სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

სად წავიყვანოთ პირველკლასელები ექსკურსიებზე? - საჯარო სკოლის დირექტორების რჩევები
13-04-2023
-
+


სასკოლო ექსკურსიები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. გასვლით ღონისძიებებსა და ექსკურსიებზე ბავშვები სხვადასხვა სახის სოციალურ უნარებს იძენენ. აღნიშნულ აქტივობებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პირველკლასელებისთვის, რომლებიც პირველად ეცნობიან ექსკურსიის არსს. მათთვის ეს დღე შთაბეჭდილებებითა და ემოციებით უნდა იყოს  დატვირთული, თუმცა, საინტერესოა, კონკრეტულად რომელი ადგილების მონახულება იქნება მათთვის  დასამახსოვრებელი?

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი ექსკურსია პირველ რიგში, უნდა იყოს, შემეცნებითი და კარგი იქნება ღირსშესანიშნაობების მონახულება, ნაწილს კი მიაჩნია, ექსკურსია ბუნებაში უნდა დაიგეგმოს, სადაც ბავშვები თამაშს, გართობას შეძლებენ.

აღნიშნული საკითხით Etaloni.ge დაინტერესდა და საჯარო სკოლის დირექტორებს კითხა - სად ურჩევენ პედაგოგებს 1-ელი კლასის დასრულების შემდგომ მოსწავლეთა წაყვანას და თავად თუ ახსოვთ პირველი ექსკურსია?

დავით ხუროშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველაზე კარგი იქნება, თუ 1-ელი კლასის მოსწავლეებს პედაგოგები ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში წაიყვანენ. 1-ელ კლასში სწავლას იწყებენ დედაენით, ამიტომ უნდა იცოდნენ ვინაა მისი ავტორი და ვის ეკუთვნის ის. პირველ ექსკურსიაზე მეც ვარიანში ვიყავი, ეს დღე ჩემთვის გამორჩეული იყო.

თამარ ბურჭულაძე, მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგებს პირველკლასელთა წაყვანას ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ვურჩევდი. ასევე ახლომდებარე ტერიტორიაზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ჩოხატაურში. ძირითადად აღნიშნულ ადგილებს სტუმრობენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები.

ასევე, ჩემი რჩევით, თუ მასწავლებლები გადაწყვეტენ, ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმია აქვე, კარგი იქნება თუ პირველკლასელები მას მოინახულებენ. ძირითადად მათი მშობლები დასაქმებულები არიან, პედაგოგები კი პასუხისმგებლობას ვერ იღებენ მარტო რომ წაიყვანონ პირველკლასელები ექსკურსიაზე. არასდროს გვიფიქრია ამაზე, თუმცა ახლა მშობლებს ვკითხავ, სად ისურვებენ მოსწავლეთა ექსკურსიაზე წაყვანას, პედაგოგებსაც შევეკითხები...

ჩვენ, ძირითადად, სკოლაში ანბანთან გამოთხოვების ღონისძიებას ვატარებთ. მაჟამად სხვა სკოლაში ვართ და ფართო მასშტაბით ვერ ვატარებ, თუმცა ახალ (გარემონტებულ) სკოლაში, რომ გადავალთ უფრო მეტ ღონისძიებას განვახორციელებთ.

ლია კაპანაძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი რეგიონიდან გამომდინარე პედაგოგებს ვურჩევდი, მოსწავლეები ყვარელში წაიყვანონ, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ბუმბერაზი საზოგადო მოღვაწეა ჩვენი მხარის, ჩვენი რაიონის მკვიდრი და დიახ, 1-ელი კლასიდანვე უნდა იცოდნენ ბავშვებმა მის შესახებ... მეც, ასევე პირველ ექსკურსიაზე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ვიყავი. ჩვენი რაიონისთვის ასეთი საზოგადო მოღვაწე იმდენად ძვირფასია, ნამდვილად უნდა იცოდნენ ბავშვებმა.

ნანა ნაკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლის დირექტორი

ჩვენ, მაგალითად, ყოველთვის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ვსტუმრობთ. ტრადიციად გვაქვს და ბავშვები იქ დაგვყავს, ასევე ხშირად ვსტუმრობთ თეატრს.

ნესტან დევნოსაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მ.შ

მე პირადად, მე-8 კლასში ვიყავი ექსკურსიაზე კახეთში. პირველად და უკანასკნელად. 1-ელი ექსკურსია სამახსოვრო და გამორჩეულია. პირველკლასელისთვის ვფიქრობ, უფრო ბუნება იქნება დასამახსოვრებელი, უფრო გაერთობიან, ღირსშესანიშნაობებს კი ვერ დაიმახსოვრებენ. გასართობი ადგილები უფრო ამახსოვრდებათ. 

ზოგადად, ბუნებაში ექსკურსია საინტერესოა ბავშვებისთვის - პიკნიკი და მშობლებთან ერთად გართობა. თუმცა, ალბათ, ყველაზე სამახსოვრო იქნება ექსპერიმენტორიუმის მუზეუმში ვიზიტი, ეს ვფიქრობ მათ არასდროს დაავიწყდებათ.

ქეთევან მურცხვალაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ ვცხოვრობთ ლეჩხუმში და დამრიგებლებს ვურჩევდი, რომ პირველკლასელები მახლობელ სოფლებში წაიყვანონ. მაგალითად, ჩვენს მეზობელ სოფელში ლადო ასათიანის საცხოვრებელი ადგილია. კარგი იქნება, რომ გაეცნონ ბავშვები მის ბიოგრაფიას და პედაგოგებმა შემდგომ ექსკურსიაზე  წაიყვანონ, მის მუზეუმში. შემდგომ მოინახულონ ცაგერის რაიონის ღირსშესანიშნავი ადგილები. ბავშვებისთვის ბუნებაში გასვლაც დასამახსოვრებელია, რადგან ბავშვები ბევრ რამეს ეცნობიან და სხვანაირ ურთერთდამოკიდებულებას ავლენენ ერთმანეთის მიმართ... ბუნებაში გასვლის დროს უკეთ იცნობენ ერთმანეთს, მასწავლებელს - ეს ბევრი სიკეთის მომტანია.

ლელა ჩერქეზიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის პედაგოგებს ბავშვები მშობლებთან ერთად, უფრო სპექტაკლებზე, ახლომდებარე სკვერში, ლაშქრობაზე მიჰყავთ. დამოუკიდებლად ერიდებიან მათ სადმე წაყვანას... მასშტაბურ ექსკურსიებს 1-ელ კლასელებთან  არ ვაწყობთ. უფრო მაღალკლასელები დადიან ექსკურსიებზე. 

უფრო ხანმოკლე გასვლები გვაქვს. ნებისმიერი ადგილი დასამახსოვრებელია მოსწავლეთათვის. 6 წლის ბავშვისთვის, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, დიდ გზაზე წაყვანა რთულია. ჩვენთან ასეთი წესია - ძირითადად  ყველა გასვლითი ღონისძიება ეწყობა მშობლებთან ერთად.

ჩემს პირველი ექსკურსიას, რაც შეეხება - იყო მცხეთაში. ვნახე ჯვარი, სვეტიცხოველი და შიომღვიმის მონასტერი, რაც ძალიან კარგად მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება... ვიყავი მე-4 კლასში. ამ სიტყვის - ექსკურსიის მნიშვნელობა სწორედ ამ დღეს გავიგე.

ლეილა თეთრუაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგებს პირველკლასელების წაყვანას იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ვურჩევდი. დედაენა ვისი დაწერილია უნდა იცოდეს პირველი კლასის მოსწავლემ, ამიტომ მნიშვნელოვანია.

მეც, პირველ ექსკურსიაზე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, ვარიანში ვიყავი. მყავდა დიდებული მასწავლებელი, ის დღე ჩემთვის დაუვიწყარია.

ლეილა ბათურაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, პროგრამულ მასალასთან უნდა იყოს დაკავშირებული 1-ელი ექსკურსია. ბავშვის შემეცნებისთვის ასეთი აქტივობები - ექსკურსიები ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებაში გასვლა კარგია, რადგან ისწავლიან ბუნების დაცვას, გააცნობიერებენ, რა მნიშვნელობა აქვს  მას საზოგადოებისთვის და რა სარგებელი მოაქვს სამყაროსთვის... ჩემი პირველი ექსკურსია მახსენდება ძალიან სასიამოვნოთ. დიდი მწვანე მინდორი, ხის ძირში შეფენილი ბავშვები... მასწავლებლები საპატიო ადგილზე... ბევრი ღიმილი და გართობა იყო. მთელი გულით მინდოდა ყველა აქტივობაში მონაწილეობა მიმეღო. ყველა ბავშვობიდან მოვდივართ, ბავშვური ემოციები განსაკუთრებულად გვამახსოვრდება... ძალიან მწყდებოდა გული, როდესაც რომელიმე ექსკურსია ჩავარდებოდა და ვერ წავიდოდით, ეს აისახება ბავშვის ცხოვრებაზე.  ყველა სკოლა და კლასის დამრიგებელი უნდა იყოს მობილიზებული - მათ ექსკურსიები და ლაშქრობები პასუხისმგებლობით უნდა მოაწყონ.

ლეილა მაილაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

1-ელი კლასის დასრულების შემდეგ რაფიელ ერისთავის სახელობის სახლ-მუზეუმში ვურჩევდი პედაგოგებს მოსწავლეთა ექსკურსიაზე წაყვანას. რაფიელ ერისთავი სწორედ ამ სოფელში დაიბადა. შესაბამისად, ტრადიციულად, ჩვენი სკოლის პირველკლასელები მის სახლ-მუზეუმს სტუმრობენ.... ბავშვები ლექსებს სწავლობენ და გაკვეთილს იქ ვატარებთ ხოლმე.

რიზვან უსუფოვი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

პედაგოგებს ვურჩევდი, რომ პირველკლასელები ავლაბრის პარკში წაიყვანონ გასართობად. იქ შეძლებენ თამაშს და დროის ხალისიანად გატარებას. ასევე ბავშვების ზოოპარკში წაყვანას ვურჩევდი. ისინი ცხოველებს წიგნებში ეცნობიან, ახლოდან თუ ნახავენ უკეთ შეიცნობენ მათ. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება