სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„მოსწავლეები ახლა უფრო გახსნილები არიან“ - ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი ბესიკ დავითაძე
02-03-2023
-
+


ბესიკ დავითაძე უკვე 20 წელია, რაც შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. მისთვის დირექტორობა ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან თავადაც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. ფიქრობს, რომ ხელმძღვანელი პირველ რიგში, სამართლიანი უნდა იყოს. მას მიაჩნია, რომ უშუალო, თანამშრომლობითი და მეგობრული ურთიერთობები როგორც მასწავლებლებთან, ასევე მოსწავლეებთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკოლაში საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვაში.

ხელმძღვანელი მუდმივად ცდილობს პროფესიულ განვითარებას და თავის მასწავლებლებსაც ამას მოუწოდებს. გამოცდებზეც აქტიურად გადის და ახალ გამოწვევებს არასდროს უშინდება.

მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლას ხელმძღვანელობს, მისი მოსწავლეები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სახელმწიფოს დაფინანსებასაც მოიპოვებენ.

მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე, მცირეკონტინგენტიანი სკოლების გამოწვევებსა და სამომავლო გეგმების შესახებ დირექტორი etaloni.ge - ს კითხვებს პასუხობს:

- რას ნიშნავს თქვენთვის დირექტორობა... როგორი უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელი?

- უკვე 20 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ, მანამდე 5 წელი პედაგოგად ვმუშაობდი. აღსანიშნავია, რომ თავად ეს სკოლა დავამთავრე, ამიტომ ეს ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა. თავიდან დირექტორობის ჩანაფიქრი ნამდვილად არ მქონდა, სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი, ვატარებდი ღონისძიებებს, ორგანიზატორი ვიყავი, რასაც დამავალებდა ჩემი დირექტორი არაფერზე ვამბობდი უარს - ეს ჩემი სურვილიც იყო. შემდეგ მაშინდელმა დირექტორმა ჩემი კანდიდატურა წარადგინა... 32 წლის ვიყავი მაშინ... სოფელში მხოლოდ მე ვიყავი ასეთი ახალგაზრდა დირექტორი. თავიდან ეს, რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, მაგრამ ვსწავლობდი და ვცდილობდი სამართლიანად მემუშავა. დირექტორობას ბევრი პასუხისმგებლობა და გამოწვევა ახლავს, მაგრამ უნდა გაუმკლავდე, ხელმძღვანელს ამის უნარი უნდა ჰქონდეს.

- როგორი უნდა იყოს კარგი დირექტორი - როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ბავშვებთან?

- თანამშრომლობითი და უშუალო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან. სამართლიანი უნდა იყოს ყველასთან და ყველა საქმეში. თუ რაიმე პრობლემა ან უთანხმოებაა, სამართლიანად უნდა გადაწყვიტოს.

- თქვენ სკოლაში როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ?

- ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია - 10 მოსწავლე გვყავს სულ. მათ თავადაც ვასწავლი ბუნება-ბიოლოგიას და როგორც მასწავლებელი მათ მეტად ვეცნობი. სამწუხაროდ, ბოლო წლებში სოფელში მიგრაცია გაიზარდა. ახალგაზრდები არ ჩერდებიან, რადგან დასაქმების პრობლემაა და თითქმის არაფერი ხდება. ყველა მიდის ქალაქისკენ, რომ დასაქმდნენ, შესაბამისად ბავშვთა რაოდენობამაც ძალიან იკლო.

- ბატონო ბესიკ, რაში ხედავთ გამოსავალს?

- ეს ცოტა რთული საკითხია... რა უნდა შეიცვალოს სოფელში, სახელმწიფომ ისეთი რა უნდა გააკეთოს, რომ ახალგაზრდობა დაბრუნდეს, ვერ წარმომიდგენია. პირველ რიგში, ალბათ სამუშაო ადგილებით უნდა დაიწყოს. მე თვითონ 2 შვილი მყავს და ისინიც ქალაქში წავიდნენ. რა პირობა უნდა მისცე ახალგაზრდებს, რომ დაბრუნდნენ სოფელში... ალბათ, ისევ და ისევ სამუშაო ადგილებით უნდა უზრუნველყონ. 

- კმაყოფილი ხართ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით?

- უმრავლესობა მაინც ცდილობს, საგაკვეთილო პროცესს თავი ყოჩაღად გაართვას. საშუალოდ 1 ან 2 მოსწავლე ამთავრებდა ჩვენს სკოლას და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ხვდებოდა თავისუფლად... 2 წელია არ მყავს მეთორმეტეკლასელი... მანამდე 2-მა დაამთავრა და ორივე 50%-იანი გრანტით მოეწყო პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, რომ უნივერსიტეტში ვერ ჩაებარებინა, არ მახსოვს...

- მოსწავლეები რამდენად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში?

- ჩვენი სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებითა აღჭურვილი. მოსწავლეთა ჩართულობის მხრივაც პრობლემაა არაა, საგაკვეთილო პროცესში გარკვეულწილად ყველა მონაწილეობს. მასწავლებლებიც საკმაოდ მომზადებული და მოტივირებულები არიან. თითქმის ყველა უფროსი მასწავლებელი გვყავს, ზოგადად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა არა არის ჩვენს სკოლაში.

- სკოლის პერსონალის კვალიფიკაცია ტესტირებით იზომება? მასწავლებელთა და დირექტორთა გამოცდებზე რას ფიქრობთ?

- მნიშვნელოვანია ეს გამოცდები. ვფიქრობ, მასწავლებელი, როცა მუშაობს დიდი სირთულე არ უნდა იყოს გამოცდის ჩაბარება... ჩვენი მასწავლებლებიც გადიან გამოცდებზე და უმრავლესობას ჩაბარებული აქვს. ისინი კვალიფიკაციის ამაღლებას მუდმივად ცდილობენ.

- დირექტორობის მსურველთა გამოცდებზე იმავეს ფიქრობთ, ბატონო ბესიკ?

- რა თქმა უნდა! თავადაც ვიყავი ამ გამოცდებზე, შედეგები ჯერ არ ვიცი... მეც აქტიურად ვარ გამოცდებში ჩართული და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავ.

- როგორ შეაფასებდით გამოცდებს?

- არც ისე მარტივი იყო, ცოტა მომზადებას საჭიროებდა, მაგრამ ბევრი სირთულეც არაფერი იყო. იყო ისეთი, რაც მასწავლებელს უფრო მოეთხოვება ვიდრე დირექტორს, პროექტების გაკეთება, ეს დირექტორს იმდენად შეიძლება არ სჭირდებოდეს, მაგრამ კანონები და ახალი დადგენილებები რა თქმა უნდა, ყველა ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს. ყველა დირექტორი უნდა გავიდეს გამოცდაზე და გაეცნოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, რათა სკოლა მართოს.

- როგორც აღნიშნეთ, პედაგოგიც ბრძანდებით, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორი ამავდროულად მასწავლებელიც იყოს?

- ჩვენი სკოლა, როგორც აღვნიშნე, მცირეკონტინგენტიანია. აქ მარტო დირექტორად ვერ იმუშავებ. ეს არც დასამალია, ანაზღაურებაზე ყველა ფიქრობს და ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. სკოლაში დირექტორის ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე, ადამიანი მხოლოდ დირექტორად ვერ იმუშავებს, საათების შევსება ფინანსური კუთხით მნიშვნელოვანია. ასევე პედაგოგობა მნიშვნელოვანია, რათა საქმის კურსში ვიყო - რა უჭირთ მოსწავლეებს, როგორი მდგომარეობაა კლასებში აკადემიური მოსწრების მხრივ და ა.შ.

- თავად მოსწავლეები თუ მოგმართავენ თავიანთი პრობლემებით?

- რაიმე სერიოზული სახის პრობლემებით არ მოუმართავთ, ჯერჯერობით ასეთი გამოწვევის წინაშე არ დავმდგარვარ.

- მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობები რომ შეაფასოთ... თქვენ დროს როგორი იყო ახლა როგორია?

- ამ მხრივ, რა თქმა უნდა, შეცვლილია მდგომარეობა. მაშინ სიმკაცრე იყო და მოსწავლეებს სჯიდნენ. ახლა ეს გამორიცხულია. გაუგებრობა ურთიერთთანამშრომლობითა და ურთიერთპატივისცემით უნდა მოგვარდეს... მოსწავლეები ახლა აზროვნების მხრივაც უფრო გახსნილები არიან... სიმკაცრე რომ ვინმემ გამოიჩინოს არ ეპატიება ნამდვილად...

- 2022 წელი როგორი იყო თქვენი სკოლისთვის?

- საკმაოდ ნაყოფიერი იყო... ბავშვები ცდილობენ კარგად ისწავლონ, თუმცა შარშან მე-12 კლასელი არ მყავდა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებზე, რომ ვისაუბროთ და წელსაც არ მეყოლება... წელს მე-11 კლასელი გვყავს და შესაბამისად, მომავალ წელს აბიტურიენტიც გვეყოლება. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არც მე-5 კლასი გვყავს, არც მე-6 და არც მე-3...

- მოსწავლეებთან როგორი მიდგომები გაქვთ?

- სკოლაში ვატარებთ დამატებით მეცადინეობებს. მაგალითად, დაწყებით კლასში ორ მოსწავლეს სწავლაში დამატებით დახმარება სჭირდება. ბავშვები 1-ელ და მე-2 კლასში მოვიდნენ ისე, რომ შესაბამისად წერა-კითხვა არ იცოდნენ, მათ საკმაოდ შეჭირვებული სოციალური ფონი აქვთ. ამიტომ მათთან მასწავლებელი სრულიად უსასყიდლოდ დადის და ამეცადინებს. მსგავსი მიდგომა გვაქვს მთელ სკოლას ყველა მოსწავლის მიმართ და საჭიროების მიხედვით მუდამ მათ გვერდით ვართ. 

- სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით პროექტები ხორციელდება?

- სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება. ამჯერად, პრეისტორიის მასწავლებელმა დაგეგმა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახლომდებარე ეკლესია-მონასტრების დათვალიერება გვინდა. ჯერ-ჯერობით ეს ამინდების გამო ვერ მოვახერხეთ, ზამთარმა ხელი შეგვიშალა, თუმცა როცა გამოიდარებს პროექტს აუცილებლად დავასრულებთ...

- განათლების რეფორმაზე რას ფიქრობთ?

- ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ვეგუებით და ფეხს ვუწყობთ... ნელ-ნელა ვითვისებთ და ვმუშაობთ. მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზეც ველოდებით როდის ჩაგვიტარებენ ტრენინგს...

- ტრენინგების ჩატარების მხრივ როგორი მდგომარეობაა სკოლაში, რამდენად ექცევა ყურადღება მასწავლებელთა გადამზადებას?

- გადამზადებას გადიან, მაგრამ ამ ეტაპზე ველოდებით და ალბათ, უახლოეს მომავალში მოგვიწევს.

- რას ურჩევთ თქვენი სკოლის მასწავლებლებს?

- პირველ რიგში, საგანს უნდა დაეუფლონ პროფესიონალურად, დანარჩენი ურთიერთთანამშრომლობის საკითხია.

- რა არის თქვენი პროფესიული გეგმა სამომავლოდ?

- პროფესიული გეგმები ისევ და ისევ სკოლას უკავშირდება. 52 წლის ვარ, 20 წელია სკოლას ვხელმძღვანელობ... სადამდეც იარსებებს ეს სკოლა და სოფელი ამ გამოწვევებს შევეჭიდები...

- 2023 წელს რა მთავარი მიზანი აქვს თქვენს სკოლას?

- სკოლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაა და ვიზრუნებთ, რომ ყველა კლასში კარგი შედეგი მივიღოთ. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
სკოლაში მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და გამარჯვებულ გუნდებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ
მოსწავლეებმა ასევე 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მშობლიური ენის მოფრთხილება
„თუ როგორი წარმატებით წარიმართა ეს ლიტერატურული დღე დიდი მგონის მუზეუმის ეზოშო, ამის შესახებ ისაუბრებს ის ვიდეორგოლები და ფოტოები, რომლებსაც წამოგიდგენთ“
მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, შეასრულეს ოროვნული ცეკვები, მუსიკალური ნომრები და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება