სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან“- დირექტორების რჩევები დამწყებ პედაგოგებს 
01-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წელი მოახლოვდა. სკოლაში პირველი დღე არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია. წელს ბევრი ახალბედა მასწავლებელი სკოლაში გაკვეთილს პირველად ჩაატარებს. ამიერიდან, მათ მოსწავლეებთან პირისპირ დარჩენა, გაცნობა და მათ განათლებაზე ზრუნვა მოუწევთ. რასაკვირველია, პედაგოგები ამისთვის ემზადებიან და ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა ამ დღემ ძალიან კარგად ჩაიაროს. 

საინტერესოა, თუ რას ურჩევენ მათ სკოლების დირექტორები. სწორედ ამ ამ მიზნით მათ etaloni.ge დაუკავშირდა:

ნინო მამალაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის დირექტორი:

იმ მასწავლებლებს ვინც წელს იწყებენ მუშაობას ვურჩევდი, სახეზე ღიმილი არ მოიშორონ. ბავშვებთან სულ სხვანაირი მიდგომაა საჭირო, ისინიც პატარები უნდა გახდნენ. პედაგოგი მთლიანად მათ საჭიროებებსა და სურვილებს უნდა მოერგოს. თუ ასაკობრივად შედარებით უფროს მოსწავლეებს ასწავლის, მაშინ აქტივობები მათთან ერთად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს. უნდა უთხრას, რა შედეგზე გავლენ და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართოს. კარგი იქნება, თუ ახალბედა პედაგოგი მოსწავლეებს აზრს ხშირად ჰკითხავს და მათ ნათქვამს გაითვალისწინებს. როდესაც მასწავლებელი ახალ კლასში შედის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორი მოსწავლეები არიან, როგორია მათი განწყობა, ქცევა, აკადემიური დონე და მოტივაცია. კარგი იქნება, თუ ბავშვებთან ერთად რამდენიმეპუნქტიან ქცევის წესებს შეადგენს. ასევე, სიტყვა „არ“ არ უნდა გამოიყენოს. სასურველია, მისი შემცველი წინადადება შეცვალოს და სხვა სახე მისცეს.


ინეზა კუნჭულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

რადგან მსგავს პედაგოგებს ნაკლები გამოცდილება აქვთ, ჩემი აზრით, კომპეტენტურ პირებთან გასაუბრება წინასწარ უნდა გაიარონ. მათ რჩევები უნდა სთხოვონ. სკოლაში კეთილგანწყობილები უნდა მივიდნენ. ზოგჯერ, ახალბედა მასწავლებელს რაღაც პრობლემები ხვდებათ ხოლმე, რაც აუცილებლად მოთმინებით უნდა გადაიტანონ. მთავარია, რომ შემართებით იყვნენ. მეც ვიყავი ერთ დროს ახალბედა, კლასში 29 ბავშვთან მარტო აღმოვჩნდი, მათი დამრიგებელი ვიყავი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. ის ემოცია დღემდე მომყვება. ახლაც ვფიქრობ ხოლმე, როგორ გაიარა იმ 45-მა წუთმა, მადლობა უფალსა და ბავშვებს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

მიხეილ გელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალბედა მასწავლებლები კანონსა და სასწავლო გეგმას უნდა მიჰყვნენ. ყოველი ნაბიჯი ამის მიხედვით უნდა გადადგან. ისინი სკოლის შინაგანაწესისა და გეგმის ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ. მათი ვალია მოსწავლეებს განათლება მისცენ, საკითხი კარგად აუხსნან და მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრონ. პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლა უნდა შეაყვარონ.

ჯემალ კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ნებისმიერ დამწყებ პედაგოგს, რომელსაც მასწავლებლობა ნამდვილად სურს, წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ - მიეღწიოთ მენტორობამდე. ამით ისინი ბედნიერი იქნებიან. მასწავლებელს მოსწავლეებთან რაც შეიძლება მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, რადგან მოთხოვნებიც ასეთია. რამდენადაც ახლოსაა პედაგოგი მოსწავლეებთან, შედეგი იმდენად უკეთესია.

ციოყ წერედიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალბედა პედაგოგებს ვურჩევდი, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩართონ. მასწავლებელი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. შეიძლება მას სტატუსი ამაღლებული ჰქონდეს, მაგრამ შედგეს ვერ აღწევდეს. ჩემთვის მთავარია, რომ პედაგოგმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოსწავლეებთან შეძლოს. მასწავლებელმა კლასში ყველაფერი უნდა გამოიყენოს, რასაც ვსწავლობთ, ეს იქნება ფილოსოფოსთა სწავლებები თუ ზოგადად, უნარები. ეს ყველაფერი ბავშვამდე ისე ლაღად და ხალასად უნდა მივიდეს, რომ მოსაწყენი არ იყოს. აუცილებელია, ევროპული მიდგომების მიხედვით მოქმედება. პირადად მე საბჭოთა კავშირის პერიოდში გავიზარდე და სკოლებში ბევრი რამ არ მომწონდა. სწავლება ევროპული მეთოდებით უნდა წარიმართოს. შეიძლება იყოს რაღაცები, რაც მისაღები არ არის, მაგრამ ჩვენ სასურველი უნდა ავითვისოთ. ჩვენ სკოლას დახმარებას ქეით მაკლეინი უწევდა. როდესაც ბავშვები უმაღლეს სასწავლებელში აბარებდნენ, ის აფინანსებდა. გარდა ამისა, მან მოგვცა მიმართულება, მან მითხრა, რომ მინდა, თქვენი ფესვი და უძველესი ტრადიციები არ დაივიწყოთო. მისი პროგრამა ძალიან წაგვადგა ტოლერანტობის მიმართულებითაც. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითავისოს, რომ ტოლერანტი იყოს და მოსწავლეებს, ამ მხრივ, ხელი არ შეეშალოთ. ისინი ბავშვებს გვერდით უნდა დაუდგნენ. არც ის მინდა, რომ მასწავლებელი რაღაცას მოსაჩვენებლად აკეთებდეს, მას თავისი საქმიანობა გათავისებული უნდა ჰქონდეს.

დალი ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა-სკოლის დირექტორი:

პირველი და აუცილებელი კრიტერიუმია, რომ მოსწავლეები უყვარდეთ. ყველა მათი ნაბიჯი მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს. პედაგოგი მხოლოდ თავის ინტერესებს არ უნდა ითვალისწინებდეს.ის მოსწავლეებს მთელი თავისი სულითა და გულით უნდა ასწავლიდეს. სასწავლო პროცესში მთელი ცოდნა უნდა ჩადოს. სწავლა სწავლისთვის კი არა, შედეგისთვის უნდა იყოს. ვფიქრობ, როდესაც ადამიანი გიყვარს, მას სხვანაირად და უფრო კარგად ასწავლი.

ავთანდილ გელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

დამწყებმა პედაგოგმა თითოეული ბავშვის ფსიქოლოგია უნდა შეისწავლოს და მათთან ინდივიდუალური მიდგომები ჰქონდეს. ასევე, აუცილებელია, რომ რჩევები გამოცდილი მასწავლებლებისგან მიიღონ. ყველა ახალბედა მასწავლებელს წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ.

ბულბული მგელაძე, იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის დირექტორი:

მთავარია, კარგი ურთიერთობები, ბავშვების დიდი სიყვარული, პატივისცემა და თავმდაბლობა. მათ მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხებთან მიდგომა, სამშობლოს სიყვარული, უფროსების პატივისცემა და მშობლიური ენის სიყვარული უნდა ასწავლონ. დანარჩენს კი თვითონაც გაუმკლავდებიან. ახალი თაობა ძალიან კარგად მომზადებულია და მჯერა, რომ თავს კარგად გაართმევენ. 

მერი ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, რომ სკოლებში მომზადებული მასწავლებლები დაიწყებენ მუშაობას. ჩემი რჩევა კი იქნება, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. ბავშვებთან თბილები, გულახდილები უნდა იყვნენ. ამავდროულად, დაანახონ, რომ ისინი მათი მაკონტროლებლები კი არა, დამხმარეები და მეგობრები არიან. პედაგოგებმა მოსწავლეებს ის უნდა შეასწავლო, რაც მათ ასაკის გამო ჯერ არ იციან. მასწავლებელი მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე უნდა იყოს.


მინდია მახარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის დირექტორი:


ვფიქრობ, დამწყებ პედაგოგებს კარგი განათლება აქვთ. ვურჩევდი, რომ მოსწავლეებთან კომუნიკაბელურები და მიმნდობნი იყვნენ. მე მათ დიდ წარმატებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებ.

ლავრო კოსტავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, უპირველესია პროფესიონალიზმი და თუ ადამიანს შესაბამისი განათლება მიღებული აქვს, სკოლაში მხოლოდ ტაქტი და მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება დასჭირდება. მასწავლებელი, რომელიც თავის საგანს კარგად ფლობს, ყოველთვის წარმატებულია. მისი გაკვეთილები საინტერესოა და ავტორიტეტსაც მალე მოიპოვებს. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება