სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვება საუკეთესო შეგრძნება იყო“- წყალტუბოს, სენაკისა და გარდაბნის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
24-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებული მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ერთვებიან. მათ იციან, რომ ტრადიციადქცეულ კონკურსში ცოდნის გამოვლენა და დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის წყალტუბოს, სენაკისა და გარდაბნის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤„წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დათო აფხაძე

➤„სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ზანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამი შურღაია

➤ „გარდაბნის მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - კუმისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ცოტნე ღარიბაშვილი

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და „ეტალონი მოსწავლეები“ ესაუბრნენ.

გიორგი ბენიძე, მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლების აკადემიური დონე, ყოველთვის გვიჩენს იმის მოლოდინს, რომ ჩვენი მოსწავლეები არამარტო „ეტალონში“, არამედ ნებისმიერ საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებულები იქნებიან. ჩვენს სკოლას ახლა ზედიზედ მეორე წყალტუბოს „ეტალონი მოსწავლე“ ჰყავს. მთლიანობაში კი, წლების განმავლობაში, ეს ტიტული ჩვენმა 3-მა მოსწავლემ მოიპოვა.
რასაკვირველია, სკოლისთვის ნებისმიერი წარმატება მნიშვნელოვანია. ამ დროს ცნობადობაც იზრდება, რაც საზოგადოების დაინტერესებას იწვევს. ასევე, ნებისმიერი წარმატება მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულია, ეს სკოლისთვის ერთგვარი რეკლამა და იმის წარმოჩენაა, თუ რას ვაკეთებთ სასკოლო სივრცეში.
რაც შეეხება გამარჯვებულ მოსწავლეს, დათო აფხაძე „ეტალონში“ შარშანაც მონაწილეობდა, წარმატებული მოსწავლეა. აღსანიშნავია, რომ ის სხვადასხვა პროექტის აქტიური მონაწილეა, ყოჩაღი და მოტივირებული მოსწავლეა.

მარინა ღურჭუმალიძე, მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი:


ვფიქრობ, რომ მსგავსი კონკურსები ყველა სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული დათო აფხაძემ მოიპოვა, ძალიან ამაყები და გახარებულები ვიყავით. ამ სიხარულს, მთელი სასკოლო საზოგადოება, პედაგოგები, მოსწავლეები და ოჯახი იზიარებს. აღსანიშნავია, რომ შარშანაც ჩვენი სკოლის მოსწავლემ მიაღწია ამ წარმატებას. რაც შეეხება თავად, დათო აფხაძეს, საკმაოდ ნიჭიერი, მშვიდი, შრომისმოყვარე, მოტივირებული მოსწავლეა, მედლის კანდიდატიცაა. მისი თვისებებიდან გამომდინარე, ველოდი, რომ „ეტალონში“ წარმატებას მიაღწევდა. ფინალს რაც შეეხება, მისი ნიჭიერებისა და ნაკითხობის იმედი გვაქვს. იმედია, ხელს არაფერი შეუშლის.

დათო აფხაძე, წყალტუბოს „ეტალონი მოსწავლე“:

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნო, რომ ამ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი. „ეტალონში“ მე და ჩემი კლასელები შარშანაც ვმონაწილეობდით, მაშინ მეორე ადგილზე გავედი და წელს საკუთარი შედეგი გავაუმჯობესე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი კარგი პროექტია და მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ტარდება. შარშან პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე მე და ჩემი კლასელები გავედით, რაც ყველაზე დიდი მოტივაცია იყო იმისა, რომ „ეტალონში“ წელსაც ჩავრთულიყავი. კონკურსისთვის განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ. მარტივი კითხვები ნამდვილად არ იყო, ყველა საგანს მოიცავდა და ცოდნას მოითხოვდა. რაც შეეხება ფინალს, ეს დიდი გამოწვევაა და ამისთვის აუცილებლად მოვემზადები.

რომან კვაშილავა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეების წარმატება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, როდესაც ისინი შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. საამაყოა, რომ მუნიციპალიტეტში გამორჩეული მოსწავლე გვყავს. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ჩვენ დიდი ხანია, რაც ვთანამშრომლობთ. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს მხოლოდ მივესალმებით. ეს კონკურსი, ერთდროულად, ცოდნის გამოვლენისა და გაღრმავების საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლა სოფელშია, ბევრი მოსწავლე არ გვყავს, თუმცა ვინც გვყავს, ისინი „ეტალონში“ მაქსიმალურად აქტიურად ერთვებიან, დაინტერესებულები არიან.


მარიამ შურღაია, სენაკის „ეტალონი მოსწავლე“:

როდესაც გავიგე, რომ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოვიპოვე, ძალიან გამიხარდა, აღფრთოვანებული ვიყავი, ეს საუკეთესო შეგრძნება იყო. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველ ადგილს დავიკავებდი. კონკურსის ფორმატი მომეწონა, კითხვები ძალიან საინტერესო იყო, ზოგიერთ მათგანზე პასუხის გაცემა ცოტა გამიჭირდა. ჩემთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია.
ფინალს რაც შეეხება, ნამდვილად დიდი მოლოდინები მაქვს.

ლელა ქობულაძე, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გამარჯვებული ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ცოტნე ღარიბაშვილია. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა სკოლას ასეთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მრავალმხრივი ინტელექტისა და ცოდნის წყალობით, ცოტნე დამსახურებულად აღმოჩნდა ღირსეულთა შორის. პროექტში მონაწილეობას თითოეული მოსწავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასეთი პროექტები წვრთნის მოსწავლის გონებას, აფასებს მის შესაძლებლობებს, აძლევს სტიმულს განვითარებისთვის.
სკოლისთვისაც განსაკუთრებით საამაყოა ცოტნე ღარიბაშვილის მსგავსი მოსწავლეების წარმატება. ასეთები ხომ მოტივაციის ამაღლების წყაროდ იქცევიან სხვებისთვის. სკოლაში კი ჯანსაღი აზრის  ჩამოყალიბებისა და განვითარების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენენ.
სკოლის დირექცია ულოცავს ცოტნე ღარიბაშვილს ამ წარმატებას. ვიმედოვნებთ, რომ გონიერი და განათლებული ახალგაზრდები კვლავ გაგვახარებენ თავიანთი მიღწევებით.

ნინო ხოსიტაშვილი, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო კონკურსია, მასში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მათ სხვადასხვა საგანში ძალები მოსინჯეს და გააცნობიერეს, თუ რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. აღსანიშნავია, რომ ძალიან მოტივირებულები იყვნენ. პირველ ეტაპში სიგელის მოპოვება და მეორე ეტაპზე გადასვლა მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მოსწავლეები ყველა მასწავლებელს უკავშირდებიან იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ, რათა მომავალ წელს თითოეულმა მათგანმა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს.
„ეტალონი მოსწავლის“ ყოლა სკოლისთვის უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება თავად ცოტნე ღარიბაშვილს, ის ძალიან მოწესრიგებული, მოტივირებული მოსწავლეა, საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა, რისთვისაც ლეპტოპიც გადაეცა. ფინალისთვის სამზადისში მთელი სკოლა აქტიურად ვმონაწილეობთ, რათა ჩვენმა მოსწავლემ წარმატებას მიაღწიოს. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ინიციატორებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

ცოტნე ღარიბაშვილი, გარდაბნის „ეტალონი მოსწავლე“: 

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს მოვიპოვებდი. კონკურსში მონაწილეობისთვის, გარკვეულწილად, მოვემზადე - ინტერნეტის საშუალებით, ზოგად განათლებასთან დაკავშირებული ტესტები შევასრულე. როდესაც გავიგე, რომ პირველი ადგილი დავიკავე რა თქმა უნდა, გამიხარდა. რაც შეეხება ფინალს, შეძლებისდაგვარად, მოვემზადები. ჯერჯერობით, მოლოდინებზე ვერ ვისაუბრებ.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვის მოუწევს დამატებით შიდა გამოცდის ჩაბარება და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ პედაგოგობის მსურველებმა

რომელი კლასების მოსწავლეები გაივლიან ტესტს - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება