სიახლეები
ინტერვიუ

„ყველა სკოლა ორინეტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ არაფორმალურ განათლებას შეუწყოს ხელი” - ირმა ომანაძე, თბილისის N166 საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2022
-
+


ირმა ომანაძე, მეთხუთმეტე წელია თბილისის N166 საჯარო სკოლას ერთგულად უდგას სათავეში, სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად ახერხებს გუნდური მუშაობით სასურველ შედეგებს მიაღწიოს, მოსწავლეების და მასწავლებლებისთვის ნაყოფიერი გარემო შექმნას და განვითარებისკენაც მუდმივად ისწრაფვოდეს.

15 წლის განმავლობაში განვლილ გზაზე, მასწავლებლობაზე, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებსა თუ შესაძლებლობებზე ქალბატონი ირმა ომანაძე Etaloni.ge-ს ვრცლად და საინტერესოდ ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ დირექტორი გამხდარიყავით და ეს პასუხისმგებლობა აგეღოთ, როგორია თქვენი ისტორია ამ გზაზე?

- 2007 წელს გამოცხადდა კონკურსი დირექტორებისათვის. ეს პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც გამოცდების საფუძველზე მოხდა დირექტორების არჩევა საქართველოს საჯარო სკოლებში. გამიჩნდა სურვილი გამომეცადა საკუთარი თავი. საკმაოდ წარმატებით ჩავაბარე მაშინ ეს გამოცდები, მოვხვდი 20 პროცენტში და შესაძლებლობა მომეცა ამერჩია სკოლა, სადაც ვისურვებდი დირექტორობას და ეს იყო, რა თქმა უნდა, N166 საჯარო სკოლა. შემდგომ სკოლის კოლექტივმაც გამომიცხადა დიდი ნდობა, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და 2007 წელშივე ამირჩიეს დირექტორად. მეორედაც მივიღე მონაწილეობა დირექტორის სასერტიფიკატო კონკურსში და ორი ვადით რჩეული სკოლის დირექტორი ვარ. ამავდროულად ვარ ქიმიის წამყვანი მასწავლებელი, ვმუშაობდი 21 წლიდან და საკმაოდ საინტერესო იყო დამენახა სკოლა არა როგორც მხოლოდ მასწავლებლის, არამედ როგორც ხელმძღვანელის მხრიდანაც, რადგან ყოველთვის არის რაღაც საკითხები, რომელიც დირექციიდანაა წამოსული და მასწავლებლებს ხშირ შემთხვევაში არ მოსწონთ ან პირიქით. საინტერესო იყო მენეჯერული კუთხით როგორ იმართებოდა სკოლა. თან იყო ძალიან კარგი შანსი გამომეცადა საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები. ამან მიბიძგა მიმეღო კონკურსში მონაწილეობა.

- რადგან უკვე ორი ვადით ხართ დირექტორი, მიიღებთ ისევ კონკურსში მონაწილეობას, როდესაც სამინისტრო ორი წლის წინ დაგეგმილ და პანდემიის გამო გადადებულ გამოცდებს ჩაატარებს?

- მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ზედიზედ მესამედ ერთი და იგივე სკოლაში კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა არა გვაქვს და სწორიცაა. ვფიქრობ, მუდმივად უნდა ხდებოდეს დირექციის ცვლილება. ახალი ხედვა, ახალი მიდგომები ყოველთვის გაცილებით უფრო ეფექტურია, ამიტომ დირექტორის არჩევის წესს მივესალმები. პანდემიამ შეუშალა ხელი ბუნებრივია და ორი წელია ვერ მოხერხდა გამოცდების ჩატარება დირექტორებისათვის. მომავალში ვაპირებ - არ ვაპირებ ეს ცოტა რთული საკითხია, ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში დირექტორობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შესაბამისი ძალა და ენერგიაც უნდა გქონდეს, მოტივირებული უნდა იყო, თუმცა მომავალი გვიჩვენებს... ძალიან სწრაფად ვითარდება ზოგადად სიტუაცია მსოფლიოში, ემატება პანდემიით გამოწვეული სიტუაციაც, სწრაფი რეფორმებიც ხორციელდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება არის თანმიმდევრული, მაგრამ ხშირად არათანმიმდევრულიცაა. სწრაფი ადაპტირება არის საჭირო ამ გარემოში, აქედან გამომდინარე მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ახალგაზრდა, ძლიერი კადრები შემოდიან სისტემაში. მუდმივად უნდა ხდებოდეს ნებისმიერი საზოგადოების და მით უმეტეს სასკოლო საზოგადოების გაახალგაზრდავება და გაჯანსაღება, ახალგაზრდების იდეები მეტად საინტერესოა.

- რა პასუხისმგებლობაა სკოლის დირექტორობა ადამიანისთვის, რა უნარებსა და თვისებებს უნდა ფლობდეს სკოლის მენეჯერი, რა ამოცანებთან და გამოწვევბთან გიწევთ გამკლავება?

- პირველ რიგში ალბათ უნდა ჰქონდეს კარგი მენეჯერის უნარები განვითარებული, უნდა შეეძლოს გუნდური მუშაობის პრინციპებით მუშაობა, უნდა შეეძლოს კარგი იდეის აღიარება და ატაცება. მე თუ ხელმძღვანელი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი იდეა არის ყველაზე საუკეთესო. თუ ეს უნარები გაქვს და პირველ რიგში ხარ მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, პასუხისმგებლიანი და გაზიარებული არის ნებისმიერი იდეა, რის გარშემოც გაერთიანებულია სასკოლო სივრცე, მაშინ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გვაქვს. არ უნდა იყოს დირექტიული, არ უნდა იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები, თუმცა არის გარკვეული საკითხები, როდესაც ძალიან სწრაფად  სჭირდება დირექტორს გადაწყვეტილების მიღება და უნდა შეეძლოს ამის გაკეთება.

- რა სირთულე შეუქმნა სკოლებს პანდემიამ, თქვენ როგორც სკოლის მენეჯერები რა პრობლემების წინაშე დადექით?

- 2020 წლის მარტიდან, როცა ქვეყანაში ლოქდაუნი გამოცხადდა და უცებ მოგვიწია დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა, ამის მზაობა ძალიან მაღალი იყო განათლების სამინისტროს მხრიდან. მართვის საინფორმაციო სისტემამ შექმნა არაჩვეულებრივი პლატფორმა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ სწრაფად მოვრგებოდით სიტუაციას, სკოლაში შევქმენით საკოორდინაციო ჯგუფი, საბჭო და მასში გაერთიანდნენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პედაგოგები. სასწრაფო რეჟიმში შევქმნით დისტანციური კლასები და პირველივე კვირიდან დავიწყეთ დისტანციურ ფორმატში საგაკვეთილო პროცესის წარმართვა. ტექნიკური მხარე კი მოვაგვარეთ, მაგრამ სხვა მხრივ წარმოიქმნა პრობლემები. მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, პრობლემა იყოს ისიც, რომ ზოგიერთს ინტერნეტიც არ ჰქონდა სახლში შეყვანილი, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს უჭირდათ ჩართვა. დასაწყისისათვის სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ პედაგოგსაც არ ჰქონდა ის უნარ-ჩვევები, რაც სჭირდებოდა, რომ დისტანციურად წარემართა საგაკვეთილო პროცესი. მარტო ლეპტოპის ჩართვა-გამორთვა არ არის დისტანციურად ჩატარებული გაკვეთილი. უამრავი ელექტრონული რესურსი უნდა შექმნას მასწავლებელმა და უნდა შეძლოს მისი აქტიურად გამოყენება დისტანციურ გაკვეთილზე. ჩვენი ძირითადი გამოწვევა იყო, რომ მაქსიმალურად უზრუნველგვეყო ყველა მოსწავლე  ტექნიკური საშუალებით. სკოლაში არსებული ყველა ტექნიკური საშუალება ფონდის წესით გადავეცით მოსწავლეებს, მათ შორის მასწავლებლებს, რომელთაც არ ჰქონდათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემმა პედაგოგებმა, რომელთაც ჰქონდათ ისეთი ტექნიკა, რასაც აქტიურად არ იყენებდნენ, გადასცეს ერთმანეთს და მოსწავლეებს. შემდეგ ეტაპზე შედარებით ნაკლები შეფერხებით წარიმართა სასწავლო პროცესი. რაც შეეხება იმ საკითხს თუ სწავლის რომელი ფორმატი ჯობს, მინდა ვთქვა, რომ სხვა გამოწვევა არის დისტანციურად სასწავლო პროცესის წარმართვა, უფრო მეტად დატვირთული პრეზენტაციებით და ელექტრონული რესურსებით, რაც შეიძლება უშუალოდ გაკვეთილზე ვერ მოესწროს, მაგრამ პირისპირ სწავლება შეუცვლელია. ეს ორივე უნდა ავსებდეს ერთმანეთს.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, პანდემიის დასრულების შემდეგ დარჩება დისტანციური სწავლების ფორმატი საქართველოს განათლების სისტემაში?

- პანდემიამდეც, პირისპირ სწავლების პროცესში „თიმსის“ პლატფორმას აქტიურად ვიყენებდი. პრეზენტაციებს, დავალებებს ვუგზავნიდი და შესაბამისად დავალებებსაც მოსწავლეები იქედან მიგზავნიდნენ. წერილობითი უკუკავშირის გაჩენისათვის გაცილებით ეფექტურია ეს ხერხი ანუ ვფიქრობ, რომ დისტანციური სწავლა უნდა იყოს დამხმარე რესურსად გამოყენებული, ბავშვებსაც მოსწონთ.

- ახლა როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაქვთ სკოლაში?

- 1-ელი თებერვლიდან 17 თებერვლამდე მოგვიწია სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ლოკალური გადასვლები ყოველთვის გვქონდა, მაგრამ უბრალოდ შეიქმნა პიკი, გაჩნდა სკოლაში ადამიანური რესურსის დეფიციტი, 31 იანვარს დაახლოებით 20 მასწავლებელი და 8 ტექნიკური პერსონალი იყვნენ ინფიცირებული, მათ შორის მეც და აქედან გამომდინარე გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, გავიარეთ ეს პერიოდი და შემდეგ დავბრუნდით სკოლაში. ზოგადად ამ პერიოდამდეც გვყავდა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც თავიდან ბოლომდე დისტანციური სწავლებით სარგებლობდნენ.

- კოვიდრეგულაციები შემსუბუქდა, თუმცა განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლებისთვის არაფერი შეიცვლება. რას იტყვით ამის შესახებ?

- ვფიქრობ, სასკოლო სივრცეში იმ პირველადი რეკომენდაციების, დაცვა რაც მოცემული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, აუცილებელია. გვქონია შემთხვევები, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონია კოვიდი დაფიქსირებული და ბავშვი სკოლაში მოსულა. ამიტომ თერმოსკრინინგი არ არის ცუდი, დეზობარიერი და ხელის დამუშავება ეს შეუცვლელია ზოგადად, ამის უგულვებელყოფა ნებისმიერ სივრცეში არ მიმაჩნია სწორად და პირბადეც აუცილებლად უნდა იყოს, თუ სწორად ვიყენებთ პირბადეს, ის გვიცავს ინფექციისაგან. მე მაგალითად სასკოლო საზოგადოებისათვის ამ სამი ძირითადი პირობის დაცვას მივესალმები.

- მასწავლებელიც ბრძანდებით, ზაფხულში დაგეგმილ მასწავლებლის გამოცდებზე და ზოგადად კარიერული წინსვლის სქემაზე რა აზრის ხართ?

-პირველად ეს დაიწყო 2010 წელს, მაშინდელი გამოცდების დროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციაში უნდა ყოფილიყო ზღვარი გადალახული. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ გამოავლინო საკუთარი ცოდნა, თავს უყრი კიდევ ერთხელ შენს ცოდნას, მობილიზების უნარი გიყალიბდება. ამაში შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვერ ვხედავ, რომ ჩავაბარო საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა, როგორც მასწავლებელმა და დირექტორმა. შემდეგში სქემის ფარგლებშიც შეეძლოთ მასწავლებლებს სტატუსის ამაღლება, თუმცა ეს მოდელი, რომელიც გამოცდის ფორმით შემოვიდა, შინაარსობრივი კუთხით პირველად ტარდება და ვერაფერს ვერ ვიტყვი, საკმაოდ მოცულობითი მასალაა, რომელიც უნდა დაამუშაოს პედაგოგმა. მე ვერ ვიტყვი რომ ეს ცუდია და კატასტროფაა, ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ ამით მასწავლებლის კვალიფიკაცია არ ამაღლდება. მასწავლებელი უნდა იყო მოწოდებით, შინაგანად მზარდი და ყოველთვის უნდა ცდილობდე რაღაც ახალი შეიძინო და თუნდაც შენი მოსწავლე არ უნდა გჯობნიდეს ტექნოლოგიური უნარებით. თუ მასწავლებელი მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე, მისი კომპეტენცია მაინცდამაინც გამოცდებით არ განისაზღვრება. თუ მასწავლებელი გქვია, საგანი უნდა ჩააბარო 10 კრედიტზე.

- ჩვენი საუბრის ბოლოს არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ, როგორც ამ მხრივ ერთ-ერთმა გამორჩეული სკოლის დირექტორმა.

- ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მე ვფიქრობ, რომ არაფორმალურ განათლებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ზოგადად მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. არაფორმალური განათლება ხელს უწყობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების ეფექტურად გამოყენებას ცხოვრებაში. შესაძლოა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეს საერთოდ არ აინტერესებდეს ქიმიის შესწავლა მეცნიერული კუთხით, მაგრამ თუ მე არაფორმალურ გარემოში მივაწვდი ინფორმაციას საყოფაცხოვრებო ქიმიის შესახებ, რასაც ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხება და ამით დავაინტერესებ, გაცილებით მოტივირებული იქნება. არიან მოსწავლეები, რომლებთაც აქვთ ძალიან შემოქმედებითი უნარები, განსხვავებული მიდგომები, რომელთა რეალიზებაც საგაკვეთილო პროცესში ვერ ხერხდება და აძლევ შესაძლებლობას, რომ თავისი საუკეთესო მხარეები გამოავლინოს არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში, იყოს აღიარებული ამ კუთხით. მოსწავლეები უფრო კარგად უახლოვდებიან ერთმანეთს, ერთმანეთის გულშემატკივრები ხდებიან. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში სრულფასოვან თანაარსებობას უწყობს ხელს. მართალია, პანდემია უშლის ხელს, მაგრამ ყველა სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ არაფორმალურ განათლებას შეუწყოს ხელი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება