სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებელს უსაზღვროდ უნდა უყვარდეს მოსწავლე“ - ლეილა ფრუიძე, ღვირიშის საჯარო სკოლის პედაგოგი
10-12-2020
-
+


მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა... მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, ეს პროფესია რამხელა თავდადებას მოითხოვდა, თუმცა საკუთარ არჩევანს ნამდვილად არ ნანობს. რატომ? - იმიტომ, რომ უსაზღვროდ უყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობაც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს. მაშინაც კი, როდესაც ცაგერის მუნიციპალიტეტის ღვირიშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ლეილა ფრუიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა და ბედისწერამ შვილი წაართვა, სწორედ მოსწავლეებმა, მისივე შვილის კლასელებმა დაუბრუნეს ცხოვრების აზრი - თქვენ თუ არ წამოხვალთ სკოლაში, არც ჩვენ ვივლითო, უთხრეს და ასე წამოაყენეს საყვარელი ლეილა მასწავლებელი ფეხზე. ლეილა ფრუიძე Etaloni.ge-სთანაც თავის პროფესიასა და მოსწავლეების სიყვარულზე საუბრობს.

- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ ოციოდე მოსწავლე გვყავს და ამ მხრივ ძალიან გვიჭირს; პანდემიამაც გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა - ოჯახების უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და ბავშვებს ნაკლებად აქვთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან... ინტერნეტ-კავშირიც არაა გამართული და სწორედ ამიტომ, დისტანციური სწავლებისას, სხვა რომ ვერაფერი მოვახერხე, ბავშვებს ტელეფონით ვუკავშირდებოდი და ასე ვუხსნიდი გაკვეთილებს. როგორი იქნება ტელეფონით ახსნილი გაკვეთილი, ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ სულ არარაობას, ხომ სჯობს?

- თქვენი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე რატომ იყო, ქალბატონო ლეილა?

- სწავლა სექტემბერში დავიწყეთ, მოგვიანებით კი ერთ-ერთ მასწავლებელს დაუფიქსირდა ვირუსი, შემდეგ მეც და ჩემმა მეუღლემაც, რომელიც სკოლის დირექტორია, ტესტი გავიკეთეთ და ჩვენც დაგვიდასტურდა... ამიტომ, გარკვეული პერიოდი სწავლა შეწყვეტილი იყო, ახლა კი დავბრუნდით საკლასო ოთახებში. დადიან ბავშვები, მონდომებით სწავლობენ, თუმცა მოგეხსენებათ, მთაში ბევრსაც შრომობენ და ოჯახებს ეხმარებიან... სწავლა ნამდვილად უყვართ, მე კი ისინი მიყვარს ძალიან და ჩემ მოსწავლეებს არავისში გავცვლი. ან, როგორ არ შეგიყვარდება, როდესაც მუდმივად თვალებში გიყურებენ.

- ესე იგი, თქვენც გრძნობთ მათ სიყვარულს...

- რა თქმა უნდა...

- მთაში მასწავლებლებს მეტი ძალისხმევა გვჭირდება, შედეგებს რომ მიაღწიოთ?

- რთულია ნამდვილად, მკაცრი ბუნებრივი პირობებიც ხანდახან ხელისშემშლელია, მაგრამ მოსწავლე-მასწავლებლის წრფელი, თბილი ურთიერთობები ყველაფერს გადაწონის.

- რატომ აირჩიეთ ასეთი რთული პროფესია, ქალბატონო ლეილა?

- ბავშვობიდან მიტაცებდა მასწავლებლობა... მოსწავლის როლი არ მხიბლავდა; მინდოდა, მასწავლებელი ვყოფილიყავი, ბავშვები და მათთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს... მაშინც კი, როდესაც ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა და შვილი გარდამეცვალა, ბავშვები, ჩემი შვილის კლასელები მოვიდნენ და მითხრეს - ჩვენც არ წავალთ სკოლაში, თქვენ თუ არ ივლითო... მათ მომცეს ფეხზე წამოდგომის ძალა.

- დაუფასებელია მასწავლებლის შრომა?

- ასე ვერ ვიტყვი... მოსწავლეც მაფასებს, მშობელიც... არასოდეს მიგრძნია დაუფასებლობა.

- გვითხარით, რომ თქვენი მეუღლე სკოლის დირექტორია... როგორია მეორე ნახევრის ხელქვეითობა?

- ცოტა რთულია... სხვებთან შედარებით, მე უფრო მეტს მთხოვს. ასეა, როდესაც ჩემი შვილების მასწავლებელი ვიყავი, ალბათ, მათაც ხშირად დასწყვეტიათ გული - დედა ჩვენ უფრო მკაცრად გვექცევაო. თუმცა, ვცდილობდი, არ შეტყობოდათ, მასწავლებლის შვილობა და ხშირად, მეგობრებისთვის ნიშნის მომატებაც უთხოვიათ ჩემთვის. სოფლის მასწვლებელს დიდი შრომა აქვს, სახლში ჩემი შვილებისთვის ბევრი დრო არ მქონდა და თავიდანვე მივაჩვიე დამოუკიდებლად მუშაობას. ასეა, უნდა გამონახო ოქროს შუალედი, რათა სხვა ბავშვებმა არ იგრძნონ, რომ შვილს მეტ ყურადღებას უთმობ.

- რა უნდა გააკეთოს თანამედროვე მასწავლებელმა, რომ ბავშვები თავისი საგნით დააინტერესოს?

- ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთრ თავზე. მთავარია - მასწავლებელს უსაზღვროდ უნდა უყვარდეს მოსწავლე და მოსწავლეც უნდა გრძნობდეს ამას. შედეგად, მათ შორის ისეთი ხიდი გაიდება, რომ ურთიერთობა აღარ გაჭირდება. ჩემი მოსწავლეები ისე გულღიად მოდიან ჩემთან, საიდუმლოსაც მანდობენ, დამატებით მეცადინეობასაც ესწრებიან და მათ არასოდეს ვსაყვედურობ; პირიქით, ვეუბნები, რომ მეტი შეუძლიათ, საკუთარი თავის რწმენას ვმატებ და ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, რომ ჩვენი მოსწავლეები, რეპეტიტორებთან სიარულის გარეშე ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში.

- ასეთ დროს ძალიან ამაყი ხართ, ხომ?

- რა თქმა უნდა! ესაა ჩემი შრომის ყველაზე დიდი გასამრჯელო. ბედნიერებაა, როცა შენი მოსწავლეები ასეთ წარმატებას აღწევენ. ყოფილა შემთხვევა, დავალებები ღამის სამ საათზე გადმოუგზავნიათ მინაწერით - დროს არ ვიმჩნევთ, მასწავლებელოო და მეც მაშინვე დამიბრუნებია შესწორებული ვარიანტი, პასუხით - არც მე ვიმჩნევ დროს-თქო... სხვდასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაშიც მონაწილეობენ, იმარჯვებენ და ამ შედეგს რომ ვხედავ, მაშინ ვარ ბედნიერი. მეც მიტარდება ონლაინ-ტრენინგები და ასე მივდივართ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ. ვცდილობ, დროს არ ჩამოვრჩე.

- მოგწონთ თანამედროვე მიდგომები და თუნდაც პროფესიული განვითარების სქემა?

- კარგია ეს სქემა, მაგრამ ძალიან ბევრ დროს მოითხოვს მასწავლებლისგან; ბევრი ფორმალური საკითხია და შედეგად, მოსწავლეს აკლდება ყურადღება, თორემ გამოცდები უნდა იყოს და მე პირადად, 2012-ში გავხდი უფროსი მასწავლებელი.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

პედაგოგები და აღმზრდელ-მასწავლებლები ფულად ჯილდოს მიიღებენ - მუნიციალური ბიუჯეტი

სკოლებისა და უმაღლესების ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხებათ? - კანონში ცვლილებების განათლების კომიტეტი განიხილავს

ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა გაიზარდა - ცვლილებები კანონში 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს

სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა, ქეთევან თევდორაშვილმა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება