მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა
1. მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი,
კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი
ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.
3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული
ღირებულებების ჩამოყალიბებას.
4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის,
ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა
და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და
სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის
კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია
მოწესრიგებულად.
7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და
მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.
8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის
განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო
მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს
სკოლის რესურსებს.
10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს
პირადი მიზნებისათვის.
11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
ეთიკის კოდექსის დარღვევა
მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან
დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.