სიახლეები
ინტერვიუ

მაია ფანჯიკიძე: „დიდი მნიშვნელობა აქვს, სახლში რა წიგნებია...“
01-10-2018
-
+


მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ მაია ფანჯიკიძეს  მამა მუდამ ხალისიანი და მოქეიფე ახსოვს. ახსოვს ისიც, როგორ ეპარებოდა მამას დაწერილ ფურცლებს და როგორ იგებდა მომდევნიო სიუჟეტს იმ ნაწარმოებისას, რომელზეც მწერალი  მუშაობდა. 

ქალბატონი მაიას დედა, ცნობილი მეცნიერი და მთარგმნელი, დალი კოკაია-ფანჯიკიძე გახლდათ, რომელიც მამაზე მეტად იყო ჩართული შვილების სწავლა-განათლების საქმეში. 

ქალბატონი მაია ფანჯიკიძე „ეტალონს“ მამაზე და საკუთარ ბავშვობაზე მოუყვა. 

- კარგი საბჭოთა ბავშვობა მქონდა, უზრუნველი... მყავდა სამი ბებია – ორი ნამდვილი და ერთი ბებიის და, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა და ჩემი საყვარელი ბებია იყო. ბებიები ძალიან გვანებივრებდნენ ბავშვებს. მამა მუდამ ხალისიანი და მოქეიფე მახსოვს. გურამი არ იყო ისეთი მამა, რომელსაც არ ავიწყდება შვილის დაბადების დღე და აუცილებლად რაღაცას აჩუქებს ამ დღეს. შეიძლება არ გახსენებოდა რომელ კლასში ვიყავით, რამდენი წლის ვიყავით ან დაბადების დღე როდის გვქონდა, მაგრამ ყურადღებას არასოდეს გვაკლებდა. არ მახსოვს, სახლში პროდუქტით დატვირთული მოსულიყო. არასოდეს ყოფილა ბაზარში. ერთადერთი, რაც სახლში მოჰქონდა, საზამთრო იყო, რადგან მასზე გიჟდებოდა, ყოველთვის თვითონ ყიდულობდა და ამბობდა, დავკლავ საზამთროსო. არასოდეს აჭრევინებდა გამყიდველს. თვითონ უყვარდა მისი „დაკვლა“ და სხვას არავის „დააკვლევინებდა“. ერთხელ მახსოვს, ცუდი საზამთრო გამოადგა და თქვა, კარგი რომ არ გამოდგება, მიხარია, რადგან არავინ ჭამთ და სულ მე მრჩებაო. სახლში მუდამ წიგნით ხელში მოდიოდა. 

განსაკუთრებით მაშინ, როცა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ რედაქტორი იყო. იქ უამრავი წიგნი გამოდიოდა, თან ყველა ავტორი მას წიგნს ჩუქნიდა, ამიტომ მუდამ წიგნით ხელდამშვენებული შემოდიოდა სახლში. ეს წიგნები საწერ მაგიდაზე იდო, სანამ წაიკითხავდნენ და თაროზე შემოდებდნენ. მეც სწორედ მაშინ ვკითხულობდი იმ წიგნებს. ანუ ყველაფერს ვკითხულობდი, რაც მამას სახლში მოჰქონდა. 

- თქვენი სწავლა-განათლების საკითხებში რამდენად ერეოდა?

- არასოდეს ყოფილა ჩვენს სკოლაში. ყველამ ერთი სკოლა დავამთავრეთ – მე, ჩემმა ძმამ და დამ. დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილები კარგად ისწავლიდნენ და ამ ამბავში მისი ჩარევა საჭირო არ იყო. სხვათა შორის, არც დედა ერეოდა მაინცდამაინც. გაკვეთილი ჩამაბარე – ასეთი მიდგომა არ მახსოვს. დედა ყოველთვის დადიოდა მშობელთა კრებაზე და მე სულ იმედი მქონდა, რომ შემაქებდნენ და დედა საყვედურებით არ დაბრუნდებოდა. დედას კონტროლის მექანიზმი იყო მშობელთა კრება და ის ნიშნები სემესტრის ბოლოს, რომელიც სკოლიდან მომქონდა. ზედმეტად არასოდეს მისულა სკოლაში და არც არავის დაუბარებია. 

ოჯახში სტანდარტივით იყო, რომ კარგად უნდა გვესწავლა, სკოლა იყო მნიშვნელოვანი, მერე პროფესიის არჩევა და ა. შ. ჩემი პერიოდის ბავშვებისთვის თითქოს ერთნაირი წესები არსებობდა და, შესაბამისად, ჩემი მეგობრებიც და მეც ამ წესებს ისე ვიცავდით, რომ მათი დარღვევა არც მოგვივიდოდა აზრად და ვერც აღვიქვამდით, რომ ეს იყო სიმკაცრე. მაგალითად, საღამოს 10 საათზე აუცილებლად სახლში უნდა ვყოფილიყავით, თორემ მერე იწყებოდა ნერვიულობა, რადგან მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები. ეს გასაგებიცაა. მეც ვნერვიულობ, თუ ჩემი შვილი დროზე არ მივა სახლში და ვერ დავუკავშირდები. 

მამას მუდმივად დავყვებოდი ყველგან, სადაც დადიოდა. ეს იქნებოდა მის მეგობრებთან სტუმრობა თუ ქუთაისში სიარული, სადაც ერთი პერიოდი ჟურნალ „განთიადის“ რედაქტორი იყო და ეს ჟურნალი ქუთაისში გამოდიოდა. მიდიოდა ხოლმე ქუთაისში ერთი კვირით თუ სამი დღით და როგორც კი არდადეგები დაემთხვეოდა, ყოველთვის მივყვებოდი. ძალიან მსიამოვნებდა მისი მეგობრების წრეში ყოფნა. მათი საუბრის, ხუმრობის, სიცილის, სიმღერის თუ ქეიფის ყურება. ეს ისეთი ხალხი იყო, რომლებმაც განსაზღვრეს ქვეყნის კულტურა მე–20 საუკუნის ბოლოს. ამიტომ, ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი სკოლაც და დიდი სიამოვნებაც. მე და-ძმას შორის უფროსი ვიყავი და იმ პერიოდში მამასთან ყოფნის პრივილეგიაც მე მქონდა. საქართველოს ქალაქებში მკითხველებთან შეხვედრები როცა ჰქონდა, იქაც დავყვებოდი. 

- და-ძმა თუ ჩხუბობდით და მამას როგორი რეაქცია ჰქონდა?

- მე და ჩემი ძმა ვჩხუბობდით, რადგან ასაკით ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ნათია იყო პატარა, ნაბოლარა, საყვარელი და მას არ ვეჩხუბებოდით, სანამ არ გაიზარდა. რომ გაიზარდა, მერე მასთანაც ვჩხუბობდით. ვჩუბობდით „ჩემი ნივთი რატომ აიღე“, „ჩემს ოთახში რატომ შეხვედი“ და „ჩემი კაბა რატომ ჩაიცვი“...

მამაჩემი საოცარი კაცი იყო.  როცა სახლში არ იყო, მაშინაც იგრძნობოდა მისი ყოფნა. დილით მიდიოდა სამსახურში და  საღამოს თუ ადრე დაბრუნდებოდა, ხშირად სულ სტუმარი ახლდა ან თვითონ მიდიოდა საქეიფოდ და მერე იმ ხალხთან ერთად ბრუნდებოდა, ვისთან ერთადაც ქეიფობდა. ასე რომ, მამა სახლის ტანსაცმელში და სავარძელში ტელევიზორის წინ საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. როცა სახლში იყო, ტელევიზორს ერთად ვუყურებდით. სხვა გასართობი მაშინ არ იყო. მამა სულ კითხულობდა და იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, სახლში რა წიგნებია, როცა ბავშვი ხარ. ძალაუნებურად იმის კითხვას იწყებ, რაც სახლში გაქვს. ამიტომ, კარგი ბიბლიოთეკა, რომელიც ასაკის შესაფერისად იზრდება, ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. მამაც და დედაც გვირჩევდნენ იმ წიგნებს, რომლებიც უნდა წაგვეკითხა, მაგრამ ეს არასოდეს იყო ძალდატანებითი. ეს დღემდე ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა და ყველაფერს მირჩევნია კარგი წიგნის კითხვა და მერე იმ წიგნის მოყოლა. ძალიან მიყვარს წიგნების მოყოლა. 

- ვის უყვებით?

- მუდამ მყავს ჩემი აუდიტორია, ვისაც მოვუყვები. ბავშვობაში ეს იყო ჩემი ნათესავი, რომელთან ერთადაც ვატარებდი მთელ ზაფხულს რაჭაში და მთელი წლის განმავლობაში წაკითხულ წიგნებს ვუყვებოდი. ჩემზე უმცროსი იყო და რომ მოვუყვებოდი, მერე თვითონაც კითხულობდა. მოგვიანებით, წაკითხულ წიგნებს ვუყვებოდი ოჯახის წევრებს –  დედას, ჩემს დას და ძმას. ესეც ხშირად რაჭაში ხდებოდა, სადაც ზაფხულობით ვიკრიბებოდით.

ერთხელაც, ვიყიდე პამუკის რომანი „უმანკოების მუზეუმი“ გერმანულ ენაზე. მაშინ ქართულად არ იყო ნათარგმნი. კარგა ხანი იყო გასული, რაც საქართველოში არ ვიყავი ნამყოფი. ამ წიგნის კითხვა თვითმფრინავში დავიწყე. ზაფხული იყო და ყველა რაჭაში წავედით. იქ  ვართ ერთად და წიგნს ვერ ვწყდები. ვხედვართ ერთად და უცბად ვდგები და მივდივარ, რომ წიგნი წავიკითხო. ჩხუბი დამიწყეს დედამ, დამ, ძმამ – რა არის, შენ ჩვენთან ჩამოხვედი თუ  წიგნის საკითხავადო. ვუთხარი, მაცადეთ, ისეთი კარგი წიგნია, ვერ ვწყდები-მეთქი. მოგვიყევი რა არისო. 
დავიწყე მოყოლა. მოვყევი იქამდე, სადამდეც წაკითხული მქონდა. ისე დაინტერესდნენ, მეუბნებოდნენ, მიდი, წაიკითხე და მოგვიყევიო. ადრე მივდიოდი საძინებლისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი მეკითხა და დილით გამოვდიოდი ყველაზე გვიან, რადგან გვიანობამდე ვკითხულობდი და ყველა მელოდებოდა, რომ მომეყოლა, როგორ განვითარდა მოვლენები. დიდი წიგნია – მგონი 800 გვერდი. ასე გრძელდებოდა ეს ამბავი დაახლოებით ერთი კვირა. 
ამბავი მივიდა გადამწყვეტ მომენტამდე, როცა გრძნობ, რომ რომელიღაც პერსონაჟი უნდა მოკვდეს. ყველას ვკითხე, აბა თქვენი ვარიანტი თქვით, როგორ შეიძლება გაგრძელდეს სიუჟეტი-მეთქი. ყველამ რაღაც თქვა... კითხვას რომ მოვრჩი, ჩემმა დამ, ნათიამ მითხრა, თუ პამუკი ისე მაგრად წერს, როგორც შენ მოყევი, მართლა დიდი მწერალი ყოფილაო. 

გავიდა გარკვეული ხანი და საქართველოში ჩამოვიდა პამუკი. ფუნიკულიორზე მცირე წვეულებაზე შევხვდი. ვსაუბრობდით და მოვუყევი ეს ამბავი. მითხრა, თქვენ არ იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს მწერლისთვის იმის გაგებას, მის ნაწარმოებს როგორ კითხულობენო. ვუთხარი, ჩემმა დამ ასე მთხრა, თუ პამუკი ისე მაგრად წერს, როგორც შენ მოყევი, მართლა დიდი მწერალი ყოფილაო. მიპასუხა, თქვენ თუ ისე კარგად ყვებოდით, როგორც ახლა მე ეს ამბავი მომიყევით, მაშინ თქვენ ყოფილხართ, ვინც ყოფილხართო და ბევრი ვიცინეთ. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო...

- მამას ნაწერები როგორ ირჩეოდა სახლში – ვინ ვის უყვებოდა?

- მამას ნაწარმოებები იწერებოდა ხელით, რადგან მაშინ კომპიუტერი არ არსებობდა. საკმაოდ გაურკვეველი ხელი ჰქონდა მამას და მისი პირველი მკითხველი დედა იყო. ის აძლევდა შენიშვნებს, ეუბნებოდა, რა როგორ ჯობდა, რა იყო კარგი და რა -  ცუდი. ფურცლები რომ ეწყო მაგიდაზე, თუ მოვიხელთებდი დროს, აუცილებლად ვკითხულობდი და მერე კვლავ ვუბრუნდებოდი მის მაგიდას, რომ გამეგო, როგორ გაგრძელდა ამბავი. ასე რომ, როცა მამას ნაწარმოები იბეჭდებოდა, მე, ფაქტობრივად, უკვე წაკითხული მქონდა. 

- მისი რომელი ნაწარმოები გიყვართ გამორჩეულად?

ყველა მიყვარს. ახლა მიყვარს მისი „რექვიემი“, რადგან სულ ბოლოს მას გადავავლე თვალი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შესანიშნავი ნაწარმოებია... 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება