| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნული სასწავლო გეგმა სამ ძირეულ პრინციპს ეფუძნება: სიღრმისეული სწავლა; პოზიტიური სასწავლო გარემო და ინკლუზიური განათლება. რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა.
სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს: მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას; ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას; სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა); მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.
პოზიტიური სასწავლო გარემო გულისხმობს პირობებს, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას: კრიტიკული აზროვნება - მოსწავლეს ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
შემოქმედებითობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები, დაგეგმოს და შეიმუშავოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი;
თანამშრომლობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები;
კომუნიკაცია - მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში;
ხასიათი/ნებელობა - მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი;
მოქალაქეობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.
ინკლუზიური განათლება გულისხმობს: ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას; მრავალფეროვნების დაფასებას; რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას; დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას; ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას; მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში; განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე; სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება
როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება
„მობილურის აკრძალვამ გაკვეთილებზე, დადებითი შედეგები მოგვიტანა“...
„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ
გაიმართა თემატური აქტივობები და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები