სიახლეები
ინტერვიუ

მასწავლებელი თუ ბევრ ცუდ ნიშანს წერს, ეს მისი თვითშეფასებაა, რაღაც ვერ ასწავლა - „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი სამუშაო პროცესზე
17-03-2021
-
+


„ახალ ველოსიპედს“ ვიგონებთ თუ პედაგოგიკაში დაგროვილი საუკეთესო გამოცდილებები გადაგვაქვს პრაქტიკულ საქმიანობაში - რას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელი“? იდეის დონეზე, ეს ის პროექტია, რომელმაც სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს და რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასში ჩართული ექსპერტები და მასწავლებლები დიდ იმედს ამყარებენ.

ორი წლის წინ დანერგილ პროექტში სკოლები ეტაპობრივად ერთვებიან. ცნობილია, რომ იმპლემენტაციის პროცესი 2024 წლისთვის დასრულდება და განათლების რეფორმის პროდუქტი საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში შევა.

... და მაინც, საიდან იწყება განათლების რეფორმა - საკლასო ოთახიდან თუ სამინისტროს რომელიმე კაბინეტიდან? რას ცვლის „ახალი სკოლის მოდელი“ სასკოლო ცხოვრებაში; რა შედეგი აჩვენა პროექტმა დანერგვის დღიდან დღემდე და რას ველოდებით გრძელვადიან პერსპექტივაში; არსებობს თუ არა საფრთხეები პროექტის მიმდინარეობის პროცესში და როგორია მათი პრევენციის გზები - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ესაუბრა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ როლანდ ხოჯანაშვილს, რომელიც ესგ-ის დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტია, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით.

- რა არის „ახალი სკოლის მოდელის“ მიზანი და რა ცვლილება შეაქვს მას სასკოლო ცხოვრებაში?

- „ახალი სკოლის მოდელს“ ძალიან ბევრი პირდაპირი და ირიბი მიზანი აქვს. ის მთლიანად ცვლის სასკოლო ცხოვრებას და მის პრიორიტეტს არა შინაარსზე, არამედ პროცესზე ორიენტირება წარმოადგენს. პროცესზე ორიენტირება გულისხმობს იმას, რომ სკოლა აღარ არის რუტინული დაწესებულება; ბავშვები ქმნიან იმ პროდუქტს, რისი გაკეთებაც მათთვის არის სასურველი; ამ პროდუქტის შექმნის დროს, ისინი იღებენ როგორც პირობისეულ, ასევე პროცედურულ და დეკლარატიულ ცოდნას. ჩვენი მიზანია, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს მივაღწიოთ - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის მისაღწევად, საჭიროა, ისეთი სასწავლო პროცესის დანერგვა, რომელიც იქნება მთლიანად დამყარებული მოსწავლეების აქტივობებზე და არა მხოლოდ დამახსოვრებაზე. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ გააზრება და არ უნდა გვქონდეს ორიენტირი მხოლოდ დამახსოვრებაზე. როდესაც მოსწავლე შემოქმედებითად უდგება სასწავლო პროცესს, ამახსოვრდება - კეთებით სწავლებაა გადამწყვეტი.

- რამდენად ეფექტურია და რა შედეგი აჩვენა პროექტმა დანერგვის დღიდან დღემდე; რას ველოდებით გრძელვადიან პერსპექტივაში?

- განათლების სფეროში არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ სწრაფი შედეგები დაიდოს. პეპლის ეფექტი თუ რამეს აქვს, ის არის ბუტაფორიული და მოჩვენებითი. „ახალი სკოლის მოდელი“, რა თქმა უნდა, ორ წელიწადში ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რაც ჩვენ გვინდა იდეალური თვალსაზრისით. სხვა ქვეყნებში პროცესზე ორიენტირებული სწავლება ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს... „ახალი სკოლის მოდელი“ გვეუბნება, რომ კლასების მიხედვით კი არ უნდა დაიდოს შედეგები, არამედ საფეხურების მიხედვით. მოგეხსენებათ, რომ სამსაფეხურიანია სწავლება - დაწყებითი, საბაზო და საშუალო. ჩვენ, ამ ეტაპზე, საბაზო საფეხურის ჩათვლით შევდივართ სკოლებში. ექსპერტები და მასწავლებლები მუშაობენ 1-ლიდან მე-9 კლასის ჩათვლით. პროექტს, ვერ ვიტყვით, რომ აქვს გრანდიოზული შედეგი იმიტომ, რომ სწავლა არის უწყვეტი პროცესი. ეფექტი უნდა ვნახოთ მაშინ, როდესაც ბავშვი, რომელიც ახლა დაწყებით საფეხურზეა, დაამთავრებს საშუალო საფეხურს. რადგან ორი წელია, რაც განათლების ექსპერტი მუშაობს მასწავლებელთან და სკოლასთან ერთად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ვთქვათ, წიგნიერების დონით გადავუსწრებთ უკვე ესტონეთს ან ფინეთს. ასეთი ოქროს შესაძლებლობები არსად არსებობს, მით უმეტეს, პედაგოგიკაში - ორ წელიწადში, ის სისტემა, რომელიც კრახის ქვეშ იყო მოქცეული, ტალახში იყო ჩავარდნილი, ვერ გამოსწორდება, თუმცა არის მნიშვნელოვანი ძვრები. რეფორმა იწყება საკლასო ოთახიდან და არა სამინისტროს რომელიმე კაბინეტიდან.

- როგორ მუშაობს საგნის ექსპერტი და რა არის ექსპერტთა გუნდის მიზანი?

- ექსპერტების სამუშაოს სპეციფიკა ძალიან საინტერესოა. ექსპერტი არ მიდის გამზადებული ინფორმაციით, რომელიც მასწავლებლებმა უნდა გადაიტანონ პრაქტიკაში. მათთან ჩვენ შევდივართ მხოლოდ საუკეთესო ინიციატივებით, რომლებიც პედაგოგიკამ დააგროვა. არ ვიგონებთ ახალს არაფერს, არ გვაქვს ამის პრეტენზია. სოკრატედან დღემდე, თუ ვინმემ კარგი რამე შექმნა მსოფლიო პედაგოგიკაში, ეს იქნება დასავლეთ ევროპა და ამერიკული ფსიქო-პედაგოგიური სკოლები, ყველას მიღწევები უნდა გამოვიყენოთ უკეთესი შედეგების მისაღწევად. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მხარს ვუჭერთ მასწავლებლებს; ვხედავთ, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი პრაქტიკა, მაგრამ ეპიზოდური. ვეუბნებით, რომ ის, რაც ეპიზოდური და ეფექტიანი იყო თქვენს პედაგოგიურ საქმიანობაში, უნდა გავხადოთ უფრო ინტენსიური. საგნობრივი ექსპერტების ძირითადი მისია და ფუნქცია მასწავლებლის მხარდაჭერაა. არ ვაკონტროლებთ არავის, არ ვუფასებთ პრაქტიკას, ჩვენ - მასწავლებლები და ექსპერტები ვარჩევთ საუკეთესო გზებს წარმატების მისაღწევად. ჩვენი მოსწავლეობის პერიოდში, როდესაც მასწავლებელი შემოდიოდა კლასში, ძირითადი მიზანი იყო ინფორმაციის დაგროვება ანუ დეკლარატიული ცოდნის მოგროვება, რომელიც ხშირად მერე ტრანსფერის არეალში ვერ გადადიოდა და მხოლოდ შინაარსს ვაგროვებდით, მისი რეალიზება პროცედურულად ვერ ხორციელდებოდა. როდესაც ჩვენ მასწავლებელს ვესაუბრებით, რომ შენი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმძღვანელოებში მოცემული თავების შინაარსის მიტანა, დატოვება კლასში და მეორე დღეს უკან მოტანა, ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი, ფაქტობრივად, არის ხელისშემწყობი ცოდნის კონსტრუირებაში. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ ისწავლონ. ვერც ერთი სკოლა და ვერც ერთი პედაგოგი ბავშვებს ვერ ასწავლის იმდენს, რამდენიც მთელი ცხოვრება ეყოფა. სწავლის სწავლა და უნარების განვითარება არის აუცილებელი. 

- განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიქობავამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა: „400-მდე საგნის ექსპერტიდან, რომლითაც მთელ საქართველოს ვფარავთ, შესაძლოა, ყველა არ აკმაყოფილებდეს ისეთ დონეს, როგორსაც ვისურვებდით, ჩვენც ვსწავლობთ, ვვითარდებით“ - ნიშნავს თუ არა ეს, რომ კომპეტენტური ექსპერტების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს პროექტს? ხარისხზე გავლენას ახდენს თუ არა მათი ოდენობა?

- ბუნებრივია, რაღაცები ექსპერტებსაც სასწავლი გვაქვს. ამ ყველაფერს ჩვენ ვსწავლობთ ზუსტად პრაქტიკაში მასწავლებლებთან ერთად. ყველა ჰაი-კლასის ექსპერტი ვერ იქნება. მე პირადად, ძალიან დიდი გამოცდილება ჩემი მსმენელებისგან ამიღია. რაღაცებს ჩვენ პრაქტიკაში მყოფი მასწავლებლებისგან ვსწავლობთ, რაღაცები გვაქვს მსოფლიო პედაგოგიკის საუკეთესო პრაქტიკებიდან აღებული. ადამიანი, ვინც საკლასო ოთახს პერსონალურად იცნობს, ის გაცილებით დაზღვეულია იმისგან, რომ არ ასცდეს საკლასო რეალობას. თუ საკლასო სოციუმთან არ აქვს შეხება ადამიანს, მას ძალიან გაუჭირდება სასკოლო საჭიროებების დანახვა.

რაც შეეხება ექსპერტთა რაოდენობას, ეს ყველაფერი გათვლილია თითქმის ოპტიმალურად. გაცილებით უკეთესი იქნება, თუ შედარებით მცირე ჯგუფებთან მოგვიწევს მუშაობა, მაგრამ რადგანაც ამ პროექტის ბიუჯეტი არ არის წარმოუდგენლად დიდი, ეს არის, ალბათ, ოპტიმალური გათვლა იმისა, რომ იმდენმა ექსპერტმა იმუშაოს მასწავლებლებთან, რამდენი შესაძლებლობაც აქვს პროექტის ბიუჯეტს. 

- რა ტიპის ხარვეზებსა და საფრთხეებს ხედავთ მასწავლებელთა პრაქტიკულ საქმიანობაში და როგორია მათი აღმოფხვრისა და პრევენციის გზები?

- არც ერთი საქმე არ არსებობს უარყოფითი მხარეების გარეშე და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს არის დროის მენეჯმენტი კლასში. მასწავლებლის მიზანი, როდესაც მოსწავლეებთან შედის, არის დროის თვალსაზრისით სამნაირი: მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი. ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც გვერევა ერთმანეთში, რომელი სად ვასწავლოთ. მოკლევადიანი შეიძლება იყოს რამდენიმე წუთიანი ან რამდენიმე გაკვეთილი გაგრძელდეს. საშუალოვადიანია კომპლექსური დავალებები და გრძელვადიანი კი - ე.წ. ცნებები.

კომპლექსური დავალება არის „ახალი სკოლის მოდელის“ ხერხემალი. ეს არის პროცესი, როდესაც ბავშვი შემოქმედებითად უდგება რაღაცის შესრულებას. მაგალითად, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა შეიძლება ვასწავლოთ მხოლოდ წიგნში თეთრზე შავად დაბეჭდილი ინფორმაციით? მათემატიკა აბსოლუტურად ყველგან არსებობს ჩვენ გარშემო. თავისთავად ცხადია, თუ ამას ბავშვის ცხოვრებას დავუკავშირებთ და ვნახავთ, სად არის ბავშვის პირვანდელი ტრანსფერის არეალი, ამის შემდეგ შეიძლება ბავშვმა კარგად დაიწყოს ათვისება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების. საჭიროა, დავანახოთ ბავშვს, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენ ცხოვრებაში - მათემატიკაც, მუსიკაც, ქართულიც, ბუნებისმცოდნეობაც და დანარჩენი ყველა. თუ საჭიროება ვერ დავინახე, მე არ ვისწავლი საგანს არავითარ შემთხვევაში და მით უმეტეს, მხოლოდ და მხოლოდ წიგნში დაბეჭდილი ფურცლებიდან, ვერც მათემატიკა გახდება საინტერესო, ვერც ქიმია, მაგრამ თუ ცხოვრებაში ქიმიასაც დავანახებთ და მათემატიკასაც, ბუნებრივია, რომ სწავლება უფრო იოლდება. მე სულ ვეუბნები მასწავლებლებს, რომ თუ კლასში თქვენ წერთ ბევრ ცუდ ნიშანს, იცოდეთ, რომ ეს თქვენი თვითშეფასებაა სინამდვილეში და არა მოსწავლეების. ე.ი. რაღაცები ვერ ვასწავლეთ, საინტერესო ფორმით ვერ მივაწოდეთ და ვერ მივიღეთ ისეთი შედეგი, როგორიც საჭიროა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ ავურიოთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მიზნები. დავალებები არ უნდა მიეცეს ბავშვებს ისეთი, რომ ყველასგან პასუხი იყოს იდენტური. ეს არის ყველაზე დიდი საშიშროება - მასწავლებლებმა მოსწავლეებს არ მისცენ ისეთი ტიპის დავალებები, რომლებიც იქნება რუტინული, ერთნაირი. ადამიანი არის სოციალურად ზარმაცი არსება. შესაძლოა, მასწავლებელიც პროფესიულ სიზარმაცეში გადავიდეს და არ მოიგონოს ისეთი დავალებები, რომელიც იქნება მისაღები. ამის პრევენციისთვის ჩვენ გვაქვს ზუსტად ის სასკოლო-სასწავლო გეგმები - ე.წ. მატრიცების კრებული და მასში შედის კომპლექსური დავალებების პირობები... საფრთხეები, რაზეც მე გესაუბრეთ, ნამდვილად იყო, არის და იქნება კიდეც იმიტომ, რომ კონსტრუქტივიზმზე ასე მარტივად ნამდვილად ვერ გადავეწყობით.

შემოქმედი მასწავლებლები, საბედნიეროდ, არასდროს გვაკლდა. ყველა სკოლაში არიან პედაგოგები, რომლებსაც ეფექტიანი სასწავლო პრაქტიკა აქვთ. „ახალი სკოლის მოდელი“ გვეუბნება ასეთ რამეს, რომ თქვენ მხოლოდ ნიშნების წერაზე ნუ იქნებით ორიენტირებული, იყავით მხარდაჭერაზე. ბავშვმა არ გააკეთა კარგად? დაუფასეთ და დაეხმარეთ, რომ ხარვეზები გამოასწოროს. ჩვენ ბავშვები მიგვყავს პროგრესისკენ, რაც ზოგადად, საგანმანათლებლო სისტემის  ვალდებულებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები არიან ამ პროექტების ყველაზე დიდი მხარდამჭერები და როგორ - როდესაც მასწავლებელი კონსტრუქციული მიდგომებით ჩაატარებს ორ გაკვეთილს, მესამედ უკვე რუტინულ გაკვეთილსა და დავალებას აღარ აპატიებენ და აუცილებლად მოითხოვენ ისეთ დვალებას, რომელიც შემოქმედებით უნარებს მოითხოვს. ანუ ბავშვები გვესახება ყველაზე დიდ დამცველად ამ შემთხვევაში.

- რას მიიჩნევთ პროექტის სუსტ მხარედ? 

- პროექტის სუსტ მხარედ მივიჩნევ იმას, რომ მეტი საინფორმაციო მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა თავიდანვე. არ უნდა ყოფილიყო აღქმული ერთ ჩვეულებრივ ახირებად. „ახალი სკოლის მოდელი“ არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მოდელი კლასში. ეროვნული სასწავლო გეგმა გვეუბნება რა, როგორ და რისთვის უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს. ეს არ არის ფულის გათეთრების საშუალება. სამწუხაროდ, „ბევრს“ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს არის ვიღაცის ახირება, რომელიც ვიღაცების კარგ ანაზღაურებას გულისხმობს და საბოლოო ჯამში, მაინც კრახით დასრულდება. ერთ-ერთი ძალიან სუსტი ნაწილი ეს არის, რომ არ აქვს ამ პროექტს ძალიან ძლიერი საინფორმაციო მხარდაჭერა. ეს არ არის ახირება, არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის კლასში დანერგვა.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება