სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

როგორ უნდა ესაუბრონ მასწავლებლები მოსწავლეებს აღდგომის დღესასწაულის შესახებ და უნდა შეინახონ თუ არა მარხვა ბავშვებმა - დეკანოზი დანიელი
30-04-2024
-
+


წელს 5 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია საუფლო დღესასწაულებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, აღნიშნავს.

სახარების თანახმად, ღვთისმშობელი მარიამისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა წითელ პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე, გოლგოთას მთაზე აღესრულა. შემდეგ კი, მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა და სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა.
დღესასწაულს ყველა მორწმუნე განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავს. მათ შორის არიან ბავშვებიც, სკოლის მოსწავლეები. მნიშვნელოვანია, რომ მათ საუფლო დღესასწაულების შესახებ ინფორმაცია გასაგებ ენაზე მიეწოდოთ. სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი დანიელ (ვაჟა) სოლომონიძე etaloni.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, გიმნაზიაში ბავშვებს ასაკის შესაფერისი ლექსიკით ესაუბრებიან და სხვადასხვა საკითხს ეტაპობრივად უხსნიან. „მეხუთე-მეექვსეკლასელი ბიბლიას დედანით ვერ ისწავლის, რთულია“,- ამბობს დეკანოზი; გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზეც, როგორიც ბავშვების მარხვა და სააღდგომო ტრადიციებია. ისაუბრა, თუ რატომ იღებება კვერცხი და ცხვება პასკა. ასევე განმარტა ამ ყველაფერის რელიგიურ დატვირთვაზე:

- თავდაპირველად, საინტერესოა, როგორ უნდა ესაუბრონ მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულსა და საკითხზე ისე, რომ ეს მათთვის გასაგები იყოს?

- პირველ კლასში, როდესაც ბავშვებმა წერა-კითხვაც კი არ იციან, მხოლოდ საუბრები გვაქვს ღმერთის თვისებებზე, ანგელოზებზე. ვუხსნით, მაგალითად, რატომ გამოისახებიან ანგელოზები ფრთებით და სხვა ადვილად აღქმად საკითხებს ვაცნობთ. ამასთან  ლოცვის ძალაზე, სიყვარულზე, ტოლერანტობაზე, შრომაზე ვსაუბრობთ.  შემდეგ იწყება წმინდა წერილის სწავლება საბავშვო ინტერპრეტირებული წიგნებით.  მეხუთე-მეექვსეკლასელი დედანით ბიბლიას ვერ ისწავლის, რთულია. საბაზო საფეხურზე კატეხიზმოსა და ლიტურგიის საკითხებს სწავლობენ.  ხოლო მე-10 - მე-11 კლასებში მსოფლიო საეკლესიო ისტორია და მე-12 კლასში მსოფლიო რელიგიები ისწავლება.

ბავშვებთან საუბრისას საჭიროა მათთვის გასაგებ ენაზე ითქვას ღმერთის არსებობის შესახებ, ბიბლიური ისტორიებიც ასე უნდა ვუამბოთ. მაგალითად, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ დაეცა ადამიანი ცოდვით, რატომ დასჭირდა უფალს ამქვეყნად მოვლინება ადამიანის სახით. ცხადია,  არსებობს შესაბამისი ლიტერატურა, მაგალითად,  საბავშვო ბიბლია, რომლებიც ინტერპრეტირებული და დასურათებულია.  ბავშვებს უყვართ ვიზუალიზაცია, ასე თანდათან ხატების სიმბოლიკასაც ეცნობიან. 

დღესასწაულის მოახლოებისას  უკვე აღდგომის არსსაც  ვუხსნით, მათ იციან, რომ ეს არის დღესასწაული დღესასწაულთა შორის, რომ მაცხოვარმა თავისი აღდგომით ბოროტება დაამარცხა.

- როდესაც მოსწავლეებს აღდგომაზე ელაპარაკებით, ძირითადად, რა კითხვები უჩნდებათ, რა არის მათთვის მეტად საინტერესო საკითხი, რაზეც ყურადღებას უფრო ამახვილებენ? 

- ბუნებრივია, ასაკი ბევრ რამეს განსაზღვრავს, უმთავრესად  სხვადასხვაგვარია ხედვა კლასების მიხედვით. დაწყებით კლასებში ჯვარცმას ძალიან ემოციურად იღებენ. ვცდილობთ, მათთვის გასაგებ ენით დაველაპარაკოთ. ჯვარცმის ხატიც მათთვის ძლიერი განცდაა.  ვუხსნით, რომ ის სულიერად არ გარდაცვლილა და ქრისტეს თვისებებზე ვესაუბრებით. ყველა კლასში ვსაუბრობთ, რომ ღმერთმა ადამიანი სიყვარულისთვის შექმნა. მიუხედავად ჯვარცმისა და ამხელა ტანჯვისა, ის მაინც სიყვარულით აღსდგა და აღადგინა ყველა, ვინც ღვთის მიმდევარი და მსახური იყო. მაღალ კლასებში უფრო ძირეული, საღვთისმეტყველო  და ღრმა საუბრებია ხოლმე. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ. მაღალკლასელებს იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობაც კი აინტერესებთ. იქ სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ.

- ახლა სააღდგომო მარხვაა, მისი შენახვის სურვილი მოსწავლეებსაც აქვთ ხოლმე, რა ასაკიდან შეიძლება, რომ ბავშვები მარხვაზე იყვნენ? 

- ასაკი შეზღუდული არ არის, თუმცა პატარა ბავშვებს უჭირთ. მე პირადად, როგორც მოძღვარი, თავიდან, ადამიანს რომ არ გაუჭირდეს და არ დაბრკოლდეს, ვეუბნები, რომ ოთხშაბათსა და პარასკევს იმარხულოს, მათ შორის, დიდმარხვებშიც. მაღალი საფეხურის მოსწავლეებს არც უჭირთ. პატარებს კი მარხვის მნიშვნელობას ვუხსნით მხოლოდ. იყო ასეთი შემთხვევა, მოსწავლემ თქვა, კანფეტი იმიტომ არ შევჭამე, რომ ვმარხულობო. მან თავი შეიკავა იმ საკვებისგან, რაც მისთვის საყვარელი იყო. პატარებს  არ მოეთხოვებათ აღსარებაც. აღსარებასაც მე-5 - მე-6 კლასის მოსწავლეებს ვაჩვევთ. მათაც ხომ იციან, რამე არასწორად თუ გააკეთეს და ამას ამბობენ აღსარებაში.

- ალბათ, ბავშვების მარხვა ნებაყოფლობითი უნდა იყო და არა რამე ფაქტორების გამო იძულებითი...

- ბუნებრივია, ყველა მოსწავლე ვერ იმარხულებს, მათ ჰყავთ სულიერი მოძღვრები, რომლებთანაც ისინი გადიან სულიერ საკითხებს და რეკომენდაციებს. გიმნაზიას იმის უფლება არ აქვს, ცხადია, რომ ვინმეს მარხვის ვალდებულება დააკისროს. თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად სხვადასხვა საკითხს თავის სულიერ მოძღვართან არკვევს.

რაც შეეხება მარხვას, მოსწავლეებს ვასწავლით, რომ ახალ აღთქმაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ მარხვის მაგალითიც თვით უფალმა თავისი ცხოვრებით მოგვცა. ასევე ბრძანებს უფალი: მარხვით და ლოცვით განასმიდეთ ეშმაკს. მარხვა ესაა თავშეკავებაა  არა მხოლოდ საკვებისგან, არამედ ცოდვებისგან და გამოსწორების გზაცაა. მაგალითად, თუ მშობლებს ეურჩებიან, ამის გამოსწორება შეიძლება და შესაბამის ნაბიჯებს დგამენ. მარხვა და ლოცვა ადამიანს სულიერად განამტკიცებს. მხოლოდ პატარებთან კი არა, უფროსებთანაც, რომელთაც  ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სხვადასხვა  მიდგომას ვიყენებთ.

- რაც შეეხება სააღდგომო ტრადიციებს, რატომ იღებება კვერცხი? 

- ამას თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ჩვენ მოსწავლეებს იმასაც ვუხსნით, რომ აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე გავდივართ, მორწმუნეები ვულოცავთ ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულს, ვაკურთხებთ საფლავებს და ამ დღესასწაულს, ფაქტობრივად, მიცვალებულებსაც ვულოცავთ.

რაც შეეხება კვერცხს, ის, ზოგადად, სიცოცხლის სიმბოლოა. გადმოცემის თანახმად, როდესაც ქრისტე ზეცად ამაღლდა, მარიამ მაგდალინელი, სახარების საქადაგებლად, რომში ჩავიდა. იმ პერიოდში რომის იმპერატორი ტიბერიუსი იყო.  ტრადიცია იყო, როდესაც იმპერატორთან მიდიოდნენ, ძღვენი მიჰქონდათ. ვისაც რისი შესაძლებლობა ჰქონდა იმას მიართმევდნენ ხოლმე. მარიამ მაგდალინელმა იმპერატორს კვერცხი მიართვა და უთხრა: „ქრისტე აღდგა“ და აღდგომა მიულოცა. ტიბერიუსმა ძღვენი მიიღო, თუმცა ქრისტეს აღდგომაში ეჭვი შეეპარა და თქვა: ისე აღდგა ქრისტე, როგორც ეს კვერცხი წითელიაო. მართლაც ნახა, რომ კვერცხი მის ხელშივე გავარდისფრდა და შემდეგ გაწითლდა. კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. თავად წითელი, მეწამული - ქრისტეს დაღვრილი სისხლის ფერია, მან ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ჩვენი ცოდვების გამოსყიდვის გამო სისხლი დაღვარა ჯვარცმით. რადგან პარასკევი ქრისტეს ჯვარზე გაკვრის დღეა, სიმბოლურად ქრისტიანები კვერცხს ამ დღეს ღებავენ, თუმცა ცდილობენ, რომ აღდგომამდე არ მიირთვან.

- აღდგომას ქრისტიანები პასკასაც აცხობენ, რომელსაც გოლგოთის სიმბოლოდ მიიჩნევენ, რა რელიგიური დატვირთვა აქვს მას? 

- რაც შეეხება პასკას, ის სააღდგომო ტკბილეულია, რომელსაც განსაკუთრებით  აღდგომის დღესასწაულისთვის აცხობენ. ის მე-19 საუკუნიდან გვხვდება, როგორც კულინარიული შედევრი. ადამიანები სხვადასხვა დღესასწაულისთვის საზეიმოდ ტკბილეულს ვამზადებთ ხოლმე, და ესეც ასე ჩამოყალიბდა პასკის ცხობის ტრადიციაც. თუმცა მას მოიაზრებენ სიმბოლურად გოლგოთად, მთად, რომელზეც ქრისტე ჯვარს აცვეს. აქვე გეტყვით,  რომ იერუსალიმში გოლგოთა იმიტომ შეირჩა ჯვარცმის ადგილად, რომ ეს ყველაზე მაღალი მთაა ქალაქში  და ყველას შეეძლო დაენახა ჯვარცმული მაცხოვარი. პასკა მაინც საეკლესიო ტკბილეული - ნამცხვარია, რომელსაც რელიგიური დატვირთვა აქვს, მისი გამოცხობა კი ტრადიციად ჩამოყალიბდა. ქართველ მართლმადიდებელ მრევლშიც არის მსგავსი ტრადიციები, მაგალითად როგორიცაა, ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, ღვეზელები - შობისთვის და ა.შ. ზოგადად, მსგავსი ტრადიციები რელიგიას ალამაზებს და განსაკუთრებით ბავშვებს უხალისებს დღესასწაულს.  


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
მოსწავლეთა სატრანსპორტო ტარიფებში ცვლილება შევიდა - ბიუჯეტი
მეთორმეტე კლასის მოსწავლეების წლიური შეფასება - საბოლოო ვადები და ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება