სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია, თავი და ბოლო, ცხოვრების არსი“
11-02-2020
-
+


წლებია ამაგდარი პედაგოგი მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურზუს საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და როგორც Etaloni.ge-სთან ამბობს, მასწავლებლობა  მისთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების აზრია; გარდა ამისა, ეროვნული სკოლის პროგრამაში მონაწილეობს და ორი პრაქტიკანტიც ჰყავს... ცხოვრობს კურზუში და როგორც გაგვიმხილა, არც აპირებს მშობლიური მიწა-წყლის მიტოვებას. აქაური კენჭიც მიყვარსო, - მითხრა და დასძინა, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტს წინსვლა აშკარად დაეტყო, მოსახლეობაც გამოცოცხლდა, გზებიც დაიგო და ალბათ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, კურზუს საჯარო სკოლას დაახლოებით 160 მოსწავლე რომ ჰყავს.

როდის და რატომ გადაწყვიტა მასწავლებლობა, როგორ ასწავლის ბავშვებს ქართულის გრამატიკას ისე, რომ არც ერთ წესს ზეპირად არ სთხოვს და რატომ მიიჩნევს, რომ ენის ნორმების დაცვა აუცილებელია, Etaloni.ge- მარტვილის მუნიციპალიტეტის, კურზუს საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მანანა ჭაჭუა ესაუბრება:

- როდესაც ამას ვამბობ, ბევრს ჰგონია, რომ სიტყვის მასალაა, სინამდვილეში კი მასწავლებლობა  ჩემთვის მხოლოდ პროფესია არაა, ჩემი ცხოვრებაა, მე ვსუნთქავ და ვცოცხლობ ამით, ესაა ჩემი ცხოვრების საზრისი და მოსწავლეებმა კარგად იციან, ჩემთვის მთავარი ის კი არაა, საქმე მქონდეს, ხელფასი და ყოველდღე სამსახურში დავდიოდე... მე ვსუნთქავ და ვცოცხლობ ჩემი პროფესიით. მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია, თავი და ბოლო, ცხოვრების არსი.

- ქალბატონო მანანა, პროფესიის არჩევაში ვინ დაგეხმარათ?

- ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა, თუმცა თავიდან არა ქართული ენისა და ლიტერატურის, არამედ ისტორიის პედაგოგობა მინდოდა. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს, აფხაზეთის უნივერსიტეტში ქართული სექტორი არ იყო ისტორიის ფაკულტეტზე და ამიტომ ჩავაბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე. გულწრფელად გეტყვით, იმ პერიოდში გრამატიკა დასაზეპირებელი მეცნიერება მეგონა და ამიტომ თავს ვარიდებდი ამ საგნის სწავლას; უმაღლესში კი მორფოლოგიას მიკითხავდა ვალიკო ჯიჯილავა, სინტაქსს - ნიკანდრო ბასილაია, ამ ორმა ადამიანმა ისე შემაყვარა გრამატიკა, რომ ლინგვისტი გავხდი.

- ახლა კი მე-7-მე-12 კლასელებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით, არ გიჭირთ ბავშვების დაინტერესება?

- არ არის ადვილი, ამ ასაკის ბავშვების დაინტერესება გაკვეთილით, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მსგავსი პრობლემა არასოდეს მქონია... ახლა რომ შემოვიდა სწავლების მეთოდები და ბავშვებს გაკვეთილის დაზეპირებას აღარ სთხოვენ, მე არც არასოდეს მომითხოვია ჩემი მოსწავლეებისთვის, დაეზეპირებინათ ესა თუ დავალება. ყოველთვის ვატარებდი არასტანდარტულ გაკვეთილს, მიუხედავად იმისა, რომ უკვირდათ, როგორ შეიძლება გრამატიკა დაზეპირების გარეშეო. მე კი მიმაჩნია, რომ არ არსებობს გრამატიკის არც ერთი წესი, რომელიც ბავშვებმა უნდა დაიზეპირონ.

ნებისმიერ საკითხზე შემუშავებული მაქვს ხერხები, რომელთა მიხედვითაც გრამატიკას ვასწავლი და აბსოლუტურად არ მაინტერესებს, წიგნში რა წერია. ჩემმა მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იციან ტექსტების რედაქტირება-გასწორება და მათ ყოველთვის ვეუბნები - არასოდეს შეცდებიან, თუ ამ ხერხებით იხელმძღვანელებენ. ქართული ენა საოცრებაა, სრულყოფილება, მოსწავლეებს ვურჩევ, ენას მოუსმინონ, გაიაზრონ, მის ფესვებს ჩასწვდნენ, შეიყვარონ და ასე, ერთხელაც არ დაუშვებენ გრამატიკულ შეცდომებს.

აღარაფერს ვამბობ ლიტერატურაზე, განსაკუთრებით მიყვარს მე-19 საუკუნის, ასევე ძველი მწერლობა და როდესაც ლიტერატურის გაკვეთილს ვატარებ, ვცდილობ, მხოლოდ წიგნში რაც წერია კი არა, ყველაფერზე გავამახვილო ყურადღება; ჩემ მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ ყოველ ნიუანსს, ბევრს ვსაუბრობთ და ასეთი მიდგომა ბავშვებსაც აინტერესებთ.

- არადა, მასწავლებლები ჩივიან, თანამედროვე მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთო...

- ეს მართლაც პრობლემაა, თუმცა მსგავსი წინააღმდეგობა მათ ხვდებათ, ვინც ტექსტის დაზეპირებას ცდილობს. მყავს მოსწავლეები, რომლებსაც ზეპირობის უნარი არ გააჩნიათ, თუმცა ლექსს რომ წამიკითხავენ სტროფ-სტროფად, კარგად ხსნიან, ცდილობენ, ჩასწვდნენ, აზრი თავადაც გაიგონ და ჩვენც სწორად გადმოგვცენ.

- ქართულ ენაში გარკვეულ საკითხებზე თავად ენათმეცნიერებს უჭირთ შეთანხმება, თქვენ თუ შედიხართ ხოლმე პოლემიკაში კოლეგებთან?

- აზრთა სხვადასხვaობა ნამდვილად არსებობს, გასაკუთრებით თემის ნიშნებზე... მოსაზრებაც კი იყო, რა საჭიროა თემის ნიშნებიო, მე კი არ ვეთანხმები.  ელემენტარულად - გამიტეხია, დამიხატია- გამიტეხავს, დამიხატავს - ბავშვს ხომ უნდა ავუხსნათ, რომელი ფორმაა სწორი. გასაგებია, რომ ენის გათანმედროვება ხდება და გარკვეული ფორმები მკვიდრდება, მაგრამ სწორ ფორმებს თუ არ დავიცავთ,  ენა აირევა და წაიბილწება.

- კურზუს საჯარო სკოლას ბევრი მოსწავლე ჰყავს?

- მიგრაციის პრობლემა სოფლებში უდავოდ დგას და ამას ალბათ ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს, თორემ ვის უნდა მშობლიური სახლ-კარის მიტოვება? კურზუში შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს - ჩვენთან დაახლოებით 160 მოსწავლეა, სოფელიც  შეძლებულია, მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევს...

შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტი ბოლო პერიოდში განვითარდა, არადა, ადრე, რთული ვითარება იყო, გზები არ გვქონდა და მიმოსვლა ჭირდა. ახლა ეს საკითხი აღარ დგას, ტრანსპორტიც გადაადგილდება, სოფლის მეურნეობის პროგრამით ბევრი რამ კეთდება, ეწყობა სტადიონები, სკვერები... მოსახლეობაც გამოცოცხლდა, მისდევენ მეცხოველეობას, მეფრინველეობას, უვლიან თხილის პლანტაციებს და რაც ძალიან მახარებს, თუ აქამდე ოჯახს ერთი შვილის მეტის ყოლა არ უნდოდა, ახლა 2-3 ბავშვი ყველა ოჯახშია.

კურზუ ჩემთვის ყველაფერია... როდესაც სტუმრად ჩავდივარ დედაქალაქში, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები მშობლიურ სოფელში იმიტომ, რომ მიყვარს, როდესაც ფეხი მიწაზე მყარად მიდგას! მიყვარს ჩემი სოფელი, ჩემი კუთხე, აქაური კენჭიც მეძვირფასება.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კარიერული განვიტარების მსურველმა პედაგოგებმა ტრენინგები უნდა გაიარონ

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

„სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“

თუ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებულ ლიმიტს, ეს ადგილები უმაღლეს მომავალ წელს დააკლდება

ბაღებში პედაგოგების და აღმზრდელების თანაფარდობა და ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური ოდენობა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

სკოლები

კინოჩვენების მიზანია - მოსწავლე გაეცნოს ნიკო ფიროსმანის რთულ, ცხოვრებას და მოღვაწეობას, თავგადასავალს

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი მოთხრობიდან - „ნამწყემსარის მოგონებანი“

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს

 

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება