სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

მწერალი ქალი, რომელიც გველთან, ლოკოკინებთან, მორიელებთან, ზაზუნასთან, ზღვის გოჭთან და ტარაკნებთან ერთად ცხოვრობს
01-08-2018
-
+


ახალგაზრდა მწერალი ქალი, რომლის ფსევდონიმიც ელის დოჯსონი გახლავთ, ქვეწარმავლებთან ერთად ცხოვრობს. მალე ელისის მეორე წიგნი გამოვა, სადაც ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ მსგავსი გამოგონილი ამბები იქნება აღწერილი. უფრო ადრე კი, რომანი „რაფლეზია“ დაწერა, რომელიც ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ 2017 წლის გამარჯვებული გახდა. ამ რომანში რაფლეზია ამქვეყნად ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილია, მაგრამ მისი სილამაზით დატკბობა შორიდან სჯობს, რადგან შხამიანია...

ელისი პროფესიით ფსიქოლოგია და თბილისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ოთხოთახიან ბინაში, ოჯახთან და უამრავ რეპტილიასთან ერთად ცხოვრობს. როგორია თანაცხოვრება საშიშ არსებებთან, ელისმა Etaloni.ge-ს თავად უამბო.

- საიდან გაჩნდა თქვენს სახლში ამდენი ცხოველი, რომელიც ადამიანთა უმრავლესობაში შიშს აღძრავს?

- ძალიან საინტერესო მწერები და ცხოველები გვყავს სახლში. ეს ყველაფერი ბავშვობიდან მაინტერესებდა. ძალიან მომწონდა ჯერარ დარელის წიგნი „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“. ჩემს შვილებსაც აქვთ იგივე ინტერესი. ჩემი უფროსი შვილი, მარიამი, რომელიც 16 წლის არის, აპირებს, ეკოლოგი გახდეს და გამოცდილებაც აქვს. თავიდან ზოოპარკში დაიწყო სიარული და ნელ-ნელა, თავისი მეგობრების წამხედურობით, ჰერპეტოლოგიით დაინტერესდა. ცოტა ხანში, ეგზოტარიუმში დაიწყო მუშაობა. თავისი ინიციატივით უვლიდა გველებს, ხვლიკებს. მერე სახლშიც მოიყვანა... მე ბავშვობაში მშობლები არ მაძლევდნენ ამის უფლებას და მხოლოდ სოფელში თუ ვახერხებდი მწერებსა და ცხოველებზე დაკვირვებას. მიმაჩნია, რომ ამ სახით  ბუნებასთან ურთიერთობა ბავშვისთვის კარგია, ამიტომ ამ ყველაფერს არ ვუკრძალავ.

- რა სახეობის ცხოველები გყავთ ახლა სახლში? 

- ახლა სახლში გვყავს გველი – კოლუმბიური ცისარტყელისებრი ბოა, ჰისსოკა ჰქვია. ჯერ პატარაა, თვეების. ბუნებაში 180 სანტიმეტრი იზრდება. სახლის პირობებში ალბათ მეტრნახევარი გახდება 10 წელიწადში. ჯერჯერობით ნახევარმეტრიანია. 

გვყავს ასევე აფრიკული ლოკოკინები, რომლებიც გიგანტური ზომის – ადამიანის ხელისგულზე დიდები იზრდებიან. გვყავს ასევე გიგანტური მწერები –  ჩხირულები. ეს ენდემური ჯიშია. შხამიანი არაა და მაყვლის ფოთოლს ჭამს. გვყავს ასევე ზაზუნა, ზღვის გოჭი, ვირთხა, მორიელი, ტარანტული... ეგვიპტური ტარაკნებიც გვყავს, რომლებიც სახლში გავუშვით და ვიცით, რომ სადღაც აქ არიან. თავისუფლება მივანიჭეთ. ალბათ, გამრავლდებიან და გაზაფხულზე გამოჩნდებიან.

- ყველა ცხოველი გაშვებული გყავთ?

- არა, გალიაში და ტერარიუმებში არიან, მაგრამ ამოგვყავს ხოლმე, რომ სახლში ირბინონ. გველი ბავშვების ოთახში ცხოვრობს. ერთხელ დავკარგეთ გველი და ერთი კვირა არ ვიცოდით, სად იყო. მერე ისევ ბავშვების ოთახში ვიპოვეთ. ასე მხიარულად ვცხოვრობთ.

- საშიშები არ არიან?

- არც ერთი მათგანი არ არის საშიში, მორიელიც კი. ეს არის ქართული მორიელი. შხამიანია, მაგრამ იმდენივე შხამს უშვებს ადამიანის ორგანიზმში, რამდენსაც, მაგალითად, კრაზანა. თუ სწორად მოპყრობა და დაჭერა იცი, არ გიკბენს. თან, როცა აგრესიულები არიან, მაშინ უნდა მოერიდო. მორიელი აგრესიული ხდება, როცა შია, ან ზაფხულში, როცა სცხელა. შეიძლება ისე გიკბინოს, ვერც მიხვდე. თუ ინფორმაცია გაქვს თითოეულ ცხოველზე, რომელსაც უვლი, ნამდვილად არ არის საშიში. არც გველია სიცოცხლისთვის სახიფათო. მე თვითონ არ დავუშვებდი, რომ ჩემს შვილებს ამით საფრთხე შექმნოდათ. ჩემს შვილს ეგზოტარიუმშიც არ უშვებს ადმინისტრაცია შხამიან ქვეწარმავლებთან. იქ ძირითადად უვლის ხვლიკებს და მახრჩობელა გველებს, რომელთა ნაკბენი საშიში არ არის.

- როგორები არიან ეს ცხოველები, რომლებიც სახლში გყავთ?

- ძალიან თბილები არიან და ისეთივე განსხვავებული ხასიათის შტრიხები აქვთ, როგორც ადამიანებს. ვიცით, რომელი როგორია და საღამოობით ხან ვირთხას ვეფერებით, ხან – ზახუნას, ხან – ზღვის გოჭს. გველის ხშირად შეწუხება არ შეიძლება, რადგან არ უყვარს ხელში აყვანა. კვირაში ერთი დღე გვაქვს მისი მოფერებისთვის. საჭმელს რომ ვაჭმევთ, მაშინ ვეფერებით და აგვყავს ხელში. ვირთხა ძალიან ჭკვიანია, ერთგული, მოსიყვარულე, თბილი და საინტერესო. ძაღლზე და კატაზე მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვს. ვირთხები სახელზე რეაგირებენ და რასაც სწავლობენ, არასოდეს ავიწყდებათ. 

- ეს ცხოველები ერთმანეთთანაც ურთიერთობენ?

- ვირთხა, მაგალითად, გველის საკვებია, ამიტომ ერთმანეთს არ ვახვედრებთ, რომ რამე დაზიანება არ მიიღონ. ჩვენ ვურთიერთობთ ყველასთან და ისინი ცალ-ცალკე, სხვადასხვა ოთახში ცხოვრობენ, ერთმანეთთან შეხება არ აქვთ. 

დამიჯერეთ, გველი ნაკლებად საშიშია სახლში, ვიდრე ძაღლი და კატა. მათ უამრავი ბაქტერია და ინფექცია მოჰყვება. გველი კი, ამ მხრივ, სრულიად სუფთაა.

- თქვენი მეუღლე როგორ ეგუება ამ არსებებთან ცხოვრებას?

- ჩვენ გამო იტანს. სხვა გზა არ აქვს. როგორც ჩანს, სიყვარული ბევრ რამეს აგატანინებს. ჩვენი მეორე შვილი, დათო, რომელიც 13 წლის არის, გვეხმარება - განაწილებული გვყავს ცხოველები. პირობა ერთია – ორივემ უნდა მოუარონ, აჭამონ... შესაბამისად, ორივე აქტიურად მონაწილეობს მათ გაზრდა-გასუფთავებაში.

- თქვენმა მეზობლებმა იციან, რომ მათ კორპუსში რეპტილიები ცხოვრობენ?

- არ იციან, თორემ გაგვასახლებდნენ (იცინის)...

- გველი რომ გაგეპარათ?

- არ არსებობს, მეზობელთან გადასულიყო. მშვიდად ველოდებოდით, როდის ვიპოვიდით სადღაც სახლის კუნჭულში. აივანზე თუ არ გავიდოდა, ვერსად წავიდოდა. აივნის ფანჯარა დახურული გვქონდა. სიფრთხილის ყველა ზომა გვაქვს მიღებული, რომ ვერსად გაძვრეს ვერც ერთი. დაკარგული რომ იყო, თავი ავსტრალიაში მეგონა. ფეხსაცმელებს რომ ვიცვამდი, ვფერთხავდი. არ იკბინება, მაგრამ მაინც უსიამოვნო მომენტი იყო.

საინტერესო და განსხვავებული ბავშვობა აქვთ ჩემს შვილებს. ეკოლოგიაზე, გარემოზე ზრუნავენ. თავიანთი ინიციატივით, მეგობრებთან ერთად მიდიან ქალაქგარეთ და დაბინძურებულ ტყე-ღრეს წმენდენ ქაღალდებისა თუ პარკებისგან. უფრთხილდებიან ბუნებას და ლაღი, ბედნიერი ბავშვობა აქვთ, თანამედროვე თინეიჯერული პრობლემები არ აწუხებთ. მაგალითად, არ აქვთ დეპრესია, რაც ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ემართებათ. 

- ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ხართ, კიდევ წერთ?

- დიახ, მალე ჩემი მეორე წიგნი გამოვა. „რაფლეზია“ არასაბავშვო რომანი იყო. მეორე რომანი კი ჩემს შვილებს ეძღვნებათ, რადგან მათ მის შექმნასა და დასრულებაში დიდი როლი ითამაშეს. ყოველდღე ვუკითხავდი, რას ვწერდი და რჩევებს მაძლევდნენ – მოდი, ამ ცხოველს ეს დავარქვათ და ამას ესო. ჯოან როულინგის მსგავსად, მოგონილი სამყარო შევქმენი. ამ წიგნიდან პირველ ჰონორარს კუნთების ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით დაავადებულთა ფონდში გადავრიცხავ. ჩემი წიგნის გმირს ეს დაავადება აქვს. წერის დროს  ჩავიფიქრე, რომ ასე მოვიქცეოდი.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება