სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

გაიცანით სკოლის დირექტორი, რომელიც პედაგოგებს ლექსებს უწერს
15-06-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის, პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ბიბილაშვილი სკოლაში 16 წელია მუშაობს. აქედან, 15 წელია სკოლის დირექტორია. ამბობს, რომ ეს თანამდებობა დამატებით პასუხისმგებლობასა და გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მის ცხოვრებაში კი პოეზიას განსაკუთრებული ადგილი უკავია. თავისი დამოკიდებულება ამ სიტყვებიდანაც ნათლად ჩანს: „ვერ შემაშინებს ავდრები, ლექსია ჩემი ჯავშანი“. მიხეილ ბიბილაშვილი ლექსებს თავისი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს უძღვნის. ამბობს, რომ მთავარია, მათ გულით წერდე და რთული ნამდვილად არ არის. კითხვაზე მოსწონთ თუ არა მისი შემოქმედება პედაგოგებს, ხუმრობს, რომ ვალდებულები არიან მოსწონდეთ. 

დირექტორი მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. ამიტომაც მიიჩნევს, რომ „ეტალონი“ და არაფორმალური განათლების ხელშემწყობი ინტელექტუალური კონკურსები სკოლებში, ფაქტობრივად, სავალდებულო უნდა იყოს, რათა მოსწავლეები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

- ბატონო მიხეილ, რას გამოხატავთ თქვენი ლექსებით პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ?

- მასწავლებლებისადმი
ჩემი ლექსებით მადლიერებას გამოვხატავ იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. მე როდესაც მათ ვესაუბრები, ვეუბნები, თქვენ მოვალეობას კი არ ასრულებთ, ეს თქვენი დანიშნულებაა. მას კი ღმერთის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პირნათლად უნდა ასრულებდნენ. ვფიქრობ, ეს პროფესია ადამიანის არჩევანი კი არა, დანიშნულებაა. რაც შეეხება იმას მოსწონთ თუ არა ჩემი ლექსები, ვხუმრობ, რომ ვალდებულები არიან, რომ მოეწონოთ. რაღაც შტრიხი უნდა დაიჭირო და თუ გულით აკეთებ, ლექსების წერა რთული არაა. აუცილებელია, რომ გულით აკეთებდე.

- თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს პოეზიას?

„მკითხავ, რისთვის ვწერ, ჩემთვის ვწერ,
თუ წაიკითხავ, შენთვის ვწერ,
თუ წაიკითხავს, მისთვის ვწერ,
ისე კი, მხოლოდ ჩემთვის ვწერ“.

ჩემთვის ლექსი მფარველია. ისეთი გრძნობაა, თითქოს რაღაც შენც შეგიძლია, საკუთარ ვალს იხდი. სხვადასხვა თემატიკის ლექსებს ვწერ. მიმიძღვნია ღმერთისთვის, საქართველოსთვის, ბავშვებისთვის, ოჯახისთვის, მასწავლებლებისთვის და ა.შ. ჩემს ემოციებსა და გრძნობებს ლექსებით გამოვხატავ. თუ პოეზიაში წრფელი გრძნობები არაა, მას თავისი ძარღვი არ ექნება. ბავშვობიდან ვწერ, პირველი-მესამე კლასიდან დავიწყე. ჩემი ოჯახის წევრებიც წერენ.

- რა დამატებითი გამოწვევებისა და პასუხისმგებლობების წინაშე დგას სკოლის დირექტორი?

- დირექტორზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. პირველ რიგში, სახელმწიფო გენდობა. მე აღმსარებელი ადამიანი ვარ, ვფიქრობ, რომ უშეცდომო არ ვარ, მაგრამ ვცდილობ თავი ყველაფერს კარგად გავართვა. ჩვენ, მასწავლებლებმა ღირსეული ახალი თაობა უნდა აღვზარდოთ. როდესაც ახალ კადრს ვარჩევ, პირველ რიგში, იმას ვითვალისწინებ, თუ როგორი ადამიანია. არ მინდა ბავშვები მხოლოდ ათოსნები იყვნენ და ნამდვილ ადამიანებად არ გაიზარდონ, რადგან მთავარი ადამიანობაა. მე მირჩევნია ისინი ღირსეული მოქალაქეები იყვნენ, პასუხისმგებლობა ჰქონდეთ მშობლების, სკოლის, ქვეყნის წინაშე. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვინც განათლებულები არიან და თავიანთი ცოდნით, პირიქით, სახელმწიფოს ვნებენ.

- სკოლაში მუშაობის ამდენწლიანი გამოცდილების ფონზე, რა გაძლევთ მოტივაციას, რომ სამსახურეობრივი ცხოვრება რუტინულად არ წარიმართოს?

- ცხოვრება რომ რუტინად გადაიქცეს, ამის საშუალებას თავად მოსწავლეები არ მოგცემენ. მათგან იმდენი ინიციატივა მოდის, მოდუნების შესაძლებლობა არ გვაქვს. მოსწავლეებში ჩვენ დიდ ენერგიას ვდებთ და მათგან უკუკავშირსაც ვგრძნობთ. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ სამუშაო ერთფეროვანი არ გახდეს. მყავს შემოქმედი მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. ადრე, წლების წინ, ერთ კურსდამთავრებულს ვკითხე რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად სკოლიდან. მითხრა, სკოლა რომ დავამთავრე და აღვნიშნეთ ეს მახსოვსო. მე კი მინდა, რომ ისეთი რაღაცები ახსოვდეთ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ და კარგი მოგონებები დააგროვონ.

- წლების განმავლობაში მოსწავლეებმა თქვენგან ბევრი რამ ისწავლეს, რა არის ისეთი, რაც თქვენ ისწავლეთ მათგან?

- პირველკლასელებისგანაც შეიძლება ვისწავლო ისეთი რამ, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა, რომ მათ სცოდნოდათ. ახლანდელ ბავშვებსა და ჩემს თაობას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მისწრაფებები და აღქმა გვაქვს. ვცდილობთ, რომ ტრადიციები არ დავავიწყოთ და ფეხი თანამედროვე ცხოვრებასაც აქტიურად ავუწყოთ. გვინდა მომავალსა და აწმყოს მოვერგოთ და ამავდროულად, ბავშვები წარსულს არ დავაშოროთ. არსებობს ცოტა სირთულეებიც, მაგრამ ეს ყველაფერი დაძლევადია.

- თქვენი სკოლისთვის როგორი იყო 2021-2022 სასწავლო წელი?

- დაახლოებით, ნახევარი სასწავლო წელი ჰიბრიდულ რეჟიმში ვსწავლობდით. ჩემი აზრით, ონლაინ სწავლება ისეთ შედეგს ვერასოდეს გამოიტანს, როგორსაც დასწრებითი ფორმატი. ამის მიზეზი ისაა, რომ მოსწავლეებს იმის სიმტკიცე არ აღმოაჩნდებათ ხოლმე, რომ ყველა გაკვეთილს დაესწრონ. მათ, რაღაც მხრივ, კონტროლი და ზედამხედველობა სჭირდებათ. წესრიგი და რეჟიმი სხვადასხვა რამაა. ჩვენ სკოლაში წესრიგი გვაქვს, რეჟიმი არავითარ შემთხვევაში. მათ კარგი მაგალითის მიმცემი ადამიანები სჭირდებათ. რაღაც-რაღაც პრობლემები ყველა სკოლაში არიას, ჩვენც ვცდილობთ მათ აღმოფხვრას. საერთო ჯამში, ამ სასწავლო წელმა ნაყოფიერად და ნორმალურად ჩაიარა. 4 ოქროს მედლის, ხოლო 2 ვერცხლის მედლის კანდიდატი გვყავს. ვფიქრობ, მათი სახით, სამშობლოს კარგი ადამიანები და თანამებრძოლები ეზრდება.

- სკოლებში დიაგნოსტიკური ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, რომელიც გადაიდო. როგორ აფასებთ ტესტირების ამ ფორმას, თქვენი აზრით, რამდენად საჭირო იყო?

- აღვნიშნე, რომ მოსწავლე, პირველ რიგში, კანონმორჩილი უნდა იყოს. შესაბამისად, თუ კანონი მოითხოვდა, მათ ეს ტესტირება უნდა გაევლოთ. შეიძლება გულში რაღაც პროტესტი გქონდეს, თუმცა ჩვენ მეამბოხეები არ ვართ. ზოგადად, მასწავლებელი არ შეიძლება, რომ მეამბოხე იყოს. ის კანონმორჩილი უნდა იყოს. არ იქნებოდა ცუდი თუ სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩატარდებოდა. თუ მოსწავლეები შედეგზე ვერ გავიდოდნენ, ის მაინც გვეცოდინებოდა, რა გამოგვესწორებინა, რომელ მხარეს გვევლო და გამოცდილება მიგვეღო.

- პედაგოგების დასაქმების წესთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ. ვგულისხმობ იმ გადაწყვეტილებას, რომ გასაუბრებას პროფკავშირის, სამინისტროს, რესურსცენტრისა და მასწავლებლის სახლის წარმოამდგენელი უნდა დაესწროს. როგორ ფიქრობთ, ეს სკოლის ავტონომიურობაზე რამდენად აისახება?

- სკოლა დამოუკიდებელია, მაგრამ ისევ ბავშვის მაგალითზე რომ ვთქვა, თუ მოსწავლემ ყველაფერი იცის, აღარც მასწავლებელი დასჭირდებოდა, აღარც სკოლა. ჩემი აზრით, სკოლას თავისი მეთვალყურე ყოველთვის სჭირდება. მონიტორინგი უნდა იყოს რამდენად კანონმორჩილია სკოლა და ნორმებს რამდენად ასრულებს. თუ გეუბნებიან, რომ ეს არ დააშავო და არ ვაშავებ, გასაგებია, მაგრამ თან საქმესაც რომ არ ვაკეთებ, ესეც ხომ დანაშაულია. ვფიქრობ, რომ გასაუბრება თუ მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება და პედაგოგი ამ ფსიქოლოგიურ წნეხს წარმატებით გადალახავს, უფრო ძლიერი იქნება.

- პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ჭადრაკი სავალდებულო საგანი ხდება. ამ ეტაპზე, თქვენს სკოლას რამდენად აქვს რესურსი, რომ ეს სიახლე დაინერგოს?

- სკოლაში გვყავს მასწავლებელი, რომელიც პირველკლასელებს ჭადრაკს ასწავლის. ვფიქრობ, რომ ესეც ექსპერიმენტის სახით იქნება, თუ გაამართლებს, დაინერგება. ადრე, წლების წინ, იყო ასეთი ინიციატივა, რომ მეოთხე კლასში საგანი ცეკვა უნდა ყოფილიყო. ახლაც ასე იქნება, შეხედავენ როგორ წარიმართება მდგომარეობა და რამდენად გაამართლებს ეს ინიციატივა. ისე კი პირველკლასელები ცოტა პატარებად მიმაჩნიან, თუმცა ვუნდერკინდებიც ხომ არსებობენ. დრო გვიჩვენებს, ამ მხრივ, რა იქნება.

- ექსტერნატის გამოცდები გადაიდო, მის ნაცვლად შემაჯამებელი კომპლექსური ტარდება. რას ფიქრობთ ზოგადად ექსტერნატის გამოცდებზე, რამდენად აუცილებელია მისი ჩაბარება?

- კანონიდან გამომდინარე, თუ მოსწავლემ 30% გააცდინა, ექსტერნატის ჩაბარება ევალება. ახლა მის ნაცვლად შემაჯამებელი კომპლექსური დავალება ჩატარდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მე-12 კლასში სკოლის დამამთავრებელი გამოცდები რომ არ ტარდება, ესეც შეცდომად მიმაჩნია. ასე მშრალად და მზამზარეულად სკოლის დამთავრება სწორად არ მიმაჩნია.

- მასწავლებლების გამოცდასთან დაკავშირებით როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- ეს გამოცდები კომპეტენტურმა პირებმა შეიმუშავეს და ვფიქრობ, საჭიროა. თუ რამე გამართული და დახვეწილი არ იქნება, ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში მოგვარდება. გამოცდები აუცილებელია. მე ყველა ადამიანს, ვინც გამოცდაზე გადის ვურჩევ, რომ ღვთისა და საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ. ასე ყველაფერი კარგად იქნება.

- არდადეგები მოდის, რას ურჩევდით მოსწავლეებს, როგორ გამოიყენონ ეს პერიოდი?

- ბავშვებს წიგნებთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა ჰქონდეთ. მათში წიგნიერების დონე მაღალი უნდა იყოს. მოსწავლე მხოლოდ 4 საგანში არ უნდა ემზადებოდეს, მათ ყველა სფეროში უნდა ჰქონდეთ ცოდნა. უნდა შეეძლოთ სხვადასხვა საკითხზე საუბარი. ვეუბნები ხოლმე ფიზიკაში, მათემატიკაში დღეში თითო ფორმულა რომ ისწავლონ, გარკვეული დროის შემდეგ, კარგი შედეგი ექნებათ. ასე ყველგან და ყველა თემაზე თავისუფლად ისაუბრებენ. თუ უნდათ, რომ განათლებული ადამიანი ერქვათ, სხვადახვა სფეროში ცოდნა უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ, რომ ბიბლიოთეკასთან ახლო კონტაქტი ჰქონდეთ, წიგნებს არ მოშორდნენ და ცოდნა გაიღრმაონ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება