სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ მოსწავლეს ვერ დააფიქრებ, შედეგზე ვერ გახვალ“ - მანანა ძებნიაური, თიანეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი
29-12-2020
-
+


დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლა დიდი ხანია არაა, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და მოსწავლე-მასწავლებლებს კვლავ არცთუ მარტივ რეჟიმში უწევთ 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულება; დაწყებითი კლასების პედაგოგი მანანა ძებნიაური Etaloni.ge-სთან კი იმაზე საუბრობს, როგორ ცდილობს, მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლოს, მუდმივად კონტაქტზე იყოს მოსწავლეებთან, რათა ერთმანეთს არ დაშორდნენ.

თავად უზომოდ უყვარს საკუთარი პროფესია - ჯერ კიდევ მესამე კლასის მოსწავლემ, მყარად გადაწყვიტა მასწავლებლობა და დღემდე ამ საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება, რომელიც პანდემიის გამო, დღეს გამოწვევად იქცა.

- შექმნილი სიტუაცია ყველასთვის გამოწვევაა, მასწავლებლებისთვისაც და ექიმებისთვისაც; ერთი რამ ძალიან მტკენს გულს - მოგეხსენებათ, ჩვენი მაღალმთიანი რეგიონია და როგორც მისი მკვიდრი, ვდარდობ, რადგან, პანდემიის გამო, გაკვეთილები ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. არიან მოსწავლეები, რომლებიც მართლაც ვერ ერთვებიან ონლაინ-გაკვეთილებში, არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, არც სათანადო ტექნიკა და ჩვენც, მასწავლებლებს, მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რათა თითოეული გაკვეთილი მოსწავლემდე სათანადოდ მივიტანოთ, შევძინოთ მათ საფუძვლიანი ცოდნა... თუ მოსწავლემდე გაკვეთილს, სამიზნე ცნებას ვერ მიიტან, ვერ აუხსნი, მოსწავლეს ვერ დააფიქრებ, შედეგზე ვერ გახვალ.

- თქვენ თუ გადიხართ შედეგზე, ქალბატონო მანანა?

- ასე თუ ისე, ვუმკლავდებით... მოსწავლეებიც მიეჩვივნენ ამ რეჟიმში მუშაობას, ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ, ყველამ ერთად, მეტად დავაფასეთ დროის ფაქტორი და მე პირადად, ახლა ბევრად მობილური გაკვეთილები მაქვს.

- მშობლებმაც მეტად დააფასეს მასწავლებლის შრომა, ასეა?

- სხვათა შორის, ხშირად აღნიშნავენ - თურმე რა ბედნიერები ვყოფილვართ და არ ვიცოდითო. თავიდან მშობლებსაც გაუჭირდათ დისტანციური სწავლების ფორმატზე გადაწყობა და ამიტომ ხშირად ვამბობ - ხელი უნდა შევუწყოთ მშობელთა პედაგოგიზაციას.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, მე უფრო იოლად გამომდის საქმე, როდესაც მშობელმა  იცის, რა მეთოდებით ვასწავლი ბავშვებს, ჩართულია ამ პროცესში და ყველაფრის საქმის კურსშია; ფაქტია - ამ პერიოდში მშობლებმაც დიდი ტვირთი აიღეს, რომელიც უნდა გაწიონ და ასწიონ ჩვენთან ერთად.

- თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მშობლებთან უფრო რთულია ურთიერთობა თუ მოსწავლეებთან?

- ბავშვთან ურთიერთობა რთული არ არის; ის არ არის დამძიმებული ცხოვრებისეული თემებით, ბევრად ხალასია და აბსოლუტურად გულწრფელი; მშობლები კი, მეტად დაღლილები და დასტრესილები არიან ცხოვრებისგან, თუმცაღა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა მიჭირს; ისინი უძვირფასესი ადამიანები არიან, უბრალოდ, მშობელთან ურთიერთობა უფრო ფაქიზი და სენსიტიურია, ვიდრე ბავშვთან.

- გარდა პირდაპირი მოვალეობისა, ამ საკითხების დარეგულირებაც გიწევთ მასწავლებლებს. საკმაოდ რთული პროფესია გაქვთ.

- უდავოდ, რთულია მასწავლებლობა, მაგრამ თუ შინაგანად მასწავლებელი ხარ, გიყვარს ეს საქმე, ბავშვები, ყველანაირ სირთულესთან გამკლავებას ახერხებ. ვიღლები, მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნო დაღლაა. მთავარია, სიყვარული მიიტანო მოსწავლემდეც, მშობლამდეც და აუცილებლად მიიღებ იგივეს.

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, ქალბატონოო მანანა?

- არ ვიცი... ალბათ იმიტომ, რომ ბავშვებიც მიყვარს და ჩემი მასწავლებელიც ძალიან მიყვარდა... მესამე კლასში ვიყავი, როდესაც საბოლოოდ გადავწყვიტე - „პატარა ბავშვების მასწავლებელი“ უნდა ვყოფილიყავი და ეს იმხელა ბედნიერებას მანიჭებს, ჩემი პროფესიის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია.  

- როდესაც დაუბრუნდებით სკოლას, როგორ შეძლებთ ამ ჩავარდნილი დროის ამოვსებას?

- ძალიან რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, სადაც სიყვარულია, მოთმინება და სულგრძელობა, ყველაფერს შევძლებთ; ბავშვებმაც სხვაგვარად შეხედეს სწავლას, მეტად მობილიზებულები არიან და სიმართლე გითხრათ, ისინი მეცოდებიან კიდეც, რადგან უცებ გაიზარდნენ. ადრე თუ ცდილობდნენ, გაკვეთილიდან სხვა რამეზე გადაეტანათ ყურადღება, ახლა პირიქით - ცდილობენ, წუთიც კი არ გააცდინონ. ბავშვებმა დროის დაფასება ისწავლეს. მე კი მუდმივად ვცდილობ, მათთან მქონდეს ურთიერთობა, მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოვიფარგლები, ხშირად გვაქვს ჩართვები მესენჯერში, ვსაუბრობთ, განვიხილავთ სხვადასხვა თემას... უნდა ვესაუბროთ ჩვენს ბავშვებს ცხოვრებისეულ საკითხებზე, რათა ნაკლებად იყვნენ დასტრესილები. გამოგიტყდებით - მათ ახლა უფრო მეტს ვპატიობ, როგორც მასწავლებელი.

- რატომ?

- არ მინდა შეშინდნენ, დაფრთხნენ, იფიქრონ, რომ რაღაც ვერ გამოსდით.... მასწავლებელმა ამ თემებზე მუდმივად უნდა ისაუბროს ბავშვებთან, რათა მათთვის ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს შექმნილი ვითარება და არ იფიქრონ, რომ რამე არ გამოსდით. მაგალითად, მყავს მოსწავლე, რომელიც განსაკუთრებულად განიცდის ამ მდგომარეობას - თითქოს რაღაც დამთავრდა მისთვის; ვერ წარმოუდგენია ასე სწავლა, სკოლაში უნდა, მეგობრებთან ურთიერთობა... ყოველთვის აქვს ბევრი შეკითხვა და ვერ იღებს პასუხებს. ამიტომაა საჭირო ბავშვებთან მუდმივი კომუნიკაცია.

- და რას უსურვებთ თქვენს მოსწავლეებს დამდეგი 2021 წლისთვის?

- საქართველოს ყველა მოსწავლეს დიდი სიყვარულით მივულოცავ დამდეგს.  ერთად უნდა გადავლახოთ ეს სირთულეები. თითოეულ მათგანს ვუსურვებ სიყვარულსა და კეთილ მომავალს.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება