სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გზას დაგილოცავთ!​“ - ყარაჯალას საჯარო სკოლის პედაგოგი ლია მუკბანიანი სადამრიგებლო კლასს ემოციური წერილით ემშვიდობება
19-05-2020
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყარაჯალას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია მუკბანიანი მე-12 კლასელებს, თავის სადამრიგებლო კლასს წერილით ემშვიდობება. პედაგოგი ძალიან ემოციურად აღწერს მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებას და მათთან ერთად განვლილ წლებს.

წერილი მეთორმეტე კლასელებს ...

ახლა დილაა, მე და თქვენ უნდა ვემზადებოდეთ სკოლაში წასავლელად...

ვინ იცის, რამდენჯერ ავიღე კალამი ხელში, რომ თქვენთვის რამე მომეწერა, მაგრამ ისე, როგორც არასდროს, მიჭირს, რომ  თავი  მოვუყარო სათქმელს, არადა რამდენი რამის თქმა მინდა... რამდენი კეთილი სურვილი მაქვს, რამდენი დარიგება მინდა გაგაყოლოთ...

ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ, ბევრ საინტერესო პროექტში  ვმონაწილეობდით, ბევრჯერ გავიმარჯვეთ, მარცხიც გვქონია, თუმცა  ეს მარცხი გვაძლიერებდა და ძალას გვმატებდა... ჩვენ ერთად ბევრ რამეს ვსწავლობდით, ვამსხვრევდით სტერეოტიპებს (ჩვენი, თქვენი, სოციუმიდან გამომდინარე).  თავიდან გიკვირდათ, ვიღაცას თქვენი იმედი რომ ჰქონდა, თქვენი შესაძლებლობების რომ სჯეროდა. ხშირად ვამჩნევდი რომ ეჭვის თვალით უყურებდით თქვენ მიმართ გამოხატულ ნდობას, მაგრამ ყოველთვის ცდილობდით, რომ ის ნდობა გაგემართლებინათ. მეც არ ვიღლებოდი, არ მბეზრდებოდა, რადგან უბრალოდ მჯეროდა თქვენი. დიახ, ბევრი რამ გიკვირდათ, ბევრი რამ არ გითქვამთ, მაგრამ  ვხვდებოდი და ბოლოს თქვენვე მითხარით: „მას, რა მაგარია, ჩვენ ეს შევძელით“. დიახ, ბოლო გაკვეთილზე მითხარით: „ჩვენ მზად ვართ ცხოვრებისთვის!“

მე მინახავს პირველი სიყვარულით ატირებული თქვენი თვალები, პირველი ცრემლი და დარდიც ამომიკითხავს და ჩემებურად ვცდილობდი გამექარვებინა ბავშვური, წრფელი გრძნობებით გამოწვეული დარდი. მე მომისმენია თქვენი ისტორიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მოსმენა გჭირდებოდათ... ვცდილობდი, თქვენ არ გაგეგოთ და  ჩემებურად, შეუმჩნევლად მომეგვარებინა თქვენი პრობლემები, რადგან თქვენს ასაკში რამდენადაც ცდილობთ, რომ თავდაჯერებული ჩანდეთ, იმდენად ხშირია უმწეობისა და დაუცველობის განცდაც. სწორედ ეს ორი უკიდურესობა რომ დაბალანსდეს, ერთი მხრივ სასოწარკვეთას, მეორე მხრივ კი ზედმეტ თავდაჯერებას თავგზა არ აერია, ამიტომ ვცდილობდი, სწორი გზა მეჩვენებინა და ყველგან ვყოფილიყავი, სადაც გჭირდებოდით...

თქვენ  ბევრჯერ განმაცდევინეთ მოსწავლის წარმატებებით მიღებული უდიდესი ბედნიერება, სიამაყე იმისა, დასახულ მიზანს ერთად ვაღწევდით.  მე კი ვცდილობდი დაგხმარებოდით  რეალობის სწორ აღქმაში, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ სწორედ ეს სირთულე ხდის  მას ასე ლამაზსა და მრავალფეროვანს. გეხმარებოდით საკუთარ შესაძლებლობებში  დარწმუნებულიყავით. იმედია, შევძელი გეპოვათ თქვენი ინტერესები და რწმენა იმისა, რომ თუ მოინდომებთ, ყველაფერს შეძლებთ. შეძლებთ, აიხდინოთ ოცნებები. შეეცადოთ ობიქტურად იმსჯელოთ მოვლენებზე, გქონდეთ საკუთარი აზრი ან ვინმეს გავლენით არ გამოუტანოთ სხვას განაჩენი.  ყოველთვის გახსოვდეთ, რომ  ყველას თავისი სიმართლე აქვს, ისე როგორც მონეტას ორი მხარე. გახსოვდეთ, რომ „ადამიანი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომელსაც ერთ სიბრტყეში აღიქვამ, არამედ ადამიანი ის ქანდაკებაა, რომელსაც უნდა შემოუარო და იქიდან დაინახო, საიდანაც ყველაზე კარგად იმზირება“. გახსოვდეთ, რომ „ადამიანი ადამიანისთვის დღეა!“  მე არ მისწავლებია, როგორ უნდა დააგროვოთ კაპიტალი, მიუხედავად იმისა, რომ  დღევანდელ რეალობაში ეს მნიშვნელოვანია (ამგვარი საქმეების არაფერი გამეგება), მე მხოლოდ თქვენი სულიერი სამყაროს გამდიდრებაზე ვზრუნავდი. ყოველი ქართული სიტყვა, ფრაზა, ტექსტი თუ ლექსი, ფაქტობრივად, ხომ სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების საგალობელია.

მახსოვს, „ვეფხისტყაოსნის“ დასრულებისას ერთ-ერთმა თქვენგანმა თქვა, თუ „ვეფხისტყაოსანი“ იცი, ცხოვრებაც იციო. ესე იგი მე შევძელი შოთას გენიალური პოემა სწორად მომეტანა თქვენამდე.  ცხოვრებაში ხომ სწორი და სამართლიანი გზის გაკვლევაა ურთულესი და ამავდროულად უმთავრესი, რომ მეფე ხარ თუ უპოვარი,  ყოველთვის ერთნაირად აუცილებელია უპირველესად იყო ადამიანი! 

თითოეულ თქვენგანში მე ვიპოვე საუკეთესო ადამიანი და მჯერა, სადაც  უნდა იყოთ, როგორ ვითარებაშიც უნდა აღმოჩნდეთ, ყოველთვის შეძლებთ დარჩეთ ადამიანებად!

სამი წლის წინ გთხოვეთ, წერილები მოგეწერათ ჩემთვის, რომელიც მომავალში უნდა წამეკითხა. უმრავლესობამ  2020 წლის 20 მაისი მიუთითეთ, ანუ დღევანდელი დღე. მაშინ მეგონა, ერთად წავიკითახვდით, მაგრამ დღეს მარტო გავხსნი ამ წერილებს, წავიკითხავ, ვიმოგზაურებ თქვენი ოცნებების სამყაროში და ბევრ, ძალიან ბევრ ლოცვას გაგატანთ, მერე კი სათუთად შევინახავ, შევინახავ თქვენს ბავშვობას, გულწრფელობას.

გზას დაგილოცავთ! ცრემლებს ჩემთვის  შევინახავ... თქვენ კი ლამაზ, ფერად, ბედნიერ და ნათელ მომავალს გისურვებთ!  ყოველთვის ისეთი ლაღები, თავისუფლები, მეამბოხეები და სამართლიანები იყავით როგორიც აქ, ჩვენთან, ჩემთან, რადგან თქვენ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ!

ლია მასწავლებელს უყვარხართ ძალიან.  რა კარგია, რომ არსებობთ! და რა ბედნიერება, რომ მე თქვენი დამრიგებელი, მასწავლებელი ვარ და ვიქნები!

და ბოლოს, საოცარი შეგრძნებაა, როცა იცი, ყველა მოსწავლეს ესმის შენი თოთოეული სიტყვა.

თქვენი ლია მასი
2020 წლის 20 მაისი

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება