სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ შევარჩიოთ მოსწავლისთვის წრეები სწორად და როგორ მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი გადატვირთულია? - რჩევები ფსიქოლოგისგან
06-10-2019
-
+


სკოლასთან ერთად, მოსწავლის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა წრეები. გარდა ამისა, აქტივობები ბავშვს ხასიათის ფორმირებაშიც ეხმარება. სასურველ წრეს ზოგჯერ მშობელი საკუთარი სურვილით არჩევს, ზოგჯერ კი თავად ბავშვი ირჩევს. 

მოსწავლისთვის საგანმანათლებლო წრესა თუ სპორტულ აქტივობაზე სიარული სასარგებლოა. თუმცა სანამ ბავშვის მომავალ კარიერას ჩვენით დავგეგმავთ, საჭიროა მისი სურვილის გათვალისწინება და ზედმეტი გადატვირთვისგან თავის არიდება. 

რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოთ შვილისთვის განმავითარებელი წრე თუ სპორტული აქტივობა და როგორ უნდა დაიცვათ ზღვარი ბავშვის გადატვირთვასა და განტვირთვას შორის? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge ფსიქოლოგ ლელა მურუსიძეს ესაუბრა. 

- ქალბატონო ლელა, რა პრინციპით უნდა შევარჩიოთ მოზარდებისთვის საგანმანათლებლო წრე?

- მოზარდის წრეზე შეყვანამდე, მშობელმა კარგად უნდა გააცნობიეროს მოტივი, რისთვისაც შვილი ამა თუ იმ წრეზე  შეყავს, რამდენად ემსახურება კონკრეტულ წრეზე სიარული ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ, კოგნიტურ განვითარებას. 

ხშირად გაიგონებთ მშობლებისგან შემდეგ ფრაზებს: მე მინდა, ჩემი შვილი კარგი სპორტსმენი - ჩოგბურთელი, ფეხბურთელი, რაგბისტი, მუსიკოსი, მათემატიკოსი  გამოვიდეს. კარგია, როდესაც მშობელი შვილის ფიზიკურ, ინტელექტუალურ, შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნავს, მაგრამ კარიერის ნაადრევად დაგეგმვა, ბავშვის გადაღლა, სხვისი ინტერესების მოზარდზე მოხვევა შემდეგი მოტივებით მართებულად არ მიმაჩნია:

  •  მშობლის, როგორც ფეხბურთელის ან რომელიმე პროფესიის კარიერა ვერ შედგა და სურს, თავისი ოცნება შვილის მეშვეობით შეისრულოს;
  •  ესა თუ ის პროფესია კარგი შემოსავლის მომტანია და მომავალი უზრუნველყოფილი ექნება;
  • თვითონ ან მის უფროს შვილს მათემატიკა, ცეკვა, ხატვა კარგად გამოსდის და უმცროსმაც აუცილებლად ამ წრეზე უნდა იაროს.
ბავშვის  დატვირთვა წრეებით, საგნებით, ბავშვის ასაკის, განვითარების თავისებურებების, ინტერესისა და მიდრეკილების გათვალისწინებით მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.

მე როგორც ფსიქოლოგს, მიმაჩნია, რომ ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია კარგი საყრდენი და ორიენტირი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის იმ ინტელექტის განსავითარებლად, რომელიც მას აღმოაჩნდება. ეს არის ლინგვისტური (წერა, კითხვა, სიტყვების მარაგი, სიტყვებით თამაში და ა.შ ), ლოგიკურ-მათემატიკური (რიცხვებით მანიპულირება, ლოგიკური თავსატეხების ამოხსნა, ექსპერიმენტირება), სივრცით-ვიზუალური (ხატვა, პროექტირება, სივრცეში ორიენტირება, ნახატებიანი წიგნებით, რუკებით დაინტერესება), სხეულებრივ-კინესთეტიკური ( საგნების შეხებით აღქმა, სპორტი, ცეკვა, ჟესტიკულაცია), მუსიკალური ( რიტმის, მელოდიის კარგი შეგრძნება, ბავშვები ხშირად ღიღინებენ, აქვთ მელოდიას ზუსტად გამოხატვის უნარი და ა.შ.), ნატურალისტური (ბუნებით დაინტერესება, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ამოცნობის უნარი და ა.შ).

- როგორ უნდა დაიცვან ზღვარი მშობლებმა ბავშვის დატვირთვასა და გადაღლას შორის?

- ვფიქრობ, ეს საკმაოდ სათუთი საკითხია. ამიტომ, ბავშვის დატვირთვასა და გადაღლას შორის ზღვარი თითოეულმა მშობელმა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ მოზარდთან უნდა დაიცვას. წრის შერჩევისას კი საყრდენად  ბავშვის განვითარება და გახალისება უნდა დაისახოს. ექიმებთან და ფსიქოლოგებთან ხშირად ხვდებიან ბავშვები, რომლებიც ზედმეტი გადატვირთვის შედეგად ხანგრძლივ სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მშობლებმა კი შვილის გადაღლა დროულად ვერ შეამჩნიეს. ასეთი ბავშვები გაღიზიანებულები არიან, ძილის, კვების რეჟიმი დარღვეული აქვთ, ემოციური გამოვლინებები და სომატური  სიმპტომები აღენიშნებათ, თავი, ხელი და სხვა ორგანოები სტკივათ. ტიკები, ბრაზის, შფოთის, პანიკური შეტევები აქვთ. ეს ჩამონათვალი ძალიან ვრცელი და მრავალფეროვანია, რომელიც შემდგომ მულტიდისციპლინარულ მიდგომასა და ჩარევას საჭიროებს ( პედიატრი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ა.შ.).

ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ მან შვილში ინვესტიცია ჩადო და ვერ გამოიყვანს მას ამა თუ იმ წრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვს ასე სურს, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა იფიქროს, რომ შვილს ბავშვობას ართმევს, მას აღარ რჩება თანატოლებთან თამაშის, ბუნების წიაღში სეირნობის, სხვა ადამიანებთან ურთიერთობით სიამოვნების განცდის საშუალება, ბავშვი  დროს უმეტეს ნაწილს დაგვიანების შიშში, ტრანსპორტში, საგზაო საცობებში ატარებს, სახლში გვიან მისული კი შუაღამემდე გაკვეთილებს ამზადებს. შედეგად, მშობლისა და მასწავლებლის საყვედურს იღებს, მეორე დღეს კი იგივე მეორდება.  

ბავშვები, რომლებიც ზედმეტად დატვირთულები არიან სხვადასხვა აქტივობებით, დროის უქონლობის გამო თანატოლებთან სრულფასოვან კომუნიკაციას ვეღარ ამყარებენ, რეალურ ადამიანებთან ურთიერთობას კი კომპიუტერთან ყოფნას არჩევენ.

საუბრის დასასრულს, მინდა თითოეულ მშობელს ვურჩიო:

დღეში ნახევარი საათი გაატარეთ თქვენს შვილებთან ყოველგვარი აჩქარებისა და შეგონებების გარეშე, უშუალო გარემოში ისიამოვნეთ მათთან ურთიერთობით. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, გაიგონებთ და დაინახავთ იმ მინიშნებებს, რომლებიც თქვენს შვილებთან ურთიერთობაში მრავალ სირთულეს აგაცილებთ თავიდან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება