სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალგორელ მოსწავლეებს და სკოლის პერსონალს ქართულ ენაზე საუბარი ეკრძალებათ
14-02-2020
-
+


„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.

მათვე ცნობით, საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ამძიმებს ეთნიკურად ქართული მოსახლეობის ყოფას. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონში მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვის საკითხი.

უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ესენი არიან: ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ცნობით, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებშიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ. კითხვის ნიშნებს ბადებს ამავე პერიოდში მეორე ქართული სკოლის დირექტორის - მზია ფსუტურის გათავისუფლებაც. თუმცა, საოკუპაციო ძალები აღნიშნულ გათავისუფლებებს ნინო ამირანაშვილთან დაკავშირებით წეროვნიდან გადმოსული მოსწავლეების საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გაფორმებას, ხოლო მზია ფსუტურის შემთხვევაში, „პედაგოგიური განათლების უქონლობას“ უკავშირებენ.

ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის აკრძალვა, ბოლო წლებში,  საგანგაშო სახეს იძენს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალიდან ახალგორში ჩასულმა ე.წ. საგანმანათლებლო კომისიამ მსგავსი გაფრთხილებები მისცა თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას. ქართულ ენაზე საუბარი აუკრძალეს მასწავლებლებს და მომსახურე პერსონალს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთანაც.

ამ პროცესების პარალელურად, დასასრული არ უჩანს ახალგორის იზოლაციისკენ მიმართულ პროცესს.  მოსაბრუნის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების რამდენიმე მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვერ მოახერხა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის განხილვა როგორც ჟენების საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ამასთანავე, გამოიყენოს სამართლებლივი მექანიზმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც გალის რაიონში განათლების უფლებას შეეხებოდა, აღნიშნულია, რომ „ანგარიში არ ეხება ახალგორის რაიონში განათლების უფლებას, გამომდინარე იქიდან რომ 2008 წლის შემდეგ აქ სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა.“ თუმცა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2017 წლიდან, როდესაც ქართული სკოლების „რუსიფიკაციის“ პროცესი დაიწყო. ახალგორში დღეს მოქმედი ათი სკოლიდან ექვსი ქართულია, რომლებიც 2017 წლიდან ეტაპობრივად გადადის რუსულ სწავლებაზე. ამ სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლება სრულად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ქართული ენა ისწავლება როგორც ცალკე საგანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება