სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლიდან გათავისუფლებულმა ფოთელმა პედაგოგმა საქმე მოიგო, თუმცა სკოლაში დაბრუნებაზე უარი თქვა - მას განაცდური აუნაზღაურდება და კომპენსაცია მიეცემა
20-06-2026
-
+


ფოთის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების ყოფილი მასწავლებლის, იგორ კეკელიას საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ფოთის საქალაქო სასამართლომ პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და სკოლას მის სასარგებლოდ განაცდურისა და დამატებითი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. კეკელიას ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი იცავდა.

როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს,  ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ იგორ კეკელიას სამსახურიდან გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდებოდა მის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას. პედაგოგს არ განუხორციელებია ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ უძალადია მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესში არასაგაკვეთილო თემებზე არ უსაუბრია.

„სარჩელი დაკმაყოფილდა

დღეს გამარჯვებით დასრულდა ფოთელი პედაგოგის საქმე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, მოგონილი ბრალდებებით, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

სკოლის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება სასამართლომ უკანონოდ და ბათილად ცნო.

სკოლას დაევალა იგორ კეკელიასთვის ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, გადასახდელი თანხა მისი სრულად ანაზღაურების მომენტამდე ყოველდღიურად გაიზრდება.

იმის გამო, რომ სკოლამ უკვე სხვა პედაგოგი დაასაქმა, იგორ კეკელიას სკოლაში დაბრუნება გამოიწვევდა სხვა მასწავლებლის განთავისუფლებას, რაზეც არაერთხელ თქვა უარი იგორ კეკელიამ. ამიტომ, სასამართლომ დამატებითი კომპენსაციაც განსაზღვრა - რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით.

მხარეთა ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მასწავლებლებისა და მშობლების დაკითხვის შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:

იგორ კეკელიას სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და პირდაპირ უკავშირდებოდა მის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას.

პედაგოგს არ განუხორციელებია ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ უძალადია მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესში არასაგაკვეთილო თემებზე არ უსაუბრია.

ასეულობით მშობელმა ერთიანი განზრახვით დაიწყო იგორ კეკელიას წინააღმდეგ სტრატეგიული დევნა, მისი სკოლიდან გათავისუფლების მიზნით, მას შემდეგ, რაც გაიგეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ.

მასწავლებელი პროფესიული ეთიკის სრული დაცვით, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. 2019 წლიდან მას არცერთი დისციპლინური გაფრთხილება არ ჰქონია.

სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყვეს სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში გაგრძელება და ვითარების განმუხტვის ნაცვლად, უკანონოდ ჩატარებული დისციპლინური და სამეურვეო საბჭოს სხდომების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ეს იყო რამდენიმე თვიანი მძიმე და რთული ბრძოლა, რომლის განმავლობაშიც არაერთხელ სცადეს ზეწოლა როგორც პედაგოგზე, ისე ჩემზე.

დაუმსახურებელი ლანძღვა, დაცინვა და შეურაცხყოფა ამ პროცესის ნაწილი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ ფაქტებისა და ადამიანის მიმართ.

იმედს ვიტოვებთ, რომ იგორ კეკელია იქნება ბოლო ადამიანი, ვისაც მსგავსი ტრაგედიის გავლა მოუწევს.

გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია ყველა უფლებადარღვეული მოქალაქისთვის - იბრძოლონ და დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე მიუხედავად მძიმე შინაგანი მდგომარეობისა.

მადლობა მოსამართლე ეკატერინე მაღრაძეს!“- წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება