სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონმა“ და izrune.ge-მ ონლაინ შეფასების წინადადებით საკოორდინაციო საბჭოს მიმართა - განათლების სამინისტროს ყურადსაღები პასუხი
09-04-2020
-
+


ეტალონის და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა შემოქმედებით და ტექნიკურ ჯგუფთან ერთად უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.

მიმართვაში გოჩა ტყეშელაშვილი სთავაზობს სამინისტროს, დისტანციური სწავლების შედეგების ონლაინ შეფასების აპრობირებულ და ტექნიკურად გამართულ სისტემას - izrune.ge-ს, რომელიც შესაძლებელია გამოდგეს ონლაინ შეფასების ერთ-ერთ კომპონენტად საქართველოს 500.000-ზე მეტი მოსწავლისთვის, – "ჩვენი წინადადება გულწრფელი და სრულიად უანგაროა"

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს და სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხს:

მიმართვა:

2020 წლის მიმდინარე სემესტრისთვის, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადასაყვანად, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში წარმატებით  აპრობირებულ  ტექნოლოგიურ  მექანიზმს  უსასყიდლოდ გთავაზობთ ! 
ეს მექანიზმი ყველა კლასის თითოეული მოსწავლის დისტანციური, ინდივიდუალური და თანაც  "ონლაინ" შეფასებების საშუალებას იძლევა, - განურჩევლად  მოსწავლის  საცხოვრებელი  ადგილისა  და  ეროვნებისა. 

ეს მექანიზმი, ინტერნეტპლატფორმა IZRUNE.GE გახლავთ და კორონავირუსთან დაკავშირებულ პანდემიურ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის გამოდგება.



პირადად მე, როგორც ზოგადი განათლების მიმართულების სპეციალისტს, მიმაჩნია რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ: 2020 წლის მიმდინარე სემესტრი აკადემიურად არ გამოცხადებულიყო. რადგან 2020 წლის აკადემიურ წლად გამოცხადება დამატებით უამრავ: სოციალურ, ეკონომიკურ და ფსიქო-ემოციურ პრობლემა-უკმაყოფილებას გამოიწვევდა და ამას სახელმწიფო და საზოგადოება უბრალოდ ვერ გაუმკლავდებოდა.
ამასთან, საზოგადოებაში და განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში (მოსწავლეების მშობლებსა და ოჯახებში, პედაგოგებში და თავად მოსწავლეებშიც) კიდევ უფრო მეტად გააქტუალურდა მწვავე კითხვები:

- თუ მოხდება მოსწავლეების კლასიდან კლასში მასობრივი პირდაპირი გადაყვანა ე. წ. "გადახტომა", ასეთი პრეცედენტით დისტანციურ სწავლებას და ზოგადად სწავლას აზრი ხომ არ ეკარგება ?

- დისტანციური სწავლების გაგრძელების შემთხვევაში, როგორ მოხდება მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადასაყვანი ინდივიდუალური, დისტანციური, ობიექტური და თანაც "ონლაინ" შეფასებები ?

დამერწმუნეთ, ეს კითხვები მოგვიანებით სულ უფრო მეტად გამწვავდება.

ამიტომაც გადაწყვიტე, მოგმართოთ თქვენ და ამ კითხვებზე პასუხები და ჩვენი გუნდის შემოთავაზება მოკლედ დავასაბუთო.

მარტივი ჭეშმარიტებაა: კაცობრიობის ისტორიაში შეგირდის საფეხურიდან უფრო მაღალი საფეხურზე აყვანის დარად, მოსწავლის კლასიდან მომდევნო კლასში გადაყვანა არსად შეუფასებლად, ანუ პირდაპირ გზით არასოდეს მომხდარა და არც უნდა მოხდეს - ეს აბსურდია.  

კორონავირუსის პანდემიის დროსაც კი, მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა უნდა მოხდეს რაღაც მექანიზმით, გნებავთ კრეატიული ინსტრუმენტით, რომელიც მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნის ინდივიდუალური შეფასების საშუალებას იძლევა.

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ფორსმაჟორული სიტუაციისთვის ფეხის აწყობა სწრაფადვე მოახერხა და სხვადასხვა მექანიზმებით განათლების მიწოდების პროცესი შეძლებისდგვარად აღადგინა: ონლაინგაკვეთილებით, ტელესკოლით, მაგრამ ეს შრომა ფუჭი აღმოჩნდება, თუ ვერ მოხერხდა მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის შეფასება. 
დღევანდელ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, გამოსავალი მოსწავლეთა ინდივიდუალურ და თანაც დისტანციურ "ონლაინ" შეფასებებშია, ეს რთულია, თუმცა შესაძლებელი!

აქ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ფორსმაჟორულ პერიოდში, ყველა მეთოდი გამოსაყენებელია და მე გთავაზობთ ჩვენს მიერ უკვე წარმატებით აპრობირებული ინსტრუმენტის IZRUNE.GE-ს მოსწავლეთა შეფასების მექანიზმად გამოყენებას.

თანაც, გთავაზობთ გულწრფელად და ამ სიტუაციისთვის 500.000-ზე მეტი მოსწავლისთვის სრულიად უსასყიდლოდ.
IZRUNE.GE-ს მექანიზმი შესაძლებელია კარგად მოიმართოს და გამოყენებული იქნას მოსწავლეთა კლასიდან-კლასში გადასაყვანი ინდივიდუალური შეფასების ერთ-ერთ (და არა ერთადერთი) მძლავრ  ინსტრუმენტად.
ამასთან, IZRUNE.GE:

- დისტანციურად მუშაობს და ტექნოლოგიურად გამართულია;

- აქვს მობილური აპლიკაცია;                      

- უკვე დარეგისტრირებულია 117.560 მოსწავლე.

- მე-3 წელია რაც ფუნქციონირებს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში, სხვადასხვა მეთოდით ვითარდება და უკვე წარმატებით აპრობირებულია ზოგიერთ რეგიონში სრულად: აჭარის ა/რ-ში (ქალაქ ბათუმში, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებში); რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში (ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტებში); ასევე გამორჩეულად წარმატებით თიანეთის მუნიციპალიტეტში.

- მოსწავლეებისთვის მიწოდებული ინდივიდუალური საკლასო ტესტები მეცნიერულ მიდგომებს ეყრდნობა, შეფასების კრიტერიუმები კი მაქსიმალურად ობიექტურია და ეფუძნება "ეტალონის" 15-წლიან წარმატებულ გამოცდილებას.
     
- პროექტი გამოდგება ასევე არაქართულენოვანი სკოლებისთვის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლობის მოსწავლეებისთვის.

- ამ მიდგომებით და ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, თითოეული მოსწავლე და მისი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას იგრძნობს. 

მე, გოჩა ტყეშელაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, "ეტალონის" და IZRUNE.GE-ს ავტორი, ჩვენ შემოქმედებით და ტექნიკურ გუნდთან ერთად მზად ვართ გავახაროთ 500.000-ზე მეტი მოსწავლე და სასწრაფოდ გადავაწყოთ IZRUNE.GE.

ტექნოლოგიური და არსობრივი გადაწყობა არ იქნება მარტივი და პროცესების გასამართად დაგვჭირდება დრო მაისის ბოლომდე.

მრავალი წელია მთელ საქართველოში ვმოგზაურობ და ვმოღვაწეობ. პირადად და თანაც კარგად ვიცნობ საქართველოს ყველა კუთხეში მოღვაწე პედაგოგების და სკოლის დირექტორების აბსოლუტურ უმრავლესობას, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებაში ეჭვი არ მეპარება - დარწმუნებული ვარ, ქართველი ექიმების მსგავსად, ისინიც გამოიჩენენ გმირობას. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ IZRUNE.GE-ს მოსწავლეთა შეფასების დისტანციურ მექანიზმს ისინი მხარს აქტიურად დაუჭერენ და ამით 2020 წელი, მოვლენათა განვითარების უკიდურესად რთული ვერსიის შემთხვევაშიც კი, აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. 

ამასთან, დაგვჭირდება საქართველოს მთავრობის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ მნიშვნელოვან საკითხში დროული თანადგომა, რომელთაგან: 

I. ტექნიკურ საკითხს ეხება (მოსწავლეთა დარეგისტრირება და პრომო კოდის გააქტიურება) ვადა: 2020 წლის 11 მაისი - 1 ივნისი;

II. შინაარსობრივ საკითხს ეხება (მიმდინარე პროგრამული კითხვების მომზადება).  ვადა: 2020 წლის 1 მაისი – 31 მაისი. 

მნიშვნელოვანია, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს შესატყვისი სტრუქტურის გუნდთან მრავალწლიანი წარმატებული მუშაობის გამოცდილება გვაკავშირებს, ხოლო ამჟამინდელ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, თანამოაზრედ მივიჩნევთ.

შეთანხმების ეფექტური განხორციელების შემთხვევაში, 2020 წლის 1 ივნისიდან - 30 ივნისის ჩათვლით მოხდება IZRUNE.GE-ს მექანიზმებით საქართველოს ყველა მოსწავლის, დისტანციური, ონლაინ შეფასება და მოხერხდება მათი კლასიდან კლასში სამართლებრივ-სამართლიანი გადაყვანა.

ზუსტად ვიცი, სწორად ინფორმირებით, საქართველოს მოსწავლეების, მათი მშობლების და ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერს და პროცესებში აქტიურად ჩაერთვება კიდეც. თანაც, გაჩნდება მეტი მოტივაცია ტელესკოლის და ონლაინ გაკვეთილების მიმართ. 

ამდაგვარ მიდგომებს მომავალშიც მრავალი სიკეთე მოჰყვება.

P.S. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ IZRUNE.GE-ს, როგორც აღზრდა-განათლების ერთმანეთთან დამაკავშირებელ უთანამედროვეს ტექნოლოგიურ სიახლეს, დიდი პერსპექტივა აქვს არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

მადლობა ყურადღებისთვის



პასუხი:

ბატონო გოჩა,

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დასრულდება ,,საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანების შესაბამისად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დასრულებამდე სასწავლო პროცესი გაგრძელდება დისტანციური სწავლების ფორმით.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოქნილობამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ფორსირებულ რეჟიმში დისტანციური სწავლების ფორმატით მოხდეს სწავლა-სწავლების პროცესის მართვა და აკადემიური წლის დასრულება. ცხადია, ამჟამად შეთავაზებული სინქრონული და ასინქრონული ფორმები (ონ-ლაინ სწავლება, ეროვნული პროექტი „ტელესკოლა“, სატელეფონო კომუნიკაცია და სხვა.) სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს ცოცხალ საგაკვეთილო რეჟიმს, თუმცა სკოლების უმრავლესობისა და პედაგოგების მიერ გამოჩენილი ძალისხმევა იძლევა შესაძლებლობას - რომ სკოლების მხრიდან მოხდეს უკვე მიღწეულის შენარჩუნება-განმტკიცება, პარალელურად კი სხვა საკომპენსაციო უნარების განვითარება.
სამინისტროს მიზანია საქართველოში მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ამ პერიოდში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის უწყვეტობა, სწორედ ამის გათვალისწინებით სამინისტრო ცდილობს დისტანციური სწავლების ალტერნატიული ფორმების განვითარებას. იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე და შესაბამის დივაისებზე (ტექნიკაზე), ჩვენი მხრიდან მოსწავლეებს და მათ მშობლებს სასწავლო პროცესის ეფექტიანი წარმართვის მიზნით, ვთავაზობთ Microsoft Office 365, Feedc Edu, ვებპორტალი El.ge, ტელესკოლას, რადიო, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას.     

ჩვენთვის ცნობილია თქვენს მიერ შექმნილი უნიკალური პორტალის izrune.ge-ს  შესაძლებლობების შესახებ. სამინისტრო ღიაა თქვენთან თანამშრომლობაზე, დისტანციური სწავლების განვითარების პროცესში ღირებული იქნება izrune.ge-ს მოსწავლეებისთვის შეთავაზება, რათა სახლის პირობებში შეძლონ საკუთარი ცოდნის შეფასება. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს, შეიქმნა ტელესკოლა. შესაბამისად სასწავლო წლის მეორე სემესტრის online შეფასება, მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს. 

ამ ეტაპზე სასურველი იქნება მოსწავლეებს მივცეთ პორტალის izrune.ge-ს გამოყენების შესაძლებლობა, ხოლო online შეფასებასთან დაკავშირებით სკოლებში დაბრუნების შემდგომ, მზად ვართ კიდევ ერთხელ განვიხილოთ თქვენი შემოთავაზება.

პატივისცემით.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება