სიახლეები
საინტერესო

''ხელი გაუწოდეთ სტუდენტებს!'' - ნაირა გელაშვილის წერილი საქართველოს განათლების მინისტრს
27-12-2016
-
+


საქართველოს განათლების მინისტრს 

ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას

(და არა მხოლოდ მას)

ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანეთ, რომ სტუდენტები, რომლებსაც უკვე  ოცდაშვიდი დღეა დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი და საგანმანათლებლო რეფორმის გატარებას ითხოვენ, „დამნაშავეები არიან“, რადგან აფერხებენ სასწავლო პროცესს და ხელს უშლიან დანარჩენ (იგულისხმება: კარგ ) სტუდენტებს ცოდნა-განათლების მიღებაში.

(მსგავსი შეფასება ქალბატონ გუგული მაღრაძესაც გაუხმოვანებია, მაგრამ ამაზე აღარ შევჩერდები: საზოგადობა უკვე შეგუებულია მის არადამაჯერებელ, ძირითადად, ვერბალურ ენერგეტიკას. 
უფრო დამაჯერებელი ის არის, ქალბატონი პროფესორი თურმე სისტემატიურად  რომ აცდენს ლექციებს სახელმწიფო უნივერსიტეტში). 

მაშასადამე, გაფიცული სტუდენტები „დამნაშავეები“ ყოფილან. დამნაშავე კი უნდა დაისაჯოს.

ამის თაობაზე პირდაპირ მოგახსენებთ არა მხოლოდ ჩემს აზრს: დანაშაული თქვენი მაგ პოსტზე ყოფნაა, პატივცემულო მინისტრო. და თან ძალიან დიდი დანაშაული. რადგან: როგორც არ უნდა დაატანოს ძალა კულტურული მგრძნობელობის მქონე ადამიანმა საკუთარ თავს, ვერაფრით მოახერხებს თქვენს აღქმას კულტურასა და განათლებასთან კავშირში. 

და ვერ მოახერხებს ამას თუნდაც მხოლოდ თქვენი მანერების, საერთო იერისა და თავდაჭერის გამო, სულაც რომ აღარ დახარჯოს ენერგია ხალხური ზეპირსიტყვიერებისა თუ სხვა სერიოზული საკითხების თქვენეულ, ტრაგი-კომიკურ ინტერპრეტაციათა ჩხრეკით; სულაც რომ აღარ აიშალოს ცხოვრებით ისედაც გაფცქვნილი ნერვები თქვენეული კალამბურებით, რომლებიც რესტორნის დონესაც კი არ შეეფერება, არამედ - უფრო დუქნისას, სადაც ახლად ნაქეიფარზე უყვართ ხოლმე ოხუნჯობები. 

დიახ, დაცემულია ქვეყანა, გაღატაკებულია ხალხი და მისი განათლებული ნაწილიც, ღრმაა დეგრადაციის პროცესი, მაგრამ მაინც არსებობს ის საქართველო, თავს რომ შეურაცხყოფილად თვლის, როცა განათლების მინისტრად ხან ციხეების უფროსს სთავაზობენ, ხან ბუღალტერს, ხანაც, ჰოი, ახალი, უნივერსალური, ლამის ჯადოსნური პროფილის მქონე პირს: „მენეჯერს“. და როგორ მენეჯერს!  თავისი მარიფათიანი მიდგომ-მოდგომით ბოლს რომ აადენს და მილეწ-მოლეწავს ზღაპრის ფაქიზ სამყაროს თუ განათლების შესახებ ტრადიციული, ჰუმანიტარული წარმოდგენების სივრცეს, რის შესახებაც მას, კაცმა რომ თქვას, წარმოდგენა არა აქვს. 

მოკლედ, მაგ ყოვლად უიღბლო თანამდებობაზე თქვენმა მოულოდნელმა გამოჩენამ ხალხის გაბრაზება კიდევ ერთხელ დაატეხა თავს ... ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგანაც უკანასკნელი ხანების ტრადიციით, ცნობილ მიზეზთა გამო, ყველაფერი მას ბრალდება. მერე ხმა დაირხა, რომ თქვენ  მისი კი არა, არამედ პრემიერმინისტრის „კადრი“ ყოფილხართ. და ახლა ამ ადამიანს დაეფინა მძიმე  ჩრდილი, ადამიანს, რომელიც ნამდვილად სარგებლობდა ნდობითა და სიმპატიით, და რომელსაც ახლა სხვა პრობლემებიც საკმაოდ დაუხვავდა, ისე რომ, სულ არ სჭირდება, თქვენც ურთულებდეთ ისედაც გართულებულ მდგომარეობას. 

ცხადია, მისი მხრიდან თქვენი მაგ პოსტზე დანიშვნა ფატალური შეცდომა იყო, შეცდომა, რომელიც არ უნდა აკადრო შენს ხალხს, შენს, არცთუ უმნიშვნელო სულიერი მემკვიდრეობის შემქმნელ ქვეყანას. ბატონო ალექსანდრე, თქვენს ადგილას გადავდგებოდი და პრემიერს მდგომარეობას შევუმსუბუქებდი. ყველა ტელე-შოუს კარი თქვენთვის მაინც ღია დარჩებოდა და თქვენც სიმღერით მოუყვებოდით მაყურებელს თქვენს თავგადასავალს.მაგრამ ობიექტურობისათვის გავიხსენოთ საკითხის უახლესი ისტორია: დღევანდელი ხელისუფლების მსოფლმხედველობა განათლებასთან დაკავშირებით ყველაზე ზუსტად მაშინ დასურათ-ხატდა, როცა 2012 წელს ენერგეტიკის მინისტრად ფეხბურთელი დაინიშნა, განათლების მინისტრად კი მენეჯერ-ბუღალტერი, რომლიც თავის შემცვლელად წარადგინა მაშინ ამ პოსტზე მყოფმა განათლებით ფილოსოფოსმა გიორგი მარგველაშვილმა(!). ხოლო თავად მომავალმა პრეზიდენტმა, როცა ის განათლების მინისტრად დანიშნეს, პირველი, რაც განაცხადა, ეს იყო: „ჩემს უპირველეს მოვალეობად ფინანსების მოზიდვა მიმაჩნიაო“, თითქოს განათლების შინაარსობრივი მხარე მაღალ გონებათა მიერ უკვე დადგენილი იყო, მაშინ როცა, ერთ ბოლომდე ხეირიან სასკოლო სახელმძღვანელოს ვერ ნახავს კაცი. 

ამ ყველაფრით ხომ უკვე მაშინ უცხადესად ითქვა, რომ განათლება, კაცმა რომ თქვას, საერთოდაც ზედმეტია!  ფულის საშოვნელად მთავარი მენეჯერობა და მარიფათიანობაა! და თუ ფული გაქვს, მაშინ საერთოდ რაღა თავში იხლი ამ განათლებას! მით უმეტეს, რომ, სოლომონ ისაკიჩს თუ დავუჯერებთ, წიგნების კითხვამ შეიძლება ჭლექიც გაგიჩინოს.ჰოდა, კაცმა რომ თქვას, რაღას ვერჩით ბატონ ჯეჯელავას! მაგრამ ვერჩით! იმიტომ რომ ბოლო წერტილის როლს ასრულებს და საზოგადოებასაც მეტის მოთმენა აღარ შეუძლია! ახლა რაღა  აზრი აქვს იმის გახსენებას, რომ კულტურისა და განათლების ცნებებს ყველა ეპოქაში, მით უფრო დიდი კატაკლიზმების შემდეგ და პირისპირ თავიდან გააზრება სჭირდება. აზროვნება კი ჰუმანიტარულ სფეროს განეკუთვნება, სფეროს, რომელიც ისეთი აბუჩად აგდებული აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმის ტექნოკრატ-საქმოსანთა ლეგიონების მიერ, როგორიც არასდროს ყოფილა კომუნისტების ეპოქაში.უკვე აღებულია საკრალური სიმაღლეები: კომპიუტერი, ინგლისური და სხვა უცხო ენები, თანაც ერთბაშად, პირველივე კლასიდან! დანერგილია გამოთაყვანების თანამედროვე მეთოდოლოგია.

მოკლედ, თავი დავანებოთ მაღალ მატერიებს და ვიკითხოთ: ხომ შეიძლება მინისტრი გაუნათლებელი იყოს, მაგრამ ადამიანური გაბედულება, სისწორე და ახალგაზრდების მიმართ მამა-შვილური თანაგრძნობა, გაგების სურვილი გააჩნდეს? თეორიულად, რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ პრაქტიკულად ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას შინაგანი მდგომარეობა ამ მხრივაც ფრიად ნაკლულოვანი აღმოჩნდა.მაგრამ, ცხადია, არა მხოლოდ მისი.

და აქ ჩემი პირდი გამოცდილებაც უნდა მოვიშველიო: ამ ზაფხულს იძულებული გავხდი, წერილობით მეთხოვა მინისტრისათვის, საქმეში ჩარეულიყო ერთ უსამართლობასთან დაკავშირებით. კერძოდ: ცხინვალიდან ორგზის დევნილი ოჯახის შვილმა, ძალიან კარგად მომზადებულმა ახალგაზრდამ შესანიშნავად ჩაბარა სამი გამოცდა. მხოლოდ უნარ-ჩვევებში 78 ქულა დაიმსახურა. მეოთხე გამოცდის წინ (და ეს იყო გამოცდა არჩეულ და საყვარელ საგანში-ისტორიაში), ღამით მამას ინფარქტი დაემართა და ბიჭმა მთელი ღამე მასთან გაატარა საავადმყოფოში, რის შედეგადაც დილას გამოცდაზე სამი წუთით დაიგვიანა. ის არ დაუშვეს. მისწერა წერილი ეროვნული გამოცდების მესვეურთ და ცნობებიც წარადგინა (საწრაფოს გამოძახების, საავადმყოფოსი და ა.შ,). მაგარამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. ოჯახს რაც კი სახსრები გააჩნდა, ვალით თუ უვალოდ, შვილის მომზადებას მოახმარა. 

ხელმეორედ ისინი ამას ვეღარ შესძლებდნენ. აი, ეს ყველაფერი მივწერე ბატონ ჯეჯელავას და დავძინე, თქვენი „არაორდინალურობის“ იმედი მაქვს მეთქი. არაორდინალურმა მინისტრმა კი ეს წერილი ისევ ეროვნული გამოცდების ცენტრს გადაუგზავნა. იმათ მოგვწერეს, თავად აბიტურიენტმა შემოიტანოს განცხადებაო. არადა, ხომ შეტანილი ჰქონდა უკვე, უარი რომ მიიღო! და მეც იმიტომ მივმართე მინისტრს. აბიტურიენტმა კიდევ შეიტანა განცხადება. და კიდევ  უარი მიიღო (!), ოღონდ პასუხი წარმოადგენდა უფრო ვრცელ, მაგრამ ყინულოვან დოკუმენტს, სავსეს იურიდიული მუხლებით, ქვემუხლებით და ა.შ. ისე, რომ თავი ამტკივდა მისი კითხვისას. ასე გაწირეს სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა და გადაუგდეს გაურკვეველ, უხალისო მომავალს. 

და რა უთხრა მას ამით არაპირდაპირ სახელმწიფომ? რა და ეს: „თუ წარმატება და წინსვლა გინდა, გენაცვალე, ცხოვრებაში, მომაკვდავი მამა უნდა მიატოვო და გამოცდაზე დროზე მიხვიდე!“ ტაში და ვაშა. ასეთი რობოტიზებულია ჩვენი ცხოვრება, და საგანმანათლებლო სივრცეც. განათლების სივრცე, სადაც თავშიც კი არ მოსდით, რომ კანონი ადამიანისთვის არსებობს და არა ადამიანი კანონისათვის. რომ შესაბამისი კანონის არარსებობის შემთხვევაში პასუხისმგებელი პიროვნება თავად იღებს გადაწყვეტილებას ადამიანობის სასარგებლოდ, მართალი სამართლის სასარგებლოდ, რათა ადამიანობა არ ამოიძირკვოს ჩვენი ყოფიდან.  მაგრამ განა ადამიანია თქვენი მიზანი?ჰოდა: დადგა უკვე შობა-ახალი წელი, როდემდე უნდა იტანჯებოდნენ იმ კორპუსში ეს სტუდენტები, თქვე დალოცვილებო: ბატონო განათლების მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო პრემიერო, ბატონო პრეზიდენტო და საერთოდ, თქვენ ყველავ, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი ქვეყნის მესაჭეებო, ამაზე უფრო მნიშვნელოვანს მაინც რას აკეთებთ, რომ სტუდენტების ყველაზე პროგრესულის ნაწილის სრულიად მოკრძალებულ და სამართლიან მოთხოვნას ყრუ კედლები აღუმართეთ წინ?

სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ გეშინიათ თვითგამორკვეული ახალგაზრდებისა, რომლებიც ადვილად სამართავები არ არიან; რომლებმაც იციან, რა არის ნამდვილი განათლება, რომლებმაც ბევრი იმუშავეს და კარგა ხანია, წარმოადგინეს მოსაზრებათა ერთობლიობა, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს განათლების რეფორმას, ყველა ხელისუფლებამ რომ მიაფუჩეჩა? ამ ეტაპზე კი ერთადერთ რამეს ითხოვენ: უმაღლესი განათლების კანონში გაუქმდეს 45-ე მუხლი, რომელიც განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებს ე.წ. სტუდენტურ თვითმმართველობას და ქმნის მისგან ფინანსების ერთპიროვნულად განმკარგავ საეჭვო ელიტას.და მეც მომიწია პირადად მეხილა, ვინ არის ეს „ელიტა“:  ამა წლის გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეფორმატორი სტუდენტების მშვიდობიან საპროტესტო აქციას ხელისუფლების გაურკვეველმა ძალებმა მიუსიეს  ე.წ. თვითმმართველობის ნიღბოსანი დამრტყმელები, მცემელები, პროვოკატორები დაქირავებულ ხულიგნებთან ერთად. 

ისინი ურტყამდნენ, კედელზე აჭყლეტდნენ, აგინებდნენ სტუდენტებს, სასტვენებითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით ახშობდნენ გამომსვლელებს, აიკლეს მთელი უნივერსიტეტი, რომლის დამფუძნებლებიც სიზმრადაც ვერ წარმოიდგენდნენ მათთვის წმინდა კედლებში ასეთ უგვანობას.და რატომ არ იქნა გამოძიებული ეს ამბავი, რატომ ჩაიფარცხა, ხელისუფალნო?(სხვათა შორის, ამან 1989 წლის თებერვალი გამახსენა, როცა მშვიდობიანი აქცია ხელისუფლებამ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსიდან გამოცვენილ დამრტყმელ კომკავშირლებს დაარბევინა).და ბატონო მინისტრო, „დამნაშავეები“ თქვენთვის მაინც ესენი არიან, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ არ უნდათ სიყალბესა და სიბრიყვეში ცხოვრება, მოჩვენებითი განათლებით თავის მოტყუება და საბჭოთადროინდელი უძრაობის ფუჭ დემოკრატიულ დეკორაციებში ჩაკარგვა? ჩვენი პოლიტიკურ-ფინანსური ელიტების შვილები დასავლეთის უნივერსიტეტებში რომ იღებენ განათლებას და ყველა სიკეთით ტკბებიან, ამ ბავშვებისათვის ჯოჯოხეთად ქცეულ თბილისშიც არ გემეტებათ ნორმალური სტუდენტური ცხოვრება?რას  გემართებათ? რა გაშინებთ? რატომ ვეღარ წარმოგიდგენიათ ცხოვრება „ნაციონალების“  მიერ შექმნილი „აგრესიულ-მორჩილი“ნეოკომკავშირის -სტუდენტური თვითმმართველობების გარეშე?ხომ ხედავთ, რომ ამ ეტაპზე ეს არა მხოლოდ სტუდენტურ, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს? რადგან ამ გაფიცული სტუდენტების უკან მშობლები, ახლობლები, თანამოაზრენი, პროფესორ-მასწავლებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დგას!

და ამ თქვენი უძრაობით რატომ აყენებთ დარტყმას განათლების პროცესს? რატომ უბიძგებთ გაუთავებელი საპროტესტო აქციებისაკენ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლა-განათლება სწყურიათ? რატომ აყენებთ ზიანს მათ ჯანმრთელობას ამდენი ღამისთევით, შიმშილით, ნერვიულობით? რატომ ხართ ასეთი უგრძნობლები სხვისი შვილების მიმართ? ათასობით ადამიანის სახელით მოგმართავთ: გამოიჩინეთ კეთილშობილება, გადადგით შემხვედრი ნაბიჯი :  შობის დღესასწაულის ნათელში გააუქმეთ ეს დაწყევლილი 45-ე მუხლი და დააყენეთ საშველი ამ საქმეს! ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ ეს გასაკეთებელია. მოწინავე სტუდენტებისთვის ხელების გადაგრეხა არც ღირსებას შეგძენთ და არც სიკეთეს მოგიტანთ.

ხელი გაუწოდეთ სტუდენტებს! ამით მაინც გაახარეთ საზოგადოება, რომელიც ისედაც ასე უიმედოდ, ასეთი შიშითა და დათრგუნულობით ელის  მუქარის შემცველი სახით მომავალ ახალ წელიწადს. 

გთხოვთ.

ნაირა გელაშვილი 23 დეკემბერი, 2016 წელი

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება