სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ არის შანსი, რომ ვაჩვენოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“- ზესტაფონის, ქარელის, გურჯაანის და ასპინძის ეტალონი მოსწავლეები გამოვლინდნენ
11-05-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“, „ქარელის ეტალონი მოსწავლე“, „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“ და „ასპინძის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-ს რესურსცენტრის ხელმძღვანელები, „ეტალონი მოსწავლეები“, მე-2 და მე-3 ადგილზე გასული მოსწავლეები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესაუბრნენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პირველი, მეორე და მესამე ადგილები ზესტაფონის მომავლის ბიზნეს სკოლის მოსწავლეებმა დავით გაბრიჭიძემ, გიორგი ქველიაშვილმა და მარიამ კაპანაძემ დაიკავეს.

კახაბერ კუპატაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

იმ დღიდან, როდესაც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დაიბადა, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი პროექტია. ბავშვებს საუკეთესოდ, სიღრმისეულად შეუძლიათ, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ, რაც ძალიან მისასალმებელია. ამ პროექტის კიდევ უფრო მაღალ ფორმატში წარმოჩენასაც ვემხრობი და მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან და ვამაყობ ისეთი პროექტებით, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. მადლობა ამ პროექტისთვის.

დავით გაბრიჭიძე , „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“ - ზესტაფონის მომავლის ბიზნეს სკოლა:

ტესტირებისთვის ჩემი პედაგოგები მამზადებდნენ, დიდი სურვილი მქონდა, რომ ათეულში მაინც მოვხვედრილიყავი, პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, ეს სურვილი უკვე მიზნად მექცა, თუმცა არ ველოდი, რომ პირველ ადგილს დავიკავებდი. ჩემთვის „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, რომ ეს ტიტული ღირსეულად ვატარო. ტესტირების პროცესში ცოტას ვღელავდი და ზოგიერთი ტესტი მერთულა, სხვა მხრივ, არანაირი შეფერხება არ ყოფილა. ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა უნდა მიიღონ, რადგან ძალიან კარგი პროექტია და საკუთარი თავის გამოცდის შანსი ექნებათ.

ნინო გაბრიჭიძე, ზესტაფონის მომავლის ბიზნეს სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებით ძალიან მოხარული ვართ. პირველ რიგში, მადლობას მის ორგანიზატორ, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ვუხდი. ჩვენს სკოლას დიდი ისტორია არ აქვს, 5 წელია, რაც ვფუნქციონირებთ. „ეტალონში“ პირველივე წლიდან ათეულში ვხვდებოდით, ახლა კი დაგვირგვინდა. მეორე ეტაპში სულ 5 მოსწავლე მონაწილეობდა, აქედან 4 ათეულში მოხვდა, დანარჩენებმა კი პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს. დავით გაბრიჭიძე გახდა „ეტალონი მოსწავლე“. ის დეკემბერში ჩატარებულ კონკურსშიც მონაწილეობდა, მაშინ მე-4 ადგილზე გავიდა, ძალიან ინერვიულა და სიტყვა მომცა, რომ თავის სათქმელს იტყოდა. ძალიან კარგი მოსწავლე, მოწესრგებული, ბეჯითი და განვითარებაზე ორიენტირებული. ასევე, გიორგი ქველიაშვილი და მარიამ კაპანაძე საუკეთესო მოსწავლეები არიან. ვიცი, რომ წელს ფინალურ ეტაპზე დავითი თავის სათქმელს იტყვის. ჩვენი სკოლისთვის ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ახალი სკოლა ვართ და სკეპტიკური თვალით გვიყურებდა ბევრი, რადგან ყველაფერს ჩვენი შრომით მივაღწიეთ. ამისთვის კი მასწავლებლებს უდიდეს მადლობას ვუხდი. ისინი ბავშვების მომზადებისთვის ძალასა და ენერგიას არ იშურებენ. ეს წარმატება დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც მოტივაციაა.

მაია გუმბერიძე, ზესტაფონის მომავლის ბიზნეს სკოლის პედაგოგი:

ჩვენ ახალი დაარსებული სკოლა ვართ, სულ მე-5 წელია, რაც ვმოღვაწეობთ. „ეტალონში“ ბავშვები როდესაც პირველად გავიყვანე, იმის სურვილი ჰქონდათ, რომ უბრალოდ ათეულში მოხვედრილიყვნენ. ჩვენ შარშანაც გვყავდა მოსწავლე, რომელიც ათეულში მოხვდა, ეს დანარჩენი მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი სიხარული და სტიმული იყო. წელს კი ჩვენი მოსწავლე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დავითს კარგი ნამუშევარი ჰქონდა, მაინც ფიქრობდა, რომ შეიძლება პირველი ადგილი ვერ დაეკავებინა. მოპოვებულმა წარმატებამ კი ძალიან გაახარა ისიც და ჩვენც - პირველი, მეორე და მესამე ადგილები ხომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია, ტესტები ჩამჭრელი არ არის და ყველანაირად მოსწავლის განვითარებაზეა ორიენტირებული. მადლობას ვუხდი პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშეალაშვილს. ჩვენ რომ „ეტალონი მოსწავლე“ გვყავს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდებით, რომ ფინალში ღირსეულად წარვსდგეთ - ვასახელოთ როგორც მუნიციპალიტეტი და ქვეყანა, ასევე ჩვენი სკოლა.

გიორგი კობახიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:  

ინტელექტ-ჩემპიონატი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ვულოცავ რუისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ილია ბალიაშვილს ამ გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზეც დიდ წარმატებას ვუსურვებ. ასეთ ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისთვის ძალიან კარგია, მათ ახალისებს. რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, როგორც აქამდე, ამის შემდეგაც ყველანაირად მხარს დავუჭერთ ამ პროექტს.

ილია ბალიაშვილი, „ქარელის ეტალონი მოსწავლე“ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ მიღწეული წარმატებით, რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. ჩემთვის ტესტები საშუალო სირთულის იყო, დავძლიე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. გამარჯვებას ველოდი, რადგან ვემზადებოდი და დაინტერესებული ვიყავი. როდესაც თქვეს, „ეტალონი“ უნდა ჩატარდესო, სკოლის მასალასაც უფრო დიდი გულისყურით მოვეკიდეთ. ეს გამარჯვება შემდეგი წარმატებებისთვის სტიმულია. მომავალ წელს უკვე ეროვნულ გამოცდებზე გასვლას მიწევს და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება იქაც დამეხმარება.

ტანია სვიანაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ილია ბალიაშვილი აქტიური ბავშვია, ყველა საგანს ძალიან წარმატებით სწავლობს, კომუნიკაბელურია. მას ამ გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. მოსწავლემ მართლაც ძალიან კარგი შედეგი დადო, მით უმეტეს, რომ პანდემიის პირობებში ვართ. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით ბავშვები ძალიან დაინტერესებულები არიან, სხვა მოსწავლეებმაც კარგი შედეგი აჩვენეს. გაიგეს თუ არა, რომ „ეტალონი“ იწყებოდა, მეცადინეობა დაიწყეს და შედეგს მიაღწიეს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ეტალონი მოსწავლე“ შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბაინოვი გახდა. მეორე და მესამე ადგილები კი გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიკა ჯოხაძემ და ანანო მინდორაშვილმა დაიკავეს.

დალი მინდიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

„ეტალონი" ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტია. ის საზოგადოებაში ავტორიტეტითა და მოწონებით სარგებლობს. რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ამდენი ხანია მიმდინარეობს და მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. ეს პროექტი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავიანთი ძალები გამოსცადონ, შეამოწმონ სად არიან, რა ცოდნა აქვთ, რა მიმართულებით სჭირდებათ განვითარება. მოსწავლეები გრძნობენ, თუ როგორია შრომით მიღწეული წარმატება. ჩემპიონატში ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უმრავლესობაა ჩართული. იმედია მაქვს, რომ ეს პროექტი გაგრძელდება, რადგან საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან საინტერესო და საჭიროა. მასში მიღწეული წარმატება მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გიორგი ბაინოვი, „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ გამარჯვებას არ ველოდი. ტესტირებისთვისაც არ მოვმზადებულვარ და ეს გამარჯვება მოულოდნელი იყო. ჩემთვის ეს წარმატება სტიმულის მომცემია - სწავლის მეტი მოტივაცია გეძლევა და გინდა, რომ უფრო მეტი აითვისო. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა წელს პირველად მივიღე და გავიმარჯვე. ჩემთვის ეს წარმატება უმნიშვნელოვანესია.

თამარ თვალიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, ეს არის მოსწავლეებზე მორგებული და განათლებაზე ორიენტირებული პროექტი. ის ყოველთვის ორგანიზებულად მიმდინარეობს და ბავშვები დიდი ინტერესით ერთვებიან. ამით ისინი უფრო მობილიზებული ხდებიან, ცოდნას იღრმავებენ და კონკურსებში მონაწილეობას ეჩვევიან. ჩვენი სკოლა კი წარმატებებს მიეჩვია, რადგან გიორგი ბაინოვი ჩვენთვის პირველი „ეტალონი მოსწავლე“ არ არის. ჩვენი სკოლისთვის ამ პროექტში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეებს, მასწავლებლებს თავდაჯერებულობა ემატებათ. „ეტალონი“, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპლინია, რომელიც მომავალი გამარჯვებებისკენ გვიბიძგებს. წლევანდელი გამარჯვებული არის ბავშვი, რომელიც ძალიან აქტიური და ბეჯითია. მას ყველა საკითხში ვენდობით, ის თვითგანვითარებაზე ზრუნავს, უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ძალიან კარგი მოსწავლეა.

ნატო გოგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონში“ ჩვენი სკოლის მოსწავლის წარმატებით უზომოდ გახარებული ვარ. ეს ჩვენი სკოლისთვის პირველი შემთხვევა არ არის, ტრადიცია გრძელდება და ეს ჩვენთვის სასიხარულოა. გიორგი ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი და მოტივირებული მოსწავლეა, შედეგიც სახეზეა. იმედია, რომ ბავშვები მომავალ წლებშიც ასე გვასახელებენ. „ეტალონში“ მოპოვებული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლება, ჩემი აზრით, მოსწავლისთვის უმთავრესია და პროექტი მათ განვითარებაში ეხმარება.

ლიკა ჯოხაძე, მე-2 ადგილის მფლობელი მოსწავლე - გურჯაანის N2 საჯარო სკოლა:

რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, რადგან მეორე ადგილის მფლობელი გავხდი. რაც შეეხება მოლოდინებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე, წარმატების იმედი მქონდა. მიღწეული შედეგი კი ძალიან მახარებს. ტესტირებისთვის მომზადებული არ ვყოფილვარ, პირველ ეტაპზე ტესტირების დღეს გავიგე, რომ უნდა დამეწერა, თუმცა მეორე ეტაპისთვის უკვე ვიცოდი, რომ ტესტირება მქონდა და ზოგადი საკითხები გადავიმეორე. „ეტალონში" მონაწილეობა ერთგვარი გამოცდილებაა და ჩემი აზრით, ეს მომავალში დამეხმარება.

ანანო მინდორაშვილი, მე-3 ადგილის მფლობელი მოსწავლე - გურჯაანის N2 საჯარო სკოლა:

ჩემთვის ტესტების შევსება მარტივი არ ყოფილა, იყო დროის ფაქტორიც და ცოტას ვნერვიულობდი, ამიტომ მე-3 ადგილის დაკავებას არ ველოდი. ჩემი თავი გამოვცადე და ისეთ შედეგს მივაღწიე, რითაც ვამაყობ, ასევე, გამოცდილება შევიძინე. ჩემი ცოდნა გავამტკიცე, საკუთარი ცოდნა შევაფასე. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად არ მოვმზადებულვარ, ისე შევასრულე. იყო რაღაც კითხვები, რაც მართლა გამიჭირდა. „ეტალონში“ ადრეც ვმონაწილეობდი, ახლა კი მე-3 ადგილი დავიკავე.

სოფიო ამისულაშვილი, გურჯაანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მე ძალიან მომწონს. ყოველ წელს ვმონაწილეობთ, ჩვენ მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეც“ გვყავდა. ძალიან კარგი სკოლა გვაქვს, მოსწავლეების წარმატებას ესეც განაპირობებს. ამ პროექტს მივესალმებით და მასში მონაწილეობით მოხარულები ვართ. ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანი და გასახარია. მიუხედავად იმისა, რომ წელს რაღაც პერიოდი დისტანციურად ვსწავლობდით, მოსწავლეებმა ყველაფერს ძალიან კარგად აუღეს ალღო და შედეგიც სახეზეა. მიხარია, რომ მათ ეს წარმატება მოიპოვეს და მადლობა „ეტალონს“ რომ მოსწავლეების განვითარებას ხელს უწყობს.

ტრისტან მურადაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:  

წელს ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მაისურაძეა. მინდა, მას ეს წარმატება მივულოცო და მორიგი გამარჯვებები ვუსურვო. მინდა აღვნიშნო, რომ სხვებმაც მაღალი ქულები მიიღეს. „ეტალონზე“ ძალიან დადებითი და საუკეთესო წარმოდგენა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მიმდინარეობდა, მოსწავლეებისა და მშობლების დაინტერესება ძალიან მაღალია. ჩემპიონატი ყოველწლიურად დიდი მონდომებით ტარდება. იმედია, რომ მომავალში კონკურსის დისტანციურად ჩატარება აღარ დაგვჭირდება. წარმატებას ვუსურვებ „ეტალონს“, ბატონ გოჩასა და მის გუნდს, რომელიც ძალიან აქტიურადაა ჩართული, რომ ჩვენი მოსწავლეები ცოდნა გამოვლინდეს.

„ასპინძის ეტალონი მოსწავლე“ და მე-2 ადგილის მფლობელები ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მე-2 ადგილი რუსუდან ოთანაძემ დაიკავა.

მარიამ მაისურაძე, „ასპინძის ეტალონი მოსწავლე“ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლა:

ყოველთვის, რასაც ყველაზე დიდ დროს ვუთმობ სწავლაა. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე დაკავშირებულია დიდ ძალისხმევასთან და შრომასთან. როდესაც სკოლაში „ეტალონის“ შესახებ გავიგე (ჯერ კიდევ დაბალ კლასში ვიყავი), აქტიურად დავიწყე მონაწილეობის მიღება. ყოველ წელს ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ამას, პირველ რიგში, საკუთარი თავის ,,გამოსაცდელად“ ვაკეთებდი. წინა წელს შემთხვევით გადავაწყდი მაღალრეიტინგიან მოსწავლეთა სიას. მაშინ მე-2 ადგილზე ვიყავი, რამაც ძალიან გამაკვირვა და გამახარა, ამავდროულად. წელს კიდევ ვცადე და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენე... ჩემი აზრით, „ეტალონი“ არის შანსი რომ ვაჩვენოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვაჯობოთ საკუთარ „მეს“. როდესაც გავიგე, რომ ამ წელს „ეტალონი მოსწავლე“ მე გავხდი, მივხვდი, რომ დიდ ძალისხმევას ყოველთვის მოსდევს შედეგი, რომელიც უფრო მეტად გვიბიძგებს ახალი სიახლეებისკენ... ვფიქრობ, რომ ის ემოციები, რომელიც მივიღე „ეტალონისგან“ ყოველთვის იქნება ჩემი ენერგიის წყარო, რომ გავაკეთო უფრო მეტი და მეტი...

ასევე, მადლობას ვუხდი ჩემს სკოლას და თითოეულ პედაგოგს, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს პიროვნულ განვითარებაში და რომლებმაც მომცეს საშუალება, ჩავბმულიყავი კიდევ ერთ ახალ „თავგადასავალში“.

გიორგი კაველიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმებით ამ პროექტს და ყველანაირად მხარს ვუჭერთ. ჩემი აზრით, ის მოსწავლეებისთვის საკმაოდ ბევრის მომცემია და მათში განათლების პოპულარიზაციას ხელს უწყობს. ჩვენი მოსწავლეების წარმატება ძალიან სასიხარულოა. გამარჯვებული მოსწავლე ათოსანი, ძალიან წარმატებული, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და წარჩინებული ბავშვია. ცდილობს, რომ თავისი შრომით შედეგს მიაღწიოს და სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ერთვება.

ბესიკ ბერიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის პედაგოგი:

მოსწავლეები მიღწეული შედეგით ძალიან გახარებულები არიან და სტიმული აქვთ. ფიქრობენ, რომ წარმატების მიღწევა ყოველთვის შეიძლება. გამარჯვებული ძალიან აქტიური, ფრიადოსანი მოსწავლეა. მისმა ასეთმა წარმატებამ სხვა მოსწავლეებსაც ძალიან დიდი სტიმული მისცა. ის შარშან მეორე ადგილზე გავიდა და ჰქონდა მოტივაცია, რომ პირველი ადგილი დაეკავებინა. მეორე ადგილზე გასული მოსწავლეც ჩვენი სკოლიდანაა, ისიც მედლის კანდიდატი და ბეჯითი მოსწავლეა. ბავშვები ძალიან გახარებულები არიან და ერთადერთი იმაზე სწყდებათ გული, რომ მე-11 კლასში არიან და მომავალ წელს ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას.

თამუნა კალაიჯიშვილი, მე-3 ადგილის მფლობელი მოსწავლე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლა:

მესამე ადგილის დაკავებას არ ველოდი, არ მეგონა, რომ ასეთ წარმატებას მივაღწევდი. ინტელექტ-ჩემპიონატისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, ისე მივიღე მონაწილეობა. ამ წარმატებამ ძალიან გამახარა და ბევრი რამ შემმატა. ტესტირებისას ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა მიიღონ, ცდად ნამდვილად ღირს.

აკაკი ადეიშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის დირექტორი:

თამუნა კალაიჯიშვილი აქტიური მოსწავლეა, არ ზარმაცობს, ის სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში ხშირად ერთვება. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ბავშვები აქტიურობენ, უხარიათ, თავიანთ ცოდნას ავლენენ და ამ კონკურსში მონაწილეობა მოსწონთ. ჩვენ ადრეც ვმონაწილეობით „ეტალონში“, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეც“ გვყოლია. ამ ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატება კარგია, რადგან ამას მთელი საქართველო გებულობს და ეს კი სკოლისა და მოსწავლის სახელია, ამიტომ ყოველთვის სასაიხარულოა.

ლიანა მურადაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის პედაგოგი:

თამუნა კალაიჯიშვილი მე-9 კლასში სწავლობს, ძალიან ენერგიული, აქტიური და წარმატებული მოსწავლეა. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მიღებულმა წარმატებამ მოსწავლეები ძალიან გაახარა, ისეთი კმაყოფილები არიან, ეს ემოცია, ალბათ, მომავალ წლამდე ეყოფათ. ეს ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვუთხარი, რომ ახლა მე-9 კლასში არიან, კიდევ ორი წელი აქვთ და პირველი და მეორე ადგილებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. „ეტალონის“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ძალიან დადებითია.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებული მეორე ადგილი დაიკავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება