სიახლეები
ინტერვიუ

„თუ არ იკითხე, კარგს ვერაფერს დაწერ“ - ინტერვიუ პოეტ ბესიკ ხარანაულთან
22-06-2018
-
+


პოეტი ბესიკ ხარანაული წიგნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში აკრძალული იყო, ლამფის შუქზე კითხულობდა. მეტი წიგნი რომ მქონოდა, ბევრად მეტ ნავთს დავწვავდიო, ამბობს. 20-ზე მეტი პოეტური კრებულის ავტორი წერის ნიჭს მუდმივად გრძნობდა, მაგრამ მიიჩნევს, რომ კითხვის გარეშე, ამ ნიჭის განვითარება შეუძლებელია.

- ბატონო ბესიკ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ წიგნის კითხვას და რას ურჩევთ მოზარდ თაობას, როგორი წიგნები უნდა იკითხონ?

- ახლა „ვისრამიანს“ ვკითხულობ, რომელსაც სკოლაშიც გავდიოდით, მაგრამ მაშინ ასეთი  ყურადღება არ მიმიქცევია. დღეს კი ეს ჩემთვის უძვირფასესი წიგნია. წელიწადში ორჯერ მაინც ვკითხულობ. საერთოდ, ყველა წიგნი კარგია. მკითხველმა თავისით, ინდივიდუალურად უნდა გაიკაფოს გზა. განსაკუთრებით კარგია ქართველი მწერლების წიგნები. ახლა, უკვე ასაკში მყოფი, მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილს ვკითხულობ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, უცხოურ ლიტერატურას ვეტანებოდი. უცხოური საინტერესოა და თან, ხშირ შემთხვევაში, უფრო ადეკვატურია დროსთან მიმართებაში. იქ უფრო გამძაფრებულია პრობლემები. 

ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში გრიგოლ რობაქიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვა ავტორები აკრძალული იყო. დედაჩემი სხვენში ინახავდა ამ წიგნებს, რათა არავის დაენახა. იყო დრო, როცა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი „ვეფხისტყაოსანს“ ოჯახებში ხმამაღლა უკითხავდნენ ახლობლებს. ლევან გოთუა რომ არ წაიკითხო, შეიძლება? არ შეიძლება! ძვირფასი ხალხოსანი მწერლები გვყავდა, რომლებსაც სიტყვაც ქართული ჰქონდათ და ნაწარმოების ტონიც სუფთა ქართული იყო და არა „ლიტერტურშჩინური“ ანუ სხვა ლიტერატურიდან გაკეთებული ნაწარმოები.

- როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა?

- ახლა ისეთი ტექნოლოგიებია განვითარებული, ახალგაზრდები ცოდნას მაინც იძენენ. თუმცა, რა ინფორმაციაც უნდა მოიძიონ ინტერნეტით, ის მაინც ვერ მოვა წიგნთან. ცოცხალი სიტყვა ნაწერია და მხოლოდ  წიგნშია, სხვაგან არსად. სხვაგან მხოლოდ საგზაო ნიშნებივითაა - მიგვითითებს მარჯვნივ, მარცხნივ და ზემოთ თუ ქვემოთ. წიგნი კი ნამდვილი ენაა.

- უფროსი თაობისთვის ზოგი წიგნი რომ იშვიათობა იყო და თან გარკვეული ლიტერატურა აკრძალული, იმიტომაც ეტანებოდნენ?

- ბავშვობაში რომ ბევრი წიგნი მქონოდა, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. მართალია, ბევრ ნავთს დავწვავდი, მაგრამ მაინც მოვახერხებდი, რომ მეკითხა. არ იყო წიგნები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ადამიანი, რომელსაც წიგნი უყვარს. ასეთები სულ სხვა ხარისხისანი არიან, როგორც ადამიანები.

- წერა რომელ ასაკში დაიწყეთ და რამდენად ეხმარება ნიჭს კითხვა განვითარებაში?

- ბავშვობიდან ვწერდი რაღაცებს. მე ისეთ კუთხეში ვიზრდებოდი, სადაც სიტყვას ისედაც ფასი ჰქონდა, ფოლკლორი იყო განვითარებული თიანეთში. ლექსი ისეთ დონეზე იყო, იქ სულ ლექსად მეტყველებდნენ. უბრალო ამბავს ლექსავდნენ და ისე ყვებოდნენ. მეც ვწერდი, მაგრამ იქიდან დღეს არაფერი შემომრჩა. თუმცა, ეს აუცილებელი იყო ჩემთვის, რადგან სწორედ ეს გახლავთ  ზრდის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც კითხვასთან ერთად მოაქვს შედეგი.
 
თუ არ იკითხა ადამიანმა, ვერც მიხვდება, რომ წერა შეუძლია. რომ კითხულობ, მერე გიჩნდება აზრი, რომ შენც შეგიძლია რაღაც დაწერო. ზერელე ადამიანები კი ამბობენ, ასე ხომ მეც დავწერდიო, მაგრამ ასე არ არის... ნაწარმოები წერის იმპულსს უნდა გაძლევდეს. ნაწარმოების ჩემეული ფარული შეფასების კრიტერიუმი ეს გახლავთ. თუ არ აღგიძრა წერის სურვილი, იმპულსი ფიქრისა, იმპულსი კამათისა და, საერთოდ, შემოქმედებითი იმპულსი, ის წიგნი ჩემთვის არ არის საინტერესო. არადა, ასეთი წიგნიც ბევრია და მეც ბევრი წამიკითხავს. თუ აღძრა ასეთი იმპულსები, ესე იგი, რაღაცაა მასში და ის წიგნი რამდენჯერმეც უნდა წაიკითხო. მაგალითად, „ვისრამიანს“ რამდენჯერაც ვკითხულობ, იმდენჯერ ახალ-ახალ რაღაცას ვპოულობ. არადა, თითქოს სიუჟეტი იცი. „ვისრამიანი“ ყველაზე ახლოს დგას „ვეფხისტყაოსანთან“. „ვეფხისტყაოსანს“ დაასწრო გამოსვლა „ვისრამიანმა“ და ეს დიდი კულტურული მოვლენა იყო, რევოლუცია მოახდინა მაშინ.

- ყველაზე დიდი გავლენა რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე?

- ჩემზე ყველაზე დიდი და ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ივანე მაჩაბლის მიერ ნათარგმნმა შექსპირმა. გარდამავალ ასაკს რომ ეძახიან, 14-15 წლის ვიყავი, როცა შექსპირის ტომეულების გამოსვლა დაიწყო და ბედმა გამიღიმა, რომ შევძელი წამეკითხა. „ჰამლეტი“ საოცარი დრამაა და ძალიან შთამბეჭდავია. რაც წამიკითხავს, არც ერთი წიგნით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ, მაგრამ ნათელი და მკაფიო გავლენა ჩემზე მაინც შექსპირმა და ბარათაშვილმა მოახდინეს. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა
 
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება