სიახლეები
საინტერესო

განუმეორებელი სოფიკო - ფიქრის გორაზე დაბადებული გოგოს ამბავი
21-05-2018
-
+


ფიქრის გორაზე არის სახლი, რომელიც კინოს ისტორიას სათუთად ინახავს. სახლი, სადაც მიხეილ ჭიაურელმა ვერიკო ანჯაფარიძეს პირველად აკოცა, სახლი, სადაც კინოსა და თეატრის ლეგენდები იკრიბებოდნენ და სახლი, სადაც 1937 წლის 21 მაისს სოფიკო ჭიაურელი დაიბადა. 

მომავალი მსახიობის ცხოვრება არც ისეთი მარტივად გასავლელი აღმოჩნდა. ყველაზე რთული, ალბათ, ბუმბერაზი დედის ჩრდილისგან თავის დაღწევა იყო, მაგრამ სოფიკომ ეს მოახერხა და თავისი სახელი კინოს ისტორიაში სამუდამოდ დატოვა. 

ბავშვობა

დედა მუდმივად ენატრებოდა. ვერიკო ანჯაფარიძე მუდამ გადაღებებზე, სპექტაკლებზე, რეპეტიციებზე დადიოდა და სახლში არასდროს იყო. მართალია, სოფიკო ყველგან დაჰყავდა, მაგრამ იქაც ვერ იცლიდა შვილისთვის. სოფიკო იხსენებს, რომ ერთხელ ათი დღით გაგრაში ჩასულებს მეორე დღეს დეპეშა მოუვიდათ. ვერიკო სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში და შვილი თავის მეგობარს, სოლიკო ვირსალაძეს დაუტოვა. 

მათ სახლს არაერთი სახელგანთქმული ადამიანის სტუმრობა ახსოვს. „ბავშვებს არ გვიშვებდნენ ხოლმე შიგნით და ზემოთ, შუშის სახურავებზე ვძვრებოდით და იქიდან ვუყურებდით მათ. ერთხელ ზემოთ ამოიხედეს და დაინახეს, თუ როგორ ვწევართ ამდენი ბავშვი და მათ ვათვალიერებთ“. ყველა ფიქრობდა, რომ მიშასა და ვერიკოს შვილი მსახიობი უნდა გამოსულიყო და პატარა სოფიკოს ხან ლექსის წაკითხვას სთხოვდნენ, ხან სიმღერას. ერთხელ დედამისმა ისიც კი უთხრა, რამე მაინც გააკეთე, არც კი ვიცი რა შეგიძლიაო. „რა ლექსები უნდა ვიკითხო, ხომ არ გაგიჟებულხართქო, ვუთხარი და გავედი გამოცდებზე“. გავიდა და ჩაირიცხა. 

პირველი სიყვარული

ნატო ვაჩნაძის გარდაცვალების შემდეგ მის შვილზე, 14 წლის გიორგიზე ვერიკო ზრუნავდა. სოფიკო და გიორგი ტოლები იყვნენ. თავიდან მეგობრები გახდნენ, მერე ერთმანეთი შეუყვარდათ და 19 წლის ასაკში დაქორწინდნენ. „მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ის იღებდა კარგ ფილმებს, მე ვთამაშობდი თეატრში, მიღებდნენ კინოში“. შემდეგ მათ ურთიერთობაში უთანხმოებამ იჩინა თავი და „ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მეყვარებოდა“. 

მეორე სიყვარული და „ურიელ აკოსტა“

სცენაზე ივდითი და ურიელი იდგნენ. დიდი ვერიკოს შემდეგ ივდითის როლი სწორედ სოფიკოს შეხვდა, ხოლო ურიელს კოტე მახარაძე განასახიერებდა. არ უნდოდა სოფიკოს ეს როლი, მაგრამ დედამ თავისი გაიტანა და ისევ, სცენაზე სოფიკო და კოტე იდგნენ. აქედან დაიწყო მეორე სიყვარული. ორივეს ოჯახი ჰყავდა, მაგრამ მათმა სიყვარულმა ყველა დაბრკოლება გადალახა. „როცა დავქორწინდით, მეგობრებმა საჩუქრად ღუზა მოუტანეს, ნამდვილი, თუჯის, რომ ოჯახურ ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს, ჩაეშვა ღუზა“. ღუზამდე კი იყო თოვლიანი ნამქერი და ისტორია, რომლის გახსენებაც სოფიკოს ძალიან უყვარდა: „ზამთარი იყო, ნამდვილი რუსული ზამთარი - დიდი თოვლით და მინუს 18 გრადუსი ყინვით. რესტორანში შევედით. იქიდან გამოსულმა, ღვინომოკიდებულმა კატეგორიულად მომთხოვა პასუხი: ახლა, ან ჰოს მეტყვი, ან არადა თავს მოვიკლავო. უდარდელად მივუგე, - კარგად იყავი-მეთქი. მეგონა, ხუმრობდა. ის კი ყველაზე მაღალ ადგილას ავიდა, იმის იქით უკვე ხრამი იწყებოდა, კარგადო, - დამიძახა და ნამქერში გადაეშვა. წუთიც არ დავფიქრებულვარ, ისე ვისკუპე და უკან მივყევი მეც. მეგობრებმა რომ მოგვიკითხეს, გაოცებულმა რესტორნის დარაჯმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ორი გადარეული ქართველი ხრამში გაუჩინარდა. ცოცხალ-მკვდარი ძლივს ამოგვიყვანეს იქიდან“. 

სოფიკომ და კოტემ ერთად 30 წელი იცხოვრეს. საჩუქრად მოტანილმა ღუზამ გაამართლა - სიცოცხლის ბოლომდე კოტე მახარაძე სოფიკოს ერთგული დარჩა. 

ფილმები, სცენა, სოფიკო

პირველი ფილმი „ჩვენი ეზო“ იყო, რომელმაც მსახიობს მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს მედალი მოუტანა. მერე იყო თამარი („ენგურის ნაპირებზე“), ვარდო („ვერის უბნის მელოდიები“), ტასია („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), მზექალა („ხევსურული ბალადა“), ფუფალა („ნატვრის ხე“) და ის მრავალი პერსონაჟი, რომელიც სოფიკომ ეკრანებზე გააცოცხლა. ხშირად ამბობდა, რომ თეატრი არ უყვარდა, რადგან დედა ყოველთვის მის გამო ტოვებდა მარტო. მიუხედავად ამისა, თეატრის სცენაზეც არაერთი სახასიათო როლი შესთავაზა მაყურებელს. 

„ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, როგორია თქვენი დღეო. მე ვუპასუხე, რომ ვდგები, ვიღებ რძის აბაზანას, შემდეგ მოდის მანიკიურის სპეციალისტი, მერე ვისვენებ, მიკითხავენ გაზეთებს, მივდივარ თეატრში, ძილის წინ კი ვიღებ შამპანურის აბაზანას-მეთქი. მან ყველაფერი დაიჯერა, ერთი შამპანურის აბაზანამ შეაცბუნა. მე კი … თვალს ვახელ თუ არა, ფიქრს ვიწყებ, რა ვაჭამო დღეს ბავშვებს, გადასახდელია ტელეფონის, სინათლის ფული, მოვლენ მუშები, რეპეტიციები… მე ჩემს თავზე ავიღე ძალიან ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ – სახლი, ოჯახი, შვილიშვილები, თეატრი, რემონტი, მშენებლობა... 

სოფიკო ჭიაურელი 2008 წლის 2 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 

ფიქრის გორაზე დაბადებული ბედის ნებიერას ამბავი ამით არ დამთავრებულა, მისი სახე ყოველთვის ემახსოვრება ისტორიას და სოფიკო ყოველთვის დარჩება ქალად, რომელიც უნდა ეძიო. 

*მსახიობის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2012 წელს ეროვნულ არქივში გამოფენა გაიმართა. იხილეთ ფოტოები.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება