სიახლეები
სკოლები

„დროა, ადამიანმა, ფერად ნიღბებს თან გაატანოს სახეზე აფარებული ყალბი ღიმილი“ -  ქობულეთის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის ჩანახატი
12-05-2020
-
+


ჩემთვის სიჩუმე, არათუ მასწავლებელი, არამედ დამხმარე აღმოჩნდა, დამხმარე, რომელმაც აღმომაჩენინა საკუთარი პრიორიტეტები - წერს საკუთარ ჩანახატში ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის, X კლასის მოსწავლე ანა სალუქვაძე. მისი თვალით დანახული პანდემია იხილეთ ნამუშევარში, რომელსაც ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 


                                                         მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ    

ღამის ბნელ, იდუმალ ცაზე, ხელახლა, გველივით გაიკლაკნა ელვა და გარემოს წამიერი ნათელი მოჰფინა. დილის კაშკაშა, მცხუნვარე მზე, ღამის დამანგრეველმა ჭექა-ქუხილმა შეცვალა.  სასტიკი ამინდიც, ისევე დაატყდა ქალაქის მოსახლეობას თავს, როგორც ბედნიერად მცხოვრებ კაცობრიობას ბუნების მიერ გამოცხადებული ომი.

დიახ, სამყარო კაცობრიობასა და  ბუნებას შორის მიმდინარე დაუნდობელ, არასტაბილურ ბრძოლაშია ჩაფლული, რომლის დასასრული დღევანდელ გმირებზე, -  ექიმებზეა დამოკიდებული.

ბუნებამ ბრძოლა ადამიანის, იმ სასტიკ მხარეს გამოუცხადა, რომელიც ასე გაუმაძღრად დაეწაფა ყველას და ყველაფერზე ბატონობა განიზრახა. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ბრძოლის ბედს გმირების თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, არც საბრძოლო იარაღი და არც აღმაშენებლისეული ტაქტიკა, არამედ რაღაც სხვა, რაღაც ადამიანური განსაზღვრავს.  ადამიანური, რომლის დეფიცისტაც, უკვე რახანია, მძიმედ განიცდის ჩვენი დედაბუნება. 

ყოველი ბოროტების, ზიზღისა და ფარისევლობის წარსულს ჩაბარების და ახალი, სუფთა ცხოვრების დაწყების პერიოდია. დროა, ადამიანმა, ამ ფერად ნიღბებს თან გაატანოს სახეზე აფარებული ყალბი, მოღალატე ღიმილი და ღვთის, სიკეთის გზას გაუდგეს.

ოდესღაც, სკოლისკენ მიმავალი ბავშვების, ქუსლიანი ფეხსაცმელებით მოკაკუნე ქალბატონების, გაბრაზებული, წყობიდან გამოსული და საქმიანი მამაკაცების, მშვიდად მოსეირნე შეყვარებულების, ძაღლების ყეფითა და ავტომობილების გაუჩერებელი მელოდიებით ახმაურებული ქუჩები და ქალაქები, იდუმალ, გაუკაცრიელებულ და ნასახლარ ტერიტორიებს დაემსგავსა, რომლის დუმილს იშვიათად თუ დაარღვევს უსახლკაროდ დარჩენილი ძაღლების წკმუტუნი, პოლიციის ფერადი ნათურების და ქველმოქმედებისთის მიმავალი კეთილი ადამიანების ფუსფუსი.

აღსანიშნავია, რომ როგორც მთვარეს აქვს მეორე, ნათელი მხარე, ამ ძნელბედობის ჟამსაც თან მოჰყვა რიგი პოზიტიური ამბებისა.

ბუნებამ, როგორც იქნა, უმტკივნეულოდ, ხარბად ჩაისუნთქა.  წლების განმავლობაში გაჩენილი კოჟრები და მტკივნეული ადგილები მოიშუშა და ჯანმრთელობა დაიბრუნა.. მდინარეები, რომლებშიც წლებია, ადამიანის გარდა არც ერთ სულიერს არ გაუჭაჭანია,ისე არაკრაკდნენ კალაპოტს არღვევენ და რწყავენ დაღლილ დედამიწას. ცხოველებმა ჟრიამული დაიწყეს.  ადამიანი ისე ჩაეფლო პრობლემებსა თუ გამოწვევებში, ვერ იგრძნო, როგორ ფეხაკრეფით შემოიპარა ჩვენში გაზაფხული.  მცირემ თუ შეამჩნია, მინდვრებში კეკლუცი იების სიტურფე, ამაყი ვარდების თავაწეული კოკრები, ჰაერში დატრიალებული თავბრუდამხვევი სურნელება, ახალი სიცოცხლის მახარობელი მერცხლების განუწყვეტელი, ნაზი მელოდიები, ხიდან ხეზე, ღობიდან ღობეზე რომ დაფირნავენ და მათ ენაზე უხმობენ სამყაროს გამოღვიძებისკენ.

ველური ცხოველივით, ოთხ კედელში გამომწყვდეულ ადამიანს, საშუალება მიეცა ახლოს ყოფილიყო საკუთარ ოჯახთან და რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან, რადგან სამყაროს შეცნობა, თავდაპირველად, სწორედ საკუთარი თავის შეცნობით იწყება. “მეს“ შეცნობა კი, ადამიანს და შემდომ უკვე, კაცობრიობას ეხმარება დაცემული ადამის აღდგენასა და დაკარგული ღვთაებრივი ხატის დაბრუნებაში.

ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეთ მდგომარეობას მხოლოდ წიგნებში თუ წავიკითხავდით ან ფილმებში ვნახავდით. თითქოს ყველა ის ფანტაზია, თუნდაც ვითარება, რომელიც “451º ფარენჰაიტითშია“ გადმოცემული რეალური და წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.  საბედნიეროდ, ადამიანს საკუთარი გრძნობები არ დაუკარგავს და ჯერ კიდევ აქვს საშუალება გამოსწორებისა და ბუნების ძალის შეცნობა-დაფასებისა.

რა მასწავლა სიჩუმემ?  ამ კითხვაზე ყველას განსხვავებული პასუხი აქვს, თუმცა აწ უკვე სტანდარტულ, “ტრენდულ” და სიმართლე რომ ვთქვათ, ფარისევლურ ფრაზებად იქცა: “ამ კარანტინმა სიყვარული მასწავლა, მონატრება, დროის ფასი და მრავალი მსგავსი რამ”... 

არამც, არამც და არამც!  ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, სიყვარული ნიჭია და ის ასე უბრალოდ, ოთხ კედელში გამომწყვდევით არ მოდის. ან მონატრება... რომელ მონატრებაზეა საუბარი, ნაცნობების და მეგობრების ნახვისას ტელეფონის და სოციალური ქსელების მეტი არაფერი რომ ახსოვდათ?! ან  კი, როგორ შეიძლება ადამიანმა დროის ფასი მაშინ ისწავლოს, როცა გარემოსგან მოწყვეტილს თავზესაყრელი დრო აქვს.

ჩემთვის სიჩუმე არა მასწავლებელი, არამედ მხილებელი, სცენის უკან დამალული მწარე რეალობის დღის სინათლეზე გამომტანი აღმოჩნდა. დღეები მიდის, წვიმიან ამინდს მზიანი მოჰყვება, შემდეგ ისევ წვიმიანი და ასე უსასრულოდ. ჩვენ ბნელ, წვიმიან დღეებსაც კაშკაშა მზე გაანათებს და ცაზე ფერად ცისარტყელას გამოსახავს, “გონებით ბრმებს” თვალებს აგვიხელს, სულში მის მწველ სხივებს ჩაგვჭიდებს და ცხოვრების ხელახლა დაწყებაში, ხელახლა დაბადებაში დაგვეხმარება.

და საბოლოოდ, ჩემთვის სიჩუმე, არათუ მასწავლებელი, არამედ დამხმარე აღმოჩნდა, დამხმარე, რომელმაც აღმომაჩენია საკუთარი პრიორიტეტები და ნათლად მაჩვენა ადამიანის როლი, მოსიყვარულე და ამავდროულად  მრისხანე, სამყაროში.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება