სიახლეები
პიროვნება

„როცა გიყვარს შენი საქმე, მას უანგაროდ ემსახურები“ - ირმა ხაჯიშვილი, წყავროკას საჯარო სკოლის პედაგოგი
03-09-2020
-
+


ირმა ხაჯიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის წყვაროკას საჯარო სკოლა დაამთავრა და წლების შემდეგ მშობლიურ კედლებს მასწავლებლად დაუბრუნდა. 26 წელია ამ პროფესიას ერთგულად ემსახურება და საკუთარ მოსწავლეებს, პირველ ყოვლისა, იმას ასწავლის, კარგი ადამიანები იყვნენ. მთავარი სიყვარულია, რომელიც ოჯახიდან იწყებაო, - გაგვიმხილა და Etaloni.ge- არაერთ საინტერესო საკითხზე ესაუბრა. ინტერვიუ კი იმ კითხვაზე პასუხით დაიწყო, რატომ გადაწყვიტა მასწავლებლობა.

- პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ ეს პროფესია ჩემმა პირველმა მასწავლებელმა შემაყვარა. იგი სხვებისგან სრულიად განსხვავებული იყო და წარმოიდგინეთ, იმ მიდგომებს, რომლებიც ახლაა დანერგილი, მაშინ იყენებდა.

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც ის - როგორ ვაძლევთ მოსწავლეს შენიშვნას - ისე მიგვითითებდა შეცდომაზე, რომ თავი შეურაცხყოფილად არ გვეგრძნო, არასოდეს გვიყვიროდა, გაკვეთილის თვალსაჩინოებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა... თავად საოცრად წერდა, ყინულით ხატავდა და არაჩვეულებრივი  კალიგრაფია ჰქონდა და სულ მინდოდა, მისთვის მიმებაძა.

- მიბაძეთ?

- დიახ და თამამად შემიძლია გითხრათ, ერთი უნივერსიტეტი ჩემს მასწავლებელთან უკვე გავიარე. მერე კი ერთად ვმუშაობდით სკოლაში, პარალელურ კლასებთან.

- მშობლიურ სკოლაში დაბრუნდით მასწავლებლად, ეს ალბათ უდიდესი პასუხისმგებლობაა…

-  დავბრუნდი იმ მასწავლებელთან, რომელიც დაწყებით კლასებში მასწავლიდა და რომელიც ჩემთვის პედაგოგის ეტალონი იყო. სწორედ ამიტომ არ შემეშინდა... მერეც ბევრი რამ ვისწავლე მისგან და რომ მეტყოდა, ყოჩაღ, ირმაო, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო. ამიტომ ვამბობ - კიდევ ერთი დიპლომი ჩემმა მასწავლებელმა მომცა.

- ოჯახმა რამდენად მოგიწონათ ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, იმ პერიოდში მოგიწიათ მუშაობა, როდესაც თქვენი პროფესია ერთგვარად გაუფასურებულიც კი იყო.

- ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი, მაგრამ მასწავლებლები ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ერთმანეთს ვაძლიერებდით და იმ დროს, მასწავლებლობა, ნამდვილად გმირობა იყო იმიტომ, რომ მერწმუნეთ, ერთ პურსაც კი ვერ ვყიდულობდით... და სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ვსწავლობდით და ვმუშაობდით, ყველაფერს ვაკეთებდით, რათა მოსწავლეს არაფერი მოკლებოდა. მასწავლებლისთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი აქვს ხელფასი - როცა გიყვარს შენი საქმე, მას უანგაროდ ემსახურები.

- თუმცა, შიშველი ენთუზიაზმით პროფესიის ერთგულება იოლი არაა.

- ოჯახი მიწყობდა ხელს, დედა, მამა... იმიტომ, რომ სხვა პროფესია ვერ წარმოედგინათ ჩემთვის. ბავშვობაში თოჯინებს დავსვამდი, ყველას თავისი წიგნი ედო წინ, ვუკრავდი, ვუკითხავდი, ვხატავდი... მათთვის ვიყავი მასწავლებელი და ამიტომ, არასოდეს მიფიქრია პროფესიის შეცვლა.

- გვიამბეთ, როგორ ემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის…

- მე და ჩემი მოსწავლეები ზაფხულის პერიოდშიც მუდმივად ვკონტაქტობდით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ახალ სასწავლო წელს, სკოლის კედლებში ჩვენი შეხვედრა საოცრად ემოციური იქნება. ძალიან გვენატრება ერთმანეთი. ამიტომ, ვეცდებით, შევქმნათ აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო, რათა, პირველ რიგში, ბავშვები იყვნენ დაცულები და ჩვენც, რა თქმა უნდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთმანეთი არ მოგვენატროს, თორემ პანდემიამ ცოტა დაგვაშორა, თუმცა, ამავე დროს, გავაცნობიერეთ როგორი ძვირფასები ვყოფილვართ ერთმანეთისთვის.

- ახალი თაობა ზედმეტად მომთხოვნია, ქალბატონო ირმა, თქვენი აზრით, მასწავლებელს როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ბავშვებთან, რომლებიც უამრავ და მათ შორის, უხერხულ კითხვებსაც სვამენ?

- კითხვები უდავოდ არის, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ; ნოდარ დუმბაძის არ იყოს, იმ მხრიდან უნდა შევხედოთ, საიდანაც კარგად იყურება. კითხვაც უნდა შევატრიალოთ და ისე ვუპასუხოთ, რომ ბავშვმა პასუხი მიიღოს; არავითარ შემთხვევაში, უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ, რადგან პასუხებს ჩვენგან ელიან.

- რა ფასეულობებზე ზრდით მომავალ თაობას?

- 26 წელია სკოლაში ვასწავლი, 19 წლისამ დავიწყე მასწავლებლობა და პირველი, რასაც მოსწავლეებს ვეუბნები - გაიზარდეთ კარგი, ღირსეული ადამიანები! მნიშვნელობა არ აქვს ქულებს, ნიშანი არაფერს წყვეტს, მთავარია, ქვეყანას გამოადგნენ, გაიზარდონ ზრდილობიანები, თავაზიანები, უყვარდეთ ქვეყანა, მეგობრები... სიყვარული ხომ ოჯახიდან იწყება. მეც ვასწავლი თანადგომას, რომ უნდა იყვნენ სხვისი ჭირის გამზიარებლები, მხარში დაუდგნენ მეგობარს.

- ასრულებენ თქვენს შეგონებებს, ქალბატონო ირმა?

- თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ...  ყველას აქვს სათადარიგო, საწერ-კალამი, რვეული და თუ მეგობარს დაავიწყდა, ეხმარებიან. ამას კი ისე ლამაზად აკეთებენ, უხერხულობის განცდა არ ჩნდება. მთავარი ხომ თანადგომა, პატივისცემა და სიყვარულია.

- ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას თუ გრძნობთ?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც, ადგილობრივი რესურსცენტრიც მუდმივად გვიდგას მხარში და შეუძლებელია არ აღვნიშნო - პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალა ერთობაშია. ქართველებს გაჭირვების დროს უფრო მეტი თანადგომა შეგვიძლია და ამიტომაც ვართ ძლიერი ერი.

სწორედ აქედან გამომდინარე, ვასწავლი ჩემს ბავშვებს ერთმანეთის დახმარებას და ვუხსნი, რომ წაგების არ უნდა შეეშინდეთ, რადგან ხვალ, ერთად, უფრო ღირსეულად შევძლებთ გამარჯვებას.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება