სიახლეები
პიროვნება

„ხომ იცით, როგორ მიყვარხართ“ - მაია ქობულია, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ქველმოქმედი დირექტორი, რომელიც ბავშვებს სიკეთის კეთებას ასწავლის
03-06-2021
-
+


მესამე წელია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორია და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოსვლიდან, დღე არ ყოფილა, სკოლაში არ მისულიყო. პირველი კი, რაც გააკეთა, ბავშვებს საკლასო ოთახები სათანადო დონეზე მოუწყო; გააცოცხლა არაერთი ტრადიცია; განაახლა წიგნადი ფონდი; შექმნა სასკოლო ფორმა, აქვთ ჰიმნი, გერბი და რაც მთავარია, თავის უსაყვარლეს ბავშვებს ქველმოქმედებას, სიკეთის კეთებას ასწავლის. როგორ? - აღდგომის წინა კვირას, საკუთარი ხელით აცხობს უამრავ პიცას, შემოსული თანხით კი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ბავშვებთან ერთად, სააღდგომო ნობათი მიაქვს. მაია ქობულია etaloni.ge-ს იმის შესახებ ესაუბრა, როგორ ასრულებს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს და რა მოლოდინი აქვთ სამომავლოდ?   

- პანდემიის პერიოდი ნამდვილად გამოწვევა იყო საგანმანათლებლო სისტემისთვის, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების მხრივ...

- თქვენ როგორ დაძლიეთ ეს გამოწვევები, ქალბატონო მაია?

- არ მინდოდა, ჩემი მოსწავლეები ტელესკოლას გამოკლებოდნენ, ამიტომ შევადგინე ცხრილი და გაკვეთილები ტელესკოლას ხელს არ უშლიდა; გარდა ამისა, იმდენად შემეშინდა, სახლში ჩაჯდომას ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად არ ემოქმედა, რომ სასწრაფოდ დავიწყეთ კონკურსი - „სხვა სამყარო ჩემი“ - ბავშვებს ყველანაირად მივეცით შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება; ასევე ორგანიზაცია „სოხუმთან“ ერთად ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობაში, ვაწყობთ შეხვედრებს და მე მაინც მგონია, რომ თუ მომავალ თაობებს ჩავრთავთ ამ პროცესში, აუცილებელად მივალთ სასურველ შედეგებამდე;

ამ ყველაფერთან ერთად, ბევრი ისეთი ტრადიცია აღვადგინეთ, რომელიც ერთგვარად, მივიწყებული იყო, შევქმენით კლუბები, მასწავლებლები წიგნის დღეს ერთმანეთს წიგნებს ვჩუქნით, გვაქვს საქველმოქმედო აქციები - ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს და კიდევ ერთი - მეთორმეტეკლასელები, სკოლის ეზოში პირველკლასელებს მოსავლელად უტოვებენ ნერგს, რაც ძალიან ამაღელვებელია.  

- ესე იგი, თვლით, რომ კურსდამთავრებულებმა ერთი კარგი საქმე მაინც უნდა გაუკეთონ მშობლიური სკოლას?

- რა თქმა უნდა, ასეა... გვაქვს ნატვრის ხე, რომელზეც ვათავსებთ მეთორმეტეკლასელების ფოტოების - როგორები იყვნენ პირველ კლასში და როგორები არიან ახლა - როცა სკოლას ამთავრებენ... და აქვე შეუძლებელია, არ აღვნიშნო - ვარემონტებთ სააქტო დარბაზს, რომელიც საუკუნის პროექტად მიმაჩნია - ესაა კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, რომელსაც „ლოგოსი“ ვუწოდეთ. ესაა კულუტრულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოეწყობა ფილმების ჩვენება, მინდა, მოსწავლეებმა იცოდნენ ბუმბერაზი მსახიობების შესახებ, იქნება სპექტაკლებიც და ბავშვებს დავაინტერესებთ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი მოსწავლეების შედეგებით და თუ ასრულებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას?

- ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს; მასწავლებლები მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, ეხმარებიან, მეც მათ გვერდით ვარ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გუნდურობა, ერთმანეთის მხარში დგომა დაგვაძლევინებს. ამ პერიოდში უმთავრესი მაინც პირველკლასელთა შედეგები იყო, რადგან სწორედ მათთვის იყო რთული დისტანციური სწავლება, მაგრამ საბედნიეროდ, მასწავლებლები, მშობლებთან ერთად, ღირსეულად გაუმკლავდნენ ამ გამოწვევასაც.

- თქვენი აზრით, ექიმებთან ერთად, მასწავლებლები ჩვენი დროის გმირები არიან?

- უდავოდ, ასეა... იცით როგორი გადაღლილი თვალები აქვთ პედაგოგებს?! დისტანციური გაკვეთილი მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას. დიახ, ისინი გმირები არიან, რადგან ყველაფერს აკეთებენ, ბავშვებმა მიიღონ განათლება და საყვარელ მოსწავლეებს არ მოაკლონ  სიყვარული თუ ყურადღება.

- თუმცა ხანდახან მხოლოდ ეს საკმარისი არ არის; სამწუხაროდ, არიან ისეთი მოსწავლეები, ვისი ინტეგრირებაც სასკოლო ცხოვრებაში ჭირს...  

- ყველა მოსწავლის ინტეგრირება ნამდვილად ჭირს და ყველა დამრიგებელს ვთხოვე, ჰქონდეთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ვერ ერთვებოდა ონლაინ-გაკვთილებში და ზოგადად მათი აკადემიური მოსწრება დიდად შთამბეჭდავი არ არის... მაგალითისთვის გეტყვით, გვყავს ასეთი მოსწავლე, თუმცა სამაგიეროდ, იგი საკუთარი ხელით ქმნის ნამუშევრებს საგაკვეთილო თემატიკაზე, რაც ჩემთვის მისაღებია. მთავარი ისაა, ბავშვებს ჰქონდეთ მოტივაცია, რაც იქიდან მოდის, დაინახო მასში პიროვნება, პატივი სცე, მოეფერო...

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვის თვალებში მზე დავინახო, ამისთვის კი ყველა მხარე უნდა მოვიკვლიოთ, გავიგოთ მათი გაუცხოების მიზეზები და შედეგად, მისი ინტეგრაცია სასკოლო პროცესში, აუცილებლად მოხდება.

- თქვენს ბავშვებს როდის უციმციმებთ ყველაზე მეტად თვალები, ქალბატონო მაია?

- აღდგომის წინა კვირაში ვაცხობ პიცას, ყველა ინგრედიენტს პირადად ვყიდულობ, საკუთრი ხელით ვამზადებ და  შემოსული თანხა მიემართება სოციალურად დაუცველი ოჯახისკენ;  ერთად მიგვაქვს სააღდგომო ნობათი და ამ დროს ჩემი მოსწავლეები ძალიან ბედნიერები არიან, ამბობენ რომ ეს პიცა ყველაზე გემრიელია და რაც მთავარია აბედნიერებთ, რომ ამ კეთილი საქმის უშუალო მონაწილეები არიან.

- ესაა მთავარი, რასაც მოსწავლეებს ასწავლით, ქალბატონო მაია - სიკეთის კეთებას?

- რად მინდა წიგნის სიყვარული, თუ სიკეთე ქმედებაში არ გამოიხატა? ვასწავლი, რომ უნდა უყვარდეთ გვერდით მდგომი და სიმართლე გითხრათ, თავადაც საოცარი ადამიანები არიან. ზოგადად, ბავშვებს უყვართ გულწრფელი ურთიერთობები.

„ხომ იცით, რომ ძალიან მიყვარხართ“ - ასე მივმართავ ხშირად და მათგანაც იგივეს ვგრძნობ.

- ქალბატონო მაია, როგორია თქვენი გზა ?

- სკოლაში მოვედი 2019 წელს და შენობის მოწესრიგება ყველაზე აუცილებლით დავიწყე, სველი წერტილების საკითხი მოვაგვარეთ, შემდეგ საკლასო ოთახები მოვაწესრიგეთ... არ ვიქნები მორალურად მართალი, თუ მოსწავლეები ცუდ პირობებში ისწავლიან... ორწელიწადნახევარია აქ ვარ და დღე არ არსებობს, სკოლაში არ მოვსულიყავი.

მანამდე კი იყო ბაგა-ბაღი, ბაღი, სკოლა, კერძო სკოლა... მასწავლებელი ვარ და სიმართლე გითხრათ, ჩემი პედაგოგიური გზა ძალიან მეხმარება, როგორც დირექტორმა მნიშვნელოვანი საკითხები გადავჭრა.

- როგორ ვიცი, თქვენს სკოლას აქვს ფორმა... ქალბატონო მაია, როგორ დაიყოლიეთ თანამედროვე ბავშვები, ერთნაირი ჩაცმულობა არ გაეპროტესტებინათ?

- მინდოდა, სკოლას თავისი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონოდა. სხვათა შორის გვაქვს ჰიმნიც, გერბიც... რაც შეეხება ფორმას, ყველა ჩავრთე სამუშაო პროცესში, გავითვალისწინეთ რჩევები და მეც ჩავიცვი ფორმა... რაც შეეხება პროტესტს, ნამდვილად ბავშვების მხრიდან მსგავსი არაფერი მიგრძნია - მათთან ერთად ვწყვეტდით ფაქტურას, ფერს, სტილს. ვუთხარი - სკოლა აკადემიური დაწესებულებაა, მოდი, ისე გავაკეთოთ, თვალსაც სიამოვნებდეს და სკოლის იერ-სახეც შევინარჩუნოთ-თქო. როდესაც ბავშვი გულახდილობას გრძნობს, იგივეთი გპასუხობს და დგამს შემხვედრ ნაბიჯებს. 

- დაბოლოს, რა მოლოდინი გაქვთ მომავალი სასწავლო წლისთვის?

- პირველ ყოვლისა, იმედია, ცოტა შემსუბუქდება პანდემია და ჩვენც შევძლოთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ
განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღე, ღონისძიებით - „დედამიწა ცოცხალი არსებაა, მუდამ სჭირდება მოფრთხილება“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება