სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ინტერვიუ

მეგობრული თუ ოფიციალური - როგორი უნდა იყოს მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის ურთიერთობა?
04-10-2019
-
+


მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ჰარმონიული უნდა იყოს. თითოეულ მასწავლებელს მოსწავლესთან მიდგომის საკუთარი მეთოდი აქვს, რაც სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვაში ეხმარება.

როგორ უნდა შეინარჩუნოს მასწავლებელმა მოსწავლესთან კარგი ურთიერთობა, რა გავლენა აქვს ამას მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და როგორია მშობლის როლი აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტაში?! – etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ:

ქუთაისის N10 სკოლის დირექტორი დემურ გაგუა:

„საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, თაობათა შორის ურთიერთობა მარტივი არ არის. ასაკობრივი ზღვარი მაინც დებს ამ ურთიერთობებში თავის ნიშნებს. თუმცა, ვთვლი, რომ ბავშვთან მისასვლელი გზა დაკეტილი არასდროს არის და ჩვენ, უფროსებს, მეტი მოგვეთხოვება ამ მიმართულებით. ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ყოველთვის უფრო მყარია და საიმედოა.

ბავშვი თუ გრძნობს, რომ დამრიგებელთან, მასწავლებელთან შეუძლია მისთვის ყველაზე ფაქიზი და ძვირფასი თემა განიხილოს, ეს უკვე გამარჯვებაა. და თუ როგორ მოვძებნით მოსწავლემდე მისასვლელ გზას, უფრო ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ბავშვის.  ეს შეიძლება მოხერხდეს როგორც საკლასო ოთახში, ასევე სკოლის გარეთ.

ექსკურსიაზე გასული ბავშვი სულ სხვანაირია, რადგან გარემოს შესაბამისად მოქმედებს, ამიტომ მასთან ახლოს ჩამოჯდომა, დიალოგში შესვლა და გულისხმიერი მოკითხვა, მის გულამდე მისასვლელი ერთგვარი გზაა. ამას ბავშვები ძალიან კარგად ხედავენ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები მაქვს. არ ვცდილობ, ვიღაცას ჩემი ეშინოდეს, რადგან ასეთი ურთიერთობები არასდროს მთავრდება წარმატებით. ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას ბავშვი ყოველთვის დიდ პატივს სცემს და არასოდეს გააკეთებს ისეთ რამეს, რომ ამ ნდობას ზიანი მიაყენოს. თუმცა ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, მივახვედროთ ბავშვი, რომ მასწავლებელი, დირექტორი მისი „მტერი“ კი არ არის, სწავლა იმისთვის კი არ სჭირდება, რომ დედ-მამას ან ვინმე სხვას დაანახოს, სწავლა მისი ხვალინდელი დღის გამო არის საჭირო. 900 ბავშვი დარბის ახლა ჩემი სკოლის შენობაში. ძალიან მიხარია და სიამაყით ვაცხადებ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სულ უფრო ნაკლებად მახსოვს მომენტი, რომ გაბრაზებულ მასწავლებელს ჩემი კარი შემოეღოს და ბავშვთან ურთიერთობაში დახმარება ეთხოვოს“.

დემურ გაგუა მასწავლებლისა და მოსწვალის დამოკიდებულებაში, მშობლის როლზეც საუბრობს.

„მშობლებს, გარკვეული როლი აკისრიათ მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის საკითხში, მაგრამ ეს თემა, ზოგადად, მარტივი არ არის. არსებობს კატეგორია მშობლებისა, რომლებიც მდგომარეობას ადეკვატურად აფასებენ, მაგრამ არის მშობელი, რომელიც თვლის, რომ რაღაცაში მუდამ მართალია, ან მისი შვილია ყოველთვის მართალი. სამინისტროს ჰქონდა ერთი საოცარი იდეა, მშობლების პედაგოგიზაცია, რის განხორიელებაც არ იქნებდა ურიგო. როცა სკოლაში უშვებს ბავშვს მშობელი, გასათვალისწინებელია, თუ როგორი განწყობით გადის ბავშვი სახლიდან. ჩვენ ყველანი ოჯახის შვილები ვართ და ჩვენთვის სულ ერთი სულაც არ არის, თუ რა განწყობა გვაქვს ოჯახში. ეს შემდეგ, ავტომატურად აისახება ჩვენს საქმიან ურთიერთობებზეც, ბავშვები ხომ, მით უფრო, სუფთა დაფასავით არიან, ამიტომ უნდა ეცადოს მშობელი ამ ყველაფრის დარეგულირებას“, - ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას ქუთაისის N10 სკოლის დირექტორი.

„არც ძალიან ახლოს უნდა მოუშვა ბავშვი, რომ ურთიერთობა ფამილარობაში არ გადაიზარდოს და არც შორს უნდა დაუდგე“ - მასწავლებელსა და მოსწავლებელს შორის გარკვეული ზღვარის დაცვაზე საუბრობს აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა კაპანაძე.

„ჰარმონიული ურთიერთობები რომ შევინარჩუნოთ, უპირველესად, მოსწავლე უნდა გვიყვარდეს. ზოგადად, საგნის სიყვარული მოსწავლისთვის, მასწავლებლის სიყვარულსა და პატივისცემაზე გადის.  მთავარია, ჯერ მოსწავლის გულისკენ მიმავალი გზა გაიკვლიოს მასწავლებელმა.

როგორც გაკვეთილზე, ასევე არაფორმალურ ურთიერთობებში, გაკვეთილს მიღმა, მასწავლებელს მოსწავლის ერთი პატარა ქცევაც, თუნდაც არასასურველი, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. რატომ არის ბავშვი გულჩათხრობილი, ან მოწყენილი, ამ მიზეზით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს მასწავლებელი. თითოეულს ათასნაირი ფორმით შეიძლება მიუდგე, მთავარია, იცოდე, ვისთან როგორი ურთიერთობა „გაჭრის“.

ყველაზე დიდი სირთულე ის არის, რომ ჩვეულებრივი ხალასი ურთიერთობები კომპიუტერზე დამოკიდებულებამ ჩაანაცვლა. შესაბამისად, ბავშვებიც მეტად ჩაკეტილი და ინერტულები გახდნენ. კომპიუტერზე დამოკიდებულება ბევრი რამის პრობლემა შეიძლება გახდეს. ბავშვისთვის უინტერესო ხდება გაკვეთილი, რადგან ათასგვარი საცდური აქვს ტელეფონში, ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, სახალისო გაკვეთილები შევთავაზოთ მოსწავლეებს.

მასწავლებელი ვალდებულია, უსიამოვნო განწყობა სახლში დატოვოს, როცა კლასის წინაშე დგება, რადგან უმთავრესი, რასაც ბავშვს უქმნი, ეს არის განწყობა. თუ მოსწავლეს განწყობას ვერ შეუქმნი, ის თითებზე ითვლის წუთებს და წამებს გაკვეთილის გამოსვლამდე და არანაირი შედეგი არ აქვს ასეთ გაკვეთილს.  

საზღვრის შეგრძნება უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, არც ძალიან ახლოს უნდა მოუშვა ბავშვი, რომ ურთიერთობა ფამილარობაში არ გადაიზარდოს და არც შორს უნდა დაუდგე. მეგობრული ურთიერთობება უნდა შეინარჩუნო, მაგრამ გარკვეული საზღვრის ფარგლებში. თუ საზღვარი იკარგება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, იქ პატივისცემაც იკარგება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსწავლეს მენტორულად, ავტორიტარულად უნდა ვუყუროთ ზემოდან. “ - ამბობს ირმა კაპანაძე.

მისივე თქმით, მშობელი მასწავლებლის მოკავშირე უნდა იყოს, მის აქტიურობას ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე დადებითი გავლენა აქვს.

„მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა უმთავრესია, რაც, პირველ რიგში, ხელს უწყობს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას. ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც მშობელი აქტიურად არის ჩართული შვილის სასწავლო პროცესში და ყურადღებიანია, ბავშვის აკადემიური მოსწრებაც არის მაღალი. შეიძლება მოსწავლეს ჰქონდეს ისეთი პრობლემა, რაც მასწავლებელმა, თუნდაც დამრიგებელმა, ვერ გაიგოს მისგან, მაგრამ თუ მშობელი შენი აქტიური მოკავშირეა, ბავშვის დახმარებასაც მარტივად შეძლებ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობელი მოდის და მასწავლებელს სთხოვს დახმარებას, რის შემდეგაც მასწავლებელი მშობელთან და დირექციასთან ერთად, ფიქრობს და გეგმავს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვი რთული სიტუაციიდან გამოვიყვანოთ.

დაბალ კლასებში მშობლები შედარებით აქტიურობენ და რატომღაც თვლიან, რომ როცა იზრდება ბავშვი, მშობლის აქტიურობა აღარ სჭირდება. არადა, თუნდაც გარდატეხის ასაკში, მეტად სჭირდება ბავშვს დამრიგებელისა და მშობლის ხშირი კომუნიკაცია, თანამშრომლობა...“ - აცხადებს აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი.

ჰარმონიული ურთიერთობებისთვის საჭიროა აღზრდის მეტი ელემენტის შეტანა სასწავლო პრაქტიკაში - ასეთია ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორის მამუკა ხამხაძის მიდგომა. 

„სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვები, უპირველესად, ცხოვრებას სწავლობენ. გამოცდილება, რასაც მოზარდი იღებს სასკოლო ცხოვრებოდან, ეს არის ადამიანური ურთიერთობები თანატოლებთან და უფროსებთან. მასწავლებლის ერთი ფრაზა ან ქცევა, თუნდაც შეფასება, რაღაც მომენტში, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქიკისთვის და შეცვალოს მისი განვითარება ან უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ. ხშირად ხდება, რომ სწორედ ეს ურთიერთობები განაპირობებს ბავშვის სასწავლო მოტივაციას, მის განწყობებს და მოლოდინებს, მის ქცევას საზოგადოებაში და ბოლოს, იმ აკადემიურ შედეგებს.

დიდი ასაკობრივი სხვაობაა ბავშვებისა და მასწავლებლების თაობებს შორის, რაც უპირველესად ნიშნავს განსხვავებას მენტალური და ღირებულებითი სისტემის კუთხით. დღევანდელი მოზარდი უფრო მატრო მყოფია და ჩაკეტილი საკუთარ პრობლემებში.

იმისათვის, რომ ბავშვი სკოლაში სრულიად რეალიზებული იყოს, საჭიროა, მისი ინეტერსები იქნას გათვალისწინებული, როგორც სკოლის, ასევე ოჯახის მხრიდან. ოჯახში არსებულ სოციალურ პრობლემებს და მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტს სკოლა ვერ უშველის, თუმცა ძალიან ბევრი სასიკეთო რამ კეთდება სკოლებში. ფსიქოლოგის სამსახური, მანდატურის სამსახური თუ კლასის დამრიგებელი, ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა ორიენტირებული, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი იდეალური სიტუაციისათვის. პრაქტიკაში აღზრდის ელემენტების უფრო ფართოდ შეტანაა აუცილებელი. საუბრებსა და პრობლემების განხილვას უნდა დაეთმოს მეტი დრო, მაგრამ არსებული კანონმდებლობით, ამ მხრივ შეზღუდული ვართ. მათემატიკა და ისტორია კი არ უნდა იყოს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გადამწყვეტი სასაუბრო თემა და საგანი, აი, - სწორედ ეს პრობლემები.

ურთიერთობები საკლასო ოთახში არის ისეთი, როგორიც გრძელდება შემდეგ საკლასო ოთახს გარეთ. არაფორმალურ გარემოში მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დიდ პოლიტიკას წარმართავს, მაგრამ საკლასო ოთახშიც შეიძლება ამ მიკროგარემოს შექმნა. თუმცა, ამის ნაკლებობა არის, რადგან დამრიგებელს და მასწავლებელს, რომლებსაც აქვთ 18 საათი კვირაში, აქვთ გადაბმული გაკვეთილები და 5-წუთიანი შესვენება, მოსწავლესთან ურთიერთობების შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევა.

ჰარმონიული ურთიერთობებისთვის საჭიროა აღზრდის მეტი ელემენტის შეტანა სასწავლო პრაქტიკაში, მეტი სივრცის შექმნა ჩვენს შორის ადამიანური ურთიერთობების განვითარებისთვის, რისი დეფიციტიც ამ ბავშვებს აქვთ.

მასწავლებელს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ბავშვი და მასაც აქვს თავისი ადამიანური თუ ცხოვრებისეული პრობლემები, ამიტომ ამ ვალდებულების მხოლოდ მასწავლებლისთვის დაკისრება და მოსწავლის სრული გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან, სწორი არ არის. ბავშვს, ასაკის შესაბამისად, პასუხისმგებლობა გადანაწილებული უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც მშობელს“ - ამბობს მამუკა ხამხაძე.

რაც შეეხება მშობლებს, მამუკა ხამხაძე, მათი მხრიდან ყურადღების სიმცირეზე საუბრობს.

„ერთ-ერთი პრობლემა ბავშვისა და მასწავლებლის ურთიერთობებს შორის განპირობებულია სწორედ მშობლის ყურადღების სიმცირით, ან მისი არასწორი ჩართულობით. მშობელი და მასწავლებელი არის ერთი და იგივე საქმის ორი მხარე და თუკი მათ სხვადასხვანაირად ესმით ბავშვის პრობლემა, ან სხვადასხვაგვარად აფასებენ მას, რაც საკმაოდ ხშირია, ამ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება ის აგრესია, რომელიც შემდეგ მთელ რიგ პროცესებს წარმართავს. ამიტომ, ამ ურთიერთობების დასწავლაა სკოლაში უმთავრესი, საგნების სწავლა კი, მხოლოდ შემდეგ მოდის“ - ამბობს ხამხაძე etaloni.ge-სთან საუბრისას.


კომენტარები


სკოლები
მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს
მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მაყვალა ლემსაძე, ხელმძღვანელობდა
შეჯიბრს მასწავლებელი ქრისტინე ლომიძე ხელმძღვანელობდა
ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ულოცავს ამ მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს
შეხვედრით სასკოლო საზოგადოება და „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელებიც კმაყოფილები დარჩნენ
სიახლეები
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა
საინტერესო
ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
„ეტალონის“ მუნიციპალურმა ტურმა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ხონის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წყალტუბოს  ღონისძიებას, ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება
ინტელექტ-ჩემპიონატში აბაშის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
„მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული  დიდი ჭყონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ნაჭყებიამ მოიპოვა
საზოგადოება