| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყისიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება, საზოგადოებაში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს.
როგორ აფასებენ ამ ცვლილებას სკოლის დირექტორები, მოსწავლეები და მშობლები - etaloni.ge გთავაზობთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა მოსაზრებებს:
ვარდო უგლავა, ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:
მივესალმები ინიციატივას, როდესაც ყველა მოსწავლე ერთნაირ ფორმას ატარებს, სკოლაში უფრო მოწესრიგებული გარემო იქმნება. ეს მოსწავლეებს ასწავლის წესრიგს, პასუხისმგებლობას და სკოლასთან კუთვნილების განცდასაც აძლიერებს. გარდა ამისა, სასკოლო ფორმა ხელს უწყობს თანასწორობას მოსწავლეებს შორის. ტანსაცმლის განსხვავებები აღარ ხდება ყურადღების ცენტრში, ამიტომ ნაკლებად ჩანს სოციალური ან ფინანსური სხვაობა. თუმცა, მოსწავლეების მხარეც რომ გითხრათ, მაგალითად, მეექვსეკლასელებთან მქონდა ამაზე დიალოგი და დიდად არ მოსწონთ, მითხრეს რომ ერთფეროვნები იქნება.
გია რამინაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პატარა ონის საჯარო სკოლის დირექტორი:
სასკოლო ფორმა სკოლაში დისციპლინის დამყარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. როდესაც ყველა მოსწავლე ერთნაირ ფორმას ატარებს, გარემო უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული ხდება. ბევრი მოსწავლე თავადაც დადებითად აფასებს ფორმის შემოღებას, თან აინტერესებთ, როგორი ფორმის ჩაცმა მოუწევთ.
ლამარა ტაბატაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, მოსწავლეთა განწყობების კვლევა არავის ჩაუტარებია, თუმცა მეც და ჩემი პედაგოგებიც დადებითად ვუყურებ ამ საკითხს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მარტივი იქნება ამ ცვლილების დანერგვა, მათ ნაკლებად აქვთ თავის წარმოჩენის სურვილი. ფორმა საშუალებას მოგვცემს სკოლაში უფრო თანასწორი გარემო იყოს და მოსწავლეები პოპულარულები მხოლოდ უკეთესი ტანსაცმლის გამო არ გახდნენ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო ფორმა არა მხოლოდ დისციპლინის გამყარებას, არამედ მოსწავლეებს შორის ერთიანობისა და კომფორტის შექმნასაც უწყობს ხელს.
ფაიაზ ველიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
სასკოლო ფორმის არსებობა სკოლაში დადებით გავლენას მოახდენს როგორც დისციპლინაზე, ისე სასწავლო გარემოზე. ერთიანი ფორმა შექმნის მოწესრიგებულ და სერიოზულ ატმოსფეროს, რაც მოსწავლეებს უფრო მეტ აქცენტს სწავლაზე გადაატანინებს. როდესაც ყველა ერთნაირად არის ჩაცმული, სკოლაში უფრო იგრძნობა წესრიგი და პასუხისმგებლობის განცდა, ამიტომაც ცვლილებას მივესალმები.
მაია ხარაიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოსწავლეებს გავაცანით ფორმებთან დაკაშირებით სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იციან, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ფორმებით ივლიან სკოლაში. დადებითი უკუკავშირი გვქონდა ძალიან აინტერესებთ, როგორი ფორმა ექნებათ, გვთხოვეს კიდეც მოდელების ნახვა, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ამის ჩვენების საშუალება. მშობლებიც კმაყოფილები არიან, ყოველდღიურად იმ საფიქრალისგან თავისუფლდებიან თუ რა ჩააცვან ბავშვებს. ვფიქრობ, თუ ფორმა კომფორტული იქნება, არც მოსწავლეებს და არც მშობლებს არ ექნებათ პრობლემა. სხვათა შორის ზედა საფხეურის რამდენიმე მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, რომ თუ მოეწონებათ და კომფორტული ფორმა იქნება, ისინიც სიამოვნებით ივლიდნენ სასკოლო ფორმით. აქვე გეტყვით, რომ თუ რომელიმე მოსწავლისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება ან რაიმე პრობლემა ექნება, ამასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.
ესმა მოსიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
საინტერესო, კარგი იდეაა, თუმცა ვფიქრობ, სასკოლო საზოგადოების მიერ უნდა შეირჩეს ფორმის ვიზუალი. მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა უნდა შეარჩიონ ინდივიდუალურად. რამდენადაც ვიცი, მშობლების დამოკიდებულებაც დადებითია, მათაც მოსწონთ ფორმის შემოღების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მსგავსი გამოცდილება არ გვქონია. ჩვენი სკოლა პატარაა, მოსწავლეები დასვენებაზე ეზოში გადიან, რადგან ფიზიკურად ვერ იტევს შენობა მოსწავლეთა რაოდენობას, ამიტომ ჩვენთვის ფორმის შემოღების საკითხი პრიორიტეტი არ ყოფილა. ინფრასტრუქტურული პრობლემები უფრო გვაწუხებს.
თეიმურაზ ჭაბუკიანი, წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას, რადგან ვფიქრობ, რომ სასკოლო ფორმა სკოლაში წესრიგისა და თანასწორობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. ერთიანი ფორმა ამცირებს მოსწავლეებს შორის გარეგნობით გამოწვეულ განსხვავებებს.
ერეკლე ჯიქია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი:
ცუდი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით სოფლის სკოლებისთვის, სადაც უფრო მეტად ჩანან ის მოსწავლეები, რომლებსაც უფრო კარგად შეიძლება ეცვათ. სასკოლო ფორმა ამ უთანასწობას აღმოფხვრის, თუმცა თუ ბავშვმა წიგნი არ აიღო ხელში და არ იმეცადინა, ფორმით განათლების ხარისხი არ გაიზრდება.
ლია ბუთლიაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ამ ინიციატივას მივესალმები, ვფიქრობ დიდი ხნის წინ უნდა მიეღოთ ეს ცვლილება. რამდენადაც მე ვიცი მშობლებსაც ძალიან მოსწონთ, ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც მქონდა კომუნიკაცია მათთვის მისაღებია ეს სიახლე. რაც შეეხებათ მოსწავლეებს - დაბალ კლასებში მარტივია ცვლილებებთან შეგუება, უფროს კლასელებთან უფრო გაგვიჭირდებოდა და მათთვის უფრო რთული მისაღები იქნებოდა, რადგან არ არიან შეჩვეულები, მაგრამ ვინაიდან დაბალი კლასებიდან იწყება ფორმების შემოღება ვფქირობ ამ ბავშვებს უკვე აღარც მაღალ კლასებში ექნებათ უკმაყოფილების გრძნობა, ეცოდინებათ რომ ფორმა სავალდებულოა და ეს მათში პროტესტს არ გამოიწვევს.
გულო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის დირექტორი:
მივესალმებით და ძალიან გვიხარია ეს სიახლე. ვფიქრობ, სკოლა დაიბრუნებს იერსახეს, ერთ ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები ვიზუალურადაც ძალიან კარგი სანახავია, მართალია, ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მაგრამ მაინც. მშობლებსაც მოსწონთ, უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს.
თეა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
მიმაჩნია, რომ სასკოლო ფორმები სკოლას კიდევ უფრო დისციპლინირებულს გახდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოსწავლეებთან ვიზუალზე პრობლემა არ გვაქვს, ინიციატივას მივესალმები. ალბათ ქალაქის სკოლებში უფრო არის ჩაცმის და ვიზუალის პრობლემა, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხი აქტუალური არ არის. ჩვენი მოსწავლეები ისედაც იცავენ შინაგანაწესს და ყოველთვის მოწესრიგებულები და შესაბამისი ვიზუალით დადიან სკოლაში. ამასთან, ვფიქრობ, თუ სამომავლოდ ყველა საფეხური დაიფარება და პირველიდან ბოლო კლასალმდე სავალდებულო იქნება ფორმა, ძალიან კარგი იქნება. უკმაყოფილობა ან უარყოფითი შეფასება არც მშობლების მხრიდან მომისმენია, მათთვისაც მისაღებია ეს ვალდებულება.
გიორგი ჭიღლაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, სასკოლო ფორმა სკოლაში წესრიგსა და დისციპლინას ამყარებს. როდესაც ყველა მოსწავლეს ერთნაირი ფორმა აცვია, ისინი უფრო თანასწორად გრძნობენ თავს და ნაკლებად ჩნდება განსხვავება ტანსაცმლის გამო ერთმანეთის განხილვა. გარდა ამისა, ფორმა ეხმარება მოსწავლეებს, რომ ყურადღება უფრო სწავლაზე გაამახვილონ. სიმართლე გითხრათ მშობლებსაც ჰქონდათ ფორმების შემოღების სურვილი, ამიტომაც ყველა მოხარულია.
ნარგიზ სამხარაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვეთანხმები ინიციატივას და ვფიქრობ, რომ სასკოლო ფორმის სავალდებულოდ შემოღება სწორი გადაწყვეტილებაა. ფორმა ხელს უწყობს სკოლის გარემოში წესრიგისა და ერთიანობის შექმნას. როდესაც ყველა მოსწავლე ერთნაირად არის ჩაცმული, ნაკლებად ჩნდება კონკურენცია ტანსაცმლის გამო. ეს კი ეხმარება მოსწავლეებს, რომ მეტი ყურადღება სწავლასა და განვითარებაზე გადაიტანონ.
ბეგლარ არჯევანიძე, ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
კონსერვატორი ადამიანი ვარ და ჩემთვის სასკოლო ფორმის შემოღება მისასალმებელია. სადა და ერთნაირად შემოსილი მოსწავლეები ქმნიან უფრო მოწესრიგებულ და სერიოზულ სასწავლო გარემოს. ასეთ პირობებში ყურადღება ნაკლებად გადადის გარეგნობაზე და უფრო მეტად სწავლაზეა მიმართული. ვფიქრობ, რომ სასკოლო ფორმა ასევე აძლიერებს ერთიანობისა და თანასწორობის შეგრძნებას მოსწავლეებს შორის. მაღალ კლასებშიც თუ სავალდებულო გახდება, ძალიან კარგი იქნება.
ინა ბიწაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი:
მივესალმები ინიციატივას, ფორმა სასწავლო პროცესს ალამაზებს, რადგან ის ქმნის მოწესრიგებულ და სერიოზულ გარემოს სკოლაში. როდესაც მოსწავლეები ერთნაირად და სადად არიან შემოსილნი, სკოლა უფრო მოწესრიგებულად და კულტურულად გამოიყურება. ვფიქრობ, უფრო ადრეც უნდა შემოეღოთ ეს წესი.
ლიანა ერგემლიძე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან მოხარული ვარ რომ სასკოლო ფორმა სავალდებულო ხდება. სიმართლე გითხრათ, მე უფრო ადრეც მინდოდა, თუმცა მშობლების ნაწილი არ იყო თანახმა და ამიტომ არ შემოგვიღია. ახლა კი, კანონით ხდება სავალდებულო, რაც ნამდვილად მისასალმებელია. მოსწავლეს უხდება ფორმა, სასწავლო პროცესსაც უფრო სასიამოვნოს და მოწესრიგებულს ხდის, როდესაც ბავშვები სკოლის შესაფერისი ვიზუალით არიან გაკვეთილზე. ამიტომაც, კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ ჩემს მოწონებას ამ ცვლილების მიმართ.
ლელა კირვალიძე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ფორმა სასწავლო პროცესს ალამაზებს და სკოლას ნამდვილ სასწავლო სივრცედ აქცევს. ერთნაირად ჩაცმული მოსწავლეები ქმნიან წესრიგისა და პასუხისმგებლობის ატმოსფეროს. სასკოლო ფორმის სავალდებულოდ შემოღება ძალიან სწორი და საჭირო გადაწყვეტილებაა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში
etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი საუბრობს იმ უნარებსა და გარემოებებზე, რომლებიც მოსწავლის წარმატების საფუძველს ქმნის
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს
კონკურსის პირველი ეტაპი სკოლაში 7-8 მარტს გაიმართა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ზოია ნაზარიანი პასუხობს
როგორ აფასებენ სასკოლო ფორმების დაწესებას დირექტორები