სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„შეიძლება თუნდაც პატარა ჟესტი უდიდეს პატივისცემას გამოხატავდეს“- სკოლების დირექტორები მოსწავლის მხრიდან პატივისცემაზე 
29-07-2022
-
+


სასწავლო პროცესში მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან ურთიერთპატივისცემა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ხშირად ეს ფაქტორი სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზეც აისახება. პატივისცემას ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ჩვენ დავინტერესდით საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორების აზრით და ვკითხეთ - როგორ გამოხატავენ ან მათი აზრით როგორ უნდა გამოხატონ მოსწავლეებმა მასწავლებლებისადმი პატივისცემა. 

ნონა მენაბდიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისიციხის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლის მხრიდან მასწავლებლის პატივისცემა იმაშიც გამოიხატება, რომ ბავშვს შეიძლება კონკრეტული საგანი არ მოსწონდეს, მაგრამ მასწავლებლის ხათრით ყურადღებით უსმენდეს და სწავლობდეს. ეს მისთვისაც სასარგებლოა, რადგან ასე მეტ ცოდნას აგროვებენ. პატივისცემა იმაში გამოიხატება, რომ პედაგოგი პიროვნულად უყვარდეთ. ეს პატივისცემა, რასაკვირველია, ორმხრივი უნდა იყოს. მოსწავლეები ამას მოსმენის კულტურითაც გამოხატავენ, სამაგიეროდ კი მათ აზრები მასწავლებლებმაც გულისყურით უნდა მოსმინონ და რიგ შემთხვევაში გაითვალისწინონ. პირადად მე ვიზიარებ მოსაზრებას: შენ ყოველთვის რაღაც მეტი იცი ჩემზე და მე მზად ვარ ვისწავლო შენგან.

ირინა ხელისუფალი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მოსწავლე მასწავლებელში კომპეტენციას აფასებს. პედაგოგი თავის საგანში ძალიან კარგად გათვითცნობიერებული უნდა იყოს. მოსწავლე ძალიან ფაქიზი ინდიკატორია, რომელიც ამ კომპეტენციის ქონა-არქონას კარგად აფასებს. მეორე კომპონენტია, რომ მასწავლებელი მოსწავლისთვის არა მენტორი, არამედ კარგი მეგობარი უნდა იყოს. მათი ურთიერთობა თანამშრომლობითი უნდა იყოს, რადგან მოსწავლეს ცოდნის მიღება მხოლოდ მსგავს მშვიდ და მეგობრულ გარემოში შეუძლია. მოსწავლეებს უყვართ პედაგოგი, რომელთაც მათი მოსმენა და პრობლემების გათავისება შეუძლიათ. მესამე ის არის, რომ მოსწავლეები მასწავლებლებში მოწესრიგებულობასა და ვიზუალს აფასებენ. ვგულისხმობ დრესკოდს, საკუთარ თავზე მუშაობასა და სწორხაზოვნებას. ეს სამი კომპონენტი - საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, მოსწავლის მიმართ ემპათია და კომპეტენცია, ძალიან კარგი წინაპირობაა იმისა, რომ კონკრეტული მასწავლებლის გაკვეთილი დასამახსოვრებელი და საინტერესო იქნება.

ვენერა ოდილავაძე, სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, მასწავლებლებისადმი მოსწავლეების პატივისცემა თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ რასაც გასცემენ, იმას უკან უბრუნებდნენ. ეს საგნის სიყვარულშიც ჩანს. ურთიერთდამოკიდებულება ყველაზე კარგად კლასგარეშე სიტუაციაშია შესამჩნევი. თუ მოსწავლეები სადმე რაიმე ღონისძიებას ატარებენ და იქ პედაგოგებსაც მიიწვევენ, ეს დიდ პატივისცემას ნიშნავს. ზოგადად, ეს დამოკიდებულება სხვადასხვა ასპექტში გამოიხატება. შეიძლება თუნდაც პატარა ჟესტი უდიდეს პატივისცემას გამოხატავდეს. ჩემს სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ. თუ მოსწავლეს პრობლემა აქვს და მასწავლებელს მიმართავს, ესე იგი მას ენდობა და მისი იმედი აქვს.

ტანია სვიანაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლისადმი პატივისცემა ნამდვილად გამოიხატება იმაში, თუ მოსწავლე როგორ იქცევა. შეიძლება ის უხეში იყოს, როდესაც პედაგოგს პატივს არ სცემს. მიმართვის ფორმები, გაკვეთილზე მოქცევა - ეს ყველაფერი დამოკიდებულებზე მეტყველებს. გარდა ამისა, როდესაც მოსწავლეებს მასწავლებელი უყვართ, ყოველთვის ცდილობენ, რომ მის საგანში მეტი გააკეთონ. აუცილებელია, რომ ამას ბავშვები პედაგოგებისგანაც გრძნობდნენ. ამ მხრივ, სკოლაში კარგი მდგომარეობა გვაქვს.

დარიკო თირქია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ნებისმიერი ურთიერთობა ურთიერთნდობაზე, პატივისცემასა და თანამშრომლობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. როდესაც სამივე კომპონენტი ერთიანდება, მაშინ პატივისცემა ორმხრივია. ჩემს სკოლაში ამ მხრივ ძალიან კარგი ვითარებაა. არც მახსენდება, რომ რომელიმე პედაგოგსა და მოსწავლეს შორის რაიმე კონფლიქტი ყოფილიყო. ჩვენ ეფექტური სასწავლო გარემო გვაქვს შექმნილი, რაშიც ყველა კომპონენტი მოიაზრება.

სიმონ გიგაური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, როდესაც მოსწავლეს სკოლის გარეთ - არაფორმალურ გარემოში ხვდები, დამოკიდებულებები ყველაზე კარგად ჩანს. ეს თუნდაც მოკითხვასა და საუბრებში გამოიხატება. სკოლაში ყველაფერს მაინც ოფიციალური სახე აქვს და გარეთ უკეთ ჩანს რეალური დამოკიდებულებები. თუნდაც ის, რომ ქუჩაში თვალს არ აგარიდებენ და შენთან მოვლენ. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ შორიდან დავუნახივარ და მოვუკითხივარ. პატივისცემა, რა თქმა უნდა, სკოლაშიც ჩანს. ეს პირველ რიგში დისციპლინითა და გაკვეთილის მიმდინარეობაში გამოიხატება. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც პედაგოგები რაღაცას ვაკეთებდით და მოსწავლეები თავიანთი ინიციატივით შემოგვიერთდნენ.

ვასილ ქენქაძე, ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პატივისცემა მეგობრობა და მომავლისთვის ურთიერთთანამშრომლობაა. ასევე, განცდა იმისა, რომ ეს არის საერთო საქმე და ორივე მხარემ სრულფასოვანი პარტნიორობა უნდა გასწიოს. პატივისცემაა, როდესაც ორივე მხარე თავის მოვალეობას ნათლად აცნობიერებს. ჩვენ სკოლაში ვცდილობთ, რომ მსგავსი დამოკიდებულებები იყოს და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ.

ლილი სვიაკაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი:

როდესაც მოსწავლე მასწავლებელს პატივს სცემს და აფასებს, მისი საგანი აუცილებლად უყვარს. ეს, რა თქმა უნდა, ცალმხრივი გრძნობა არ უნდა იყოს. მსგავსი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში ორივე მხარე თანაბრად უნდა მონაწილეობდეს. მოსწავლე პატივსაცემი მასწავლებლისგან მაგალითს ბევრ საკითხში იღებს და მის აზრს ითვალისწინებს.

თამაზ ცუცქირიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის დირექტორი:

პატივისცემა მოსწავლეთა ქცევებსა და მიმართვებში გამოიხატება. ეს არამარტო სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მათი საგნისადმი დამოკიდებულებაც სხვანაირია, მეტად აქცევენ ყურადღებას. ეს მასწავლებელზეცაა დამოკიდებული, რომ მეტად შეაყვაროს თავისი საგანი. პედაგოგები მოსწავლეების თვალში კარგად გამოიყურებიან, როდესაც მათ მეგობრად აღიქვამენ. კარგია, როდესაც მასწავლებლების მხრიდან ზემოდან ყურება ან რაიმე მსგავსი არ იგრძნობა. მოსწავლე მათში სანდო ადამიანს უნდა ხედავდეს, სწორედ ესაა პატივისცემის საწყისი ეტაპი. მნიშვნელოვანია პედაგოგის კომპეტენციაც, მას შესაბამისი ცოდნა უნდა ჰქონდეს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
კონფერენციაზე პრეზენტაციები ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების შემდეგმა მასწავლებლებმა წარადგინეს:
აქტივობამ უდიდესი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება