სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„პროფესიული უნარების გამოცდას ყველა პედაგოგი უნდა ვაბარებდეთ“ - ლია შოთაძე, მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
11-10-2022
-
+


ლია შოთაძე წლებია გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის N1 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს; ამჟამად გაკვეთილები ალტერნატიულ ფართებში ტარდება, მოსწავლეთა ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა და ალბათ დაგვეთანხმებით, იოლი არაა, სასწავლო პროცესის წარმატებით მართვა რამდენიმე „ფრონტზე“.

თუმცა ქალბატონი ლია, etaloni.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ პროფესიისა და ბავშვების სიყვარული, ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.

მისი დილა იწყება ასე: ჯერ პირველკლასელებს მოინახულებს საბავშვო ბაღის შენობაში, შემდეგ ყველა მოსწავლეს, რომელსაც ტრანსპორტი სჭირდება, ავტობუსში „დააბინავებს“ და ბოლოს მიდის იქ, სადაც საყვარელი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად ელიან - მასპინძელ, ახალსოფლის საჯარო სკოლაში.

თავად პედაგოგია, წლებია მათემატიკას ასწავლის და არა მხოლოდ სკოლის ლიდერობის, არამედ პედაგოგიური მიმართულებითაც არ წყვეტს ზრდას. წელს წამყვანმა მასწავლებელმა, ლია შოთაძემ, მენტორობის ბარიერი წარმატებით გადალახა და მალე შესაბამის სტატუსსაც მიიღებს, მანამდე კი etaloni.ge-ს არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრება:

- ქალბატონო ლია, რას ნიშნავს თქვენთვის დირექტორობა და როგორ უძღვებით, სხვადასხვა ლოკაციაზე გაბნეულ სასწავლო პროცესს?

- დირექტორობა  დიდი მოტივაციაა... პირადად დამთავრებული მაქვს რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, რომელიც ძალიან მიყვარდა... ჩემთვის ამოსავალი წერტილია, მოსწავლეებისთვის გავაკეთოთ ყველაფერი, მივცეთ ცოდნა და შევძინოთ საჭირო უნარები... რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით. მინდა აღვნიშნო, რომ გვყავს საკმაოდ წარმატებული გუნდი, ვცდილობთ, ბავშვები უზრუნველვყოთ ყველა საჭირო რესურსით და ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობის მოთხოვნებს.

რაც შეეხება მოსწავლეებს, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით დისტანციურზე არიან, პირველკლასელები - ბაღის შენობაში, დანარჩენები კი ვართ ახალსოფლის საჯარო სკოლაში, რომელმაც საოცარი მასპინძლობა გაგვიწია. სავარაუდოდ დეკემბერში დავუბრუნდებით ჩვენს სკოლას, რომელიც საკმაოდ დიდია, 4 სართულიანი და გათვლილია 800 მოსწავლეზე.

 დირექტორის ახალ სტანდარტს თუ გაეცანით?

- ვეთანხმები იმ ნიუანსებს, რაც გაწერილია დოკუმენტში, სკოლის მართვაში ლიდერობის მიმართულებით... ეს კომპეტენცია უდავოდ უნდა ჰქონდეს დირექტორს.

- გულწრფელად მითხარით, არის ამ სტანდარტში სიახლე, რასაც აქამდე არ აკეთებდით სკოლის ხელმძღვანელები?

- მგონი, ყველაფერს ვაკეთებდით აქამდეც... პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის, თემსა და კათედრებთან თანამშრომლობის მიმართულებით...

- როგორც ვიცით, სკოლაში მათემატიკასაც ასწავლით...

- ასეა, ვერ ვთმობთ მასწავლებლობას... წელს გავედი პროფესიული უნარების გამოცდაზე, წამყვანმა მასწავლებელმა წარმატებით გადავლახე მენტორობის ზღვარი და ახლა ვაპირებ პრაქტიკული კურსის გავლას.

- რადგან გამოცდა ახსენეთ, შეუძლებელია არ შევეხო მასწავლებლების უკმაყოფილებას, რომელიც შედეგებმა გამოიწვია. თქვენც ხომ არ მიიჩნევთ, რომ პროფესიული უნარების გამოცდა უნდა გაუქმდეს?

- მე თუ მკითხავთ, პროფესიულ უნარებს ყველა პედაგოგი უნდა აბარებდეს... იყო საკითხები, სიტუაციური ამოცანები, რომელზეც მასწავლებელმა, ჩემი აზრით, უნდა შეძლოს სწორი პასუხის გაცემა. მე არ მგონია, რომელიმე შემფასებელს პირადი ინტერესი ჰქონდა, დაეკლო ქულები... ჩვენ, მასწავლებლებმა, კრიტიკულად უნდა შევხედოთ საკუთარ ნაშრომს.

- მოსწავლეებთან ურთიერთობას როგორ არეგულირებთ? მკაცრი ხართ?

- ჩემს კოლეგებს სულ ვეუბნები - ბავშვმა უნდა იგრძნოს მზრუნველობა! აი, მაგალითად, ონლაინზე, ხშირად აქვთ ხოლმე პრობლემა მასწავლებლებს - მოსწავლე დავალებას არ მიგზავნის, ან კამერა არ ჩართოო.... მესმის, ბავშვები ხანდახან ცუღლუტობენ, მაგრამ იქნებ ისეთი სიტუაცია აქვს ოჯახში, რომ ვერ რთავს კამერას? იქნებ, რა მიზეზით ვერ შეასრულა დავალება?.. ბავშვები მორცხვები არიან და საკუთარი პრობლემის შესახებ ვერ უყვებიან ხოლმე თანატოლებსაც კი... სწორედ ამიტომ ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ კომპლექსები მოეხსნათ ბავშვებს;

მე, პირადად, ბავშვსა და მშობელთან ურთიერთობაში ყოველთვის ვარ ძალიან ლოიალური. მშობელმაც უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ბავშვის მხარეს!

- ქალბატონო ლია, პირდაპირ გკითხავთ - ბავშვს საგანი რომ არ უყვარს, არის თუ არა ეს მასწავლებლის „დამსახურება“?

- ვფიქრობ, რომ ასეა... თავიდან ხომ ბავშვს კონკრეტული საგნის შესახებ წარმოდგენა არ აქვს? ჩვენ, პედაგოგები ვასწავლით საგანს და ამიტომ უნდა შევქმნათ სათანადო გარემო.

- თავად თუ შეაყვარეთ მათემატიკა და ზოგადად, საბუნებისმეტყველო საგნები მოსწავლეებს?

- ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენი სკოლა ინოვაციური კონკურსის ხუთეულში მოხვდა, ასევე ვთანამშრომლობთ სტუ-სთან და ვფიქრობ, წინ უამრავი წარმატება გველის.

- ქალბატონო ლია, ის სიახლეები თუ დანერგეთ, რომელიც სამინისტრომ სასწავლო წლის დასაწყისში სკოლებს შესთავაზა?

- სიმართლე გითხრათ, ამჟამად მხოლოდ ჭადრაკის გაკვეთილები დავნერგეთ... როგორც უკვე მოგახსენეთ, ალტერნატიულ ფართში ვართ და ამიტომ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მალე მშობლიურ სკოლას დავუბრუნდებით, დავნერგავთ ყველა სიახლეს, განვახორციელებთ უამრავ წარმატებულ პროექტს და აღვზრდით ღირსეულ თაობებს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება