სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სამასწავლებლო, პიროვნება, საინტერესო

უნარები, რომლებიც სკოლამ მოსწავლეებს უნდა განუვითაროს -  სკოლის ლიდერთა პრაქტიკაზე დაფუძნებული არგუმენტები და პასუხები აქტუალურ კითხვაზე
11-03-2026
-
+


„საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა“, - ეს საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს შორის პირველია. თუმცა სანამ პატრიოტებად ჩამოყალიბდებიან, ბავშვები სწორედ სკოლაში სწავლობენ მეგობრობას, სიყვარულს, ემპათიას, გარემოზე ზრუნავს, უერთიერთპატივისცემას... იაზრებენ განათლების მნიშვნელობას, სწავლობენ ტოლერანტობას და რა თქმა უნდა ქვეყნის სიყვარულს.

და მაინც - რა უნარები უნდა განუვითაროს სკოლამ მოსწავლეს? - პრაქტიკაზე დაფუძნებული არგუმენტებით, საჯარო სკოლის ხელმძღვანელები etaloni.ge-ს კითხვას პასუხობენ: 

რუსუდან მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სორის საჯარო სკოლა დირექტორი:

სკოლაში იწყებენ ბავშვები იმის გააზრებას, რომ უნდა იზრუნონ თანატოლებზე, გარემოზე... სწავლობენ ერთმანეთის აზრის პატივისცემას, უმაღლდებათ მოქალაქეობრივი ცნობიერება... გარდა იმისა, რომ სკოლა ავლენს მათ შემოქმედებით უნარებს, ეხმარება დადებითი პიროვნული თვისებების მეტად განვითრებაში... მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არ არის საკმარისი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებისთვის - ბავშვებმა უნდა გაითავისონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა სკოლის, თანატოლების, მეგობრების, ოჯახისა და სამშობლოს წინაშე.

მერაბ ხურციძე, ვანის მუნიციპალიტეტის ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, მიმაჩნია, რომ გარდა საგნობრივი ცოდნისა, სკოლაში ბავშვებმა ადამიანური ურთიერთობები უნდა ისწავლონ. ყველამ ვიცით, რომ პატრიოტი, პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ქმნიან წარმატებულ სახელმწიფოებს, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია, ბავშვებს განვუვითაროთ ტოლერანტობა, ემპათიის უნარი, იცოდნენ თანატოლებთან სწორი კომუნიკაცია, გაიაზრონ, მეგობრობის მნიშვნელობა... თამამად ვიტყვი - ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სწორედ სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ.

ნანა ბურჯალიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიყვარული, მეგობრობა, პატრიოტიზმი - ეს სამი გრძნობა თუ უნარი აყალიბებს ღირსეულ მოქალაქეს... მიმაჩნია, რომ მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია  ბავშვების განვითარებისთვის - მთავარია, მათ ადამიანობა ვასწავლოთ, განვუვითაროთ ჰუმანიზმი, ტოლერანტობა... იცოდნენ მეგობრების მხარდაჭერა, ისწავლონ ემპათია. დიახ, ჩვენი, პედაგოგების უმთავრესი ვალია, აღვზარდოთ განათლებული ახალგაზრდები, ღირსეული ადამიანები და სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტები.

მაია ალექსანდრია, ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა ვთანხმდებით, რომ სკოლას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ახალგაზრდების აღზრდაში და ჩვენც მაქსიმალური რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რათა 21-ე საუკუნის საქართველოს მომავალ თაობებს ჰქონდეთ პატრიოტიზმის გრძნობა, ემპათიის უნარი და გრძნობდნენ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. კეთილსინდისიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანური თვისებაა, რომელიც ბავშვებს მცირე ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ და უნდა იცოდნენ, რომ მის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.

ნინო ცერცვაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ვაჭევის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლამ პატრიოტი მოქალაქეები უნდა აღუზარდოს ქვეყანას... ეს კი საკუთარ თავში არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს აერთიანებს, მათ შორის, კრიტიკულ აზროვნებას, ანალიტიკურ უნარებს... სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს ემოციურად მომწიფებული ინდივიდი, რომელსაც  ექნება ასევე ემპათიის უნარი. ბავშვებმა უნდა იცოდნენ სხვების პატივისცემა, არ იყვნენ კონფლიქტურები, ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა - ჩვენ გვჭირდება თაობა, რომელსაც გააზრებული ექნება განათლების მნიშვნელობა და ძალიან ეყვარება სამშობლო. 

ნუნუ სილაგავა, ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის, სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორა:

ჩვენი ბავშები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები უნდა იყვნენ, რომელთაც ეცოდინებათ საკუთარი უფლებები და იმავდროულად, არც მოვალეობებს დაივიწყებენ. ისინი უნდა იყვნენ პატრიოტები, განათლებულები, წარმატებულები და ჩვენი სკოლის თითოეული თანამშრომელი თავს არ ზოგავს, რათა ახალგაზრდებს მთავარი მიზნებისკენ სავალი გზა გაუმარტივონ. განათლება, ტოლერანტობა, ემპათია, პასუხისმგებლობის გრძნობა... ქმნის ღისეულ, წარმატებულ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. მეამაყება, რომ ჩვენს სკოლაში ყველა ეს პრინციპი დაცულია და ვფიქრობ, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ ჰოლისტური მიდგომებია... ამაზე მეტყველებს მედალოსანი კურსდამთავრებულების რაოდენობა, მათი პროფესიონალიზმის საქვეყნოდ აღიარება და გულწრფელად ვამაყობ, რომ სალხინოს საჯარო სკოლა საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს უზრდის. 

თამილა მეგრელი, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლამ ბავშვებს თავისუფალი, კრიტიკული აზროვნებს უნარი უნდა განუვითაროს... სწორედ სკოლაში სწავლობენ ბავშვები სხვისი აზრის პატივისცემას და საკუთარი აზრის გამოთქმას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პედაგოგებმა ვიმუშაოთ ბავშვების მოტივაციაზე. მათ უნდა დავეხმაროთ გააზრებაში, რომ მცირე წარუმატებლობა არ უნდა გახდეს რაღაცის დასასრული, პირიქით, მეტად ბრძოლისუნარიანები უნდა გახდნენ, მიღებული გამოცდილება კი წარმატების საფუძვლად აქციონ. შრომისმოყვარეობა, ემპათიის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურობა, მეგობრობა, სიყვარული, დროის მენეჯმენტი... სკოლაში უნდა შეითვისოს ბავშვმა, რათა საბოლოოდ ღირსეულ მოქალაქედ და რაც უმთავრესია, პატრიოტად ჩამოყალიბდეს.

აზა გადელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა გაითავისონ, რომ თავად ქმნიან ღირსეულ საზოგადოებას... ამიტომ უნდა იყვნენ შესაბამისი უნარებით შემკობილნი - პატრიოტიზმის გრძნობით, ემპათიის უნარით.  მათთვის სამართლიანობა და ღირსება უპირველესი ფასეულობა უნდა იყოს, ასევე ახასიათებდეთ ტოლერანტობა, ჰუმანიზმი, კეთილსინდისირება... მორალური ღირებულებები განაპირობებს ყველაფერს, დანარჩენს, ამიტომ ჩვენი ვალია პირველ რიგში, ადამიანებად აღვზარდოთ ჩვენი ბავშვები. 

მიხეილ ჯაყელი, წალკის მუნიციპალიტეტის ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ქვეყნის ტრადიციების, რელიგიის სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ ბავშვებს და აღვზარდოთ პატრიოტებად... სკოლის როლი კი ამ საქმეში ძალიან დიდია. ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა იცოდნენ ჩვენმა ახალგაზრდებმა. სკოლის უპირველესი მოვალეობაა, აღზარდოს ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ფესვები. პატრიოტიზმი ხომ მხოლოდ დროშის ფრიალი არ არის?! ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, როდესაც მოსწავლეს ესმის, რომ მისი ყოველი ნაბიჯი, განათლება და ქცევა ქვეყნის სახეა. ჩვენს ბავშვებს უნდა უყვარდეთ მშობლიური ენა, ისტორია და კულტურა. 

რიმა მელია, ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველეს ყოვლისა, ვისურვებდი, რომ ზოგადად, მშობლები მეტად იყვნენ ჩართულები შვილების სასკოლო ცხოვრებაში... როგორი მოქალაქეები უნდა აღზარდოს სკოლამ? - რა თქმა უნდა, პატრიოტები, განმსჭვალულნი პატივისცემის გრძნობით საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა მიმართ. აქედან იწყება ქვეყნის განვითარება. ბავშვს პატარა ასაკიდანვე უნდა განვუვითროთ პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის, სკოლის, ქვეყნის წინაშე და ყოველმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ თავადაა ამ ქვეყნის მომავალი.

კაკო ანთაძე, წალკის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი:

თანამედროვე სკოლამ უნდა ასწავლოს მოსწავლეს, რომ თავისუფლება და პასუხისმგებლობა განუყოფელია. მათ უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და, რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება. პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ბავშვებმა უნდა გაითავისონ, რომ პატრიოტიზმის გრძნობა ვლინდება საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაში - იქნება ეს გარემოზე ზრუნვა, მოხალისეობა თუ სხვისი უფლებების დაცვა. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ არ იყვნენ გულგრილები იმის მიმართ, რაც მათ ირგვლივ ხდება - უნდა გავუჩინოთ სურვილი, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.

როენა ფიფია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა უნარები უნდა განუვითაროს სკოლამ მოსწავლეს? - ეს კომპლექსური საკითხია და პირველ რიგში, საფუძვლად ენობრივი უნარების განვითარებას დავასახელებდი... ბოლო დროს, ხშირად გვესმის - ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთო და ამიტომ მნიშვნელოვანია, განვუვითაროთ ვერბალური უნარები. სხგვაგვარად წარმატების მიღწევაც გაუჭირდება, საგნობრივი ცოდნის დაუფლებაც... თუ ვერ გაიაზრა ბავშვმა, რა წაიკითხა, ვერც პატრიოტიზმის მნიშვნელობას გაიაზრებს. მეტი და მეტი მუშაობაა საჭირო, მშობლების აქტიური ჩართულობით და რა თქმა უნდა, მასწავლებლების როლის გათვალისწინებით. პედაგოგს უნდა ჰქონდეს მოთმინების უნარი, ნებისყოფა, რომ სწორად აუხსნას ბავშვს, რაში სჭირდება ქვეყნის ისტორიის, ლიტერატურის ცოდნა... ბავშვებმა უნდა იცოდნენ, სადაა მათი გზა, საიდან მოვდივართ, ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები - მხოლოდ ასე ვითარდება პატრიოტიზმის გრძნობა. ჩვენ, სკოლამ, მასწავლებლებმა უნდა გავააზრებინოთ, რომ ასეთი დეტალების ერთობლიობა აყალიბებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას - ქვეყანა უნდა გვეფიქრებოდეს და არა მხოლოდ საკუთარი თავი. 

ჯუმბერ ხოზრევანიძე, წალკის მუნიციპალიტეტის იმერის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის უპირველესი მოვალეობაა, ქვეყანას განათლებული და პატრიოტი მოქალაქეები აღუზარდოს... თუმცა ჩვენ ბავშვებს ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ ქვეყნის სიყვარული საქმის ერთგულებაზე გადის. პასუხისმგებლობა საკუთარი საქმისადმი ნიშნავს იმას, რომ ეს მოსწავლე ხვალ პროფესიონალი გახდება, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საკეთილდღეოდ. გარდა ამისა, ჩვენს ბავშვებს უნდა განვუვითაროთ მორალური ფასეულობები, ჰქონდეთ სამართლიანობის გრძნობა, იზრუნონ გარშემომყოფებზე და საკუთარი პროფესიონალიზმით, წარმატებული მოღვაწეობით განაპირობონ სამშობლოს წარმატება. 

ეკა თელაურიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლა უნდა იდგეს მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა ჩვენ, პედაგოგებს, ასევე გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა ბავშვების პიროვნული თვისებების ჩამოყალიბების საქმეში. მხოლოდ განათლება არასაკმარისია ღირსეული მოქალაქის აღსაზრდელად. ბავშვებს უნდა განვუვითაროთ ემპათიის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, სამშობლოს ტრადიციების პატივისცემა და სხვა ქვეყნების კულტურების მიმღებლობა... ნამდვილი პატრიოტიზმი ეფუძნება სიყვარულს და არა სიძულვილს, ამიტომ სკოლამ უნდა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქეები, რომელთაც სრულად ექნებათ გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობები ოჯახის, მეგობრების, სამშობლოს წინაშე. ჩვენმა ბავშვებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი წარმატება არის ქვეყნის მომავალი!

ირმა გიორგაძე, წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

თავისუფალი აზროვნება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, ურთიერთპატივისცემა და შემწყნარებლობა - ეს თვისებები უნდა განვუვითაროთ მომავალ თაობას... რადგან პატიორტიზმი ამ ფაქტორების გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს. გარდა ამისა, სკოლამ სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნება უნდა ჩამოაყალიბოს. მოსწავლე უნდა გრძნობდეს საკუთარი პასუხისმგებლობას საზოგადოების, ოჯახის, ქვეყნის წინაშე და იცოდეს როგორც საკუთარი უფლებები, ასევე მოვალეობებიც.

მადონა კოპალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მიქელეფონის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლას უმნიშნელოვანესი როლი აქვს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში... ამიტომ განსაკუთრებული აქცენტებია საჭირო ტოლერანტობისა და ემპათიის უნარის განვითარების მიმართულებით.... სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა განაპირობებს ადამიანობას. აქედან იწყება პატრიოტიზმი, სახელმწიფოებრივი აზროვნება და ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბება, რომლებიც განაპირობებენ სახელმწიფოს წარმატებას.

მაია გრიგოლიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ბავშვებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება განაპირობებს მათ წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. სწორედ სკოლამ უნდა განავითაროს თანამშრომლობითი კულტურა მოსწავლეებში, მოქალაქეობრივი აზროვნება და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია - ბავშვებს ეთიკის ნორმების დაცვა უნდა ვასწავლოთ. პატრიოტიზმი, იდენტობის განცდა და სახელმწიფოებრივი აზროვნება კი ამ ყველაფრის ერთობლიობით ყალიბდება.

ჰამლეტ ხუბულია, კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა ვთანხმდებით, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმის გრძნობა უნდა განვუვითაროთ მომავალ თაობებს, მაგრამ ეს ადათ-წესებისა და ტრადიციების ცოდნა-პატივისცემის გარეშე მიუღწეველია. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სამშობლოს სიყვარული პირველ ადგილზეა, რასაც აყალიბებს ადათის პატივისცემა და შედეგად, იმასაც იაზრებენ, რომ საშობლოს ღალატი დაუშვებელია. გარდა ამისა, ჩვენი ბავშები უნდა იყვნენ ტოლერანტულები, ჰქონდეთ ემპათიის გრძნობა და უყვარდეთ გარშემომყოფები.

ნინო ფართლაძე, ბაღდათის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ, პედაგოგებმა, მოსწავლეებს ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები უნდა განვუვითაროთ: სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნებებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რათა იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, უპირობოდ უყვარდეთ სამშობლო და საკუთარი ნიჭიერებით, პროფესიონალიზმით შეძლონ წარმატების მიღწევა. 

ეკატერინა ღუღუნიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერევის საჯარო  სკოლის დირექტორი:

შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა - ის უნარებია, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს. წარმატების საფუძველი დისციპლინა და ნებისყოფაა, ამიტომ სკოლამ უნდა ასწავლოს მოსწავლეს, რომ მარცხი მხოლოდ გამოცდილებაა და მიზნის მისაღწევად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა. გარდა ამისა, სწორედ სკოლაში ივითარებენ ბავშვები კომუნიკაციის უნარს, იაზრებენ გუნდურობის მნიშვნელობას, სწავლობენ ემპათიას, მეგობრობას, სიყვარულს, გარემოზე ზრუნვას... რაც  სახელმწიფოებივი აზროვნების საფუძველს ქმნის და შედეგად, ისინი პატრიოტებად ყალიბდებიან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე იმსჯელებენ

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

განახლდა მაგისტრატურაზე მისაღებია ადგილების და პროგრამების ჩამონათვალი

უქმდება თუ არა ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონები? - ერთიანი კანონპროექტი პარლამენტს შემოდგომით წარედგინება

არდადგების დასრულებისთანავე მოსწავლეები გამოცდებს ჩააბარებენ - ვის ეხება ტესტირება

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში პედაგოგი საუბრობს იმ უნარებსა და გარემოებებზე, რომლებიც მოსწავლის წარმატების საფუძველს ქმნის

სკოლები

ღონისძიება პედაგოგ ნანული უნანიანის ორგანიზებით, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა გამართეს

ღონისძიების ბოლოს პატარებმა დედებს დედის დღეც მიულოცეს და მშობლები სიამაყით აღავსეს.

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება