სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

„როგორი მასწავლებლები ჰყავს ბავშვს და როგორ გარემოში იზრდება, ეს მნიშვნელოვნად ცვლის მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან თუ გარემოსთან“
09-05-2018
-
+


ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელსაც ამოუცნობ ფენომენს უწოდებენ, 2 წლისაც არ იყო, ხატვა რომ დაიწყო. პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში ჰქონდა, სადაც ნახატებში საოცარი, სიტყვებით გამოუთქმელი სამყარო ასახა. სამყარო კი, რომელშიც რუსუდანი გაიზარდა, ერთდროულად კეთილიც იყო და მკაცრიც.

– მახსოვს, ჩემთვის სკოლაში წასვლა იმ ემოციებთან იყო დაკავშირებული, რა ემოციებიც იქ მხვდებოდა. მკაცრი მასწავლებელი ჩემზე ძალიან მოქმედებდა. ვფიქრობ, ბავშვს როგორი მასწავლებლები და ადამიანებიც ჰყავს გარშემო, მისი აზროვნება და ფსიქიკა, მსოფლმხედველობა, ჰარმონიული დამოკიდებულება საკუთარ თავთან თუ გარემოსთან, ამის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება. ამიტომ, მასწავლებელს უსაზღვრო პასუხისმგებლობა ეკისრება. უნდა იყოს კეთილი, უყვარდეს ბავშვები, იყოს გულისხმიერი და პროფესიონალი. მასწავლებელს სხვა არაფერი მოეთხოვება. ბავშვები დაწყებით კლასში ისეთი სიყვარულით უნდა მიიღონ, რომ მათ ეს სიყვარული სამუდამოდ გაჰყვეთ და თვითონაც უყვარდეთ ყველა. კომუნისტების პერიოდში საშინელი იყო სასწავლო სისტემა. მიმაჩნია, რომ არასწორად უდგებოდნენ როგორც სწავლებას, ისე ბავშვებს. ახლა გაცილებით უკეთესია.

– ახლანდელი სწავლების სისტემაში რა მოგწონთ?

– კარგად არ ვიცნობ თანამედროვე განათლების სისტემას, მაგრამ ვიცი, არის სკოლები, სადაც ბავშვებთან ურთიერთობისა და სწავლების კარგი მეთოდები აქვთ. ბავშვები მსჯელობენ რაღაც თემაზე, მასალას მექანიკურად კი არ იზეპირებენ, მასწავლებელთან განიხილავენ. ამით ბავშვს აძლევენ საშუალებას, იაზროვნოს და მიეჩვიოს საკუთარი აზრის გამოთქმას და დაცვას. ჩემი ახლობლები დადიან ასეთ სკოლებში და გაოცებულები ვართ, როგორი გიგანტური ნაბიჯებით ეჩვევიან ბავშვები ლოგიკურ აზროვნებასა და საკუთარი აზრის დაცვას.

– თქვენ როგორი მოსწავლე იყავით? 

– ცუდი მოსწავლე არ ვიყავი. მაღალ კლასებში უფრო  კარგად ვსწავლობდი. დაწყებით კლასებში 134-ე სკოლაში დავდიოდი. მე-5 კლასის შემდეგ კი 125-ში. 125-ე სკოლაში უფრო ცოტანი ვიყავით. კლასში მხოლოდ 15-16 ბავშვი ვისხედით. ფრიადოსანი ვიყავი. რადგან გამოფენების გამო ბევრი გაცდენა მიწევდა, მერე ვიჯექი და განვლილ მასალას ერთად ვსწავლობდი, ვინაზღაურებდი, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სკოლაში უსწავლელი არ წავსულიყავი. ეს ჩემი ზედმეტი თავმოყვარეობის ბრალი იყო. არავინ მთხოვდა ასე კარგად სწავლას, მაგრამ საშინლად არ მიყვარდა, როცა გაკვეთილი ნაკლებად ვიცოდი. მეგობრული კლასი გვყავდა. ჩემი კლასელი, რომელიც ახლა მონაზონია – დედა თებრონია, დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია.

– გამორჩეულად რომელი საგანი გიყვარდათ?

– განსაკუთრებით არც ერთი საგანი არ მყვარებია, უბრალოდ, ყველა საგანს ვსწავლობდი. მიყვარდა საქართველოს ისტორია, მაგრამ ამ საგანს ფაქტობრივად არ გვასწავლიდნენ, მე თვითონ ვიძიებდი და ვკითხულობდი დავით აღმაშენებელზე, ვახტანგ გორგასალზე და სხვა ქართველ მეფეებზე. საქართველოს ისტორიის გაკვეთილებიც კი არ გვიტარდებოდა, რაც საშინელება იყო.

ტექნიკური საგნები მიჭირდა. მახსოვს, ორი კვირით ვიყავი პარიზში გამოფენაზე წასული და რომ ჩამოვედი, მთელი ღამე ვიჯექი და მათემატიკას ვსწავლობდი. მამაჩემი შემოვიდა და მითხრა, რა დაგემართა, მათემატიკოსობას ხომ არ აპირებ, 2 კვირის მასალა რომ გინდა, ერთ დღეში აინაზღაუროო. არ შემეძლო, გაკვეთილზე ავმდგარიყავი და მეთქვა, რომ რამე არ ვიცოდი. ღამეებს ვათენებდი, რომ გაცდენები ამენაზღაურებინა და მასალას დავწეოდი. შეღავათს კი მიწევდნენ, მაგრამ მე მერიდებოდა და არ მინდოდა ამ შეღავათებით მესარგებლა.

– როგორი ბავშვი იყავით, ცელქობდით?

– ცელქი კი ვიყავი, მაგრამ სკოლაში რომ მივედი, დაწყებით კლასში, მახსოვს, როგორ შემაშინა იქ არსებულმა სიმკაცრემ. თავისუფლებას ვიყავი მიჩვეული. მამაჩემი მოქანდაკე იყო. კერძო სახლი გვქონდა, სახელოსნო და სახლი გაერთიანებული იყო. ეზოც გვქონდა. თან, 5 და-ძმა ვიყავით და თავისუფლება, რომელიც სახლში მქონდა, შემეზღუდა სკოლაში. მახსოვს, თავიდან როგორ დავითრგუნე. მერე კი, ცოტა რომ გავიზარდე, უფრო გავთავისუფლდი. ბავშვს თვითდამკვიდრება სჭირდება. მე კი ძალიან მორიდებული ვიყავი. 6 წლის ასაკიდან გამოფენებს ვმართავდი და, სხვებთან შედარებით, ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. ეს მომეხმარა, ცოტა მყარად მეგრძნო თავი, თორემ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან არათვითდაჯერებული ვიყავი.

– 6 წლის ასააკში უკვე გამოფენები გქონდათ. ხატვა როდის დაიწყეთ?

– წლის და 10 თვის ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. მაშინ ჩემი ძმა დაიბადა და ის დავხატე. დედაჩემს ის ნახატი შენახული აქვს. თავი, თვალები, ცხვირი დავუხატე. მას შემდეგ, სულ ვხატავდი. დედაჩემიც წერდა, თარგმნიდა. ყველა ხელოვნებით იყო სახლში დაკავებული.  სახატავი მასალა მუდამ იყო სახლში.

ჩემს პირველ გამოფენას, 6 წლის ასაკში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მერე ჩემი ნამუშევრები ამერიკაშიც გაიგზავნა, მოსკოვშიც და ლენინგრადშიც. მაშინ მასწავლებელმა მთელი ჩემი კლასი წაიყვანა ჩემი გამოფენის დასათვალიერებლად.

– ახლაც მუდამ ხატავთ?

– ხატვის გარეშე ჩემი ცხოვრება არ არსებობს. თუ დღე არ მცალია, შემიძლია, შუაღამისას ავდგე და ვიმუშაო. ამ ბოლო პერიოდში ჩემი მეუღლის გამოჯანრთელებაზე ვარ გადართული, რადგან ამ მხრივ პრობლემები აქვს, მაგრამ მაინც სულ ვხატავ. როცა შენი საქმე გიყვარს, ის შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

– პედაგოგიური გამოცდილება თუ გაქვთ?

– არა, თუ გადაწყვეტ, ბავშვებს ასწავლო, ამაში მთლიანად უნდა ჩაეფლო. სანახევროდ არაფერი გამოვა. პედაგოგს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. უნდა შეისწავლო დიდი მასალა, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვა. რაც ბავშვს სჭირდება, ყველაფერი უნდა იცოდე. ყველა კითხვაზე უნდა შეგეძლოს პასუხის გაცემა. მე ეს ჯერ არ შემიძლია, რადგან მინდა, ჩემს საქმეს მივხედო. მერე კი, თუ კმაყოფილი ვიქნები საკუთარი მიღწევებით, შეიძლება ამ სფეროშიც გადავიდე. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება