სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

თელავის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლის ისტორია, რომელიც microsoft-ის მასტერ ტრენერი გახდა
24-01-2019
-
+


საქართველოში მასწავლებლები „skype გაკვეთილების“ ჩატარებას შეძლებენ და საკუთარ გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს გაუზიარებენ. 

აღნიშნულის შესახებ განათლების რეფორმის ფარგლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, microsoft-ის საგანმანათლებლო სისტემაში უკვე ჩართული არის თელავის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მანანა ჯაყელი (უფროსი პედაგოგი) და „skype გაკვეთილებს“ ატარებს.

Etaloni.ge  მანანა ჯაყელს ესაუბრა და გაიგო რა გზა გაიარა მან microsoft-ის რიგითი წევრობიდან მასტერ ტრენერობამდე და როგორ დაიწყო „skype გაკვეთილების“ ჩატარება. 

„microsoft-ის საგანმანათლებლო სივრცეში ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია გახდეს მისი წევრი. თავდაპირველად ვერც წარმოვიდგენდი თუ ასეთ რაღაცებს შევძლებდი. თავიდან მეც რიგითი წევრი ვიყავი, გავიარე მთელი რიგი კურსები და დავალებები, რომელის შესრულების შემდეგ წინ მივიწევდი და ზუსტად ერთ წელიწადში შესრულებული დავალებების შემდეგ ექსპერტი პედაგოგი გავხდი. ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. 

ბევრი მეკითხებოდა რათ მინდოდა ეს ყველაფერი, რაში გამოვიყენებდი ან რას ნიშნავდა ექსპერტ პედაგოგის სტატუსი. გეტყვით, რომ ზოგადად ექსპერტ პედაგოგი ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია პოპულარიზაცია გაუწიო microsoft-ის საგანმანათლებლო პროდუქციას, ასეთი კი ძალიან ბევრია, მაგალითად: onenote, swey და ა.შ. ამასთან, ექსპერტ პედაგოგის სტატუსი სხვა ვალდებულებებს გიჩენს და არ გაძლევს გაჩერების საშუალებას, მუდმივად აქტიურად ხდები ჩართული სხვადასხვა ტიპის მოვლენებში. სწორედ ამ აქტიურობის შედეგია ისიც, რომ მეორე წელია, რაც microsoft-ის მასტერ ტრენერი ვარ და შემიძლია ნებისმიერი პედაგოგი დავატრენინგო. microsoft-მა გადმომიგზავნა კიდეც სერტიფიკატი და შემიძლია თავად მივცე იმ პედაგოგებს, რომელიც ჩემ მიერ შეთავაზებულ კურსს გაივლიან“, - გვითხრა მანანა ჯაყელმა.

პედაგოგმა თავისი ჩატარებული პირველი „skype  გაკვეთილიც“ გაიხსენა და იმ სირთულეებზეც გვესაუბრა, რომელიც მას ინგლისურ ენასთან დაკავშირებით ჰქონდა.

„რაც შეეხება ჩემს პირველ ნაბიჯებს, თავიდან თავად ვიყავი მსმენელი. ვუსმენდი სხვა მასწავლებლების მიერ ჩატარებულ „skype გაკვეთილებს“, შემდეგ უკვე ნელ-ნელა თავადაც დავიწყე გაკვეთილების ჩატარება.  რაც შეეხება ენის ბარიერს, მხოლოდ საბაზო ინგლისურს ვფლობდი, თუმცა ნელ-ნელა ენის ბარიერი მომეხსნა, ახლა აღარ მაკომპლექსებს ის ფაქტი, რომ შეიძლება რაღაც არასწორად ვთქვა და ამაში პირველ რიგში, სწორედ ის ადამიანები დამეხმარნენ, რომლებიც ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს უსმენენ. ყოველთვის ბოდიშს ვუხდი ხოლმე, რომ ისე კარგად არ ვიცი ინგლისური, როგორც საჭიროა, მაგრამ ამაზე დამცინიან და მეუბნებიან, რომ მათ ყველაფერი ესმით და ეს სანერვიულო არ არის.

რაც შეეხება მოსწავლეებს, ინგლისური ენა ნამდვილად არ უჭირთ, კლასში ყოველთვის არის ბირთვი, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ენა. თავდაპირველად, როგორც უკვე გითხარით, თავად ვიყავი მსმენელი, ასეთ გაკვეთილებს კლასში ვრთავდი და ბავშვებს ძალიან მოსწონდათ, აქტიურად იყვნენ ჩართულები უცხოელ პედაგოგებს უსვამდნენ კითხვებს და ძალიან ინტერაქტიული რეჟიმი იყო. შემდეგ უკვე მე აღარ დამაკმაყოფილა ამ ყველაფერმა და მომინდა თავად გამეზიარებინა სხვებისთვის ჩემი გაკვეთილები. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ჯერ ერთი ის რომ ბავშვებისთვის იქნებოდა ძალიან კარგი, მეორეც იყო შესაძლებლობა ჩემი ქვეყნის ისტორია გამეტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ჩემი პირველი გაკვეთილი, რომელიც გავაკეთე იყო თელავის შესახებ. მოგეხსენებათ, თელავი ძალიან ძველი და ძალიან მდიდარი ისტორია აქვს, შეიძლება ითქვას ქალაქი მუზეუმია. ძალიან კარგი გაკვეთილი გამოვიდა, თუმცა microsoft-ისთვის ამის შეთავაზება საკმაოდ დამძაბველი პროცესი იყო, რადგან ვშიშობდი და ვნერვიულობდი იმაზე მოეწონებოდათ თუ არა, როგორ აისახებოდა ეს  ჩემზე. ერთი კვირის შემდგომ მომივიდა დადებითი პასუხი და უაღრესად გახარებული ვიყავი, რადგან გავიკვლიე სივრცე და ჩემი ქალაქის ისტორია ცნობილი გახდებოდა ამერიკელისთვის, ბრაზილიელისთვის, პორტუგალიელისთვის და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის“, - აღნიშნავს თელავის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი.

როგორც მანანა ჯაყელი გვეუბნება, ამ ყველაფერს თან გარკვეული ტექნიკური სირთულეები ახლავს, მაგალითად, ის, რომ სკოლიდან „skype გაკვეთილების“ ჩატარება რთულია, რადგან სუსტი ინტერნეტ კავშირია.

„რაც შეეხება გაკვეთილების ჩატარებას, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მექნებოდა კლასიდან ჩამეტარებინა გაკვეთილები, თუმცა იმის გამო, რომ შესაძლოა ტექნიკური შეფერხება მოხდეს, მირჩევნია სახლიდან გავაკეთო. კლასიდან ვაკეთებთ, მაშინ როცა პირიქით ჩვენ ვუსმენთ სხვა ქვეყნის პედაგოგის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, თუმცა ეს გამიკეთებია არა კლასში, არამედ კომპიუტერული ლაბორატორიის ოთახში, მაგრამ ინტერნეტის პრობლემის გამო გარკვეული შეფერხებები მაინც გვაქვს. როცა მე ვაკეთებ გაკვეთილს, სახლიდან ვაკეთებ რადგან ვიცი, რომ ხელს არაფერი შემიშლის.

აღსანიშნავია, იცის, რომ „Skype გაკვეთილები“ არ არის ერთადერთი სფერო, რომლითაც მე ვარ შემოფარგლული, ზოგადად ძალიან მიყვარს ინოვაციები და VEBOR ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში. ეს არის თავისუფალი აპლიკაციები მაგალითად, იგივე SWEY, რომელიც microsoft-ის ძალიან კარგი საპრეზენტაციო პროგრამაა. ზოგადად ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი სიახლის შესახებ გავიგო. ეს სიახლეები დავნერგო და გამოვიყენო პრაქტიკაში, დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევები კი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“, - განაცხადა მანანა ჯაყელმა.

ასევე იხილეთ: ქართველი მასწავლებელები საგაკვეთილო გეგმის მომზადებას microsoft-ის დახმარებით შეძლებენ

სასწავლო პროცესში „სთრიმინგ გაკვეთილები“ დაინერგება - ინოვაციური პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება