სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოზარდებს საამაყო სიძველეებისადმი ინტერესი ნაკლებად გააჩნიათ და ეს სკოლაში არსებული სწავლების შედეგია!“
03-07-2020
-
+


ამჯერად, Etaloni.ge ცაგერის ერთ-ერთ კოლორიტულ პიროვნებას, ბატონ დავით კოპალიანს წარმოგიდგენთ, რომელმაც ცაგერის ისტორიული მუზეუმის უფროს მეცნიერ-თანამშრომლობამდე, ურთულესი გზა განვლო. მოზარდობისას დაობლებული, ყველაფერს აკეთებდა, რათა დედისა და დისთვის მეორე მსოფლიო ომში ოჯახის უფროსის დაღუპვის ტკივილიც შეემსუბუქებინა და არც მზრუნველობა მოკლებოდათ.

ბევრი იშრომა, ბევრი იღვაწა, მასწავლებლობას შეალია თავისი ცხოვრება, ახლა კი ეროვნული საგანძურის მცველია. ბატონი დავითო Etaloni.ge-სთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების ურთულეს გზაზე გვესაუბრება და გული სწყდება, რომ მოზარდები მუზეუმში დაცული სიძველეებით ნაკლებად ინტერესდებიან.   

- ბატონო დავით, იქნებ გვიამბოთ, რა გზა განვლეთ დღემდე?

-  დავიბადე 1930 წელს და 11 წლის ასაკამდე ლაღი ბავშვობა მქონდა, მაგრამ 1941 წელს მამა მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს და მას შემდეგ, ჩემი ბავშვობაც უმძიმესი გახდა - მამა ომს შეეწირა, ჩემთვის კი ფიზიკური შრომა, სწავლა, შიმშილი, ჩაუცმელობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

- და მაინც არ დანებდით, არა?

- 1955 წელს, წარჩინებით დავამთავრე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. ვიყავი სტალინური სტიპენდიანტი და ინსტიტუტში დარჩენაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი - ავადმყოფ დედასა და მცირეწლოვან დას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. ჩემთვის უსაყვარლეს, მშობლიურ კუთხეს დავუბრუნდი და ლეჩხუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ორი წელი ვიმუშავე რიგით მასწავლებლად; შემდეგ, სხვადასხვა დროს, ვიყავი მეთოდური კაბინეტის გამგე, ცაგერის  ისტორიული მუზეუმის დირექტორი, საშუალო სკოლის დირექტორი, პროფესიული სასწავლებლის დირექტორი, ცაგერის რაიონის განათლების განყოფილების გამგე და ამ პერიოდში, საქართველოს განათლების განყოფილებებს შორის გაშლილ შეჯიბრებებში ცაგერის რაიონმა 9-ჯერ გაიმარჯვა.

- ეს ალბათ დიდი მიღწევა იყო...

- რა თქმა უნდა და ამიტომ, რაიონის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა კომკავშირული და პარტიული საქმიანობა, მაგრამ სკოლა და მასწავლებლობა არ მივატოვე. 85 წლამდე ერთგულად ვემსახურე ამ საქმეს, დღეს კი ცაგერის ისტორიულ მუზეუმში ვმუშაობ.

სკოლის დირექტორობასთან ერთად გარკვეულ დროს ვასრულებდი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცაგერის ფილიალის დირექტორის მოადგილის მოვალეობას, ვკითხულობდი ლექციებს. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, გახლდით ცაგერის რაიონის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, რაიონის პედაგოგიური საზოგადოების თავმჯდომარე და რაიონის ლექტორთა ჯგუფის წევრი.

- განათლებული მომავალი თაობების აღზრდაში თქვენი წვლილი ღირსეულად შეგიტანიათ, რამდენად დაგიფასდათ ეს ყველაფერი?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შრომა დაუფასებელია -  ატესტაციით მონიჭებული მაქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება, მაშინდელი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება; დაჯილდოებული ვარ ღირსების ორდენით; გამოვეცი ნაშრომები ექვს წიგნად და გამოვაქვეყნე 60-მდე ნარკვევი პერიოდულ ლიტერატურაში.

- ახლა, როგორც მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რამდენად გრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას?

-  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მუზეუმს მხარში უდგას, საჭირო დაფინანსებითა და წამოწყებული ღონისძიებების მომზადების მხარდაჭერით... ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათ თანადგომას.

- ვიზიტორები თუ გყავთ?

- ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმი, რეგიონულ მუზეუმებს შორის, ექსპონატთა სიძველით,  დაცულობის ხარისხით გამორჩეულია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მუზეუმით დაინტერესებულია არა მარტო ლეჩხუმის, არამედ სრულიად ქვეყნის მოსახლეობა. მუზეუმის დათვალიერებისა და ჩვენი საუბრის  შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავენ - ქვის ხანის, ბრინჯაოსა და რკინის პერიოდის  უამრავი არტეფაქტი, ადგილზე მოპოვებული ბრინჯაოს  11 განძი... რომელი ერთი ჩამოვთვალო; ჩვენთან გამოფენილი ექსპონატები ცხადყოფს, რომ ლეჩხუმი კოლხური ბრინჯაოს წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.

ჩვენი სტუმრები უაღრესად კმაყოფილები რჩებიან მუზეუმის ეთნოგრაფიულ სივრცეში განთავსებული ლეჩხუმური, საკუთარი ორიგინალური საოჯახო და სამეურნეო ნივთთა პალიტრით; ინტერესდებიან აქ არსებული უდიდესი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა თუ ისტორიული მუზეუმით და ამ ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს ლეჩხუმის საოცარი ბუნება.

- მოზარდებს თუ აინტერესებთ ეროვნული საგანძური, ბატონო დავით?

- სამწუხაროდ, მათ საამაყო სიძველეებისადმი ინტერესი  ნაკლებად გააჩნიათ, ვიდრე ადრინდელ თაობას და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო - ეს სკოლაში არსებული სწავლების შედეგია! ფაქტია, დღეს, სკოლებში მშობლიური კუთხისა და სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი, თითქმის უგულებელყოფილია, რასაც უდიდეს შეცდომად მივიჩნევ და რის გამოც ძალიან მწყდება გული.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
კონკურსებს ხელმძღვანელობდა კომპეტენტური ჟიური
 

„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მისალოცი სიტყვები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება