სიახლეები
საინტერესო , წიგნები

რისთვის სჭირდებათ წიგნები ბავშვებს? - ასტრიდ ლინდგრენის გენიალური განმარტება
04-06-2018
-
+


„უცნაურია, მაგრამ ამ სადღესასწაულო მომენტის დადგომას ჩემი ბავშვობისდროინდელ მაწანწალებს უნდა ვუმადლოდე - მაწანწალებს, რომლებიც საღამოობით კარზე გვიკაკუნებდნენ და გვეკითხებოდნენ: შეიძლება თქვენს ბოსელში ღამის გათევა?

ბავშვები სამზარეულოში ვისხედით და დაჭყეტილი თვალებით შევყურებდით ამ უცნაურ ხალხს - მაწანწალებში რაღაც ზღაპრულს ვხედავდით. განსაკუთრებით საინტერესოდ და უცნაურად ის გვეჩვენებოდა, რომ ქვეყნიერებაზე არის ხალხი, რომელსაც არა აქვს სახლი და სოფლის შარაგზებზე დაეხეტება. ჩვენ გლეხის შვილები ვიყავით და ამის გაგება არ შეგვეძლო. ბევრი მაწანწალა მეგობრული, მოლაყბე და კეთილი იყო, ზუსტად ისეთი, როგორც ოსკარია ჩემი წიგნიდან. ისინი ათას რამეს ყვებოდნენ და ყველა ძალიან მომწონდა.

როდესაც ჩემი ბავშვობის წლებს ვიხსენებ, მგონია, რომ მას შემდეგ ასმა წელიწადმა მაინც განვლო, ისე შეიცვალა სამყარო. მე დაბადება მოვახერხე სწორედ იმ საუკუნის ბოლოს, რომელსაც „ცხენების საუკუნეს“ ეძახიან. ათეული წლებით გვიან რომ გავჩენილიყავი, ვერასოდეს დავწერდი ამ წიგნს, ვერაფერს შევიტყობდი იმ ისტორიამდელ ეპოქაზე, როდესაც შარაგზებზე მაწანწალები დაეხეტებოდნენ და ხალხი მანქანებით კი არა, ცხენებშებმული ოთხთვალებით დადიოდა.

რა სჯობდა ბავშვისთვის „ცხენების საუკუნეში“ ცხოვრებას; ყოველ შემთხვევაში ჩემი ბავშვობა შეიძლება ბედნიერად ჩაითვალოს. როდესაც „მაწანწალა რასმუსს“ ვწერდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დაკარგულ სამოთხეში დავბრუნდი. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს ქვეყანა სამოთხე იყო მაწანწალა ოსკარისთვისაც, ანდა ობოლი რასმუსისთვის. ეს ჩემთვის იყო სამოთხე.

მშვენიერია ხელმეორედ დაბრუნება სამოთხეში, როდესაც წიგნს წერ; მშვენიერია, როდესაც ისევ ბავშვად გადაიქცევი.

ვფიქრობ, ასე უნდა იყოს ყველა, ვინც ბავშვებისთვის წერს. არ შეიძლება, მხოლოდ დაჯდომა და რაღაც ისტორიების შეთხზვა. საკუთარ ბავშვობაში უნდა ჩაყურყუმელავდე, გაიხსენო მაშინდელი გარემომცველი სამყარო და მისი სურნელი, გაიხსენო, როგორ გაცმევდნენ და როგორ გრძნობდი თავს ამ ტანსაცმელში გამოწყობილი, რაზე გეცინებოდა და რაზე ტიროდი.

„უფროსებისთვის“ თუ შეგიძლიათ წიგნის დაწერა? - მეკითხებიან ხოლმე. ასე მეკითხებიან, გულში კი ფიქრობენ: მაგან უკვე იმდენი საბავშვო წიგნი დაწერა, დროა, რაიმე უფრო ღირებულს მოჰკიდოს ხელიო. არა! მე არ მინდა „უფროსებისთვის“ წერა! მე მინდა ვწერო ისეთი მკითხველებისათვის, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. სასწაულებს კი მაშინ ახდენენ ბავშვები, როდესაც წიგნებს კითხულობენ. ისინი ახალისებენ უფერულ აზრებს, სიტყვებს და ბრწყინვალებას მატებენ ჩვენს ნაწარმოებებს. მწერალს არ შეუძლია მარტომ შექმნას მთელი ის იდუმალება, რასაც წიგნი იტევს. მას მკითხველები ეხმარებიან, მაგრამ „უფროსების“ მწერალს ამ საქმეში არ ჰყავს ისეთი შესანიშნავი დამხმარეები, როგორც ჩვენ. მისი მკითხველები არ ახდენენ სასწაულებს. მხოლოდ ბავშვის ფანტაზიას ძალუძს ზღაპრული ციხე-დარბაზების აგება. ბავშვის ფანტაზია სჭირდება წიგნს, მაგრამ უფრო მეტად სჭირდება იმ წიგნს, რომელიც მას ცხოვრებაში და გაზრდაში ეხმარებაა.

წიგნს ვერაფრით შეცვლი. წიგნი ფრთებს ასხამს ფანტაზიას. თანამედროვე ბავშვები უყურებენ კინოფილმებს, ტელევიზორს, უსმენენ რადიოს, კითხულობენ ილუსტრირებულ ჟურნალებს - კი, ეს ყველაფერი შეიძლება საინტერესოა, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ფანტაზიასთან. წიგნთან პირისპირ დარჩენილი ბავშვი კი, თავისი უმანკო სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს.

ბავშვური ფანტაზია დაუშრეტელია, მის გარეშე კაცობრიობა გაღატაკდებოდა. ყველაფერი დიდებული, რაც კი ოდესმე სამყაროში აღსრულებულა, თავდაპირველად ადამიანის წარმოსახვაში დაბადებულა. ხვალინდელი სამყაროს ბედი ბევრადაა დამოკიდებული დღევანდელ პატარებზე, მათზე, ვინც სწორედ ახლა სწავლობს კითხვას. აი, ამისთვის სჭირდებათ ბავშვებს წიგნები.“

ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა წარმოთქმული ჰანს ქრისტიან ანდერსენის საერთაშორისო ოქროს მედლის გადაცემისას


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება