სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„მშობლების წყალობით შევიყვარე პროფესია და ვისწავლე ბავშვების უპირობო სიყვარული“ - ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მაკარიძე
02-08-2023
-
+


მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლას, წლებია სათავეში დირექტორი ლალი მაკარიძე უდგას. მართალია, მისთვის დირექტორობა არასდროს ყოფილა საოცნებო თანამდებობა, თუმცა სურვილმა - განათლებული საზოგადოების ფორმირებაში თავისი კვალი დატოვოს, უბიძგა თავად აეღო ხელში სადავეები და მიზნის მისაღწევად სკოლის ხელმძღვანელი გამხდარიყო.

ლალი მაკარიძე დირექტორობასთან ერთად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და კარგად იცნობს პედაგოგთა პრობლემებს, ხშირად სამყაროს ბავშვური წარმოსახვებით უყურებს და ზოგისთვის მეორე დედის როლსაც ასრულებს. როგორც თავად გვეუბნება, მისთვის მნიშვნელოვანია, შექმნას ისეთი გარემო, რომ მოსწავლეებსა და პედაგოგებს უხაროდეთ სკოლის კარის შეღება.

დირექტორი Etaloni.ge-სთან საუბრობს, თუ რა გამოწვევაა სკოლის ლიდერობა, რა სამი მთავარი საკითხია გადასაჭრელი განათლების სისტემაში და საერთოდ, რა მიზნით მოღვაწეობს ამ სფეროში.  

- რატომ დაუკავშირეთ თქვენი პროფესიული ცხოვრება განათლების სფეროს?

- ეს ძალიან გაუცნობიერებლად მოხდა. დედაც და მამაც პედაგოგები მყავდნენ, ჩემი უფროსი დის არჩევანიც ეს სფერო იყო, გამომდინარე აქედან, ბავშვობიდანვე, თითქოს გადაწყვეტილი მქონდა, რომ პედაგოგი უნდა გამოვსულიყავი. როცა ვთამაშობდით, მაშინაც კი, მასწავლებლის როლს ვირგებდი. ჩემთვის მასწავლებლების სამყარო ძალიან ახლო, შინაური, თბილი და საპასუხისმგებლო იყო, როცა გავიზარდე ჩემ ბავშვურ ოცნებებს ფრთები შევასხი და ასე გავხდი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. რაც შეეხება დირექტორობას, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ოცნება იყო, თუმცა მამაჩემი 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა სკოლაში დირექტორად მუშაობდა და ამას ყოველთვის სიამაყით ვაცხადებ, ასევე დიდი პატივისცემით იხსენებენ მას ყოფილი მოსწავლეები და პედკოლექტივი, ეს მაძლევდა მოტივაციას. ჩემთვის ეს თანამდებობა, პირველ რიგში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა!

- ქალბატონო ლალი, თქვენი პროფესიული არჩევანი თქვენმა ოჯახმა განაპირობა...  ბავშვების მომავალზე გავლენას, ხშირად მშობლების პროფესია ახდენს, თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას და რამდენად ამართლებს ეს მიდგომა?  

- დიდი როლი ენიჭება მშობელს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდან არ იყოს ძალდატანება პროფესიის არჩევისას. თუკი შვილი ოჯახურ გარემოში ხედავს, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება მშობელი თავის საქმეს, რომ მისთვის საინტერესო და სასურველია ეს საქმიანობა და ის მხოლოდ, დადებითი ზეგავლენის ქვეშ ექცევა სხვა საკითხია. ბავშვის მოტყუება ყველაზე რთულია! ის, მთელი გულწრფელობით აღიქვამს რეალობას. ჩემს შემთხვევაშიც სწორედ ასე იყო, მთელი ბავშვობა ვხედავდი, როგორი რუდუნებით ეკიდებოდნენ მშობლები თავიანთ საქმეს, მახსოვს, როგორი დიდი გულისტკივილით განიხილავდნენ, თუ რომელიმე მოსწავლე კონკრეტულ საკითხს ვერ სძლევდა, მათი წყალობით მე შევიყვარე ეს პროფესია და ვისწავლე ბავშვების უპირობო სიყვარული. თუმცა, თუკი სხვა რეალობაა - მშობლებისთვის თავიანთი საქმე ყოველდღიურ, სტრესულ რუტინადაა ქცეული და მაინც შთააგონებს შვილს გაჰყვეს თავის კვალს, ეს ბავშვისთვის ძალიან მძიმე გარემოებაა.

- აღნიშნეთ, რომ დირექტორობა არ ყოფილა თქვენთვის საოცნებო თანამდებობა თუმცა, დღეს სკოლის ხელმძღვანელი ბრძანდებით, რამ განაპირობა ეს და რა პასუხისმგებლობაა თქვენთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორობა?

- როდესაც ხარ ხელმძღვანელი ეს პირველ რიგში არის დიდი პასუხისმგებლობა, არა მარტო ბავშვებისადმი, არამედ მთელი კოლექტივის მიმართ. თუ არ შეგიძლია, რომ აიღო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მთელი გულწრფელობით, მაშინ ნამდვილად ვერ გერქმევა ხელმძღვანელი. ვთვლი, რომ ჯანსაღი სოციუმი არის უპირველესი. მასწავლებელს სკოლაში მოსვლა არ უნდა ეზარებოდეს, უნდა ჰქონდეს კომფორტი, რა თქმა უნდა, მატერიალური კუთხით არ ვგულისხმობ. ჩემი სკოლა ურემონტოა, 1976 წელს გაიხსნა და მას შემდეგ არ გარემონტებულა და ეს ცალკე პრობლემაა, ვგულისხმობ კომფორტულ გარემოს, რომელსაც ჯანსაღი ურთიერთობები ქმნის. ჩვენს სკოლაში არის ასეთი გარემო და ამას ყოველთვის სიამაყით ვაცხადებ.

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და შეიძლება იყოს, რაღაც უთანხმოება, მაგრამ ამის მოგვარებას გონივრულად მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობებს და ამას ყველა ერთად ვაკეთებთ. ვცდილობთ, მოსწავლეებმა ჩვენგან სასარგებლო მაგალითები აიღონ. სურვილმა - ჩემი წვლილი შემეტანა მოსწავლეთა წარმატებული მომავლის განსაზღვრასა და განათლებული თაობის აღზრდაში, განაპირობა ის, რომ დღეს სკოლის დირექტორი ვარ.

- აღნიშნეთ, რომ სკოლა სარემონტოა, რაც არაერთი სკოლის პრობლემაა... როგორ მოქმედებს ეს სწავლის ხარისხზე?

- ჩვენი მუნიციპალიტეტის დეპუტატის მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, წლის ბოლოს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურიდანაც იყვნენ მოსულები და იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით წინ წავიწევით. მოუწესრიგებელი გარემო, რა თქმა უნდა, მოქმედებს სწავლის ხარისხზე, როცა მასწავლებელი გაკვეთილზე იმაზე ფიქრობს, რომ დაფასთან გასულ მოსწავლეს თავში ბათქაში არ დაეცეს, რასაკვირველია სწავლის პროცესს აფერხებს. ჩვენ სკოლაში არ გვაქვს სააქტო დარბაზი, თუმცა ვაწყობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, მაისში. რატომ მაისში? - დარბაზის არქონის გამო, წარმოდგენებს გარე სივრცეში ვმართავთ, ამ დროს თბება და ცოცხლდება ბუნებაც. მინდა აღვნიშნო, რომ უნიკალური ეზო გვაქვს, სადაც ხარობს ბზა, მოგეხსენებათ, რომ კოლხური ბზა ბევრ ადგილას განადგურდა, თუმცა ჩვენ, პედაგოგების ძალისხმევით შევინარჩუნეთ. ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდებოდა, ერთი სააქტო დარბაზი რომ გვქონდეს. მოგეხსენებათ, რომ სწავლების ხარისხზე მხოლოდ სასწავლო პროცესი არ ახდენს გავლენას, მათ მაქსიმალურად მოწესრიგებული გარემო უნდა ჰქონდეთ.

- რეგიონის არაერთ სკოლაშია ინფრასტრუქტურული პრობლემა, ტექნიკის მიმართულებით რა მდგომარეობა გაქვთ? 

- ამ ეტაპზე 10 მოქმედი კომპიუტერი გვაქვს ბავშვებისთვის და აქტიურად ვიყენებთ ამ რესურსს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სკოლა გარკვეულწილად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. რაც შეეხება სკოლის რემონტს, უკვე ეტაპობრივად დაწყებულია ამ პრობლემის გადაჭრა, რა თქმა უნდა, ასე ერთბაშად ყველა სკოლა ვერ გაკეთდება. თუმცა, მგონია, რომ რამდენიმე წელში საგრძნობლად გამოსწორდება ეს მდგომარეობა. მინდა, რომ ჩემს სკოლაში ეს პროცესი მალე დაიწყოს და ბავშვებმა სრულყოფილ გარემოში ისწავლონ. მოგეხსენებათ, რომ სკოლის ავტორიზაციისთვისაც, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გახლავთ.

- ავტორიზაცია ახსენეთ... რა გამოწვევაა ეს სკოლებისთვის და რამდენად მზად ხართ ამისთვის?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია სიახლეებისთვის მზად ყოფნა. არ შეიძლება მუდმივად ძველი მოგვწონდეს და ახლის მიღება არ გვინდოდეს. ვთვლი, რომ სკოლის ავტორიზაცია არის ის, რაც სკოლას უკეთებია, ყველა ამ საქმის თავმოყრა და წარმოჩენა. აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს, რას აკეთებს სკოლა და ეს დოკუმენტებით დადასტურდეს, ეს არ არის ცუდი, თუმცა ძალიან შრომატევადია.

- ქალბატონო ლალი, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ შესაძლებლობა შეცვალოთ 3 რამ განათლების სისტემაში - რას შეცვლიდით?

- დავიწყოთ ინფრასტრუქტურით. მოსწავლეს უნდა უხაროდეს სკოლაში მოსვლა, თუნდაც კარგი ინფრასტრუქტურის გამო. ადრე, ტაძრები ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე იგებოდა და ყველაზე ლამაზი და მაღალი შენობა იყო, ის ყოველთვის პირჯვრის გადაწერის ადგილი არ ყოფილა, იქ ყოველთვის დიდი საქმეები გვარდებოდა, იწერებოდა და ითარგმნებოდა წიგნები, განათლება ტაძრებიდან გადიოდა, ვფიქრობ სკოლაც ასევე უნდა იყოს, ყველაზე მშვენიერი და ლამაზი ნაგებობა დიადი საქმეების საკეთებლად.

აუცილებელია სასკოლო წიგნების გადახედვა, თითქოს კი მიმდინარეობს ეტაპობრივად ხარვეზების აღმოფხვრა, მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია ამ პრობლემის საფუძვლიანად გადაჭრა. მოსწავლის გონებაზე მორგებული სახელმძღვანელოებია აუცილებელი.

და ბოლოს, შრომითი ანაზღაურება. მე მახსოვს, ახალგაზრდობისას რა ენთუზიაზმით მივდიოდი სკოლაში, მხოლოდ სკოლამდე მივსულიყავი ფეხით - ეს იყო აუცილებელი და შემდეგ ყველაფერი ლაგდებოდა, მე მიყვარდა ჩემი საქმე და მხოლოდ ენთუზიაზმზე ვმუშაობდი, არც კი მახსოვდა ხოლმე, რომელი თვის ხელფასს ვიღებდი, მაგრამ ამ რეალობაში ასე აღარაა და რთულია, დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა, მხოლოდ ენთუზიაზმზე, რომ აღარ ვისაუბროთ. მართალია, პედაგოგებს გაეზარდათ ხელფასი, მაგრამ ეს მათი გაწეული შრომის შესაბამისი, მაინც არ არის. ამავდროულად, სკოლის ადმინისტრაციის ხელფასი ძალიან დაბალია, გაგეცინებათ კიდეც 600 ლარია ჩემი ანაზღაურება... მე მიყვარს სკოლა და ის საქმე, რასაც ვემსახურები, მაგრამ თუნდაც ოდნავ მაღალი ანაზღაურება არ იქნებოდა ურიგო.

- სახელმძღვანელოები ახსენეთ... რაშია მთავარი პრობლემა?

- სკოლაში სწავლებისას მხოლოდ სახელმძღვანელოებს არ ვიყენებთ და ხშირად სახელმძღვანელოებში არსებული შეცდომების აღმოფხვრაში სწორედ ეს გვეხმარება და პედაგოგებმა იციან, რა არის სწორი და სად არის დაშვებული შეცდომა. არის სადავო ისტორიის სახელმძღვანელოები და ეს პრობლემაც გადასაჭრელია. მნიშვნელოვანია წიგნები, რომლებმაც ბავშვების ცნობიერებაზე უნდა მოახდინონ ზეგავლენა, მაქსიმალურად უხარვეზო და მათ უნარებზე მორგებული იყოს.

- ანაზღაურების საკითხიც, რომ განვიხილოთ... რაში ხედავთ გამოსავალს და რამდენად სწორია, რომ მასწავლებლების ძირითად ხელფასს, დანამატი სჭარბობს?

- გადაჭრის გზებზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა გეტყვით, რომ მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა ხელფასთან ერთად აიღოს პენსია და ეს ძალიან კარგია. 60 წელი მასწავლებლისთვის არ არის ის ასაკი, რის გამოც სკოლა უნდა დატოვოს. ის, რომ მასწავლებლებისთვის, ძირითად ხელფასზე მეტია დანამატი ვფიქრობ სადაო საკითხია, თუმცა ჩემი სკოლის მაგალითზე, რომ გითხრათ, ამასთან დაკავშირებით პედაგოგებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

- ქალბატონო ლალი, რა არის ის ძირითადი პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდებით მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ურთიერთობისას?

- როგორც აღვნიშნე, სკოლაში გვაქვს საკმაოდ ჯანსაღი გარემო, თუმცა გულისტკივილით მინდა ხაზი გავუსვა ერთ მწვავე საკითხს - ემიგრაციაში წასული დედებს. ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე და მათ ემოციურ ფონზე. როცა დერეფანში გავდივარ და ვხედავ მოსწავლეს, რომელიც მორბის ჩემთან და უცებ შეცბება, ვეღარ ხვდება ჩამეხუტოს თუ არ ჩამეხუტოს, ვგრძნობ, რომ მან ჩემში დედა დაინახა, რა თქმა უნდა, მეც დიდი სიყვარულით ვიკრავ გულში. ვფიქრობ, რომ ხშირად სწორედ ისეთი ბავშვები არიან მეტად გაღიზიანებულები, რომლების დედებიც საზღვარგარეთ არიან წასულები ემიგრაციაში. თუმცა, ყველას გვესმის რომ დედები ამ ნაბიჯს ისევ თავიანთი შვილების გამო დგამენ და არავისთვისაა ეს სასიამოვნო ამბავი... ჩვენ დედის ფუნქციებიც შეთავსებული გვაქვს! და ამას მთელი გულით ვაკეთებთ.

- და ბოლოს, ქალბატონო ლალი, რა არის ის მთავარი მიზანი, რის გამოც მოღვაწეობთ განათლების სფეროში?

- მთავარი მიზანი, ალბათ არის მოსწავლეთა მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა. ვთვლი, რომ ბავშვების სამომავლო მიზნები სწორედ სკოლაში იბადება და მათ უნდა მივცეთ სწორი ორიენტაცია. შეიძლება მოსწავლე ვერ იყოს მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ მასში აუცილებლად იქნება სხვა პოტენციალი, ჩემი მიზანი კი ამის აღმოჩენა და განვითარებაა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება