სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

როგორ ამოვიცნოთ შვილში მოძალადე - საგანგებო გაფრთხილება მშობლებს
17-11-2018
-
+


ბულინგს ანუ ჩაგვრას, რომელიც თანამედროვე სკოლების თანმდევ სენად იქცა, აგრესორი ბავშვები ახორციელებენ. ისინი, როგორც წესი, მუდმივად ცდილობენ თანატოლებთან ურთიერთობისას თავიანთი უპირატესობა და ძალა გამოამჟღავნონ და პრობლემების გადაჭრის დროსაც ძალისმიერ ირჩევენ.

როგორ ყალიბდებიან ბავშვები აგრესორებად და როგორ შეიძლება თანატოლებს შორის დაპირისპირებების აცილება, რომელიც ხანდახან ფატალურადაც კი მთავრდება? Etaloni.ge-ს ამ კითხვებზე ფსიქოლოგმა ნინო კომახიძემ უპასუხა.

– როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ბავშვი მოძალადე, ან როგორ  დავიცვათ ჩვენი შვილი, რომ მოძალადე არ გახდეს?

– როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვი ხშირად ავლენს აგრესიას სხვა ბავშვების ან ცხოველების მიმართ, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს. ანუ შინაგანად ფსიქოპათური ტიპია და გარკვეული შინაგანი პრობლემები აქვს, თუ ის იზრდება ისეთ გარემოში, სადაც ძალადობას ხედავს ან მის მიმართ ახორციელებს ვინმე. მშობელი უნდა დაფიქრდეს, თავად ხომ არ აქვს რაიმე შეცდომა დაშვებული აღზრდის პროცესში.

– რა შეიძლება ჩაითვალოს მშობლის შეცდომად?

– მაგალითად, ხშირი დასჯა, ხშირი აკრძალვები, ასევე, აგრესიული და დაძაბული ფონი ოჯახში. აღზრდის გაწერილი მეთოდები არ არსებობს, არსებობს ზოგადი პრინციპები და ეს პრინციპები ინდივიდუალურად უნდა მოარგოს მშობელმა ბავშვს.

არსებობს ფსიქოპათური ხაზი, როდესაც ბავშვი უფრო მეტად არის მიდრეკილი აგრესიისკენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად აგრესორად ჩამოყალიბდება. თუ სწორად გავზრდით, ეს აგრესია, როგორც ენერგეტიკა, შეგვიძლია ვმართოთ, როგორც, მაგალითად, მიზანდასახულობა და არ გამოვლინდეს ძალადობად სხვების მიმართ. საუბარია აღზრდასა და მართვაზე.

– როგორია ფსიქოლოგის რჩევები ასეთი ბავშვების მშობლების მიმართ?

– არ არსებობს რჩევა, რომელიც ყველას ერგება იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ინდივიდუალურები ვართ. მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ შვილების მიმართ. თუ მშობელი ხვდება, რომ ბოლომდე ვერ ერკვევა შვილის ქცევებში, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. ბევრი კარგი ფსიქოლოგი გვყავს, რომლებიც დაეხმარებიან პრობლემის გააზრებაში და მოგვარებაში.

– ალბათ, მშობელზე მეტად მასწავლებელი ამჩნევს, არის თუ არა ბავშვი მოძალადე...

– დიახ, და ეს სამკუთხედია მნიშვნელოვანი – მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი. ასეთ ბავშვთან უნდა იმუშაონ სკოლის ფსიქოლოგებმა და მასწავლებლებმა. ნება და სურვილი თუ იქნება, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

– რეალობაში რაც ხდება სკოლებში, იმის მანიშნებელია, რომ მსგავსი სამუშაო არ ტარდება?

– დიახ და ეს თვალნათლივ ჩანს, ამ მხრივ ბევრი პრობლემაა სკოლებში და ბევრი რამაა გამოსასწორებელი. მეტი თანამშრომლობაა საჭირო ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის. ბულინგი ახალი შემოსული სიტყვაა, თორემ ეს პრობლემა სულ იყო და სულ იქნება. კარგად განვითარებულ და თითქოს უპრობლემო სკოლებშიც დგას იგივე პრობლემა, მაგრამ აქ არის საუბარი რაოდენობაზე. ბულინგი არ უნდა გვხვდებოდეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ამის მინიმუმამდე დაყვანას უნდა ვეცადოთ და ამისთვის არის სერიოზული სამუშაოები ჩასატარებელი.

– ალბათ არიან მშობლები, რომლებსაც მოსწონთ კიდეც, რომ მათი შვილი თავს არავის აჩაგვრინებს და პირიქით, ჩაგრავს კიდეც სხვას. ასეთი ბავშვი ტიპურ მოძალადედ ყალიბდება?

– დიახ, არსებობენ ასეთი მშობლები. ზოგს ჰგონია, რომ თუ მისი შვილი სხვების მიმართ ზედმეტ აგრესიას გამოხატავს, ის არის ძლიერი. ძალიან რთულია ამაში ჩარევა. ასეთ დროს სკოლამ უნდა იმუშაოს და ბავშვს აჩვენოს, რომ სიძლიერე შეიძლება არაძალადობრივად, სხვა მხრივაც გამოხატოს. ტიპურ მოძალადედ ჩამოყალიბდება თუ არა, ვერ ვიტყვით. შეიძლება სკოლაში და სახლში ვერ აცნობიერებდეს ამას, მაგრამ ისეთ მეგობრების წრეში მოხვდეს, სადაც დაინახავს, რომ ძალადობა არ არის თვითდამკვიდრების ერთადერთი გზა. გარდატეხის ასაკში, 12–13 წლიდან, ბავშვისთვის პრიორიტეტი არის მეგობრები, და არა მასწავლებლები და მშობლები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლამ და მშობლებმა იზრუნონ იმაზე, რომ ბავშვი მოხვდეს ჯანსაღ გარემოში – ატარონ სპორტზე ან ხელოვნების წრეზე, რომ იქ ხარჯავდეს მოზღვავებულ ენერგიას. გარდატეხის ასაკის ერთ-ერთი სიმპტომი სწორედ მოზღვავებული ენერგიაა, რომელიც თუ არ განიმუხტა, აუცილებლად გადავა ძალადობაში. ეს ენერგეტიკა, რომელიც სიძლიერის გამო ხშირად აგრესიულიცაა, თუ სპორტში დაიხარჯება, ძალიან კარგი იქნება.

– მშობლებისთვის პრიორიტეტული ალბათ მაინც ის არის, რომ ვინმემ არ დაჩაგროს მისი შვილი...

– ვერ იპოვით ვერც ერთ მშობელს, რომელსაც უნდა, მისი შვილი დაჩაგრონ. მთავარია, როგორ ვასწავლით ბავშვს, არ დაიჩაგროს თავი. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა არის ჩაგვრა და ვინც ჩაგრავს, რატომ სჩადის ასეთ რამეს. ანუ ვინც ჩაგრავს, იმასაც რომ არ აქვს კარგად საქმე, ეს უნდა იცოდეს ყველა ბავშვმა. ბავშვს მშობელმა აუცილებლად უნდა ასწავლოს უარის თქმა – როცა რაღაც არ მოსწონს და არ უნდა, მან უნდა შეძლოს „არა“–ს თქმა. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, რაც მოსწონს, ის აკეთოს. რასაკვირველია, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს, რისი საშუალებაც აქვს, იმით დაეხმაროს ბავშვს განვითარებაში.

ხშირად დაჩაგვრის ობიექტები სხვებისგან განსხვავებული ბავშვები ხდებიან, მაგალითად, გარეგნული ნიშნით. დასცინიან მაგალითად მას, ვინც წონაში ცოტა მეტია. ჯგუფურად აიტაცებენ ხოლმე ბავშვები ამ თემას და ასე იმიტომ იქცევიან, რომ თვითონ განმტკიცდნენ.

– დაჩაგრული ბავშვი ალბათ, მერე თავადაც შეიძლება იქცეს მოძალადედ...

– დიახ, ხშირად ბავშვი, რომელსაც სახლში ჩაგრავენ, გარეთ ხდება მოძალადე და ამის მაგალითებიც არსებობს...

– მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ზოგ ბავშვს შენიშვნას ვერ ეუბნებიან, რადგან მათი გავლენიანი მშობლები სამსახურს დაატოვებინებენ. სადაა გამოსავალი?

– ასეთი გარემო აუცილებლად იწვევს არასამართლიანობის განცდას. ეს განცდა კი ყოველთვის და, მით უმეტეს, გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება. ეს უკვე სისტემის პრობლემაა, სისტემური პრობლემის აღმოფხვრას კი ყველა მხრიდან დიდი მუშაობა სჭირდება.

სკოლაში ვმუშაობდი, როცა ერთ კლასში ასეთი ამბავი მოხდა: ერთი ბავშვი გარიყული ჰყავდა მთელ კლასს და მას დასცინოდნენ, დათრგუნულ მდგომარეობაში ამყოფებდნენ. ჯგუფში იყო ორი ლიდერი, რომლებიც ამ ყველაფერს ხელს უწყობდნენ. მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად დავგეგმეთ მთელი რიგი ღონისძიებები, სადაც გარიყული და ის ორი ლიდერი ბავშვი ვათანამშრომლეთ და ამის მერე, მათ შორის მეგობრული ურთიერთობები გაჩნდა, რადგან საერთო მიზანი ჰქონდათ, ჯგუფურად უნდა გაეკეთებინათ რაღაცები. ასე მოგვარდა პრობლემა.

ყველა მშობელს მინდა ვუთხრა, რომ ბავშვის აღზრდა დიდი შრომაა, რომელიც მოითხოვს ცოდნას, ნებისყოფასა და მოთმინებას, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში.

– ადამიანის სულიერება გარდატეხის ასაკში ყალიბდება? ანუ როგორიც ამ ასაკიდან გამოხვალ, ისეთი რჩები?

– მთავარი ნიშნები 4–5 წლის ასაკში ყალიბდება. მერე კი, გარდატეხის ასაკში, ხდება ქცევების კორექცია. თუ გარდატეხის ასაკში ბავშვი მოძალადეა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება მოძალადეს დარჩება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება