TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„კარგი იუმორი და ბოხი ხმა“ - ქართველი ქველმოქმედი თოვლის ბაბუას საახალწლო თავგადასავლები
04-01-2019
-
+


ახალი წლის ღამეს, თოვლის ბაბუას გამოძახება, ბევრი ოჯახისთვის ტრადიციად იქცა. სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს ბავშვებისთვის დიდი სიხარული მიაქვთ. მშობლები არაფერს იშურებენ, რომ შვილებს ახალი წლის ღამეს დიდი სიურპრიზი მოუწყონ და სიხარული დააბედონ. თუმცა, ეს სიხარული ბევრად დიდია, როცა  თოვლის ბაბუა, სრულიად მოულოდნელად, შეჭირვებულ ოჯახში მცხოვრებ პატარებს სტუმრობს და მათთვის საჩუქრებიც მიაქვს.

ახალგაზრდა ქორეოგრაფი, ნიკოლოზ გოგებაშვილი, მეგობრებთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, რაც თოვლისბაბუის სახელით ქველმოქმედებას ეწვა. გარდა იმისა, რომ შეძლებული ოჯახებიდან იღებს შეკვეთებს, ახალი წლის ღამეს, ღარიბოჯახებსა და ბავშვთა თავშესაფრებს სტუმრობს და იქ ისეთ სიხარულს ატრიალებს, მერე მთელ წელს ამ განცდით ატარებს.

– ნიკოლოზ, რა უნარებია საჭირო, რომ თოვლის ბაბუად გადაიქცე და ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება შეძლო?

– თოვლის ბაბუას სჭირდება კარგი იუმორი, ბოხი ხმა, ბავშვებისადმი და არა მარტო მათდამი კეთილი და თბილი დამოკიდებულება. უნდა შეეძლოს ბავშვების მოსმენა და ცდილობდეს, შეუსრულოს სურვილები. მეოთხე წელია, რაც მე და ჩამი მეგობარი ახალი წლის დღეებში თოვლის ბაბუებად გადავიქცევით ხოლმე და გამოძახებებზე დავდივართ. გარდა გამოძახებებისა, ჩვენი ხარჯებითაც დაგვაქვს ტკბილეული და საჩუქრები. თოვლის ბაბუას რომ დაინახავს ქუჩაში ბავშვი, უსაჩუქროდ ხომ არ დატოვებ, რაღაც ხომ უნდა მისცე?!  გუდა გვაქვს ხოლმე წამოკიდებული და ვასაჩუქრებთ, რაც განსაკუთრებულ სიხარულს იწვევს. ეს კი უფრო მეტად მსიამოვნებს. თბილისის მთავარი ნაძვის ხე რომ იხსნება, მუდამ იქ ვართ და ვახარებთ ბავშვებს.

გარდა ამისა, ბევრი გაჭირვებული ოჯახი ვიცით, რომლებსაც იმ თანხებით ვეხმარებით, რაც გამოძახებებით შემოგვდის. ზოგს საჭმელი უნდა, ზოგს ჩასაცმელი... არის ოჯახები, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ და ახალ წელს უბრალო საჭმელიც არ აქვთ, არამცთუ სადღესასწაულო სუფრა. ქველმოქმედებას უფრო ვეწევით, ვიდრე ფულს ვშოულობთ. ჩემი საქმე მაქვს, ქორეოგრაფი გახლავართ და არ ვარ და „თოვლის ბაბუის“ შემოსავალზე დამოკიდებული. იყო შემთხვევა, როცა 31 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე, ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის გოგო სამ შვილთან ერთად მოწყალებას ითხოვდა. გამოვკითხეთ მისამართი და საღამოს მივაკითხეთ. უნდა გენახათ, რამხელა სიხარული მივუტანეთ. რეალურად რაც არის  თოვლის ბაბუას დატვირთვა, ისე ვიქცევით – მოულოდნელობის ეფექტი... წმინდა ნიკოლოზს უკავშირდება ეს ამბავი, რომელიც ახალი წლის ღამეს დადიოდა ოჯახებში, ეხმარებოდა და კურნავდა ადამიანებს. მეც ნიკოლოზი მქვია და მინდა, ვბაძავდე კეთილ საქმეში.

წელსაც იგივეს ვაპირებთ, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები რამოდენიმე ოჯახი გვყავს შერჩეული და გვინდა, დავეხმაროთ. ანგარიშიც გვაქვს გახსნილი ამ მიზნით. შარშან უფრო აქტიურობდა ხალხი, წელს კი ისე მიდის საქმე, მხოლოდ ჩვენი ჯიბიდან მოგვიწევს ქველმოქმედების გაწევა. გვწერენ, როგორ დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ქველმოქმედებას ეწევითო, მაგრამ ღმერთი ზემოდან ხომ იყურება... არადა, არაფერი ჯობს იმ პატარებისა და ოჯახების გახარებას, რომლებიც არც კი ელოდებიან მსგავს სიურპრიზს და თავს გარიყულად გრძნობენ. გვინდა, მოხუცთა თავშესაფრებსაც ვესტუმროთ და გავახაროთ ტკბილი ბებიები და ბაბუები.  

– რაც შეეხება გამოძახებებს, რას გაუკვირვებიხართ?

– ერთმა ბავშვმა მოითხოვა, აეროპორტი მაჩუქეთ, მინდა, ჩემი თვითმფრინავები მყავდესო... ერთმა ბავშვმა მომწერა, პატარა ძმა მინდაო... ხან ისეთ კითხვებს მისვამენ... სხვა რამეზე უნდა გადაუტანო ასეთ დროს საუბარი, რომ ის კითხვა დაავიწყო. ზოგ ბავშვს საერთოდ არ აინტერესებს თოვლის ბაბუა. მთელი დღე კომპიუტერში არიან ჩამძვრელნი და ამქვეყნად რა ხდება, აღარც ესმით.

ზოგჯერ გამოძახებაზე მივსულვართ და არც ნაძვის ხე ჰქონიათ, არც სუფრა... ასეთ დროს მშობელი ცდილობს,  თოვლის ბაბუის გამოძახებით მაინც გაახარონ ბავშვი. რა ადამიანი უნდა იყო, რომ მათ ფული გამოართვა?! იქეთ ვუტოვებთ ასეთ დროს ფულსაც და ტკბილეულსაც.

ერთხელ, საბურთალოზე ოჯახში მივდიოდით. მანქანა ცოტა მოშორებით გავაჩერეთ და ფეხით გავიარეთ გარკვეული მანძილი. პატარა ბავშვები გამოგვედევნენ და გვეუბნებოდნენ, თუ ნამდვილი თოვლის ბაბუები ხართ, ირმები გვაჩვენეთო. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. მერე გვითხრეს, წამოგვყევით და მე გაჩვენებთ ირემსო. წავყევით და მამამისთან მიგვიყვანა, ეს არის ჩემი ირემიო... მამამისთან ერთად ბევრი ვიცინეთ.

გამოძახებაზე მივედით და აღმოჩნდა, რომ ოჯახის სამ სხვადასხვა წევრს სხვადასხვა თოვლის ბაბუა გამოუძახებია. სამივე ერთად მივედით. სადარბაზოში შევედით ერთად, მივესალმეთ... ვიფიქრეთ, ალბათ სხვადასხვა ოჯახმა გამოგვიძახაო. ერთ კარს რომ მივადექით, მივხვდით, რაშიც იყო საქმე. კარგად ვიმხიარულეთ. ისეთი ემოცია იყო ოჯახში, სადაც სამი სანტა შევიდა... ფულიც არ გამოვართვით, ცოტა დავლიეთ და მხიარულად დავიშალეთ.

გასულ წელს, 31 დეკემბრის ღამის 11 საათი იყო.  საბურთალოზე, ერთ ოჯახში გვქონდა გამოძახება. სადარბაზოში გაწამაწიაში ვართ, ვიცვამთ ფორმას და უცებ შემოვიდა იუმორისტი ვახტანგ ტატიშვილი. მოვიდა ჩვენთან, გადაიღო სელფი თავისი ტელეფონით, მადლობა გადაგვიხადა და წავიდა. გავოცდით და სიხარულისგან იმდენად გამოვშტერდით, რომ ვერც მოვიფიქრეთ, ჩვენც გადაგვეღო სელფი მასთან ერთად და ასე დავკარგეთ ეგ პატივი და ფოტო ლეგენდარულ ადამიანთან.

წელს, დეკემბრის თვეში ჯვრისწერაზე დაგვიძახეს – ტორტი შეიტანა ფიფქიამ და თოვლის ბაბუამ გადასცა პატარძალს საჩუქარი – ოქროს ყელსაბამი.  დედამთილმა გაუკეთა ეს სიურპრიზი წყვილს.

– ფიფქიებიც გყავთ?

– დიახ, გვყავს ფიფქიებიც და მათ ითხოვენ, ძირითადად, საღამოების წამყვანებად. ფიფქიებს რომ ითხოვენ, მარტო არ ვუშვებთ, რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს (იცინის).

– რომელ წლამდე სჯერათ ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობისა?

– 12 წლის გოგონასთან ვიყავით გამოძახებული. გადაირია სიხარულით, მოგვეფერა, ლექსიც მოგვიყვა, სუფრაზეც მიგვიპატიჟა. დიდივით იქცეოდა, მაგრამ აშკარა იყო, სჯეროდა, რომ ნამდვილი თოვლის ბაბუა ვიყავი. მე პატარაობიდანვე არ მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობისა, მაგრამ ვისაც სჯერა, ეს მისთვის დიდი სიხარულია. ბედნიერება კი წვრილმანებშია. კი, ატყუებ, მაგრამ ხომ არ ვნებ, პირიქით, ბედნიერ წუთებს ჩუქნი. სიკეთით ჩადენილი ტყუილი კი ცოდვა არ არის.

– ბევრი ოჯახის მეკვლეც იქნებით. როგორი ფეხი გაქვთ?

– დიახ, ბევრის მეკვლე ვარ და დარწმუნებული ვარ, ყველა ოჯახში კარგი ფეხი შემაქვს. ადამიანს, რომელიც კეთილად არის განწყობილი და უხარია სხვების სიხარული, შეუძლებელია, ცუდი ფეხი ჰქონდეს. სტიქაროსანიც ვარ და ვცდილობ, მხოლოდ სიკეთე ვაკეთო.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები

გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ

დირექტორები თანამდებობაზე წერილობითი თანხმობით დარჩებიან - მწერალთა სახლს 7 მუზეუმი დაექვემდებარება

ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები

ატესტატის მისაღებად განაცხადების გაკეთება 20 ივნისიდან დაიწყება - დეტალები 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება