ეს სასწავლო წელი კარგად დაგვესრულებინა და იმედი გვაქვს მომავალი სემესტრი უკეთესი იქნება. იმედიან წელს ვისურვებდი და დარწმუნებული ვარ, 2021 წელი უფრო მეტი სიკეთის და ჯანმრთელობის მომტანი იქნება ყველასთვის.

აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მიქაძე:

პირველ რიგში ვისურვებდი დისტანციური სწავლება აღარ იყოს აუცილებელი და ყველანი სკოლებში დავბრუნდეთ. ასევე ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთესა და სიხარულს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი:

წარმატებას ვუსურვებ ყველას. შობა-ახალ წელს ვულოცავ მთელს საქართველოს  და ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ! გილოცავთ თქვენც და მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი ჩართულობას და აქტიურობას ვუსურვებ „ეტალონის“ პროექტებში.

ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი კლარა ზედგინიძე:

ახალი წლისთვის პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ მთელს საქართველოს მოსახლეობას. შემდეგ სიუხვეს, ულევ სიხარულსა და წარმატებას თითოეულ ჩვენგანს!

ასპინძის საჯარო სკოლის ასპინძის „ეტალონი“ მოსწავლე ფიქრია ბლიაძე:

პირველ რიგში მინდა პროექტ „ეტალონს“ გადავუხადო მადლობა, რომელიც ყველა ახალგაზრდას აძლევს იმის შანს, რომ საკუთარი შესაძლებლობა გამოავლინოს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიწია პროექტში მონაწილეობა. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ „ეტალონში“ მონაწილეობის მიღებას. გამოავლინონ საკუთარი თავი და მიიღონ ის ბედნიერება, რასაც საკუთარი თავით სიამაყე ჰქვია. ასევე მინდა ჩემს პედაგოგებს გადავუხადო მადლობა, რადგან ისინი ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ ჩვენი თავი, ოჯახი და სკოლა ვასახელოთ.

ამასთან, ახალ წელს ვულოცავ მთელს საქართველოს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს, ხვავსა და ბარაქას ვუსურვებ თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება