სიახლეები
პიროვნება

„ღმერთმა დაგვიფაროს, კვლავ ონლაინ-სწავლებაზე მოგვიწიოს გადასვლა“ - ნინო შკუბულიანი, ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგი
05-10-2020
-
+


მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში, ზუსტად იცოდა, ამ პროფესიას აირჩევდა და ისიც ზუსტად ჰქონდა გააზრებული, რომ უპირობოდ - დაწყებითი კლასების მასწავლებელი უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა, ნინო შკუბულიანი წლებია ცაგერის საჯარო სკოლაში ასწავლის, არაერთი თაობა დააფრთიანა, არაერთ ბავშვს შეუღო 15 სექტემბერს სკოლის კარი... თუმცა მაშინ, როდესაც ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ვერც კი წარმოიდგენდა, ერთ დღეს, პანდემიურ რეალობაში თუ მოუწევდა ცხოვრება. მას შემდეგ იყო ონლაინ-გაკვეთილები, დისტანციური სწავლების ყველა თავისებურებით, პირველკლასელების საოცარი მონატრება და სკოლაში დაბრუნების უდიდესი სურვილი. 15 სექტემბერს კი ეს ნანატრი დღეც დადგა. ახლა ცაგერის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და ეს მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც უდიდესი ბედნიერებაა. რატომ გადაწყვიტა მასწავლებლობა და როგორი შედეგი დახვდა მოსწავლეებში დისტანციური სწავლების მერე, Etaloni.ge- ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო შკუბულიანი ესაუბრება:

- რა გასაკვირია, თუ ვიტყვი, რომ მოუთმენლად ველოდით, როდის დაიწყებოდა სწავლა საკლასო ოთახებში... ემოცია მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ისეთი გვქონდა, მართლაც არასოდეს რომ არ გვქონია... უნდა ვაღიარო, ძალიან დაგვაზარალა პანდემიის დროს სახლში ყოფნამ მეც და ჩემი ბავშვებიც. სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები ისეთი აღფრთოვანებულები იყვნენ, ემოციებს, სიხარულს ვერ მალავდნენ.

- გასაგებია, რომ მოსწავლეებს არდადეგების შემდეგ სკოლა ენატრებათ, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას წარმოიდგენდით?

- მე დაწყებით კლასებს ვასწავლი და მოგეხსენებათ, პატარები უფრო მეტად გამოხატავენ მონატრებასაც, სითბოსაც, სიყვარულსაც... თუმცა, წლევანდელი შეხვედრა მართლაც უჩვეულო იყო.

- ქალბატონო ნინო, კვლავ თუ დადგა ამის საჭიროება, როგორ ფიქრობთ,  ბევრად მომზადებულები იქნებით დისტანციური სწავლებისთვის?

- საყოველთაო კარანტინის დროს, პირადად, „თიმსში“ ვიყავი ჩართული, მეც და ჩემი მოსწავლეებიც თავდაუზოგავად ვშრომობდით, თუმცა გვყავდა ისეთი მოსწავლე, რომელსაც, სამწუხაროდ, არ მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტზე, მიუხედავად იმისა, რომ რაიონულ ცენტრში ვცხოვრობთ; მსგავსი გამოწვევები ახლაც იქნება... მართალია, ამჯერად უფრო მომზადებულები ვართ ყველაფრისთვის, მაგრამ ასე ვიტყოდი - ღმერთმა დაგვიფაროს, რომ კვლავ ონლაინ-სწავლება დაგვჭირდეს, იმიტომ, რომ რასაც ახლა ვხედავ, რა შედეგიც დამხვდა მოსწავლეებში, პირადად ჩემთვის და ჩემს კლასში, საგანგაშოა.

- რას გულისხმობთ, ქალბატონო ნინო?

- შარშან მყავდა პირველი კლასი, მოვასწარით ანბანის გაცნობა, მას შემდეგ ონლაინ ვსწავლობდით, ახლა კი კლასის უმრავლესობას კითხვა უჭირს - ამ მხრივ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე და ნამდვილად არ ვისურვებდი, კვლავ დისტანციურ სწავლებას.

- გარდა იმ სირთულისა, რაზეც ახლა ისაუბრეთ, როგორც დაწყებითი კლასების პედაგოგმა იქნებ გვითხრათ, რატომაა მნიშვნელოვანი, პატარებმა უშუალოდ სკოლაში იარონ და ასე მიიღონ განათლება?

- ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ემოცია, პირველი დღე სკოლაში, ანბანთან შეხვედრა... ამ სიამოვნებას რომ მოაკლდება ბავშვი, ძალიან ცუდია, რადგან ეს ისეთი განუზომელი რამაა, რომელსაც ვერასოდეს აინაზღაურებ. ახლა ჩემი ბავშვები მეორე კლასში არიან და ონლაინ-სწავლება მათთვის დიდი დაღია, რისი გამოსწორებაც საკმაოდ რთული იქნება.

- აქვე ალბათ მნიშვნელოვანია მორალური მხარეც... ქალბატონო ნინო, როგორ ამხნევებთ ასეთ დროს მოსწავლეებს?

- რა თქმა უნდა, ვცდილობ გამხნევებას, მაგრამ ეს სიმძიმე მაინც გადადის ბავშვებზე; თუ მეტად არ დავიტვირთეთ, მეტად არ ვიმუშავეთ, უფრო გაგვიჭირდება, რადგან გვემატება მასალა... უნდა შევძლოთ. გავართვათ თავი ამ ყველაფერს, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია ბავშვებისთვის.

- ასეთ დროს, ალბათ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ მარტო არ ხართ... რამდენად გრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის თანადგომას?  

- ნებისმიერ სიტუაციაში ვიცით, რომ მათი იმედი შეგვიძლია გვქონდეს... ჩვენი რესურსცენტრის მიმართ, მადლობის მეტი, ნამდვილად არაფერი მეთქმის, ყოველთვის დროულად გვაწვდიან ინფორმაციას, არც ერთ კითხვას არ ტოვებენ უპასუხოდ და უდავოდ, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ.

- ცოტა თქვენზეც ვისაუბროთ, ქალბატონო ნინო, პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა?

- დაწყებითი კლასებიდან მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა ვყოფილიყავი მასწავლებელი, თანაც დაწყებითი კლასების. ვსწავლობდი ცაგერის სკოლაში, ეს სკოლა დავამთავრე, შემდეგ ამავე სკოლაში დავბრუნდი მასწავლებლად... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხუთი წლიდან შეზრდილი ვარ მშობლიურ სკოლას.

- დიდი პასუხისმგებლობაა, მშობლიურ სკოლაში საკუთარი პედაგოგების კოლეგად დაბრუნება, არ შეგეშინდათ?

- შინაგანად, მასწავლებლობის სურვილი იმდენად დიდი იყო, ალბათ, მზაობაც მქონდა, ეს გახლდათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვაცნობიერებდი, ოღონდ არა შიში - იმდენად მიყვარდა ეს პროფესია და იმდენად მიყვარდა ბავშვები, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, საკუთარი ოცნების ასრულება რომ შევძელი.

- სხვა სკოლაში გადასვლა არ გიფიქრიათ?

- არა, არასოდეს! ჩემი შვილებიც კი ცაგერის სკოლაში სწავლობდნენ.

- შვილების მასწავლებელი იყავით?

- არა... არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ თავის დროზე, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ შვილების მასწავლებელი არ ვყოფილიყავი.

- დაუფასებელია მასწავლებლის შრომა?

- ვერ ვიტყვი რომ დაუფასებელია - ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი, მაქვს სრული დატვირთვა და რაც მთავარია - ბავშვების სიყვარული. სწორედ ესაა მთავარი, რაც სტიმულს მაძლევს და მაბედნიერებს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ჩხოროწყუს 17 სკოლის 85 მოსწავლე ეჯიბრება
20 კითხვის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ხულოს სტუმრობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ფოთში ჩატარდა
სიახლეები

„პროფესორების დიდი ნაწილი შერჩეულია პოლიტიკური ნიშნით და არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია... განათლების რეფორმა შეეხება როგორც საბაზო, ისე უმაღლეს განათლებას“

ჟურნალის დახურვის ვადები ცნობილია - დეტალები დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგებისთვის
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი უბნების მიხედვით - 50 სააღმზრდელო დაწესებულება ზაფხულში იმუშავებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ჩხოროწყუს 17 სკოლის 85 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
დირექტორმა და პედაგოგებმა კი ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და ნათელი და წარმატებული მომავალი უსურვეს
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულს
მე-10 კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ 2024 წლის თემას - „მუზეუმები განათლებისა და კვლევისთვის“
ტრადიციისამებრ, ახალგაზრდები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადნენ და ერთმანეთს მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
სიახლეები
საზოგადოება