სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„სკოლაში გაკვეთილების ოდენობა და ხანგრძლივობა ცვლილებებს მოითხოვს“
15-08-2018
-
+


Etaloni.ge-ს მუდმივად საგანმანათლებლო ცხოვრების პულსზე უდევს ხელი და მის ირგვლივ არსებულ ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას განიხილავს. რაც მთავარია, ამ საქმეში ყველაზე კომპეტენტური და გამოცდილი რესპონდენტებისგან, სკოლის დირექტორებისგან ეცნობა სიახლეებს. მათი თვალით დანახული სასკოლო ცხოვრება და კონკრეტული ხედვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღევანდელი თემა სკოლებში საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობასა და ოდენობას შეეხება. ერთად შევიტყოთ სკოლის წარმატებული მენეჯერების ხედვა ამ მხრივ.

კონდიდის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ლაზიშვილი:


„ეროვნული სასწავლო გეგმით პირველ კლასში საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა 35 წუთს ითვალისწინებს, მეორე კლასში-40 წუთს, სხვა ყველა დანარჩენში-45 წუთია დადგენილი. ლოგიკურია, რომ ასეთი ხანგრძლივობა და დღეში 6-7 გაკვეთილი მაღალ კლასებში დამღლელიც აღმოჩნდება ხოლმე, თუმცა იმდენად დიდია მასალა და საინტერესო საგაკვეთილო მიდგომებია, რომ ვისაც სწავლა სურს, მათთვის ეს და კიდევ დამატებითი დროც არ ქმნის დისკომფორტს. ჩვენს სკოლაში 5-5 წუთიანი შესვენებები გვაქვს, მესამე გაკვეთილის შემდეგ კი 20 წუთი ისვენებენ მოსწავლეები, თუმცა ამ დროის 10 წუთამდე დაყვანას ვფიქრობ, რადგან მოსწავლეები ძალიან ირევიან და საგაკვეთილო დისციპლინიდან ვარდებიან.“

ზედაბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი:


„თითოეულ საგანში ეროვნული გეგმით ზღვა მასალაა შესასწავლი, ისედაც ჩქარი ტემპით უწევთ ბავშვებს საკითხების გავლა. მესმის, რომ ხანგრძლივი საგაკვეთილო პროცესი, შესაძლოა, დამღლელი იყოს მოსწავლისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე სხვაგვარად არ გამოვა. თითოეული გაკვეთილის საათობრივი გეგმა უნდა შესულდეს. ჩვენთან შესვენება 5-5 წუთიანია, დიდი შესვენება კი 15 წუთს გრძელდება.“

ქუთაისის N31 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა შველიძე:

„სკოლაში ორი ცვლა გვაქვს და საგაკვეთილო პროცესი ჩვენთან 40 წუთს გრძელდება. ამ დროშიც წარმატებით ვახერხებთ ყველაფრის ახსნასა და გეგმის შესრულებას. რაც შეეხება მოსწავლეთა საგანზე კონცენტრირებას, გააჩნია, საგანსა და მასწავლებელს, როდესაც საინტერესო, ინტეგრირებული გაკვეთილები ტარდება ბავშვები ბოლომდე არიან შემეცნებაში ჩართულნი. ასე რომ, ინტერესი არამგონია, დროზე იყოს დამოკიდებული. სკოლაში 5-5 წუთიანი და ორი 10 წუთიანი შესვენება გვაქვს.“

ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი შაკიკაძე:

„გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმით არის გაწერილი და ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. ბოლო გაკვეთილები თავისთავად, დამღლელია, სწორედ ამიტომ, ისე ვალაგებთ ცხრილს, რომ ბოლოში მარტივი საგნები მოვაქციოთ. ჩემს სკოლაში დეკემბრიდან მარტის ჩატვლით 5-5 წუთიანი შესვენება გვაქვს, დიდი დასვენება 20 წუთიანია, თბილ პერიოდში კი მოსწავლეები 10-10 წუთს ისვენებენ.“

ოზურგეთის გომის საჯარო სკოლის დირექტორი მელანო თოიძე:

„ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მხოლოდ საბაზო საფეხური გვაქვს, ანუ 9 კლასი. 45 წუთიანი საგაკვეთილო პროცესი სრულებით გვყოფნის მასალის სრულფასოვნად ასახსნელად და ჩასაბარებლად, მაგრამ მოსწავლეები ბოლო წუთებში დაღლის გამო იფანტებიან და ნაკლებად ახერხებენ საგანზე კონცენტრირებას. ადრე სავალდებულო იყო ერთი 20 წუთიანი შესვენება, ახლა კი დიდ დასვენებად 10 წუთს ავიღებთ, დანარჩენს კი 5-5 წუთს. ეს დრო სრულებით საკმარისია მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის.“

ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ყურაშვილი: 


„თუ მასწავლებელს საინტერესოდ და მიზნობრივად აქვს საგაკვეთილო პროცესი გაწერილი, 45 წუთი ნამდვილად საჭიროა და თუ პედაგოგი სტიქიურად მიყვება პროგრამას, თავისთავად მოსაწყენი იქნება მოსწავლისთვის და ერთი სული ექნება, როდის დაირეკება ზარი. ჩვენ 10-10 წუთიანი და ერთი დიდი 20 წუთიანი შესვენება გვაქვს, რაც, ვფიქრობ, აუცილებელია. არის სკოლები სადაც ბუფეტი არ აქვთ და მოსწავლეებს სოფლის ცენტრში უწევთ საჭმელზე გასვლა და ისედაც, ეს დრო საჭიროა განსატვირთად, გასარბენ-გამოსარბენად და ახალი ძალების მოსაკრებად. წამყვანი პედაგოგი ვარ და მოსწავლეთა საჭიროებების ინტერაქციულ კვლევას ვატარებდი, რომლის ფარგლებშიც, დიდ დასვნენებას კინოჩვენებითა და სხვადასხვა თემაზე დისკუსიით ვტვირთავდი, რაც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ჩვენთვისაც და ბავშვებისთვისაც.“

ბობოყვათის საჯარო სკოლის დირექტორი გია ქათამაძე:

„გაკვეთილების ხანგრძლივობა 45 წუთიანი შეიძლება იყოს, მაგრამ ბოლო მეექვეს-მეშვიდე გაკვეთილს, ვფიქრობ, დიდი ეფექტი აღარ აქვს, რადგან ბავშვები ძალიან იღლებიან. უმჯობესი იქნებოდა, ბოლო გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირებულიყო, მაგრამ მერე ეროვნული გეგმით განსაზღვრული საათები არ შესრულდება. რთულია დილიდან 4-ის ნახევრამდე სკოლაში ყოფნა. ჩვენთან დიდი დასვენება 30 წუთი გრძელდება, დანარჩენი - 10-10 წუთი.“

ზედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა ქარჩხაძე:

„მაღალ კლასებში 45 წუთიანი საგაკვეთილო პროცესი, ვფიქრობ, საჭირო, აპრობირებული და ეფექტური მიდგომაა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასეა გაწერილი და მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც მის შესაბამისად გვიწევს მოქმედება. სკოლაში 5-5 წუთიანი შესვენებები გვაქვს, მეორე გაკვეთილის შემდეგ კი 20 წუთის განმავლობაში ისვენებენ, თამაშობენ და შემდეგი საგნებისთვის იკრებენ მოსწავლეები ძალასა და კონცენტრაციას.“

ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ფუტკარაძე:

„მასწავლებლები არაერთხელ შემოსულან თხოვნით, რომ მაღალ კლასებში სტანდარტული გაკვეთილის ჩატარებისას, 45 წუთის ზემოთ დრო დამემატებინა და 2-3 წუთით გამიხანგრძლივებია კიდეც საგაკვეთილო პროცესი. ეროვნული სასწავლო გეგმით ზღვა მასალაა გაწერილი, რომლის ეფექტურად სწავლება-ჩაბარებას დრო სჭირდება. ჩვენთან 10-10 წუთიანი და ერთი დიდი 15 წუთიანი შესვენებაა.“

დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე:

„გააჩნია გაკვეთილსა და მასწავლებელს, ასევე მოწადინებულ მოსწავლეზეც ბევრია დამოკიდებული. მე, მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი და ისე საინტერესოდ მიდის საგაკვეთილო პროცესი, რომ არც მე და არც მოსწავლეებს არ გვყოფნის 45 წუთი. არის საგნები, რომელთა ჩატარებაც 40 წუთის განმავლობაშიც შეიძლება. რაც შეეხება მეექვსე-მეშვიდე გაკვეთილს, ნამდვილად დამღლელი და ნაკლებად ეფექტურია, ამიტომაც ვცდილობ, უფრო განსატვირთი საგნების ჩასმას ცხრილში, მაგრამ ყოველთვის ვერ ხერხდება. შესვენება 10-10 და დიდი შესვენება კი 20 წუთს გრძელდება.“

წინსვლის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ქარცივაძე:

„ნამდვილად რთულია დღეში 6-7 45 წუთიან გაკვეთილებზე სრული კონცენტრირება და საგნის შემეცნება, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით ასეა გაწერილი და მასწავლებელმა და სკოლამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს მოსწავლეებს ხელი ეფექტური განათლების მიღებაში. აქედან გამომდინარე, მივესალმები ბავშვების მეტ აქტიურობასა და ჩართულობას, პედაგოგი პასიურ როლს უნდა ასრულებდეს და მოსწავლეს მეტი დრო და საშუალება ეძლეოდეს საკუთარი აზრის გამოთქმისა და დისკუსიისთვის. ასე უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდება შემეცნება. ჩვენთან 10-10 და დიდი 20 წუთიანი შესვენებაა. ბოლო გაკვეთილებზე ვცდილობ, მარტივი საგნები ჩავსვა, მაგალითად, ფიზკულტურა, რომ მოსწავლეები დამღლელი დღის შემდეგ განიტვირთონ.“

ჭახათის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან მახარაძე:

„ბუნებრივია, რომ 45 წუთიანი გაკვეთილები, მითუმეტეს, როდესაც დღეში 6-7 საგანი უტარდებათ, მოსწავლეთათვის დამღლელია, თუმცა, როდესაც საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი და აქტიურია, ეს დროც ძალიან მალე და შედეგიანად გადის. ყოველთვის ვცდილობთ ტექნიკური საგნების წინ წამოწევას და ბოლო გაკვეთილების მარტივი საგნებით დაკომპლექტებას, მაგრამ ყოველთვის ვერ ხერხდება. მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, 5-5 წუთიანია შესვენებები, დიდი დასვენება 20 წუთს გრძელდება და ამ დროს სხვადასხვა სახალისო აქტივობას ვგეგმავთ მოსწავლეებისთვის.“

ახალშენის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ გორაძე:

„ჩემი აზრით, სკოლაში გაკვეთილების ოდენობა და ხანგრძლივობა ცვლილებებს მოითხოვს. პირველი სამი გაკვეთილი აუცილებელ და განსაკუთრებით დატვირთულ საგნებს უნდა ეთმობოდეს, მეოთხე-მეხუთე - შედარებით მსუბუქი დავალებებით უნდა კონპლექტდებოდეს, ხოლო მეექვსე გაკვეთილი მოსწავლის ინტერესიდან გამომდინარე, თავისუფალ საგანს უნდა ეთმობოდეს, სპორტს, ხელოვნებას, მუსიკას. მეშვიდე გაკვეთილი საერთოდ ზედმეტია. რაც შეეხება გაკვეთილის ხანგრძლივობას, დაწყებით კლასებში 40 წუთი მისაღებია, მეშვიდე კლასიდან მეცხრეს ჩათვლით 45 წუთი კარგი დროა, მე-10-დან ზემოთ კი 50 წუთიანი გაკვეთილებიც კი საჭიროა. ჩვენთან ძირითადად, შესვენება 10-10 წუთს, ხოლო დიდი დასვენება 15-20 წუთს გრძელდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლას მინიავტობუსი ემსახურება, რაც თავისთავად მისასალმებელია. თუმცა არასაკმარისი რესურსის გამო (ყველა მოსწავლე ერთ ავტობუსში ვერ ეტევა), მძღოლს რამდენჯერმე წასვლა-წამოსვლა უწევს, ადრე მოსულ მოსწავლეებს კი თანაკლასელების დალოდება.“

ზეგნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მარაქველიძე:

„მეექვსე-მეშვიდე გაკვეთილი ძალიან დამღლელია მოსწავლეებისთვის და ისე ეფექტურად ვერ ითვისებენ საგნებს, როგორც დღის დასაწყისში. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მასალა და საათები სხვაგვარად მუშაობის საშუალებას არ იძლევა, აქედან, 45 წუთიანი საგაკვეთილო პროცესიც აუცილებელია. შესვენება 10-10 წუთს გრძელდება, დიდი დასვენება კი 20 წუთიანია ჩვენთან.“


კომენტარები


სიახლეები
დისტანციურ სწავლებაზე მოსწავლეთა რეკორდული რაოდენობა გადავიდა
ანტიკვარული ავეჯი, ფერწერული ტილოები... 200 ათასი რუბლი და 586 ათას დოლარზე მეტი - განათლების კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დეკლარირებული ქონება
სამინისტროს სსიპ-ები ერთმანეთში არკვევენ, რას ნიშნავს ახალი ჩანაწერი - ოფიციალურ უწყებებს დღის აქტუალურ კითხვაზე პასუხი არ აქვთ
სკოლები
კომპლექსური დავალება მე-82 კლასის მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელმა, მაია ვერძეულმა შესთავაზა
სკოლის თეატრალური დასი მაყურებლის წინაში სპექტაკლით - „პატარა უფლისწული“ (ეგზიუპერი) წარსდგა
მოსწავლეები ერთმანეთს საინტერესო და სახალისო კითხვების გამოცნობაში შეეჯიბრნენ
ნიჭიერი მეორეკლასელები ღონისძიებაში დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთვნენ
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება