ჰეროსტრატე ეფესოს მკვიდრი ბერძენი იყო. მან ძვ.წ.აღ. 356 წელს ცეცხლი წაუკიდა და დაწვა მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი - არტემიდე ეფესოელის ტაძარი.
დაკითხვაზე მან აღიარა, რომ ეს ვანდალური საქციელი ჩაიდინა იმის გამო, რომ თავისი სახელი შთამომავლებს ხსომებოდათ. იგი სიკვდილით დასაჯეს და ბოროტმოქმედის სახელის ხსენებაც კი აკრძალეს. შემდგომში გამოთქმები: ''ჰეროსტრატეს დიდება'', ''ჰეროსტრატეს დიდების მოხვეჭა'' ფრთიან გამონათქვამებად იქცა და აღნიშნავს სამარცხვინო, უარყოფითი შედეგის მომტანი, ეპატაჟური საქციელის მხოლოდ იმ მოტივით ჩადენას, რომ ჩამდენი მომდევნო თაობებს დაამახსოვრდეთ და იგი ისტორიაში ამგვარად შევიდეს.