სიახლეები
სიახლეები

დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
04-05-2024
-
+


„დიდი შაბათი“ – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. წელს აღდგომა 5 მაისსაა.
წმინდა წერილის მიხედვით, ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს მაცხოვარი დაიკრძალა. ქრისტეს სხეული ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. გარდამოხსნა ცისკარზე მღვდელმსახურები „წმიდაო ღმერთოს“ გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ და, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლად იმყოფება მამა ღმერთთან და რომ თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი. ამ დროს იგალობება „მშვენიერმან იოსებ…”

იმ დროს, როცა გარდამოხსნას ისევ ტაძრის შუაგულში დაასვენებენ, ითქმება ეკტენია და იკითხება საწინასწარმეტყველო ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომის შესახებ; სამოციქულო, რომელიც გვასწავლის, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი აღდგომაა ყოველი ჩვენგანის სულისთვის; სახარება, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ დააყენეს მცველები პილატეს თანხმობით მაცხოვრის საფლავთან, შესასვლელი ლოდით ჩარაზეს და ზედ ბეჭედი დაასვეს.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს არაა იესო ქრისტეს სიკვდილისა და დასაფლავების ისტორიული მოვლენების დრამატული გათამაშება ან სახარებისეული რიტუალური დადგმა. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.

ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.

მცირე შესავლისა და „ნათელი მხიარულის“ გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწინასწარმეტყველევია ღვთის მიერ სამყაროს ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა.

სამყაროს შექმნისა (შესაქმეთა წიგნიდან) და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ (გამოსვლათა წიგნიდან) საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ.

საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. ასევე იცვლება მთელ ტაძარში შავი ფერები ნათელით. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა ადრიანი დილით, ჯერ კიდევ სიბნელეში, მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარებს იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.

სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ, და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივ გრძელდება, ოღონდ „ღირს არსის” ნაცვლად იგალობება „ნუ მტირ მე, დედაო…”

წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას „მოციქულთა საქმეების” კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.

ღამის თორმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაჰყო ამქვეყნად.

ამის შემდეგ მორწმუნენი სასოებით ელიან შუაღამის დადგომას, როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება. აღდგომის სიხარული უდიდესი სიხარულისა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არც არის და არც შეიძლება იყოს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა: “უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან” (იოანე 16,12).


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
მოსწავლეთა სატრანსპორტო ტარიფებში ცვლილება შევიდა - ბიუჯეტი
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების წლიური შეფასება - საბოლოო ვადები და ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება