მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოემბერი იწურება, ჯადოსნური ახალი წლის დღესასწაულამდე სულ ცოტა დრო რჩება, სკოლებში კი უკვე დაიწყო დიდი ჟრიამული - ეს ის დროა, როცა ბავშვების ფანტაზია და შემოქმედებითი ენერგია უშრეტია, სასკოლო სივრცე ნელ-ნელა ზღაპრულ სამყაროს ემსგავსება, სადაც ყოველ კუთხეს ფერადი ქაღალდის ფიფქები, ბავშვების ხელნაკეთი რეკვიზიტები ამშვენებს და გვახსენებს, რომ მალე ახალი წელი შემობრძანდება. ამ დროს, სასკოლო საზოგადოება ერთიანდება და იმ საახალწლო ზღაპრის ნაწილად იქცევა, რომელიც ყოველი წლის დასასრულს სკოლის ახალ, დაუვიწყარ ისტორიას ჰყვება.
როგორია წინასაახალწლო სამზადისი სკოლებში, რა ტრადიციული ღონისძიებები იმართება და როდის ირთვება სკოლის მთავარი ნაძვის ხე? - ამ თემებზე Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ.
ნაზო ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში უკვე დაწყებულია წინასაახალწლო სამზადისი, საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან. ჩვენი საახალწლო ღონისძიება ძირითადად გასართობი ხასიათის იქნება, ყოველ წელს გვაქვს შეჯიბრი კლასებს შორის - რომელი უკეთ მორთავს ოთახს. რაც შეეხება სკოლის მორთვასა და მთავარი ნაძვის ხის აწყობას, ამაზე ზრუნვას დეკემბრიდან დავიწყებთ.
ინგა ბერიძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის, დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ტრადიციულად, არდადეგებამდე ვატარებთ საახალწლო ღონისძიებას, რაშიც ყველა კლასი ერთვება. ღონისძიება გაჯერებულია შემოქმედებითი ნომრებით, ინსცენირებებით, იუმორისტული წარმოდგენებითა და თამაშებით. საორგანიზაციო საკითხებში განსაკუთრებით აქტიურობს მოსწავლეთა თვითმმართველობა. საახალწლო ჟრიამულს დეკემბრის პირველივე კვირიდან ვიწყებთ, ვრთავთ სასკოლო სივრცეს და საზეიმოდ ვაწყობთ მთავარ ნაძვის ხეს.
თამილა მეგრელი, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი:
როგორც კი შემოდგომის ზეიმი ჩავატარეთ, დავიწყეთ ფიქრი საახალწლო ღონისძიებაზე, უკვე გაწერილი გვაქვს პროგრამა და ბავშვებმაც იციან რა უნდა გააკეთონ. ტრადიციულად, ამ დროს ვმართავთ კონკურსს, ბავშვები თავიანთი ხელით ქმნიან ნაძვის ხეებს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგენენ, ჟიური კი, საუკეთესოს გამოარჩევს, ნამუშევრის ავტორს კი, სიმბოლური საჩუქარი გადაეცემა. წამახალისებელ საჩუქრებს ყველა მოსწავლეს ვჩუქნით, ამის მერე უკვე საერთო სასკოლო ღონისძიება იმართება. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა ყველა კლასს თავად მოსწავლეები, კლასში მხოლოდ ერთიც რომ იყოს, თავად რთავენ.
მურმან ზაქარაძე, თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის, ხარაულის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ უკვე დავიწყეთ სამზადისი, სკოლაში შექმნილია ჯგუფი, რომელიც აორგანიზებს საახალწლო ღონისძიებას. უკვე საქმის კურსში არიან კლასის ხელმძღვანელები, მოსწავლეები ამზადებენ ლექსებს, მუსიკალურ თუ ქორეოგრაფიულ ნომრებს ... ტრადიციულად საახალწლო ღონისძიებას 30 რიცხვში ვმართავთ, ნაძვის ხეს კი 25-ში საზეიმოდ ვაწყობთ.
ასმათ ხაბულიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი:
დეკემბრიდან დავიწყებთ საახალწლო სამზადისს, ყოველ წელს ვმართავთ პატარა ღონისძიებას, მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, სულ 9 მოსწავლე გვყავს და სამწუხაროდ, მასშტაბურ ზეიმებს ვერ ვაწყობთ, მაგრამ მოსწავლეთა ჩართულობა ყოველ წელს ძალიან მაღალია და ხალისით ერთვებიან. 15 დეკემბრიდან ნაძვის ხის მორთვასაც ვგეგმავთ, სკოლასაც სადღესასწაულოდ გავალამაზებთ.
მარინა ხვედელიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ უკვე დავიწყეთ საახალწლო სამზადისი, ვრთავთ კლასებს, სათამაშოებით, ფიფქებით, თოვლის ბაბუებით… 17 დეკემბრამდე ავაწყობთ სკოლის მთავარ ნაძვის ხეს, 25 დეკემბრისთვის კი ვგეგმავთ საახალწლო ღონისძიებასაც, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ერთვებიან, უკვე დაიწყეს საინტერესო ნომრების მომზადება. ღონისძიების ბოლოს კი, ბავშვები საახალწლო სიმბოლური საჩუქრებითაც დასაჩუქრდებიან. მოსწავლეებს ერთი სული აქვთ როდის მოვა ახალი წელი.
ირმა ფუხაშვილი, თბილისის N48 საჯარო სკოლის დირექტორი:
საახალწლო კარნავალს ვგეგმავთ, ჯერ აქტიური სამუშაოები არ დაგვიწყია, მოვაწყვეთ შეხვედრა, განვიხილეთ სამოქმედო გეგმა და იდეები. თვითმმართველობის ახლად არჩეული თავმჯდომარე ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში. უფროს კლასებში საახალწლო კარნავალის მოწყობას ვაპირებთ, დაწყებითი კლასები კი ინდივიდუალურად მართავენ პატარა ღონისძიებებს. ახლა სკოლაში სარემონტო სამუშაოებია და როგორც კი დასრულდება, ვაპირებთ საზეიმოდ ავაწყოთ სკოლის მთავარი ნაძვის ხეც.
მაია მეგრელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, რგანის საჯარო სკოლის დირექტორი:
დეკემბერი როგორც კი დაიწყება საახალწლო ნაძვის ხეს მოვრთავთ, მართალია ადრეა, თუმცა მინდა რომ მოსწავლეებს სადღესასწაულო სიხარული დიდი ხანი ჰქონდეთ. საახალწლო ღონისძიებას 20 დეკემბრისთვის ვმართავთ. ესეც ცოტა ადრე გამოგვდის, თუმცა მერე დიდი თოვლი მოდის ხოლმე და ეს რიგ პრობლემებს წარმოქმნის. ჩვენმა პედაგოგმა საახალწლო ღონისძიებას ერთგვარი პროექტის სახე მისცა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ზღაპარს დგამენ თეატრალური წარმოდგენის სახით. უფროსკლასელებისთვის აწყობენ აქტივობას - „წარმოაჩინე შენი ნიჭი“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას თავიანთ ნიჭს წარუდგენენ, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს მომზადება ღონისძიებისთვის.
არჩილ სადუნაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის, ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
დეკემბრის პირველი რიცხვებიდან ჩვენს სკოლაში საახალწლო ჟრიამული იწყება. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სკოლის საზეიმოდ მორთვაში. სააქტო დარბაზი არ გვაქვს თუმცა სკოლის ფოიეში, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეები ან ერთიან ან ინდივიდუალურ ღონისძიებებს მართავენ.
ბაგრატ ცუცქირიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის საჯარო სკოლის დირექტორი:
კლასის ხელმძღვანელები უკვე მუშაობენ საახალწლო ღონისძიების დაგეგმვაზე, ბავშვები კი საინტერესო ნომრებს ამზადებენ, რომლითაც აუდიტორიის წინაშე წარდგებიან. საზეიმოდ მოვრთავთ მთავარ ნაძვის ხესაც. მოსწავლეები ყოველ წელს ხალისით ერთვებიან წინასაახალწლო ჟრიამულში, საკლასო ოთახებს მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციებით აწყობენ და რაც მთავარია, განწყობა აქვთ ამაღლებული.
კაკო ანთაძე, წალკის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი:
ვგეგმავთ საახალწლო ღონისძიებას, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთვება. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების მოტივაცია ძალიან მაღალია. საახალწლო ნაძვის ხესაც საზეიმოდ 15 დეკემბრისთვის მოვრთავთ.
ნანა ბაკურიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
ერთი კვირაა რაც ახალ რეაბილიტირებულ სკოლაში გადმოვედით, დღესასწაული ახალ გარემოში მეტად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იქნება. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება, უფროს კლასელები კარნავალს მართავენ ხოლმე, თუმცა ჯერ წინ დიდი დროა და ველით მათ იდეებსაც. ნაძვის ხეს ტრადიციულად ბარბარობას ვდგამდით, ალბათ წელსაც ასე გავაკეთებთ.
ეკა თელაურიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
შემდეგი კვირიდან აქტიურად დაიწყება ჩვენს სკოლაში წინასაახალწლო სამზადისი. დაზუსტებით ვიცი, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები გეგმავენ ღონისძიებას. დეკემბრიდან კი უფრო აქტიურ ფაზაში გადავალთ და დავგეგმავთ მრავალფეროვან აქტივობებს.
ნელი ტერტერაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ტრადიციულად, საახალწლოდ მრავალფეროვან ღონისძიებას ვმართავთ, სადაც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ჟრიამულით ერთვებიან, კოსტიუმირებული ბავშვები თეატრალურ წარმოდგენებს დგამენ და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობენ.
სკოლის მორთვასაც დეკემბრის პირველი რიცხვებში ვიწყებთ, სკოლის მთავარ ნაძვის ხეს კი, მე-12 კლასელებს ვაწყობინებთ.
თამარ ხუბაშვილი, თბილისის N115 საჯარო სკოლის დირექტორი:
დეკემბრის პირველ პარასკევს (წელს 7 დეკემბერს), ტრადიციულად, თვითმმართველობის წევრი მოსწავლეები ააწყობენ სამ მეტრიან ახლად შეძენილ ნაძვის ხეს. ისინი მაქსიმალურად ზრუნავენ სასკოლო გარემოში შექმნან საახალწლო, ამაღლებული განწყობა. 10 დეკემბერს ჩავრთავთ განათებას, მოსწავლეები გადაიღებენ ფოტოებს.
დაწყებითი კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში საახალწლო ღონისძიებებს აწყობენ 25 დეკემბერს, ხოლო უფროსკლასელები 27 დეკემბერს გამართავენ კარნავალს.
ეთერ წინწალაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ბირკიანის საჯარო სკოლის დირექტორი:
უკვე დაიწყეს მოსწავლეებმა კლასის მორთვა. დეკემბრის ბოლოსკენ გვექნება მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლეები ჩაერთვებიან. საორგანიზაციო საკითხებში განსაკუთრებით კლასების ხელმძღვანელები და მუსიკის პედაგოგია ჩართული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები
სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები