სიახლეები
საინტერესო

„1000 დოლარს სცდება“ - რა უჯდებათ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მშობლებს ბანკეტი და რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ ერთდღიანი ფულის ხარჯვა
31-05-2018
-
+


სკოლის დამთავრება, რომელიც ახალგაზრდებისთვის, ფაქტობრივად, ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს, უამრავი ვნებათაღელვით აღინიშნება. საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არანაკლები სანერვიულო აქვთ როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ მშობლებს, როცა იწყებენ ფიქრს, თუ სად დაგეგმონ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის უდიდესი ცერემონიალი, რომელსაც ბანკეტი ჰქვია.

საბანკეტო ხარჯების თემა ხშირად ხდება განსჯის საგანი. მის აქტუალურობას კი ფასების არაადეკვატურობა განაპირობებს. ლიმუზინის ან სხვა ძვირადღირებული ავტომანქანის ქირაობა, ჩაცმულობა, მაკიაჟი, მშობლის ჩაცმულობა, რესტორნის თანხა – ეს იმ ხარჯების არასრული ჩამონათვალია, რომლის გაღებაც მშობელს უწევს, თანაც იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში და, განსაკუთრებით, ბოლო წელს უამრავი რეპეტიტორისთვისაც უწევდა სოლიდური თანხის გადახდა.

რა თანხა სჭირდება ოჯახს იმისთვის, რომ მისი შვილი სასკოლო ბანკეტზე სხვაზე ნაკლებად არ გამოიყურებოდეს და რით ანაცვლებენ ბოლო წლებში ბანკეტებს? ამ კითხვებზე Etaloni.ge დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების მშობლებს ესაუბრა.

მადონას ვაჟმა წელს დაამთავრა სკოლა. კერძო სკოლაში სწავლობდა და ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე იყო. კლასელები ბანკეტს იხდიან, მაგრამ სანდრო მათთან ერთად არ იქნება.

– ჩემი შვილი არ მიდის ბანკეტზე. ამბობს, ძალიან ძვირია და რაში გადავყარო ფული, ერთ დღეში რატომ გავისროლო ამხელა თანხა, ამას მირჩევნია ცოტა დამიმატოთ და მანქანა მიყიდოთო.

– კლასელები იხდიან ბანკეტს?

– კი, იხდიან და მხოლოდ რესტორანი ერთ ბავშვზე 800 ლარი უჯდებათ. კატასტროფული თანხაა. ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მათ გარდა არავინ იქნება, ამ 800 ლარში შედის მშობელი, ბავშვი და მასწავლებლები, რომლებსაც ეპატიჟებიან. მეც ხომ უნდა წავიდე? ჩემი კაბა, ფეხსაცმელი, მაკიაჟი და ა. შ. ბავშვსაც ხომ უნდა კარგი ფეხსაცმელი, კარგი პიჯაკი, პერანგი. პიჯაკი რომ არ იყიდო, ჟილეტი ხომ მაინც უნდა, ფოტოში კარგად ხომ უნდა გამოჩნდეს?! მინიმუმ 500-600 ლარი მაინც დაჯდება მისი ჩაცმულობა. კარგი ფეხსაცმელი 700 ლარიც კი ღირს... 200 ლარზე ნაკლებად მაინც ხომ ვერ იყიდი, რომ არ შერცხვეს?! ვიდეოც უნდა გადაიღონ და ეს გადაღება და ფოტოები კიდევ სხვა ხარჯია... უნდა იქირაოს კარგი მანქანა და გოგოს გაუაროს – წყვილი ერთად უნდა მივიდეს ბანკეტზე, ახლა ასეთი წესია. ლიმუზინებს ქირაობენ. ჩვეულებრივი ავტომანქანის ქირაობა ერთი საათით, მგონი, 50 ლარი ღირს და ლიმუზინი ალბათ რამდენჯერმე ძვირი ეღირება. რომ დავითვალე, 1 000 დოლარზე მეტი გამოვიდა.

– გული არ სწყდება?

– არა, ეს თავისი გადაწყვეტილებაა. ვუთხარი, მარტო შენ არ გამოაკლდე, არ მინდა, ყველამ შენკენ გამოიშვიროს თითი–მეთქი, მაგრამ, როგორც გავიგე, მისი კიდევ რამდენიმე მეგობარი არ მიდის. ეს ბავშვები ფიქრობენ, რომ ამ ბანკეტს მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თორემ მაგის გამო გულს როგორ დავწყვეტდი?! ვერ ხვდება ამ ერთდღიან ღრეობას რა აზრი აქვს, თორემ ვკითხე კიდეც, გული ხომ არ გწყდება-მეთქი. ჩვენს სკოლაში ისეთი სიტუაციაა, იქ ფულის პრობლემა არავის აქვს და ბოლომდე იხარჯებიან. უნდათ, ყველაზე მაგარ რესტორანში ჰქონდეთ ბანკეტი, ყველზე მაგრად ეცვათ და ა. შ.

მაია კობახიძის შვილი საჯარო სკოლაში სწავლობდა. მისმა კლასმა გადაწყვიტა, ბანკეტის ნაცვლად, მეზობელ ქვეყანაში რამდენიმედღიანი მოგზაურობა მოიწყონ, რაც, მათი აზრით, ბევრად იაფი დაჯდება და თანაც, უფრო დამამახსოვრებელი მოვლენა იქნება.

– ჩემი შვილის კლასელებმა გადაწყვიტეს, ბანკეტი არ გადაიხადონ და ბაქოში წავიდნენ ყველა ერთად. ამ გადაწყვეტილებამდე ყველა ერთად მივიდა, რომ ფულის უაზროდ ხარჯვა არ გამოსვლოდათ. რა არის ეს ბანკეტი, ამხელა თანხა ჯდება და საბოლოოდ, არაფერი რჩებათ. 3 დღე ერთად იქნებიან ბავშვები, იმოგზაურებენ, დაათვალიერებენ, იმხიარულებენ...  180 ლარი ჯდება მთლიანი ტური და სახარჯო და მუზეუმებში შესასვლელი ფული ცალკე ექნებათ. მაქსიმუმ 300-400 ლარი დაეხარჯებათ. როგორც ვიცი, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩვენს კლასს არ მიუღია. ბანკეტი ბევრმა ჩაანაცვლა საზღვარგარეთ მოგზაურობით. ზოგი კაბადოკიაში მიდის, ზოგი – ეგვიპტეში... ჩემი უმცროსი შვილები სხვა სკოლაში დამყავს და იქ ვიცნობ დამამთავრებელი კლასების მშობლებს, რომლებიც იმავეს ამბობენ, რომ მოგზაურობა გადაწყვიტეს. 800–1000 ლარზე ნაკლები არავის უჯდება ბანკეტი და ამ თანხის ასე გადახდას, რა თქმა უნდა, ბევრად ჯობია მოგზაურობა, სხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა. ეს იდეა ჩვენ, მშობლებსაც ძალიან მოგვეწონა და ყველა თანახმა ვართ....

ნანამ აბიტურიენტი ქალიშვილის საბანკეტო კაბისთვის 200 ლარი გადაიხადა. ამბობს, რომ მისი შვილის კლასმა ბანკეტის გადახდა მოკრძალებულად გადაწყვიტა.

– ბანკეტს იხდიან, მაგრამ ვეცადეთ, საშუალო ფასში ჩავტეულიყავით. ძვირიანი არც კაბა გვიყიდია და არც – ფეხსაცმელი. კაბა შევაკერინეთ და 200 ლარი დაგვიჯდა. ქსოვილი ვიყიდეთ და ახლობელ დიზაინერს შევაკერინეთ. ამიტომაც დაგვიჯდა ასე იაფი. ვიღაცას უკეთესად ეცმევა, ვიღაცას უარესად, მაგრამ ამ დროს ამაზე არ უნდა იფიქროს ბავშვმა. კოხტად ეცვას და კარგ განწყობაზე იყოს – ესაა მთავარი ჩემთვისაც და ჩემი შვილისთვისაც.

– რაც შეეხება რესტორანს და სხვა ხარჯებს...

– ჯერ არ გადაგვიწყვეტია, რომელ რესტორანში და რა ფასად წავალთ. ძვირიანს არც რესტორანს ავირჩევთ, რადგან კარგად ვიცით, როგორ გვიჭირს ხალხს საქართველოში. ზოგი კი ითხოვდა ძალიან ძვირიან რესტორანს, მაგრამ მშობლების უმრავლესობას არ გვქონდა საშუალება, რომ გაგვენებივრებინა ჩვენი შვილები. სურვილი კი დიდი გვქონდა, ყველაფერი საუკეთესო და ძვირიანი ჰქონოდათ, მაგრამ... თავიდან საერთოდ არ უნდოდათ ბანკეტის გადახდა იმის გამო, რომ ყველას არ ჰქონდა საშუალება. ამიტომ, პომპეზურ ბანკეტს არ აკეთებენ და წითელი ხალიჩებს არ გაშლიან. უბრალოდ, ლამაზად ჩაცმულები მივლენ რესტორანში.

შეგნებული თაობა მოდის და ბევრ ბავშვს არ აქვს სურვილი, რომ ძვირიანი ბანკეტი გადაიხადოს და მშობელი ვალებში ჩააგდოს. ამიტომაც, მოკრძალებულად აღნიშნავენ. ალბათ არის კლასები, რომლებიც ძალიან პომპეზურ ბანკეტებს იხდიან და ლიმუზინებით მიდიან, მაგრამ ჩვენმა შვილებმა არ ჩათვალეს ეს საჭიროდ. ჩვენს კლასში არც ერთს ჰქონია სურვილი, ლიმუზინით მისულიყო. მამიკოებს მიჰყავთ თავიანთი ქალიშვილები რესტორნამდე. მე და ჩემს ქალიშვილსაც ჩემი ქმარი წაგვიყვანს თავისი მანქანით. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება