სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„დირექტორი ახალ მასწავლებელს რამდენიმე გაკვეთილზე უნდა დაესწროს“-სკოლის ხელმძღვანელები ახალი კადრის შესახებ
12-10-2022
-
+


მასწავლებლისთვის ახალ სკოლასთან და გარემოსთან შეგუება საკმაოდ რთულია. კლასში და მოსწავლეებთან არსებული მდგომარეობის გარდა, თანამშრომლებთან ურთიერთობაც ხშირად დიდი გამოწვევა ხდება. ახალ მასწავლებელს სკოლასთან ადაპტაციაში პირველ რიგში დირექტორი უნდა დაეხმაროს, რომელიც სასკოლო საზოგადოების ხელმძღვანელია.

დირექტორია ის ადამიანი, რომელსაც ახალი მასწავლებელი შეიძლება დაეყრდნოს. etaloni.ge დაინტერესდა როგორ შეიძლება დირექტორი ახალ მასწავლებელს სკოლასთან ადაპტაციაში დაეხმაროს? - ამ კითხვით სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს მივმართეთ.

ირინა ხელისუფალი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალ მასწავლებელს, ისევე როგორც ოჯახის წევრს განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. ჩვენ, დირექტორმა და სასკოლო საზოგადოებამ მას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი თავი კარგად იგრძნოს. უნდა გავაცნოთ რა სიახლეები გვაქვს, რას ვთავაზობთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგიალური კულტურა, რომელიც ახალი კადრის შემოსვლისთანავე განსაკუთრებულად უნდა ავამოქმედოთ. მასწავლებელს საშუალება უნდა მივცეთ ახალი კოლექტივის წიაღში მოახდინოს ინტეგრაცია. ამისთვის კი ყველაზე კარგი საშუალება არაფორმალურ გარემოში შეხვედრებია, ვთქვათ ექსკურსია იქნება ეს თუ გასვლითი ღონისძიება. ასევე ძალიან კარგია საკუთარ გაკვეთილზე ახალი პედაგოგის დაპატიჟება, რათა მეთოდოლოგიებს გაეცნოს. მან უნდა დაინახოს, როგორ ცდილობს მის დახმარებას ყველა და როგორც ოჯახის წევრს, ისე იღებენ.

მაია ახალაია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალ მასწავლებელს პირველ რიგში ვეტყოდი, შევახსენებდი თუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ახალი კადრი ჩვენი, სასკოლო საზოგადოების ურთიერთობას თავიდანვე შეამჩნევდა და კოლეგები პოზიტიურად შევხვდებოდით. ადაპტაციისთვის ასევე, პირადად გავაცნობ მასწავლებლების მთელ ჯგუფს, ასევე მოსწავლეების შესახებ ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მივაწვდიდი. ავუხსნიდი სკოლის ყველა სიახლეს და ასე დავეხმარებოდი ახალ გარემოს შეჰგუებოდა. პირველად ჩემს სკოლაში 2008 წელს, ძალიან დიდი შემართებით მოვედი. ყველა, მთელი გუნდი დირექციის ხელმძღვანელობით პოზიტიურად შემხვდა, რაც პირადად მე ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა. 

ნათელა შენგელია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალ მასწავლებელს მე პირადად ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ გაკვეთილების, ბავშვებისა და სწავლის პროცესის მიმართ ადაპტაცია მარტივად შეძლოს. მოვამარაგებ ყველა საჭირო რესურსით, კვალიფიკაციის ამაღლება დასჭირდება თუ ტრენინგები მაქსიმალურად ხელს შევუწყობ. ასევე ძალიან კარგი საშუალებაა გამოცდილ მასწავლებელთან მისი მიმაგრება. მე პირადად, როდესაც კარიერას ვიწყებდი წლების წინ მაშინდელი სასწავლო ნაწილი, ძალიან კარგი პიროვნება დამიდგა მხარში. მუდამ გვერდით ვეჯექი და ყველაფერში მეხმარებოდა, საჭირო რჩევებს მაძლევდა.

ზურაბ გელაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

თუ მასწავლებელი სკოლაში პირველად შემოდის ადაპტაციისთვის ძალიან კარგი იქნება გამოცდილ მასწავლებელს დაესწროს გაკვეთილზე. გამოცდილი პედაგოგები ახალბედებს, ყოველთვის მხარში დაუდგებიან, ეს იქნება მეთოდური, საგაკვეთილო პროცესის წარმართვა თუ ასე შემდეგ. მე, როგორც დირექტორი გამოცდილ მასწავლებელს, თუ ის ახალ სკოლაში გადმოდის კოლეგებს წარვუდგენ და თანამშრომლობას ვუსურვებ. დირექტორი ორივე შემთხვევაში ახალ მასწავლებელს ყველაფერში გვერდით უნდა დაუდგეს და დაეხმაროს ადაპტაციაში.

ლიანა ქოჩიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს ახალი პედაგოგი მივიღე და ამის მაგალითზე ვიტყოდი, თუ როგორ უნდა მოიქცეს დირექტორი. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ძალიან კარგი, სასიამოვნო და კომფორტული გარემოა. ახალ მასწავლებელს გავაცანი კოლეგები და მოსწავლეები, რათა გარემოსთან შეგუება გაადვილებოდა. შემდეგ წავიყვანე კლასში, რათა პირადად მოსწავლეებისთვის წარმედგინა, თუ მშობელთა კრება დაემთხვევა ახალი მასწავლებლის შემოსვლას ძალიან კარგია, რადგან მათაც გავაცნობ და წარვუდგენ. როდესაც გაცნობითი პროცედურა მორჩება კარგია, მის რამოდენიმე გაკვეთილს დირექტორი დაესწროს და ნახოს როგორია მოსწავლეებთან ურთიერთობაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის გარემოთი ყველა კმაყოფილია. იშვიათად კარგი კოლექტივი მყავს, რომელთაც ერთმანეთში საუკეთესო ურთიერთობა აქვთ. ეს დამოკიდებულება კი ახალ მასწავლებელს ახალ სკოლასთან ადაპტაციაში ყველაზე კარგად ეხმარება.

ტრისტან გუგავა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი:

იმისთვის, რომ ახალმა მასწავლებელმა სკოლასთან მარტივად შეძლოს ადაპტაცია, ყველაზე მარტივი მისი გამოცდილ მასწავლებელთან მიმაგრებაა, რომელიც ყველაფერს აუხსნის მათ შორის, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან კომუნიკაციას. იმ შემთხვევაში თუ კი, პედაგოგი გამოცდილია და ახალ სკოლაში გადმოვიდა მასთან უფრო მარტივია იმ კუთხით, რომ გამოცდილია. წარვუდგენდი კოლეგებს და მათ ურთიერთობას ხელს შევუწყობდი. დაკვირვების შემდეგ კი უფრო გამოჩნდება რა საჭიროებების წინაშე დგას და რაში შეიძლება დავეხმარო. შესაბამისად აღმოვუჩენ რჩევასაც და დახმარებასაც. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი კარიერის დასაწყისი... სკოლაში პირველად 1971 წელს, ნასპერის სკოლაში მასწავლებლად შევედი, სადაც ძალიან კარგი კოლექტივი დამხვდა. მათგან უამრავი რამ ვისწავლე, რომელთაც დღემდე პრაქტიკაში ვიყენებ. 

პაატა გაბელია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ დირექტორი დემოკრატიულ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს. ხელმძღვანელმა ყველა - საკუთარი თავი და თანამშრომლებიც თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენოს. იგი არავის უნდა მოექცეს მიკერძოებულად და ამ პრინციპებზე დაყრდნობით შემდეგ ყველაფერი შეიძლება. ახალი პედაგოგი, როდესაც სკოლაში შემოდის ადაპტაციისთვის საუკეთესო გზა აზრების ურთიერთგაზიარებაა. ამ გზით ყალიბდება თანამშრომლობა. მე, როგორც დირექტორი ახალ მასწავლებელს სწორედ ამ აზრების გაზიარებაში, შეხვედრებისა და დიალოგის წარმართვაში დავეხმარებოდი. ვფიქრობ, როგორი გარემოც დახვდება ახალ პედაგოგს, სწორედ ამის შესაბამისად ჩამოყალიბდება ურთიერთობებიც სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება